გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.01.2018
საქმის ნომერი
160210017001670102
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210017001670102

საქმე №2/13-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2018 წელი ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე

მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი"

წარმომადგენელი - ირ---–------–--ა

მოპასუხეები - რა--------–---ი, გა------------ი, რა---------–---ი

წარმომადგენელი - ოთ---------–---–ი

(მოპასუხეების ნა---------–---ის და ჩი--–-------------ას მიმართ მოსარჩელემ სარჩელი გაიხმო)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

თავდაპირველი სასარჩელო მოთხოვნით, მოსარჩელე ითხოვდა, რომ მოპასუხეებს რა--------–---ს, ნა---------–---ს, რა---------–---ს, გა------------ს, ჩი--–-------------ას სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 41989.91 ლარის გადახდა; იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს ჩი--–-------------ას და რა--------–---ის კუთვნილი უძრავი ქონებები. იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონებებზე.

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ გაიხმო სარჩელი მოპასუხეების ნა---------–---ის და ჩი--–-------------ას მიმართ.

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ი“ ითხოვს:

1) მოპასუხეებს რა--------–---ს, გა------------ს და რა---------–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 31 522.91 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 23035 ლარი, პროცენტი - 5000,66 ლარი, პირგასამტეხლო - 3487.25 ლარი.

 

2) იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე რა--------–---ის უძრავი ქონება, მდებარე მარნეული, სოფელი ალგეთი. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 83.03.05.6--. ხოლო იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების სხვა ქონებებზე.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2014 წლის 8 აპრილს სს ,,სა---------–--------სა“ და რა--------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება # GCL00004----- რომლითაც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ლიმიტი 250 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 15 აპრილს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #1945---, რომლითაც რა--------–---ზე გაიცა კრედიტი 50 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 16%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5% -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ერთის მხრივ სს ,,სა---------–--------ს“ და ნა---------–---ს, გა------------ს და რა---------–---ს შორის, რომლის თანახმად თავდებები იღებენ ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყონ ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრება 100 000 ლარით.

სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, იპოთეკით დაიტვირთა ჩი--–-------------ას და რა--------–---ის უძრავი ქონებები. იპოთეკის ხელშეკრულებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად აღსრულება მიექცევა მოვალის სხვა ქონებებზე.მიუხედავად მოპასუხეთა არაერთგზის ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებისა, მოპასუხეებს ვალდებულება არ შეუსრულებიათ. მოპასუხეებს მიეცათ ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში სასარჩელო მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. მოპასუხეების წარმომადგენელმა განმარტა, რომ მართალია მხარეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე რა--------–---ზე გაიცა კრედიტი 50000 ლარის ოდენობით, მაგრამ ხელშეკრულებების გაფორმების დროს მოპასუხეებისათვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების შინაარსი სრულად, ვინაიდან ისინი არ ფლობენ სამართალწარმოების ენას. შესაბამისად მათთვის არ იყო ცნობილი არც საპროცენტო სარგებლის და არც პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ, რომელიც არის შეუსაბამოდ მაღალი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 8 აპრილს სს ,,სა---------–--------სა“ და რა--------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #GCL00004----- რომლითაც მსესხებელს განესაზღვრა საკრედიტო ლიმიტი 250 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 15 აპრილს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #1945---, რომლითაც რა--------–---ზე გაიცა კრედიტი 50 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება # GCL00004----;

- საკრედიტო ხელშეკრულება #1945---;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები სს ,,სა---------–--------ს“ ნა---------–---ს, გა------------ს და რა---------–---ს შორის, რომლის თანახმად თავდებები იღებენ ვალდებულებას სოლიდარული თავდებობით უზრუნველყონ ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდებთა პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრება 100 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის შესახებ რა---------–---ის განცხადება;

- სოლიდარული თავდებობის შესახებ გა------------ის განცხადება;

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N CAS000048---;

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება N CAS000048---;

 

3.1.3. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკით დაიტვირთა რა--------–---ის უძრავი ქონება, მდებარე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში, საკადასტრო კოდი 83.03.05.6--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულება #CAH000048---;

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.4. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 31522,91 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 23035 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 5000,66 ლარი. პირგასამტეხლოს სახით მოსარჩელე ითხოვს 3487,25 ლარის დაკისრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების შესახებ ცნობა;

-მხარეთა-ახსნა განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 15 აპრილს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #1945---. მოპასუხეებისათვის ცნობილი იყო, რომ რა--------–---ზე გაიცა კრედიტი 50 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით. წლიური 16%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5% -ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე მხარემ, ასევე სასამართლო სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი და პირგასამტეხლო არის უკანონოდ დარიცხული, მოპასუხეებმა ისე გააფორმეს ხელშეკრულებები, რომ მათთვის უცნობი იყო შინაარსი, ისინი არ ფლობენ ქართულ ენას, შესაბამისად მათ არ იცოდნენ არც პროცენტის ოდენობის და არც პირგასამტეხლოს შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463-ე, 464-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 286-ე, 301-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 8 აპრილს სს ,,სა---------–--------სა“ და რა--------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება # GCL00004----- რომლითაც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ლიმიტი 250 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 15 აპრილს გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება #1945---, რომლითაც რა--------–---ზე გაიცა კრედიტი 50 000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 16%-იანი საპროცენტო განაკვეთით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრას რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო ანიჭებს უფლებას, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება. მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე სარჩელს არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხე მხარისათვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების პირობები. მოპასუხეს სესხის სარგებლის დაკისრების მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არსებითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ასევე არ წარმოუდგენია სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით სესხის დაბრუნების ვალდებულება, ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

ამდენად დადგენილია, რომ მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებია, მოპასუხეს არ გადაუხდია სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სესხის ძირითადი თანხა 23035 ლარი. სესხიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელი წარმოადგენს 5000,66 ლარს. ამდენად არსებობს ამ ნაწილში სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მოცემულ შემთხვევაში წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული ძირის და საპროცენტო სარგებლის დღიური 0.5% ოდენობით. მოპასუხე მხარე ვალდებულია სესხის ძირითად თანხასთან ერთად მოსარჩელეს გადაუხადოს პირგასამტეხლო, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ საქმეში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 3487,25 ლარის ოდენობით.

 

სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და არა შემოსავლის მიღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 10-ჯერ, რაც საერთო ჯამში შეადგეს 348,72 ლარს. ამდენად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 348,72 ლარის გადახდა.

 

6.3. მოპასუხეებს გა------------ს და რა---------–---ს რა--------–---თან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა, რადგან მათი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. გა------------თან და რა---------–---თან დადებული წერილობითი შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა რა--------–---ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

 

ამდენად ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ უნდა იქნეს მიქცეული მოპასუხე რა--------–---ის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც დატვირთულია იპოთეკით, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

მოცემულ შემთხვევაში, სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმებულია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა რა--------–---ის უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 83.03.05.6--.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ დაკმაყოფილდა მოთხოვნის 90.006 %, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1259.70 ლარის 90.006 %, რაც შეადგენს 1133.80 ლარს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე , 8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხეებს რა--------–---ს, გა------------ს, რა---------–---ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 28386.38 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 23035 ლარი, საპროცენტო სარგებელი 5002,66 ლარი, პირგასამტეხლო - 348,72 ლარი.

 

1.2. იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს უძრავი ქონება, მდებარე მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთში, საკადასტრო კოდი 83.03.05.6--

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოსარჩელე სს ,,საქათველოს ბანკი"- ს მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად სს ,,სა---------–--------ი"-ს მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების მიზნით, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების რა--------–---ის, გა------------ის, რა---------–---ის სხვა ქონებაზე.

 

2. მოპასუხეებს რა--------–---ს, გა------------ს, რა---------–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,სა---------–--------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1133,80 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე