გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 421210017002145214
№2/88-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.01.2018 წ. ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე – ცი–---- კი---ძე.
წარმომადგენელი – მა------ სა------–--ლი.
მოპასუხე – ოთ--- ამ----–--ლი.
წარმომადგენელი - ბი---- პა-----–--ლი.
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეს: ოთ--- ამ----–--ლს მოსარჩელის ცი–---- კი---ძის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 1500 ლარის გადახდა;
მოსარჩელე მხარის განმარტებით, იგი ცხოვრობს ყვარლის რაიონის სოფელ ენ----–ში. მას ჰყავდა ძროხა, რომელიც იყო ოჯახის მარჩენალი და ყოველდღიურად იღებდა რძე-მაწონს, ასევე წელიწარში ერთხელ აძლევდა ნამატს.
2017 წლის ივლისის დასაწყისში, ჩვეულებრივად, დილით ძროხა გაუშვა ე.წ. ,,ნახირში“ და ჩააბარა მენახირეს - მოპასუხე ოთ--- ამ----–--ლს. საღამოს მოპასუხემ განუცხადა, რომ ძროხა დაეკარგა.
მოსარჩელე საბოლოოდ ითხოვს ძროხის დაკარგვით გამოწვეული ზიანის 1500 ლარის ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ოთ--- ამ----–--ლმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მას ძროხა კი არ დაეკარგა, არამედ ავადმყოფობით მოკვდა. იგი როდესაც მწყემსავდა მთელი დღე ძროხა ნახირს ჩამორჩებოდა, არ ძოვდა და როდესაც ნახირი სოფელში მორეკა ძროხა ვეღარ ნახა. მაშინვე აცნობა მოსარჩელეს, რომ ძროხა მოეძებნათ, მაგრამ უარი მიიღო. ამ ფაქტის შესახებ მაშინვე აცნობა სოფლის რწმუნებულს. ძროხა მეორე დილით ნახა საძოვარზე მკვდარი. მას არც ნადირისგან არ ჰქონდა რაიმე დაზიანებული,იგი მოკვდა , რადგან იყო ბებერი, დაახლოებით 20 წლის. ასევე ავადმყობობდა, რადგან მუცელი ცელოფნებით ჰქონდა სავსე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.
მოპასუხემ განაცხადა, რომ ძროხა არ მომკვდარა მისი ბრალით, იგი ბუნებრივი სიკვდილით, ავადმყოფობით მოკვდა და მოითხოვა მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის ივლისის თვეში მოსარჩელემ მოპასუხეს მიაბარა ძროხა, რომელიც მას უნდა ემწყემსა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.2. ძროხა იმავე დღეს მოკვდა და მეორე დილით მოპასუხემ იპოვა მკვდარი იქ სადაც ნახის აძოვებდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
3.1.3. ერთის მხრივ, ცი---- კი---ძესა და მეორეს მხრივ ოთ--- ამ----–--ლს შორის შორის დასტურდება მიბარების სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტობრივი გარემოება და შესაბამისად, ცი---- კი---ძის მიერ მოპასუხე ოთ--- ამ----–--ლისათვის ძროხის მიბარების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
შესაბამისად, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. სასამართლოს შინაგანი რწმენის ფორმირება ეფუძნება მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად მხედველობაში მიიღება და ფასდება თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასება ხდება დამოუკიდებლად, ხდება თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრა და ასევე მათ ერთობლიობაში შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს მიბარების სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სამართლებრივ საფუძვლებზე, რაც მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელესთან ნდობის ფაქტორით იყო განპირობებული და მოსარჩელე ენდო რა მოპასუხეს, მას საძოვარში გაატანა ძროხა.
სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერი გარიგების დადება, შესრულება, შეწყვეტა უნდა შეფასდეს გონივრული ადამიანის ქმედებებიდან გამომდინარე და მისი ქმედებებიც ლოგიკურ ჯაჭვს უნდა ჰქმნიდნენ. წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ხასიათზე და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების ქრონოლოგიურ განვითარებაზე. საქმეზე დადგენილია, რომ 2017 წლის ივლისის დასაწყისში მოსარჩელემ ნახირში საძოვარზე გაუშვა ძროხა. ნახირს მწყემსავდა მოპასუხე ოთ--- ამ----–--ლი. ასევე დადგენილია, რომ მწყემსი შემთხვევითი პიროვნებაა და საქონელს მწყემსავენ სოფლის მაცხოვრებლები მორიგეობით, უსასყიდლოდ. ასევე სასამართლო სხდომაზე მოპასუხის მიერ მოწვეული მოწმეებით დადასტურდა, რომ მოსარჩელის ძროხა ავადმყოფობდა და ხშირად იბერებოდა, რაც ასევე დაადასტურა მოსარჩელემაც და მის მიერ მოწვეულმა მოწმემ, გი------ კი---ძემ.
მოპასუხე მხარის მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ძროხა იყო ბებერი დაახლოებით 20 წლის. როდესაც მკვდარი ნახეს მოსარჩელემ არ მოინდომა მისი ნახვა და მიზეზის გარკვევა, თუ რით მოკვდა. დიდი ხნის განმავლობაში ძროხა მინდორში ეგდო და მოწმეები ხედავდნენ, რომ როდესაც ძროხა გაიხრწნა და მუცელი გაუსკდა, მუცლის ღრუში ჰქონდა დაჭმუჭნული ცელოფნები.
სასამართლო სხდომაზე მოწვეულმა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორმა ზუ---- ზუ----–--ლმა განმარტა, რომ ძროხა, როგორც წესი 10 წელზე მეტის არ უნდა იყოს, რომ მას მხოლოდ ამ ხნის განმავლობაში აქვს წველადობის და ნამატის მოცემის შესაძლებლობა. 20 წლის ძროხა არის ბებერი და შესაძლებელია იგი ბუნებრივი სიკვდილით მოკვდეს. ასევე თუ ძროხას ნაჭამი აქვს ცელოფანი, იგი ცელოფანს ვერ ინელებს და შეიძლება გამოიწვიოს ძროხის სიკვდილი.
მხარის მიერ განმარტება, რომ ძროხა დაკარგა მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა, ასევე მოსარჩელემ ვერ დაადსტურა, თუ რით მოკვდა ძროხა. მოსარჩელემ ვერ მიუთითა რაში მდგომარეობს მოპასუხის ბრალი ძროხის სიკვდილში. დადასტურებულია, რომ მწყემსს ნახირი არ მიუტოვებია, ძროხა არ დაკარგულა და მკვდარი ძროხა ნანახი იქნა საძოვარზე. იგი ნადირს არ დაუზიანებია და საერთოდ დაზიანებული არ იყო. ასევე დადსტურდა, რომ ძროხა ავადმყოფობდა და იყო ბებერი.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიერ დადგებილი ვერ იქნა რამ გამოიწვია ძროხის სიკვდილი და რაში მდგომარეობდა მოპასუხის ბრალი მის სიკვდილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
- მოწმეთა ჩვენება - იხ. სასამართლო სხდომის ოქმები;
სასამართლოს მიხედულებით, წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ რადგან მოპასუხე მწყემსავდა ძროხას, ძროხის სიკვდილში ბრალეულია მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე მხოლოდ მოსარჩელე მხარის განმარტების საფუძველზე დადგენილი ვერ იქნება. მოპასუხე არ ეთანხმება რომ მას რაიმე ბრალი მიუძღვის ძროხის სიკვდილში, რადგან მას ევალებოდა მისი მწყემსვა და შესაბამისად არ დაუკარგია საქონელი, ნადირს არ შეუჭამია, ხოლო თუ რამ გამოიწვია სიკვდილი მისთვის უცნობია.
მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის ბრალზე მიუთითებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება მოსარჩელე მხარის მითითება, ვინაიდან მან მენახირეს მიაბარა საქონელი, იგი პასუხისმგენბელია ყველა შემთხვევაში, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე შესაბამის დასკვნის გაკეთებისათვის, ის ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ეფუძნება სამართალწარმოების დროს განვითარებული მსჯელობების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა თუ სხვა გარემოებების ერთობლიობას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენს ზიანის მიყენების ფაქტის და მისი ოდენობის დადასტურება.
მოსარჩელე, მოპასუხის მხრიდან მისთვის ზიანის გამომწვევ ქმედებას (ძროხის დაკარგვას-სიკვდილს) ადასტურებს მხოლოდ იმით, რომ მისი ძროხა დილით იყო ცოცხალი, ჩააბარა მოპასუხეს და მეორე დღეს მენახირემ ნახა მკვდარი.
მოწმე გი------ კი---ძემ, რომელისც არის მოსარჩელის მეუღლე, განმარტა, რომ ძროხა იყო ჯანმრთელი, თუმცა ზოგჯერ იბერებოდა, მაგრამ მან წამლებით გამოაჯანმრთელა და იმ დღეს როდესაც ნახირში გაუშვეს იყო სრულიად ჯანმრთელი. როდესაც შეატყობინეს ძროხი სიკვდილი, მას მკვდარი არ უნახავს, არ აინტერესებდა რით მოკვდა, რადგან მიაჩნია, რომ ზიანი მენახირემ უნდა აანაზღაუროს.
მოსარჩელის მოწმემ ნა---–- წა--ძემ დაადასტურა, რომ ნახირში გაშვების წინ ძროხა დაინახა და იყო ცოცხალი.
მოპასუხე მხარის მოწმეებმა დი------- ბე–---–--ლმა, ვა------- ტუ---–--ლმა, და---- ხო-----–--ლმა, სო-–------ კი---ემ, ვა–- ბე–---–--ლმა, ივ--- ამ----–--ლმა დაადასტურეს, რომ ძროხა იყო ბებერი, ავადმყოფი, სავარაუდოდ ცელოფანი ჰქონდა ჩაყლაპული და ხშირად იბერებოდა. ასევე დაადასტურეს, რომ მოსარჩელე არ დაინტერესდა ენახა მკვდარი ძროხა და გაერკია სიკვდილის მიზეზი.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მხოლოდ მოსაზრებას, რომ ძროხა იყო ჯანმრთელი, რადგან თვითონ მანაც აღიარა, რომ ძროხა იბერებოდა. ასევე სხდომაზე მოწვეულმა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონალური მართვის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორმა ზუ---- ზუ----–--ლმა განმარტა, რომ თუ ძროხას ცელოფანი ჰქონდა შეჭმული, იგი მას ვერ მოინელებდა და შესაძლებელია ამას გამოეწვია სიკვდილი.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, სჭირდება სათანადო მტკიცება. მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცონ, როგორც სარჩელში, ისე შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. მოსარჩელე, მოპასუხის მიერ ზიანის მიყენების ფაქტს ამტკიცებს მხოლოდ ზეპირი განმარტებით, მას სხვა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მოსარჩელემ ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და ვერ წარმოადგინა მის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო გარემოება (ზიანის მიყენება მოპასუხის არასათანადო ქცევის გამო) წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი, იმის გათვალისწინებით, რომ იგი საერთოდ არ მიუთითებს რაიმე გარემოებაზე, რაც მოპასუხის ბრალს გამოკვეთდა.
საბოლოოდ, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის მოსაზრება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, რადგან
მიბარების ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მოპასუხის მხრიდან, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით ზიანის გამოწვევის არსებობის თაობაზე, საქმეში არ არის წარმოდგენილი ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად მტკიცებულებათა ერთობლიობაში განხილვის შედეგად, მიჩნეული იქნებოდა სადაო ფაქტობრივი გარემოების დადგენის სამართლებრივ საფუძვლად.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 394-ე, 395-ე, 413-ე, 763-ე, 765-ე, 766-ე, 779-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 763-ე მუხლის თანახმად, მიბარების ხელშეკრულებით შემნახველი კისრულობს შეინახოს მიმბარებლის მიერ მისთვის ჩაბარებული მოძრავი ნივთი.
ამავე კოდექსის 765-ე მუხლის თანახმად, თუ მიბარება უსასყიდლოა, მაშინ შემნახველი ვალდებულია ისეთივე კეთილსინდისიერებით შეინახოს ნივთი, როგორითაც საკუთარ ნივთს შეინახავდა.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობათა წარმოშობა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებეული და მის შინაარსი განსაზღვრავს გარიგების მიზანს, ანუ იმ სამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც ნების გამომვლენ მხარეებს სურთ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, მხარეებს შორის არსებობდა მიბარების ხელშეკრულების დადების ნება და მათი მოქმედებები, მიუთითებს აღნიშნული სახელშეკურლებო ურთიერთობის არსებობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულბით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. არ შეიძლება პირს დაევალოს შესრულება იმ ვალდებულების, რომელიც მისი მხრიდან არ ყოფილა ნაკისრი და მხარეთა შეთანმხება არ მოიცავდა მას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, დასტურდება მოსარჩელე - ცი–---- კი---ძესა და მოპასუხე - ოთ--- ამ----–--ლს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის, კერძოდ მიბარების ხელშეკრულების არსებობის ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 395-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს.
სამოქალაქო კოდექსის 779-ე მუხლის თანახმად პასუხისმგებლობა გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, სტუმრის ან მისი თანხმლები პირის მიერ, ანდა თვით ნივთის თვისებებით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა მითითებული რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მოპასუხის განზრახ ან გაუფრთხილებელ მოქმედებას დაადასტურებდა, რომელიც შეიძლება გახდეს ზიანის გამოწვევის საფუძველი, ხოლო თავისთავად ხელშეკრულების არსებობა და მიბარებული ნივთის დაღუპვა, ამ შემთხვევაში ძროხის სიკვდილი, არ შეიძლება გახდეს ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი, იმის გათვალისწინებით, რომ ძროხა არის ცოცხალი არსება და მას ახასიათებს სიკვდილი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ცოცხალი არსებისათვის დამახასიათებელმა ისეთმა გარემოებამ, რომელიც არ არის დამოკიდებული ადამიანის ნებაზე და დამახასიათებელია ყველა ცოცხალი არსებისათვის, მიუხედავად იმისა ვალდებული პირი დაარღვევს თუ არა ნაკისრ ვალდებულებას.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ კონკრეტული მოქმედების ჩადენის ფაქტს, რომელმაც ძროხის სიკვდილი გამოიწვია, უფრო მეტიც, მოსარჩელემ ვერც კი მიუთითა თუ რამ გამოიწვია ძროხის სიკვდილი. მოპასუხის მხრიდან არ დადასტურდა არც განზრახი და არც გაუფრთხილებელი მოქმედების ფაქტი, რომელსაც შეეძლო ძროხის სიკვდილი გამოეწვია. სასამართლო სხდომაზე ვერ დადაგინდა მიზეზობრივი კავშირი ძროხის სიკვდილსა და მოპასუხე ოთ--- ამ----–--ლის ქმედებას ან უმოქმედობას შორის, რაც შეიძლება მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელე ცი–---- კი---ძის მოთხოვნა მოპასუხე ოთ--- ამ----–--ლის მიმერთ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს:
ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს , მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამ ავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14 - ე მუხლის თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:
ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს;
ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს;
გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;
მოცემული საქმე მაგისტრატი განსჯადია, რადგან დავის საგანი არ აღემატება 2000 ლარს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა დარჩეს ხაზინაში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე ცი–---- კი---ძის სარჩელი მოპასუხე ოთ--- ამ----–--ლის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე