გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2018
საქმის ნომერი
080210016001592083
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210016001592083

2/2712-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს ,,თი---- ბა--ი”;

წარმომადგენელი - ევგენი მელაძე;

მოპასუხე - გი---–- ქა-------–-–---–ი;

წარმომადგენელი - სა-–---- ბო------–---–ი;

დავის საგანი - დავალიანების დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. გი---–- ქა-------–-–---–ს სს ,,თი---- ბა--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 1216.06 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 761.90 ლარი, პროცენტი - 1.75 ლარი, პირგასამტეხლო 1752.41 ლარი.

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ მოთხოვნა შეამცირა და განმარტა, რომ ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ გადაიხადა დავალიანების ნაწილი, ძირი თანხის სახით გადასახდელი დარჩა 52 ლარი, ჯარიმის სახით კი ითხოვენ 548 ლარის დაკისრებას მოპასუხისათვის, რაც ჯამში შეადგენს 600 ლარს.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის და პირგასამტეხლოს 10% ნაწილში.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2011 წლის 30 მარტს სს ”თი---- ბა--სა” და გი---–- ქა-------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა გასცა კრედიტი 1000 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა 10 თვე, მისი დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო წლიური სარგებელი 26%, ასევე გაძვირების პროცენტი -20%, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%, ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი. მოპასუხემ ბოლო გადახდა განახორციელა 2014 წლის 17 ოქტომბერს, შესაბამისად, 2014 წლის 17 ნოემბრიდან დაიწყო პირგასამტეხლოს დარიცხვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 16–26);

- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.2. გი---–- ქა-------–-–---–ის დავალიანებამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეადგინა 2516.06 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 761.90 ლარი, პროცენტია - 1.75 ლარი, პირგსამტეხლო - 1752.41 ლარი. სასამართლოში სარჩელის შემოტანის შემდეგ მოპასუხემ გადაიხადა დავალიანების ნაწილი, რის შემდეგაც გადასახდელი დარჩა სესხის ძირითადი თანხა 52 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო 548 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დავალიანების ცნობა(ს.ფ. 17);

- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გაუხდიათ, მოპასუხემ მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება, რაც სამართლებრივად შესაფასებელი საკითხია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო თვლის რომ სს ”თი---- ბა--ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420–ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სს “თი---- ბა--თან“ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი ნაწილში, რაც დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, ვალდებულების დარღვევამდე იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, თუმცა მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის დავალიანება შეადგენს 52 ლარს, პირგასამტეხლოს სახით მასზე 548 ლარის დაკისრება არათანაზომიერი ჯარიმაა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება 54.8 ლარამდე, როგორც ამას ითხოვს მოპასუხე.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი, დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად, უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა სარჩელზე 100 ლარი, ვინაიდან მან მოთხოვნა შეამცირა 616.06 ლარით, სახ. ბაჟის თანხა 61.60 ლარი სსს კოდექსის 42-ე მუხლის და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად - მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან.

 

დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ სარჩელი ცნო 106.8 ლარის ნაწილში მოსამზადებელ სტადიაზე, შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 10.68 ლარი ასევე უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 27.72 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ”თი---- ბა--ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. გი---–- ქა-------–-–---–ს სს ,,თი---- ბა--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 106.8 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 52 ლარი, პირგასამტეხლო 54.8 ლარი.

2. სს ”თი---- ბა--ს” უარი ეთქვას მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე.

3. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ‘’თი---- ბა--ს’’ 2016 წლის 01 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 61.60 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

4. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 27.72 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე