განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2018
საქმის ნომერი
080100117002184345
დავის ტიპი
19 - 177 2 ა
თარიღი
15.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/893-17 (№046261017001)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

19.12. 2017 წელი ქუთაისი

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე

სხდომის მდივანი ნანა გაბედავა

სხდომის სახე ღია

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი მ------ ჩ-------ე

 

დაცვის მხარე

 

ბრალდებული ვ----– ქ-------ე

მამის სახელი: მ-------

დაბადების თარიღი: 1--------- წელი

პირადი ნომერი: 4----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: ტყიბულის რაიონი სოფელი ნ------–---

 

ადვოკატი ს------- ჯ--------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

 

- ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 26 ოქტომბერს ღამის საათებში კერძოდ 21 საათსა და 22 საათამდე დროის მონაკვეთში ტყიბულის რაიონის სოფელ კოკაში ბეტონის საამქროს ტერიტორიაზე ამავე საამქროს დარაჯი ვ----– ქ-------ე ყაზახური კომპანია ,,ყაზახ დორ სტროის“ კუთვნილი ბეტონის მზიდი სატვირთო ავტომანქანებიდან, რომლის სახელმწიფო სერია და ნომრებია FFF351, FFF320 და FFF318-დან ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა 160 ლიტრ დიზელის საწვავს, რომლის ღირებულებაა 294,4 ლარი, რა დროსაც გამოვლენილი იქნა პოლიციის მუშაკების მიერ. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ხსენებული კომპანიას შეიძლებოდა მისდგომოდა 294,4 ლარის ქონებრივი ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

2017 წლის 13 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ვ----– ქ-------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

საქმის არსებითი განხილვის დროს ვ----– ქ-------ემ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ვ----– ქ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა ლ-- ს----ის, შ------ ლ-------ის, ლ------------–---–ის, გ------- ნ-–------ის და ზ---- ავალ--ნის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ ვ----– ქ-------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტომასალით; ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტომასალით; სასამართლოს განჩინებით ჩხრეკის კანონიერად ცნობის შესახებ; პატაკით; ნასამართლობის ცნობით; მიმართვის წერილით ,,ყაზახ დორ სტროი“-ს და შესაბამისი პასუხით და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობით.

სამართლებრივი შეფასება:

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ვ----– ქ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ვ----– ქ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს დანაშაულის ჩადენა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს შემდეგ გარემოებებს: ვ----– ქ-------ემ აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული; პირველად არის სამართალში, ზიანი ანაზღაურებულია, დანაშაული აღიკვეთა ადრეულ(მცდელობის) სტადიაზე.

 

თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

 

თანახმად სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილისა ‘’თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის’’.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც ნასამართლობის არმქონე ბრალდებული სრულად აღიარებს, სახეზეა პირობითი მსჯავრის გამოყენების ყველა წინაპირობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ვ----– ქ-------ის მიმართ სასჯელის მიზნები სრულად მიიღწევა მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე, ქმედების სიმძიმისა და დამნაშავის პიროვნების შესაბამისი სასჯელის სამართლიანი ზომით დანიშვნით, მისი პირობით ჩათვლით და გამოსაცდელი ვადის დაწესებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ----– ქ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

ვ----– ქ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

მსჯავრდებულს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების დღიდან.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ ვ----– ქ-------ეს დაეკისროს მოვალეობა _ პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

- ჩხრეკის შედეგად ამოღებული 8 ცალი 20 ლიტრიანი კალისტრა მასში მოთავსებული დიზელის საწვავით (160) ლიტრი და რეზინის მილი, რაც ინახება ტყიბულის რაიონული სამმართველოს გელათის პოლიციის განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მურთაზ კაპანაძე