გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.01.2018
საქმის ნომერი
190210017001953750
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
12.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-1147-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12.01.2018 წელი ქ.რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ნ---- თ----–---–ი

სხდომის მდივანი ე-–--ე ო-----

მოსარჩელე - ლ--–- ხ-------–---–ი,წარმომადგენელი-მ------- მ--–-----ი,მოპასუხე- გ------- ქ----------,წარმომადგენელი- ბ--–- ბ------,დავის საგანი - თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხე გ------- ქ----------ს, ლ--–- ხ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის 2 960 აშშ დოლარისა და 21 თვის მიუღებელი სარგებელის 1864,8 აშშ დოლარის ოდენობით გადახდა, რაც ჯამში შეადგენს 4 864,8 აშშ დოლარს.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, 2015 წლის იანვრის დასაწყისში დაუკავშირდა ახლობელი ლ---–- ბ----------ე და სთხოვა ესეხსხებინა ფული მისი ახლობლისთვის გ------- ქ---------ისათვის 3 660 აშშ დოლარის ფარგლებში. ასევე განუმარტა, რომ სესხი იქნებოდა სარგებლიანი. მოსარჩელემ გ------- ქ----------ს გადასცა 3 660 აშშ დოლარი, ყოველთვიური 3 პროცენტი სარგებლით, ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 110 აშშ დოლარი, რაზედაც მოპასუხე მხარემ დაწერა ხელწერილი. სესხი იყო განუსაზღვრელი ვადით, ვინაიდან მოსარჩელე თვლიდა, რომ მოპასხე კეთილსინდისიერად შეასრულებდა ნაკისრ მოვალეობას. რამდენიმე დღის შემდგომ გ-------მ მოსარჩელე მხარეს სთხოვა დამატებით 500 დოლარის გადაცემა, რასაც დააბრუნებდა ერთი თვის ვადაში. 2015 წლის 17 თებერვალს მოპასუხე მხარემ მოსარჩელე მხარეს მართლაც გადასცა 510 აშშ დოლარი.

 

სარჩელში მითითებულია, რომ 2015 წლის აპრილში, მაისში და ივნისში მოპასუხე მხარემ ლ--–- ხ-------–---–ს გადასცა 700 აშშ დოლარი, გადასახდელი დარჩა 2 960 აშშ დოლარი, რაც მხარეთა შეთანხმებით უნდა ყოფილიყო სარგებლიანი. მოპასუხე მხარეს 2015 წლის ივნისის შემდგომ მოსარჩელისათვის არანაირი თანხა არ გადაუცია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. ამასთან მიუთითა, რომ მოპასუხე მხარის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 1 600 აშშ დოლარს - ძირითადი თანხიდან. ასევე მოპასუხის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ვალი არსებობდა, 3 660 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის ნაწილიც გადახდილია, ხოლო ნაწილი გადასახდელი. სესხი იყო სარგებლიანი და შეადგენდა 3 პროცენტს. გ------- ქ---------ისათვის ცნობილი იყო, რომ თანხა იყო ლ---–- ბ----------ის, თუმცა აღმოჩნდა, რომ თანხა წარმოადგენდა ლ--–- ხ-------–---–ის ფულს. მოპასუხე მხარეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 1 600 აშშ დოლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გ------- ქ---------ის მიერ აღიარებული იქნა, მხარეთა შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. განსაზღვრული იქნა სესხის დაბრუნების ვადა; გ------- ქ----------მ აღიარა ერთის მხრივ 3660 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება ლ--–- ხ-------–---–ის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ 500 აშშ დოლარის დაბრუნება 2015 წლის 17 თებერვალს.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს. ფ. 1-12);

- წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 47-51);

-ხელწერილი (ს. ფ. 16)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეს წერილობითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, არ დაფარა სესხის მთლიანი თანხა და მისი დავალიანება მოსარჩელის წინაშე, არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 4 864,8 აშშ დოლარს, საიდანაც 2960 აშშ დოლარი წარმოადგენს ძირითად თანხას, ხოლო 1864 აშშ დოლარი სარგებელს. აღნიშნულს სასამართლო ადგენს საქმეში არსებული ხელწერილის, მოსარჩელის და მოპასუხის წარმომადგენლების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, ასევე 102-ე მუხლებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის წარმომადგენელი თანხის დაკისრებას ითხოვს მოპასუხის მიერ შედგენილი ხელწერილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, გ------- ქ----------მ ლ--–- ხ-------–---–ისაგან ისესხა 3 660 აშშ დოლარი, სესხი არის სარგებლიანი 110 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხე წერილობითი შესაგებლით სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და განმარტას, რომ მოპასუხე მხარემ ლ--–- ხ-------–---–ისაგან ნამდვილად ისესხა 3 660 აშშ დოლარი, თუმცა მისი დავალიანება დღეის მდგომარეობით შეადგენს 1 600 აშშ დოლარს, ვინაიდან მისმა მარწმუნებელმა დანარჩენი თანხის ნაწილი დაფარა, ამასთან მიუთითა, რომ სესხის ზეპირი ხელშეკრულება დადებულია ერთი თვის ვადით და შესაბამისად, მის მარწმუნებელს მოსარჩელისათვის უდა გადაეხადა მხოლოდ ერთი თვის სარგებელი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 429-ე, 431-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია გ------- ქ---------ის ხელწერილი ვალის აღიარების თაობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ მოპასუხე გ------- ქ----------მ მოსარჩელისგან ისესხა 3 660 აშშ დოლარი, საიდანაც 2015 წლის აპრილში, მაისსა და ივნისში გადასცა 700 აშშ დოლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ამავე კოდექსის 400-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ ვადაში ვალდებულება არ სრულდება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ თავის ვალდებულება, სრულად დაეფარა მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, არ შეუსრულებია.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და ვალის აღიარების ხელწერილის თანახმად, დგინება, რომ სესხი იყო სარგებლიანი და შეადგენდა ძირითადი თანხის 3 პროცენტს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ხოლო 431-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნის შესახებ გაცემულია სავალო საბუთი, მაშინ მოვალეს შესრულების შესახებ დოკუმენტთან ერთად, შეუძლია მოითხოვოს ამ საბუთის დაბრუნება ან მისი გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-431-ე მუხლებში საუბარია ვალდებულების შესრულების მიღების ფორმებზე. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს მეტად ცალსახა დამოკიდებულება – იგი ავალდებულებს მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ასეთი დოკუმენტი, თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ გამოითხოვოს ასეთი საბუთი კრედიტორისაგან. ბუნებრივია, კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება.

 

მოცემულ საქმის მასალებში არ მოიპოვება ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი, ისეთი უტყუარი მტკიცებულება, როგორიცაა სავალო საბუთი, საბანკო გადახდის ქვითარი ანდა სხვა რაიმე წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო თანხის იმ ოდენობით მოსარჩელისათვის დაბრუნების ფაქტს რასაც მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს.

 

რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას 2017 წლის 23 სექტემბრის ,,ინტელექსპრესის" გადარიცხვის ამონაწერს, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ამონაწერით დგინდება გ------- ქ---------ის მიერ 2015-2016 წლებში სხვადასხვა ოდენობის თანხის ლ---–- ბ----------ისათვის გადარიცხვის ფაქტი, რომელმაც 2017 წლის 28 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გ------- ქ----------ს ჰქონდა სხვა ვალი რომლის გადახდაც ხდებოდა აღნიშნული გადარიცხვით და რომ ეს თანხა მას ლ--–- ხ-------–---–ისათვის არ გადაუცია და არც უნდა გადაეცა.

 

ვალდებულების შესრულების შესახებ დავისას, მოვალეს აკისრია რა მტკიცების ტვირთი და ვალის გადახდის დადასტურება სათანადო საბუთით უნდა მოხდეს, იგი უფლებამოსილია, კრედიტორისაგან მოითხოვოს შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულება შესრულებულად და, შესაბამისად, შეწყვეტილად მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ სავალო საბუთი მოვალის მფლობელობაშია. მოცემულ შემთხვევაში ასეთი არ წარმოდგენილა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ წარმოადგინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ვალის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს მის განმარტებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და მის მიერ მხოლოდ 1600 დოლარის ვალებულების არსებობის შესახებ. რაც შეეხება მოპასუხის წარმომადგენლის მითითებას ხელშეკრულების ერთი თვის ვადის განსაზღვრისა და მისი შინაარსის გაუმართაობის შესახებ სასამართლო მიიჩნევს, რომ არ შეიძლება აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს ვინაიდან, წერილობითი შესაგებლის და ხელწერილის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხემ თანხა მიიღო, რომელიც სრულად არ დაუბრუნებია. ამასთან მის მიერ არ წარმოდგენილა ისეთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულებას დაადასტურებდა იმ ოდენობით რასაც იგი მიუთითებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ რის გამოც მისი ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, რაც შეეხება მოპასუხე მხარის ნაწილობრივ სარჩელის ცნობას 1 600 აშშ დოლარის ნაწილში, სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ლ--–- ხ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; მოპასუხე გ------- ქ----------ს მოსარჩელე ლ--–- ხ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4864,8 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარის გადახდა, საიდანაც 2960 აშშ დოლარი წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირითად თანხას, ხოლო 1864,8 აშშ დოლარი სარგებელს;

2. მოსარჩელე ლ--–- ხ-------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 116 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადახდის თარიღი: 2017 წლის 01 ივნისი, საგადასახადო დავალება №1, მიმღების ანგარიში, სახაზინო კოდი: 300063150; მოპასუხე გ------- ქ----------ს მოსარჩელე ლ--–- ხ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 234 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად; მოპასუხე გ------- ქ----------ს მოსარჩელე ლ--–- ხ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 250 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი ადვოკატის დახმარებისათვის გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი