განაჩენი

სისხლის სამართლის 25.01.2018
საქმის ნომერი
010100117002229285
დავის ტიპი
344 1
თარიღი
25.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100117002229285

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - ბულბული მჟავანაძე

 

ბრალდებული - ლა–-------------მაძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ლა–-------------მაძე

მამის სახელი: ხალიდი

დაბადებული: 20.05.1986 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

პირადი ნომერი: 6----------

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ხელვაჩაური, სოფელი მუ--------ი 1-ლი, I ჩიხი N4.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის მაისი თვეში, ლა–-------------მაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ „სარფი“-ს სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში, რაშიც მხილებული იქნა 2017 წლის 30 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლის დროს.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. სასამართლოს დასკვნა ლა–-------------მაძის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ლა–-------------მაძის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: გამოძების დაწყების აღრიცხვის ბარათს, დათვალიერების ოქმს, ცნობას საზღვრის კვეთაზე, მოწმე გულ--------–-ძის ჩვენებას და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

5. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლა–-------------მაძემ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვრი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა:

 

6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

 

7. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქ/პუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ჩვენს ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა, ხოლო დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ყოველგვარი ხერხით.

 

9. მესაზღვრე-კონტროლიორ გულ--------–-ძის გამოკითხვის ოქმით, რაც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ დადასტურებულია, რომ ლა–-------------მაძე 2017 წლის 30 ნოემბერს სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტი "სარფის" გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა საქართველოში, საპასპორტო კონტროლის დროს აღმოჩნდა, რომ მას საქართველოდან გასვლა არ უფიქსირდებოდა. მესაზღვრე-კონტროლიორთან გასაბურებისას ლა–-------------მაძემ აღიარა, რომ მას ჰქონდა დეპორტი და 2017 წლის მაისის თვეში გადაიპარა საზღვარზე.

 

10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ლა–-------------მაძემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

11. ლა–-------------მაძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

12. ლა–-------------მაძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

13. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

14. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რაშიც ლა–-------------მაძეს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ლა–-------------მაძის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

15. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

16. მოცემულ შემთხვევაში, ლა–-------------მაძის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული და ბრალდებული არ არის ნასამართლევი, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ ლა–-------------მაძეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება თანაზომიერია ბრალდებულის მატერიალურ მდგომარეობასთან, ასევე ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ბრალდებულ ლა–-------------მაძის პიროვნების გათვალისწინებით მითითებული სასჯელი სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ლა–-------------მაძე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2.000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ლა–-------------მაძის სახელზე გაცემული საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა, რომელიც ინახება საპატრულო პოლიციის დეპარატმენტის აჭარის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი