გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.01.2018
საქმის ნომერი
080210017001775440
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/172-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 იანვარი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე

მოსარჩელე - მ--- დ---–-–---–ი

მოპასუხეები - 1. ლ-–- ტ------ე (დ---–-–---–ი)

წარმომადგენელი - ნ----- შ--–--------ე

2. ნ----- ძ---–--ე

 

დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. 2015 წლის 17 ნოემბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამორიცხულ იქნეს მ--- დ---–-–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები: 1. ორკამერიანი მაცივარი თეთრი ფერის „VESTEL“ ფირმის -1 ცალი; 2. ტელევიზორი „LG“-ს ფირმის, შავი ფერის პლაზმური -1 ცალი; 3. გაზქურა „LUXELL“ ვერცხლისფერი -1 ცალი; 4. გაზის გამათბობელი ყავისფერი -1 ცალი; 5. კომპიუტერის კომპლექტი ,,SONY’’-ს ფირმის, პროცესორი, კლავიატურა, მონიტორი, მაუსი -1 ცალი; 6. სარეცხი მანქანა ,,VESTEL’’-ის ფირმის, თეთრი ფერის -1 ცალი; 7. DVD „სუპერ მაქსი“ ვერცხლისფერი -1 ცალი; 8. დივანი ნაჭრის ყავისფერი -1 ცალი.

 

1.2. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 170 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული ნივთები არის მისი საკუთრება, განლაგებულია მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და მის შვილს, ლ-–- ტ------ეს მასთან არანაირი შეხება არ აქვს, რადგან 2002 წლიდან დედა-შვილს ურთიერთობა დაეძაბა. ამჟამად ის ცხოვრობს საზღვარგარეთ. 2014 წელს ნ----- ძ---–--ესა და ლ-–- დ---–-–---–ს (ტ------ე) შორის არსებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ-–- ტ------ეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა, რის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო საქმე, სადაც მოვალეა ლ-–- დ---–-–---–ი (ტ------ე), აღნიშნულის საფუძველზე აღწერილი და დაყადაღებული იქნა სადავო მოძრავი ნივთები, დაყადაღებული ნივთები შეძენილია მოსარჩელის მიერ განვადებითა და სესხად აღებული თანხებით, რასაც დაუდასტურებენ მოწმეებიც. კერძოდ: 2012 წლის 28 ოქტომბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ ისესხა 172 ლარი, რომლითაც შეიძინა ტელევიზორი ,,ელჯი’’ - ღირებულება 215 ლარი; 2012 წლის 08 დეკემბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა სარეცხი მანქანა ,,ვესტელი’’ 499 ლარად; 2012 წლის 28 დეკემბერს კი შეიძინა გაზქურა ,,ლუქსელი’’ მაღაზია ,,ელიტი’’-დან ღირებულება -559 ლარი. ,,პრივატბანკთან’’ გაფორმებული იყო სესხის ხელშეკრულება. 2013 წლის 24 ივნისს შპს ,,მიკროსააფინანსო ორგანიზაცია კრედო’’-სთან მოსარჩელემ გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც დაუმტკიცდა სესხი 2000 ლარის ოდენობით, აღნიშნული თანხით შეიძინა კომპიუტერის კომპლექტი ,,სონის’’ ფირმის, პროცესორი, კლავიატურა, მონიტორი, მაუსი 1 ცალი - 1150 ლარი და ორკამერიანი მაცივარი თეთრი ფერის ,,ვესტელის’’ ფირმის 1 ცალი, ღირებულება - 850 ლარი, ასევე დივიდი ,,სუპერ მაქსი’’ ვერცხლისფერი 1 ცალი - 65 ლარად.

 

გარდა ამისა მოსარჩელის მიერ აღებულია არაერთი განვადების სესხი, რომლის საფუძველზეც შეძენილია დივანი, ღირებულება - 300 ლარი და გაზის გამათბობელი ღირებულება - 250 ლარი. აღნიშნულის საფუძველია 2014 წლის 26 აგვისტოს შპს ,,მიკროსაფინანსო კრედო’’-სთან გაფორმებული განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხის ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება.

 

სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის მე-17, 32-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 157-ე და 186-ე მუხლები.

 

გარდა ამისა, 2017 წლის 16 იანვარს მ--- დ---–-–---–მა განცხადებით მომართა ქ-------ის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე შეჩერებულიყო ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №2/1816 სააღსრულებო ფურცლის აღსრულებასთან დაკავშირებული სააღსრულებო ღონისძიებები და მ--- დ---–-–---–ის საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული მოძრავი ნივთების რეალიზაცია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით მ--- დ---–-–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა სააღსრულებო საქმეზე ყადაღადადებული მოძრავი ნივთების რეალიზაცია.

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს მის საკუთრებას. რომელში განთავსებული ნივთები არის პირადად მისი შეძენილისსესხის და განვადებით. ზოგი ნივთის შეძენისას მეზობლები ეხმარებოდნენ მოტანაში. ჯერ შეიძინა ვიდეოტექნიკა, რომელსაც იყენებს პირადა, შემდეგ გაზის გამათბობელი, მერე-გაზქურა, სარეცხი მანქანა, დივანი წამოიღო იმ ბინიდან, რომელიც გაყიდა. კომპიუტერის კომპლექტი მეგობრების დახმარებით, მათ აჩუქეს და იყენებს პირადი მოხმარებისათვის. განვადების თანხებსაც ფარავდა საკუთარი თანხებით, ხოლო მის შვილს ლ-–- ტ------ეს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მათ შეძენაში. იგი არც ცხოვრობს მასთან 2002 წლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი ( იხილეთ ს/ფ 2-14)

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ნ----- ძ---–--ემ წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ლ-–- ტ------ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2001-2014 წლებში, რა დროსაც შეეძინათ 2 შვილი, 2014 წლიდან ლ-–- ტ------ეს დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ. მას სასამართლო გადაწყვეტილება ნებაყოფლობით არ აღუსრულებია, უფრო მეტიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით გაასხვისა მის სახელზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონება. რაც შეეხება დაყადაღებულ ნივთებს ისინი არ წარმოადგენს მხოლოდ მ--- დ---–-–---–ის საკუთრებას, შეძენილია ლ-–- ტ------ის თანხებით და დოკუმენტები გაფორმებულია მ--- დ---–-–---–ის სახელზე. ამასთან განქორწინების შემდეგ ლ-–- ტ------ის საცხოვრებელი იყო დედის - მ--- დ---–-–---–ის მისამართზე, სადაც ერთად ცხოვრობდნენ. დაყადაღებული ნივთები კი არის ოჯახის საერთო სარგებლობის ნივთები.

მანვე დაადასტურა, რომ ლ-–- ტ------ემ შეიცვალა გვარი და გახდა დ---–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებელი ( ს/ფ 68-78 );

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

2.2. მოპასუხე ლ-–- ტ------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სრულად ცნო სარჩელი, რასაც მხარი დაუჭირა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ლ-–- ტ------ის წარმომადგენელმა ნ----- შ--–--------ემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შესაგებელი ( ს/ფ 100-108);

- მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2015 წლის 17 ნოემბრის აქტით დაყადაღებულ იქნა ქ. ქ-------ში, დ-------- ქ. №7-ში განთავსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. ორკამერიანი მაცივარი თეთრი ფერის „VESTEL“ ფირმის -1 ცალი; 2. ტელევიზორი „LG“-ს ფირმის, შავი ფერის პლაზმური -1 ცალი; 3. გაზქურა „LUXELL“ ვერცხლისფერი -1 ცალი; 4. გაზის გამათბობელი ყავისფერი -1 ცალი; 5. კომპიუტერის კომპლექტი ,,SONY’’-ს ფირმის, პროცესორი, კლავიატურა, მონიტორი, მაუსი -1 ცალი; 6. სარეცხი მანქანა ,,VESTEL’’-ის ფირმის, თეთრი ფერის -1 ცალი; 7. DVD „სუპერ მაქსი“ ვერცხლისფერი -1 ცალი; 8. დივანი ნაჭრის ყავისფერი -1 ცალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი ( ს/ ფ 2-14)

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი),-ქონების აღწერა-დაყადაღების აქტი ( ს/ფ 15-16);

 

3.1.2. მოწმეთა ჩვენებებისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ, ქ-------ი, დ-------- ქ. №7, ყოფილი წ---–-------ს რაიონი, გ------- (გ-------------–--) მესაკუთრეა მ--- დ---–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს /ფ 2-14)

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს/ფ 169-170)

-მოწმეთა ჩვენებები

 

3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 09.08.2016წ. გაცემული ცნობის #A14027705-013/002-ის მიხედვით, სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ სააღსრულებო საქმეზე (ს/წ A14027705), რომლის თანახმადაც კრედიტორს წარმოადგენს ნ----- ძ---–--ე (პ/ნ 6----------), ხოლო მოვალეს ლ-–- ტ------ე (დ---–-–---–ი) (6----------), აღნიშნული წარმოების ფარგლებში, დაყადაღებულ ქონებაზე იძულებითი აუქციონი გამოცხადებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სააღსრულებო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა (ს/ფ 44)

 

3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ლ-–- ტ------ე (პ/ნ 6----------) არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი უვადოდ. მისი სოციალური პაკეტი/ფულადი კომპონენტი შეადგენს თვეში 100(ასი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სააგენტოს ცნობა (ს/ფ 109)

 

3.1.5. ნ----- ძ---–--ე და ლ-–- დ---–-–---–ი (ტ------ე) განქორწინდნენ 2014 წლის 7 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-განქორწინების მოწმობა (ს/ფ 110)

 

3.1.6. ლ-–- დ---–-–---–ი (ტ------ე) არის მოსარჩელის შვილი, რომელიც უკვე წლებია რაც აღარ ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად, რადგან თითქმის 2002 წლიდან 2015 წლამდე დედა-შვილს დაეძაბა ურთიერთობა. ამასთან ლ-–- ტ------ემ 2016 წლის 29 აგვისტოს შეიცვალა გვარი და გახდა დ---–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-გვარის შეცვლის მოწმობა (ს/ფ 43),-მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოწმე ლიანა კოვზაძის ჩვენების მიხედვით, არის მოსარჩელის მეზობელი. როგორც ახსოვს მ---ს ახლდა რამდენიმე მაღაზიაში, როდესაც მან შეიძინა მაცივარი, მტვერსასრუტი, მაცივარი უნდა ეყიდა შემდეგ. თავად მან კი შეიძინა უთო. სახლში არსებული ნივთებიც შეძენილია მ---ს მიერ მისივე სახსრებით. ხოლო მისი შვილი ლ-–- ტ------ე მას არ ეხმარებოდა და არც უნახავს დედასთან სახლში. თუ სწორად ახსოვს ეს ნივთები შეიძინა 2010 წელს, ხოლო 2 წლის მერე მაცივარი და გაზქურა მეზობელ მ-----სთან ერთად.

 

3.2.2. მოწმე მ----- ჭ----------ის ჩვენების თანახმად, არის მოსარჩელის მეზობელი. მოსარჩელე ცხოვრობს ამ მისამართზე. სახლში არსებული ნივთებიც შეძენილია მ---ს მიერ მისივე სახსრებით. მისი თანდასწრებით შეიძინა მ---მ მაცივარი, ტელევიზორი და გაზქურა, რომელიც გამოიტანა განვადებით. მისთვის ფულიც კი უსესხებია. ,,კარმაც’’ მან იყიდა. ხოლო მისი შვილი ლ-–- ტ------ე მასთან არ ცხოვრობდა.

 

3.2.3. მოწმე მ-----–ი ძ---–--ის ჩვენების მიხედვით, მისთვის ცნობილია, რომ ლ-–- აწარმოებდა დედის სახლში სარემონტო სამუშაოებს, გამოცვალა კარ-ფანჯრები, როდესაც დედასთან ცხოვრობდა. მ---ს იმ პერიოდში არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ქონება შეეძინა მისმა სიძემ, ლ-–- ტ------ემ. მანვე გაასხვისა არაერთი ქონება, ხოლო თავის შვილებს სოციალური დახმარების თანხასაც არ აძლევს. სადავო ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას და არაა მხოლოდ მოსარჩელის.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება დაყადაღებული ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტი, მოწმეთა ჩვენებების მიხედვით ყველა ნივთი შეძენილია მ--- დ---–-–---–ის მიერ, მისი პირადი სახსრებით, რადგან მის შვილთან 2002 წლიდან ჰქონდა დაძაბული ურთიერთობა და ლ-–- ტ------ე დედასთან აღარ ცხოვრობდა. ხოლო მოწმე მ-----– ძ---–--ის ჩვენებით არ დასტურდება უშუალოდ მოპასუხეთა სახსრებით მათი პირადი მოხმარებისათვის სადავო ნივთების შეძენა და მხოლოდ ზოგადი მითითება ვერ გახდება მისი ჩვენების ნაწილობრივ გაზიარების საფუძველიც კი.

 

3.2.4. საქმის მასალებით, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2016 წლის 01 მარტის აქტით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები განთავსებულია მოსარჩელე მ--- დ---–-–---–ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. ქ-------ი, დ-------- ქ. №7.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი ( ს/ ფ 2-14),-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)

-მოწმეთა ჩვენებები

 

3.2.5. საქმის მასალებით, კერძოდ, საბანკო კრედიტის და გირავნობის #P121028621443U9 ხელშეკრულებით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ტელევიზორი „LG“-ს ფირმის, შეძენილია მ--- დ---–-–---–ის მიერ საბანკო კრედიტით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი ( ს/ ფ 2-14),-საბანკო კრედიტის #P121028621443U9 ხელშეკრულება ( ს/ ფ 17-19),-გირავნობის #P121028621443U9 ხელშეკრულება ( ს/ ფ 20-21),-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)

-მოწმეთა ჩვენებები

 

3.2.6. საქმის მასალებით, კერძოდ, 28.12.2012 წ. საგარანტიო ტალონით, მასზე დართული დანართით №1 ხელშეკრულებით და მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გაზქურა „LUXELL“, შეძენილია მ--- დ---–-–---–ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი ( ს/ ფ 2-14),- საგარანტიო ტალონი დანართით ( ს/ ფ 33-34),-მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამ.სხდ.ოქმი)

-მოწმეთა ჩვენებები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავის განხილვისას, გასათვალისწინებელია როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტები, კერძოდ, მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მხარეზეა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მოსარჩელის პოზიციისა და ამ პოზიციის დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებების სწორად შეფასება.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით გამოიკვეთა, რომ მოვალეს არ შეუძენია დაყადაღებული ქონება, ამიტომ დაუშვებელია კვლავ მოსარჩელის მხარეზე დარჩეს მტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა მოსარჩელის არაუფლებამოსილება აღნიშნულ ნივთებზე და ამ ნივთების მოვალისადმი კუთვნილების ფაქტი. ასეთი მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ დაყადაღებული მოძრავი ნივთები არა მოვალის, არამედ მოსარჩელის, მ--- დ---–-–---–ის საკუთრებად უნდა ჩაითვალოს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2015 წლის 17 ნოემბრის აქტით დაყადაღებული და ქ. ქ-------ში, დ-------- ქ. №7-ში განთავსებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას და შესაბამისად, მ--- დ---–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, 44-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლები, 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო, განსახილველი საქმის დავის არსიდან გამომდინარე, თვლის, რომ მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

6.2. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია: ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, ე.ი. ის დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.

 

ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საცხოვრებელი ბინა წარმოადგენს მ--- დ---–-–---–ის საკუთრებას და ის ცხოვრობს ამ მისამართზე, შესაბამისად ივარაუდება, რომ ამ ბინაში განთავსებული მოძრავი ნივთების მესაკუთრე და კეთილსინდისიერი მფლობელი არის მოსარჩელე. ამდენად, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 151-ე და 158-ე მუხლებით გათვალისწინებული პრეზუმფცია, რაც ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

სასამართლოს ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას (იხ .სუსგ 2013 წლის 10 ივლის საქმე#ას-26-24-2013 ; სუსგ 2012 წლის 25 ივნისი, საქმე #ას-262-253-2012; სუსგ 2012 წლის 4 ივნისი, საქმე #ას-1777-1755-2011; სუსგ 2013 წლის 1 ივლისი, საქმე #ას-204-197-2013).

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის სასარგებლოდ ცალკეული ნივთების დაყადაღებით, მოსარჩელეს წაერთვა თავისი საკუთრების (მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების) ფლობისა და სარგებლობის უფლება. შესაბამისად, დაყადაღებული ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნა საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების გამო მის მიერ გაღებული ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში ჩარიცხული თანხის, 117 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გაღებული თანხის, 50 ლარის გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს ნ----- ძ---–--ეს და ლ-–- დ---–-–---–ს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

8.1. იმის გათვალისწინებით, რომ მ--- დ---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 იანვარს მიღებული, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

1. მ--- დ---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 17 ნოემბერს გაცემული მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღწერილი შემდეგი დასახელების ნივთები: 1. ორკამერიანი მაცივარი, თეთრი ფერის, ,,ვესტელის’’ ფირმის -1 ცალი, 2. ტელევიზორი ,,ელჯი’’-ს ფირმის, შავი ფერის, პლაზმური -1ცალი, 3. გაზის გამათბობელი, ყავისფერი -1ცალი, 4. გაზქურა ,,LUXELL’’, ვერცხლისფერი -1 ცალი, 5. კომპიუტერის კომპლექტი ,,სონის’’ ფირმის, პროცესორი, კლავიატურა, მონიტორი, მაუსი -1 ცალი, 6. სარეცხი მანქანა ,,ვესტელის’’ ფირმის -1 ცალი, 7. დივიდი ,,სუპერმაქსი’’, ვერცხლისფერი -1 ცალი; 8. დივანი ნაჭრის, ყავისფერი - 1 ცალი.

 

3. მოსარჩელე მ--- დ---–-–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 117 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისთვის გაღებული თანხის, 50 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დაეკისროს მოპასუხე- ნ----- ძ---–--ეს;

 

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინება, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, დარჩეს უცვლელი წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე