განაჩენი

სისხლის სამართლის 17.01.2018
საქმის ნომერი
020100117002040748
დავის ტიპი
236 3 , 236 2
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117002040748

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/506-17 17 იანვარი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე

1.1. პროკურორი ა-----------

 

2. დაცვის მხარე

2.1. ბრალდებული მ--------------------------------------------–-------–-–----------------------------------–--------------------–--------------------–--------------–-------------------------------------------------------–---------–---

 

2.1.1. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა

 

2.1.2. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება

 

2.1.3. ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი

ქმედების შემადგენლობა: ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი მიერ

 

2.2. ადვოკატი ვ-----------------,2.3. ადვოკატი დ---------------–---

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა

 

1.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

მ----------------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა სროლისათვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი - STALKER 2918 მოდელის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის გლუვლულიანი პისტოლეტი N1116-003262, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისათვის აუცილებელი სპეციალური სტაციონარული მზღუდავი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ცეცხლსასროლი იარაღი

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი.

ცეცხლსასროლი იარაღის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, იარაღის შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც, ცეცხლსასროლი იარაღი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად. ცეცხლსასროლი იარაღია პისტოლეტი, რევოლვერი და სხვა.

მოწმე მ---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილ იარაღს ლულის არხში არ გააჩნია მზღუდავი, რის გამოც არის ცეცხლსასროლი იარაღი. წარმოდგენილი პაკეტის ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ამ პისტოლეტს ქარხნულად ლულა არ უნდა ჰქონოდა, ის უნდა ჰქონოდა დახშული, რაც გამორიცხავს ჭურვის გასროლას. შეფერხების გარეშე გაისროლა წარმოდგენილი პისტოლეტიდან ხმოვანი ვაზნები. საბრძოლო ვაზნები ამ პისტოლეტში არ მიდის, რადგან სარტყელში არ თავსდება, თუმცა შეუძლია გაისროლოს საფანტის ვაზნები. ლულა ფოლადისგან არის დამზადებული. იცის, რომ ამ სახის იარაღიდან კუსტარულ ვაზნებს ისვრიან და ამ სახის ვაზნებს გაუძლებდა ამ იარაღის კორპუსი. ამ იარაღს შეუძლია 3 მეტრომდე სიშორეზე დააზიანოს ადამიანი საფანტის ვაზნით. კვლევისას საფანტის ვაზნები ვერ გამოიყენა, რადგან ისინი არალეგალურია და არ აქვთ. აირის ვაზნების გასროლა საკმარისია იმის დასადგენად, საფანტის ვაზნების გასროლისთვის ვარგისია თუ არა.

მოწმე ნ-----–------–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ საკვლევი იარაღი საფანტის ვაზნების გასროლას გაუძლებს. თუ ზოგადად 50 ხმოვანი ვაზნის გასროლას უძლებს ეს იარაღი, საფანტის ვაზნების გასროლისას ნაკლები რაოდენობით გასროლას გაუძლებს. წარმოდგენილი იარაღი არ განეკუთვნება არც სანადირო და არც სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. მართალია, წარმოდგენილ პისტოლეტს აქვს ხმის გამოსაშვები პატარა ხვრელი, რომელიც ასევე წნევას ამცირებს ლულაში, მაგრამ წნევას ჭურვი სრულად არ კარგავს ხვრელის გამო, მხოლოდ ნაწილობრივ კრავს, რის გამოც ჭურვი მაინც გაიტყორცნება. ჭურვის გატყორცნის მანძილი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი დატენილია საფანტი. მისი გამოცდილებიდან იცის, რომ ეს იარაღი საფანტის ჭურვებს გაისვრის, რადგან გაუსროლია მსგავსი იარაღიდან მსგავსი ჭურვები.

2017 წლის 14 ივლისის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ ,,STALKER 2918’’ მოდელის, 9 მმ ნომინალური კალიბრის გლუვლულიან პისტოლეტს N1116-003262, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისათვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონალური მზღუდავი, ვარგისია სროლისთვის და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

2017 წლის 25 დეკემბრის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ ,,STALKER 2918’’ მოდელის, 9 მმ კალიბრის ხმოვანი ვაზნებისთვის განკუთვნილ N1116-003262 სასტარტო-სასიგნალო პისტოლეტს, რომელსაც ფაქტიურ მდგომარეობაში არ გააჩნია ტექნოლოგიურად გათვალისწინებული შემზღუდველი ლულის არხში (იგი ხელოვნურად ამოღებულია) და მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.

დაცვის მხარის სადაოდ ხდის ბრალდებულისგან ამოღებული ნივთის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიისადმი კუთვნილებას და ამ დანიშნულებით გამოყენებისთვის ვარგისიანობას. აღნიშნული საფუძვლით დაცვის მხარემ ჩაატარა ალტერნატიული ბალისტიკური ექსპერტიზა, თუმცა, ალტერნატიულმა ბალისტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილი ნივთი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია ამ მიზნით გამოსაყენებლად. ორივე ექსპერტიზის დასკვნა დამაჯერებლად განმარტეს და დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა.

დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ვინაიდან წარმოდგენილი პისტოლეტიდან საბრძოლო მასალის გასროლის შეუძლებელია, ამიტომ ეს იარაღი არ არის ვარგისი გამოსაყენებლად. სასამართლო, ეყრდნობა რა ექსპერტთა ჩვენებებს, განმარტავს, რომ არ არის აუცილებელი პისტოლეტს ჰქონდეს საბრძოლო მასალის გასროლის ფაქტობრივი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ის ჩაითვალოს ვარგისად. ამისათვის საკმარისია პისტოლეტიდან იმ სახის ვაზნების გასროლის ფაქტობრივი შესაძლებლობის არსებობა, რომლებსაც შესწევს უნარი, დააზიანონ ადამიანი. ასეთი არის საფანტით დამუხტული კუსტარულად დამზადებული ვაზნები, რისი დამზადებაც შესაძლებელია კუსტარულად ისე, რომ ბრალდებულისგან ამოღებული პისტოლეტი მათ გაისვრის და 3 მეტრის მანძილზე დააზიანებს ცოცხალ არსებას. ამდენად, წარმოდგენილი პისტოლეტის უვარგისობაზე აპელირება უსაფუძვლოა.

დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ პისტოლეტს აქვს ხმის გამოსაშვები ხვრელი, საიდანაც ამოდის წნევა, რაც ხელს უშლის საბრძოლო მასალის გატყორცნას და ამიტომ იარაღი არ არის ვარგისი გამოსაყენებლად. აღნიშნული პოზიციაც არ ეფუძნება გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ვინაიდან თავად დაცვის მხარის ექსპერტმა განმარტა, რომ პისტოლეტზე არსებული ხვრელი არ აბრკოლებს საფანტით დამუხტული ვაზნის გატყორცნას ლულიდან. ის მხოლოდ ამცირებს ვაზნის გატყორცნის მანძილს, თუმცა არ უშლის ხელს ახლო მანძილიდან საგნის დაზიანებას.

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ამოღებული ნივთი წარმოადგენს გამოსაყენებლად ვარგის ცეცხლსასროლ იარაღს. ამასთან, დადგენილია ასევე, რომ აღნიშნული იარაღი არ მიეკუთვნება სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების კატეგორიას.

 

2.2. მართლსაწინააღმდეგო შეძენა

 

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას. შეძენა გამოიხატება ნებისმიერი ფორმით მათი, როგორც საკუთარის მიღებაში (ყიდვა, საჩუქრის სახით მიღება, პოვნა და სხვა).

საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ზოგიერთი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და შენახვაა შესაძლებელი სპეციალური ნებართვით. ამდენად, ნებართვის გარეშე ამ ნივთების შეძენა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა.

მოწმე ლ-–----------ს ჩვენებით დასტურდება, რომ პოლიციელებმა ავტომანქანაში იარაღი იპოვეს. ბრალდებულმა განაცხადა, იარაღი ჩემიაო. იგივე იარაღი ბრალდებულის ხელში უნახავს ადრე.

მოწმე ი-----–----–---–----ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულს აღმოაჩნდა იარაღი. ბრალდებულმა თქვა, იარაღი ჩემიაო. ბრალდებულს ჰქონდა ე.წ. „პუგაჩი“, რაც თვითონაც ნასროლი აქვს ახალ წელს, ხმას გამოსცემს მარტო.

ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ იარაღი ნებაყოფლობით გადასცა გამომძიებელს, უთხრა, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდა და მისი ყუთი და საბუთები ჰქონდა სახლში. მისი იარაღი ხმოვანი სპორტული პისტოლეტია. აღიარებდა თავიდანვე, რომ ამოღებული ნივთი მისი იყო, სადაო არაფერი იყო. გამოუყენებია ეს იარაღი ხშირად. ის მხოლოდ ხმას გამოსცემს. ალუმინის კორპუსი აქვს იარაღს და ვერ გაუძლებს ჭურვებს. როცა მას ატარებდა, ლულა დახშული არ იყო. ასეთივე მდგომარეობაში შეიძინა ის.

სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე მტკიცებულება, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ მ----------------ს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის უფლება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ჰქონდა. ამდენად, მ----------------ს ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა.

დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდებულს არ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მისი კუთვნილი იარაღი იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ის მას იყენებდა როგორც სასტარტო პისტოლეტს, რის გამოც მოითხოვა ბრალდებულის გამართლება.

სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ მის იარაღს არ გააჩნდა მზღუდავი, ლულა დახშული არ ჰქონდა, რის გამოც მისგან შესაძლებელი იყო ჭურვების გასროლა. მართალია, საბრძოლო ვაზნები ლულაში არ თავსდება, თუმცა სპეციალური ვაზნების კუსტარულად დამუხტვას ან ასეთი ვაზნების არალეგალურად შეძენას და გასროლის განხორციელებას ხელს არაფერი უშლიდა. ამდენად, ის, რომ პისტოლეტს ლულა, სასხლეტი მექანიზმი და ჭურვის გასროლისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი გააჩნდა, ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა. სხვა საკითხია, აპირებდა თუ არა ბრალდებული ამ იარაღიდან საფანტის ვაზნების გასროლას, თუმცა თავისთავად ასეთი ფაქტობრივი შესაძლებლობის არსებობა და ბრალდებულის მიერ ამის გაცნობიერება უკვე მიუთითებს ფორმალური დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის განზრახვის არსებობაზე. დაცვის მხარის მიერ არაფერი წარმოდგენილა, გარდა ბრალდებულის ჩვენებისა, იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდებული გამორიცხავდა მისი პისტოლეტიდან საფანტის ვაზნების გასროლის შესაძლებლობას. ის გარემოება, რომ ის, როგორც წესი, მას იყენებდა ხმის გამოსაცემად, არ ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა გაცნობიერებული საფანტის ვაზნების გასროლის შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ, ბრალდებულისვე ჩვენების მიხედვით, მას აქვს გარკვეული ცოდნა იარაღებთან დაკავშირებით. თავად პისტოლეტის კონსტრუქციიდან, მისი ლულიდან, ვაზნების ფორმიდან, ტევადობიდან, ასევე შესაბამისი განათლებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ბრალდებულს არ ჰქონოდა გაცნობიერებული მისი პისტოლეტიდან კუსტარულად დამუხტული ვაზნების გასროლის შესაძლებლობა. აქვე მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ, ბრალდებულისვე ჩვენებით, იარაღი მან კი არ გადააკეთა, არამედ იმავე მდგომარეობაში შეიძინა, როგორ მდგომარეობაშიც ის იმყოფება ამჟამად. მეორე მხრივ, ბრალდებული აცხადებს, რომ ეს იარაღი მან მაღაზიაში შეიძინა და ამის დამადასტურებელი მასალები გააჩნია, თუმცა მსგავსი მასალები დაცვის მხარის მტკიცებულებათა სიაში არ მოიძებნება, რასაც შეეძლო კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა ბრალდებულის მიერ პისტოლეტის მართლსაწინააღმდეგო შეძენა. ასეთი დოკუმენტაციის გარეშე კანონით დადგენილი წესით ამ პისტოლეტის შეძენა შეუძლებელია, რაც გამორიცხავს ბრალდებულის სიტყვების სისწორეს, თითქოს მან ამ სახით იარაღი შეიძინა მაღაზიაში და ამის დამადასტურებელი საბუთები გააჩნია. ასეთ ვითარებაში, როცა იარაღის წარმოშობის დამადასტურებელი საბუთები წარმოდგენილი არ ყოფილა, ბრალდებულის მიერ მისი განზრახ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული.

განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კანონის გვერდის ავლით შეძენით არღვევდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესს, მაგრამ, აღნიშნულს არ შეუშლია მისთვის ხელი, შეეძინა ცეცხლსასროლი იარაღი.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ისჯება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით. ამ დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი. სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების შეძენისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი. მოცემული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ნებართვის გარეშე იძენს მუხლში ჩამოთვლილ საგნებს, სურს ამ ქმედების ჩადენა ან არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს მას.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა განზრახ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა დაუშვა საპატიებელი შეცდომა, თუმცა არ აკონკრეტებს, რა სახის შეცდომაზეა საუბარი. ბრალდებულის ჩვენების საფუძველზე შეიძლება ვარაუდი, რომ დაცვის მხარე აპელირებს ბრალდებულის მიერ მისი კუთვნილი ნივთის ცეცხლსასროლი იარაღისადმი კუთვნილების საკითხში შეცდომის დაშვებაზე, რადგან მიაჩნდა, რომ ის საბრძოლო ვაზნებს ვერ გაისვრიდა. ტერმინი "ცეცხლსასროლი იარაღი" წარმოადგენს სამართლებრივ ტერმინს, რომელიც "იარაღის შესახებ" კანონში არის განმარტებული. ამდენად, შესაძლოა ბრალდებულმა არ იცოდა ამ კანონის შესაბამისი ნორმის ზუსტი შინაარსი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს გარემოება არ გამორიცხავს განზრახვას და ბრალს, ვინაიდან ბრალდებულს არ მოეთხოვება ყველა სამართლებრივ საკითხში ღრმად ჩახედვა. მას მოეთხოვება მხოლოდ იმის გაცნობიერება, თუ რა ნიშან-თვისებებით ხასიათდება მისი კუთვნილი ნივთი და რა შესაძლებლობები აქვს მას, ასევე ის, რომ გააცნობიეროს, რომ მისი ქმედება შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს და სამართლებრივად მისი ჩადენა მომეტებული საშიშროების გამო იკიცხებოდეს. იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებულისთვის ცნობილია მისი ნივთის ფაქტობრივი მონაცემები, ამ მონაცემების სამართლებრივი სახელწოდების შერჩევაში შეცდომის დაშვება ვერ განიხილება ბრალის გამომრიცხველ გარემოებად. ბრალდებულმა გაურკვეველ ვითარებაში შეიძინა პისტოლეტი, რომელსაც არ უნდა ჰქონოდა ქარხნულად ლულა, მაგრამ, მისი შეძენისას, კუსტარულად ლულა უკვე ჰქონდა. ლულის არსებობა ბრალდებულისთვის თავიდანვე ცნობილი იყო. ის ასევე ერკვევა პისტოლეტზე არსებული საჰაერო ხვრელის დანიშნულებაშიც, რის გამოც ეჭვგარეშეა, რომ მან იცოდა, რომ სასტარტო პისტოლეტს ლულა არ უნდა ჰქონოდა. ის და მისი მეგობრები ამ იარაღიდან ფუჭ ვაზნებსაც კი ისროდნენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა ვაზნები, რომლებიც ამ პისტოლეტში თავსდებოდა. ბრალდებულის ცოდნის დონიდან გამომდინარე, მან, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ არსებობდა საფანტის ზომები, რომლებითაც შესაძლებელია კუსტარულად დაიმუხტოს შესაბამისი ვაზნები, რა დროსაც ის, მართალია, მცირე მანძილზე, თუმცა მაინც სახიფათო იარაღად იქცევა. ამდენად, შეუძლებელია, ბრალდებულს ვერ გაეცნობიერებინა, რომ მისი კუთვნილი, ხელოვნურად გადაკეთებული და სასროლად ვარგისად ქცეული ნივთის შეძენა სპეციალურ ნებართვას საჭიროებს. ამ საკითხში დარწმუნება, შესაბამისი სურვილის არსებობის შემთხვევაში, მარტივად იყო შესაძლებელი შესაბამისი კომპეტენციის პირებთან საკითხის გარკვევით და ასეთი ქცევა მოსალოდნელია კიდეც ყველა იმ პირისგან, რომელსაც კავშირი ექნება მსგავსი ტიპის საგნებთან. ამდენად, ასეთი ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავება მიუთითებს ბრალდებულის გათვითცნობიერებაზე, თუ რა სახის ნივთთან ჰქონდა საქმე.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ----------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ---------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავად დანაშაულის საგნის სახეობა და მისი საშიშროების ხარისხი.

მ----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აკრძალული ნივთის შეძენა), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ცეცხლსასროლ იარაღად გადაკეთებული სასტარტო პისტოლეტის შეძენა), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4 წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული მინიმალური სასჯელის ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის მიღწევას. მოცემული ნორმა ადგენს სასჯელის შეფარდებისას სახელმძღვანელო პრინციპს, რაც ვრცელდება სასჯელის ზომის განსაზღვრაზეც. აღნიშნული პრინციპის თანახმად, სასჯელის გამკაცრების ყოველი შემთხვევა დასაბუთებული უნდა იყოს და უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებებით გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების არსებობის და მის საფუძველზე სასჯელის დამძიმების აუცილებლობის თაობაზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მინიმალური სანქციის განსაზღვრა.

 

II. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2017 წლის 1-----–--ს ქ. ზუგდიდი, თავისუფლების ქუჩაზე მ---------------- მართლსაწინააღმდეგოდ პირადად ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ, სროლისათვის ვარგის,,STALKER 2918’’ მოდელის, 9 მმ. ნომინალური კალიბრის გლუვლულიანი პისტოლეტს N1116-003262, რომელსაც ლულის არხში არ გააჩნია საფანტის და აირის იარაღისათვის აუცილებელი, სპეციალური სტაციონალური მზღუდავი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ცეცხლსასროლი იარაღი

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი.

ამოღებული ნივთის ცეცხლსასროლი იარაღის კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ უკვე გაკეთდა დასკვნა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ბრალდების ნაწილში, რაც ვრცელდება იმავე იარაღის ტარების ბრალდებაზეც, რის გამოც ამ საკითხზე ხელახალი მსჯელობის აუცილებლობა არ არსებობს.

 

2.2. მართლსაწინააღმდეგო ტარება

 

მოწმე დავით მოსიას ჩვენებით ირკვევა, რომ შ--–---------მ ღამის საათებში უთხრა, რომ მ---------------- მოძრაობდა მერსედესის ავტომობილით თავისუფლების ქუჩაზე და თან გააჩნია ცეცხლსასროლი იარაღი.

მოწმე შ--–---------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1-----–--ს საღამოს საათებში პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ბრალდებული თავისუფლების ქუჩაზე მერსედესის ავტომობილით გადაადგილდება და თან აქვს ცეცხლსასროლი იარაღი, რის შესახებაც მოახსენა ხელმძღვანელს.

მოწმე ლ-–----------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 1-----–--ს საღამოს საათებში ავტომანქანით ბრალდებულთან და ირაკლი მეშველიანთან ერთად მოძრაობდა, როცა გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა. პოლიციელებმა ავტომანქანაში იარაღი იპოვეს. ბრალდებულმა განაცხადა, იარაღი ჩემიაო. არ უნახავს უშუალოდ საიდან ამოიღეს ის: ბრალდებულის ჯიბიდან თუ ავტომანქანიდან, რადგან გარეთ იდგა ამ დროს. ჩხრეკის პროცესი არ უნახავს. ამოღებული იარაღი ნახა ამოღების შემდეგ. იგივე იარაღი ბრალდებულის ხელში უნახავს ადრე. ჩხრეკის შემდეგ ბრალდებული ცალკე ავტომანქანაში ჩასვეს პოლიციის თანამშრომლებმა, თვითონ - სხვა ავტომანქანაში. იქ დოკუმენტის შედგენა არ უნახავს. შემთხვევის ადგილზე დაჰყვეს დაახლოებით 2 საათი. თავიდან ერთი ავტომანქანით მივიდნენ ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები. შემდეგ პოლიციელები სხვა ავტომანქანებითაც მივიდნენ. 5-10 პოლიციელი იქნებოდა ადგილზე. იარაღის ამოღების მერე არ უნახავს პოლიციის თანამშრომლების ქმედებები. ამ დროს ცოტა ნასვამი იყო. ბრალდებულის იარაღიდან ადრე თვითონაც უსვრია. აირის იარაღი იყო, ხმა ჰქონდა მარტო, ზიანს ვერავის მიაყენებდა. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც მ----------------მ განაცხადა, რომ შორტის საქამრეში გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც მისგან იქნა ამოღებული. ის ადგილზევე იქნა დალუქული. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად რაიმე სახის ნივთი არ ამოღებულა. მოწმემ ხელმოწერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ შარვლიდან იარაღის ამოღების მომენტი არ უნახავს. არ იცის საიდან ამოიღეს იარაღი. ამოღებული იარაღი ანახეს მას. ბრალდებული ავტომანქანაში იჯდა, როცა გაჩხრიკეს. თვითონ გარეთ იდგნენ. გაჩხრეკის შემდეგ გადმოიყვანეს ბრალდებული მანქანიდან.

მოწმე ი-----–----–---–----ს ჩვენების თანახმად, მაღაზიისკენ როცა მიდიოდა ბრალდებულთან, ლ-–----------სთან და თემურ ქირიასთან ერთად ავტომანქანით, პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს, შეამოწმეს და ბრალდებულს აღმოაჩნდა იარაღი, რაც მასაც აჩვენეს. იარაღი ჰქონდა ბრალდებულს საქამრეში. ბრალდებულმა თქვა, იარაღი ჩემიაო. გარეთ იდგნენ 3 მეტრში ბრალდებულის ჩხრეკისას. ბრალდებულიც გადმოიყვანეს ავტომანქანიდან. ბრალდებულს ჰქონდა ე.წ. „პუგაჩი“, რაც თვითონაც ნასროლი აქვს ახალ წელს, ხმას გამოსცემს მარტო. მას იარაღის ქამრიდან ამოღება არ უნახავს. არც საქამრეში უნახავს ის. ავტომანქანაში ვერ ნახავდა იარაღს. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ი-----–----–---–----ს მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც გააჩერეს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა, წარუდგინეს თავი. მ----------------მ განაცხადა, რომ შორტის საქამრეში გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი, რის შემდეგ მ----------------მ პოლიციის თანამშრომლებს ნებაყოფლობით გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი, რაც მისგან იქნა ამოღებული. ცეცხლსასროლი იარაღი ადგილზევე იქნა დალუქული. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ ამოღებულა. ამოღებული იარაღი ანახეს, ამოღების პროცესი არ უნახავს.

მოწმე ც---------------–--ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 1-----–--ს დაუკავშირდა გამომძიებელი ჯ----------------, უთხრა, რომ ბრალდებული თავისუფლების ქუჩაზე გადაადგილდებოდა და შეიძლება ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. მივიდნენ, ნახეს, ავტომანქანა გააჩერეს. ბრალდებულს დადგენილება გააცნო გამომძიებელმა. ბრალდებულმა შარვლის უკანა მარჯვენა საქამრიდან ამოიღო პისტოლეტი, რაც დაილუქა, ხელი მოაწერეს მონაწილე პირებმა, შედგა ოქმი. გაიჩხრიკა ავტომანქანაც. ავტომანქანიდან არაფერი ამოღებულა. ოქმები ადგილზე შედგა. ბრალდებულს პირადი ჩხრეკა ავტომანქანიდან გადმოყვანისას ჩაუტარდა. ამოიღეს შავი პისტოლეტი. იარაღი ბრალდებულმა ამოიღო და თვითონ მოათავსა პარკში.

მოწმე გ---------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ჯ---------------- დაუკავშირდა და უთხრა, რომ ჰქონდა ინფორმაცია ბრალდებულის მიერ იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. ჯ---------------- აიყვანეს და წავიდნენ თავისუფლების ქუჩისკენ, გააჩერეს ავტომანქანა. გამომძიებელმა გააცნო ბრალდებულს დადგენილება. ბრალდებულმა თქვა, რომ იარაღი ჰქონდა და წარმოადგინა საქამრიდან, თვითონვე მოათავსა პარკში და დაილუქა. ავტომანქანიდან არაფერი ამოუღიათ. პირადი ჩხრეკისას შავი იარაღი ამოიღეს მჭიდით, ვაზნების გარეშე.

მოწმე ჯ----------------ს ჩვენების თანახმად, გააჩერეს ავტომანქანა, გააცნო ბრალდებულს დადგენილება, ბრალდებულმა იარაღი წარმოადგინა თვითონ, რაც დაილუქა.

ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ თანახმად ჩვენების თანახმად, ქალაქში იყო, გამარჯვების ქუჩიდან მოდიოდა იარაღი ნებაყოფლობით გადასცა გამომძიებელს, უთხრა, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდა და მისი ყუთი და საბუთები ჰქონდა სახლში. მისი იარაღი ხმოვანი სპორტული პისტოლეტია. მარიხუანა მიღებული ჰქონდა 3-7 დღის წინ. გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩხრეკის დადგენილება გააცნეს. ადვოკატი არ მოუთხოვია. აღიარებდა თავიდანვე, რომ ამოღებული ნივთი მისი იყო, სადაო არაფერი იყო და ოქმი არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი. გამოუყენებია ეს იარაღი ხშირად, ის მხოლოდ ხმას გამოსცემს. ალუმინი კორპუსი აქვს იარაღს და ვერ გაუძლებს ჭურვებს. როცა მას ატარებდა, ლულა დახშული არ იყო. ასეთივე მდგომარეობაში შეიძინა ის. ოქმი ადგილზე, საკუთარ ავტომანქანაში შეადგინა გამომძიებელმა.

პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად შორტის უკანა მარჯვენა მხარეს არსებული საქამრიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის კორპუსის მქონე პისტოლეტის მსგავსი საგანი, რის შემდეგაც აღნიშნული ნივთი ადგილზე დაილუქა.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული ატარებდა მისგან ამოღებულ, ხელოვნურად გადაკეთებულ და ცეცხლსასროლ იარაღად ქცეულ სასტარტო პისტოლეტს.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ისჯება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ დანაშაულის საგანია გამოყენებისთვის ვარგისი ცეცხლსასროლი იარაღი. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ამ ნივთების მართლსაწინააღმდეგო ტარებას, რაც ნიშნავს მათთან ერთად გადაადგილებას. ამასთან, ეს ნივთები შესაძლოა მოთავსებული იყოს ჩანთაში, ტანსაცმელში, ეჭიროს სუბიექტს ხელში და სხვა. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების ტარებისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 236-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა.

საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის კანონით არაუფლებამოსილი პირის მიერ ტარება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ვინაიდან სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი ფორმალური დანაშაულია და ქმედების გარდა რაიმე შედეგის დადგომას არ ითხოვს, ეს გარემოება გავლენას ახდენს ასევე განზრახვის კომპონენტებზეც. კერძოდ, ამ დანაშაულის განზრახვის დასადასტურებლად საკმარისია ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებასთან ერთად მისი ჩადენის სურვილი ანდა შეგნებულად დაშვება ან გულგრილი დამოკიდებულება.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მის ხელთ არსებული საგანი იყო ცეცხლსასროლი იარაღი, აცნობიერებდა ასევე, რომ საქართველოს კანონმდებლობით მას არ ჰქონდა მისი ტარების უფლება, თუმცა, მიუხედავად ამისა, სურდა ამ ქმედების ჩადენა, ე.ი. ის განზრახ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს.

ცალკე შეფასებას მოითხოვს ის, თუ რამდენად კანონიერად ატარებდა ბრალდებული ცეცხლსასროლ იარაღს. საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ სპეციალურად ამისთვის უფლებამოსილი პირებისთვის არის ნებადართული მხოლოდ ზოგიერთი სახეობის ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბრალდებული განეკუთვნება იმ პირთა წრეს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს ტერიტორიაზე მინიჭებული აქვთ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამის თაობაზე არც დაცვის მხარეს განუცხადებია, რის გამოც ბრალდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება უტყუარად დადასტურებულია. ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ტარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება ბრალდებულს არ ჰქონია, ის კანონით დადგენილი წესის დარღვევით ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, რის გამოც მისი ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ----------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ---------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს მისგან ამოღებული ნივთის საშიშროების ნაკლები ხარისხი სხვა ცეცხლსასროლ იარაღებთან შედარებით.

მ----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა პირობითი მსჯავრისათვის დაწესებული გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (აკრძალული ნივთის შეძენა, შენახვა), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ცეცხლსასროლ იარაღად ხელოვნურად გადაკეთებული სასტარტო პისტოლეტის ტარება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (ქმედების ჩადენის მომენტისთვის იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის პირობებში), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან 6 წლამდე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია დანაშაულის საგანი - ცეცხლსასროლი იარაღი ერთი ცალი მჭიდით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ნივთმტკიცებები წარმოადგენს დანაშაულის საგანს, რომელსაც გარკვეული ღირებულება გააჩნია, სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა მოხდეს საქმეზე დართული ნივთმტკიცების საპროცესო კონფისკაცია.

 

III. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ მ----------------ს 2017 წლის 14 ივლისს ქ. ზუგდიდში დაუდგინდა ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის" უკანონოდ მოხმარება.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება

 

მოწმე ზურაბ ფიფიას ჩვენებით ირკვევა, რომ შეამოწმა ბრალდებული, რომელიც კლინიკურად არ იყო ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში, თუმცა ლაბორატორიულად დაუდგინდა ბუპრენორფინისა და ტეტრაჰიდროკანაბინოლის მიღება. ბუპრენორფინი ორგანიზმში რჩება 1 კვირამდე, ხოლო მარიხუანა 40 დღემდე. ბრალდებულმა განუცხადა, რომ 4-5 დღის წინ მოიხმარა სუბოქსინი, 2 დღის წინ - მარიხუანა.

ნარკოლოგიური შემოწმების დასკვნის თანახმად, მ----------------ს დაუდგინდა ,,ბუპრენორფინი’’-ს და ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი’’-ს მოხმარება.

ბრალდებულის ჩვენების თანახმად, ნარკოტიკული საშუალება მიიღო 3-7 დღის წინ.

ნარკოტიკული საშუალების განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში. აღნიშნულის კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. აღნიშნული კანონის პირველი დანართის II სიაში სათაურით,, ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები’’ 10-ე ჰორიზონტალურ სვეტში მითითებულია ,,ბუპრენორფინი’’. აღნიშნული მიუთითებს მოცემული ნივთიერების ნარკოტიკული საშუალებების კატეგორიისადმი კუთვნილებას.

სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას. ნარკოტიკული საშუალების უნებართვო მოხმარება აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. როგორც უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხიდან ირკვევა, ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკული საშუალებების სამოქალაქო ბრუნვა მკაცრად შეზღუდულია და ხორციელდება მათზე სპეციალური კონტროლი. მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის მათი მოხმარება ნებადართული. ამდენად, ნებართვის გარეშე ამ ნივთიერების მოხმარება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ბრალდებულს მკაცრად ბრუნვაშეზღუდული ნივთიერებების მიღების შესახებ ექიმის დანიშნულება რომ ჰქონდა, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია. პირიქით, საქმის მასალებით ირკვევა ასეთი დანიშნულების არარსებობა.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ექიმის დანიშნულების გარეშე მართლსაწინააღმდეგოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ბრალდებულს ბრალი წარდგენილი აქვს ასევე მარიხუანას მოხმარებისათვის, თუმცა პროკურორმა დასკვნით სიტყვაში თავად მოითხოვა მარიხუანის ამორიცხვა წარდგენილი ბრალდებიდან. ასეც რომ არ იყოს, საქართველოს სკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სიტყვების: "ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება" ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონის N2 დანართის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის. ამდენად, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარებისათვის გამოირიცხა, რის გამოც წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამოირიცხოს მარიხუანის მოხმარებაზე მითითება. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ბრალდების მხარეს ერთ ეპიზოდად აქვს ბრალი წარდგენილი როგორც მარიხუანის, ასევე ბუპრენორფინის მოხმარებისათვის, რის გამოც მარიხუანის ამორიცხვა წარდგენილი ბრალდებიდან არ ახდენს გავლენას ქმედების კვალიფიკაციაზე.

 

2.2. ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის დადგენილებით მ----------------ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

სსკ-ის 273-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, ამ ქმედების ჩადენამდე ბრალდებულს დაედოს ადმინისტრაციული სახდელი მსგავსი ქმედებისთვის - ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის, რაც არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ან პირი ნასამართლევი იყოს სსკ-ის 273-ე მუხლით.

დაცვის მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ მ---------------- ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელი დაედო ა.ს.კ-ის 45-ე მუხლით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ სახდელდადებულს სახდელის მოხდის დღიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაუდენია ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, იგი ჩაითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად. იმავე მუხლის შენიშვნის მიხედვით, სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში პირი სახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ იგი ჯარიმის დაკისრების დღიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიდენს ახალ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ 1 წელი არ გასულა, რაც მიუთითებს ბრალდებულის ადმინისტრაციულსახდელდადებულის სტატუსზე.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონვირულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული არის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ისჯება საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით. პირს თავის ორგანიზმში შეჰყავს ნარკოტიკული საშულება ან მისი ანალოგი კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით - ექიმის დანიშნულების გარეშე. ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტი დგინდება ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე. სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. მოცემული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა განზრახვას გულისხმობს. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე ის იღებს ნარკოტიკულ საშუალებას და სურს ამ ქმედების ჩადენა, ან არ სურს, მაგრამ შეგნებულად უშვებს მას ანდა გულგრილად ეკიდება.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ----------------მ, რომელიც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირი იყო, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილი იქნა, რომ მ----------------მ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’, რის გამოც ის ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ----------------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ----------------ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მ----------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოება საქმის მასალებით არ გამოვლენილა.

მ----------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოვლენილა.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ნარკოტიკული საშუალების ორჯერ, ანუ სახდელის დადების შემდეგ ერთხელ უკანონოდ მოხმარებას), ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს (ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი’’-ს მოხმარებას), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (საკუთარი თავის გარდა სხვა პირებისთვის ზიანი მიყენებული არ არის), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობით მსჯავრის პირობებში), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, (აღიარა დანაშაული), ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა ამ ქმედებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ორმაგი ოდენობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით... ამდენად, სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული მინიმალური ჯარიმა არის 1000 ლარი.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ არის აუცილებელი დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მოსახდელი სასჯელის დანიშვნა. სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულის (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალურთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა.

ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არსებობს ერთდროულად რამდენიმე დანაშაული, გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამდენად, მ----------------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობის წესით. კერძოდ, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს სასჯელს დაუნიშნავს სსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ბრალდებული გასამართლებულ იქნა 2014 წლის 2 ოქტომბერს და განესაზღვრა 3 წლით პირობითი მსჯავრი იმავე გამოსაცდელი ვადით, ჯარიმა და მართვის უფლების ჩამორთმევა. გამოსაცდელი ვადა ამოიწურა 2017 წლის შემოდგომაზე, ხოლო ბრალად წარდგენილი ქმედება ჩადენილ იქნა 2017 წლის ზაფხულში - გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე, რის გამოც უნდა გაუქმდეს წინა განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაკავებამდე ბრალდებული ასრულებდა პრობაციის ოფიცრის მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს და წინა დანაშაულისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადა ამ საქმეზე განაჩენის გამოტანის მომენტისათვის უკვე გასულია, რის გამოც, საბოლოოდ სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრის პრინციპის საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს დაკავების მომენტიდან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე და 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ ადგილზე თათბირით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ---------------- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, 273-ე მუხლით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ მ----------------ს მოსახდელად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მ----------------ს განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ----------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 ივლისიდან.

მოხდეს ნივთმტკიცების: STALKER 2918 მოდელის პისტოლეტის ნომრით 1116-003262 ერთი მჭიდით საპროცესო კონფისკაცია.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია