განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010100115001183591
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - დავით მამისეიშვილი
სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე
პროკურორი - დავით ჭარბაძე
ბრალდებული - რუ--------–---–-ილი
ადვოკატი - და-------------იძე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: რუ--------–---–-ილი
მამის სახელი: რევაზი
დაბადებული: 29.05.1966 წელი
დაბადების ადგილი: საქართველო, ბათუმი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრაციის მისამართი: ქ. ბათუმი, ჯა----–---–ის ქუჩა N6, ბინა-29/30.
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, პუ–---ის ქუჩა N172, ბინა-15.
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:
212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების არსი:
1. რუ--------–---–-ილი და გი----------იძე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად გასაღების მიზნით ინახავდნენ ყალბ 2.400 აშშ დოლარს, 100 აშშ დოლარის ნომინალის მქონე კუპიურების სახით.
აღნიშნული ყალბი აშშ დოლარის კუპიურები (2.400 ყალბი აშშ დოლარი) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, რუ--------–---–-ილმა და გი----------იძემ 2015 წლის 09 და 11 ნოემბერს გაასაღეს დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულ პირზე ირ---–-------ვაზე.
სასამართლომ დაადგინა:
2. რუ--------–---–-ილი გასაღების მიზნით ინახავდა ყალბ 2.400 აშშ დოლარს, 100 აშშ დოლარის ნომინალის მქონე კუპიურების სახით.
აღნიშნული ყალბი აშშ დოლარის კუპიურები (2.400 ყალბი აშშ დოლარი) რუ--------–---–-ილმა, 2015 წლის 09 და 11 ნოემბერს გაასაღა დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულ პირზე ირ---–-------ვაზე.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3. 2015 წლის 09 ნოემბერს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენის აჭარისა და გურიის სამმართველოში, ინსპექტორ გამომძიებელ ირ---–-------ვას პატაკის საფუძველზე დაიწო გამოძიება ყალბი ფულის გასაღების მიზნით შენახვისა და გასაღების ფაქტზე.
4. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - "საკონტროლო შესყიდვის" ჩატარების შესახებ 2015 წლის 09 ნოემბრის დადგენილების თანახმად, დაგეგმილი იქნა დანაშაულებრივ ქმედებაში შემჩნეული პირის - რუ--------–---–-ილისგან ყალბი ფულადი კუპიურების შესყიდვა.
5. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების - "დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართვის" შესახებ 2015 წლის 09 ნოემბრის დადგენილების თანახმად, "დანაშაულებრივ ჯგუფში" ჩართული იქნა აჭარისა და გურიის სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებელი ირ---–-------ვა.
6. ირ---–-------ვას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენის აჭარისა და გურიის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელია. რუ--------–---–-ილს იცნობს სამაკლერო კომპანიიდან. ბათუმში ბინის ყიდვა უნდოდა და დახმარება თხოვა რუსუდანს, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. 2015 წლის ნოემბრის თვეში რუ--------–---–-ილმა შესთავაზა ყალბი ფულის გასაღებაში მონაწილეობის მიღება, დაინტერესების შემთხვევაში ყალბ ფულს მიყიდდა ნამდვილი თანხის 50%-ის გადახდის შემთხვევაში. აღნიშნულის შესახებ შესაბამისი პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება და დაგეგმილი იქნა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარება. 2015 წლის 09 ნოემბერს შეხვდა რუ--------–---–-ილს, რა დროსაც მან გადასცა ყალბი 700 აშშ დოლარი და სანაცვლოდ მოითხოვა ნამდვილი თანხა 50%-ის 350 აშშ დოლარის ოდენობით. ირ---–-------ვას განმარტებით მან, გამომძიებლის მიერ საკონტროლო შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ნამდვილი 350 აშშ დოლარი გადასცა რუ--------–---–-ილს. რუ--------–---–-ილმა უთხრა, რომ რამდენიმე დღეში დამატებით მიყიდდა ყალბ 10.000 აშშ დოლარს. 2015 წლის 11 ნოემბერს ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც რუ--------–---–-ილმა გადასცა ყალბი 1700 აშშ დოლარი, რისთვისაც ასევე მოთხოვა ყალბი თანხის 50%-ის ოდენობის ნამდვილი თანხა. საუბრის დასრულების შემდეგ, გამომძიებლის მიერ რუ--------–---–-ილი დაკავებული იქნა ყალბი დოლარის შენახვისა და გასაღების ფაქტზე.
ირ---–-------ვამ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ რუ--------–---–-ილი საუბარში ახსენებდა ვინმე "გიორგის", რომლისგანაც იღებდა ყალბ ფულს. როგორც ოპერატიულმა თანამშრომელმა დაადგინა, რომ აღნიშნული პირი იყო გი----------იძე, ვისთან ერთადაც მოქმედებდა რუ--------–---–-ილი.
7. ფარული აუდიო - ვიდეო ჩანაწერის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ირ---–-------ვას (ჩაწერის განმახორციელებელი პირი) და რუ--------–---–-ილს შორის მიმდინარეობს საუბარი ყალბი ფულის თაობაზე. ამავე ჩანაწერით ნათელია, რომ რუდან შავიშვილმა ირ---–-------ვას გადასცა გარკვეული თანხა.
8. 2015 წლის 09 ნოემბრის და 11 ნოემბრის დათვალიერების ოქმების თანახად, გამომძიებელ ჯა------------ძის მიერ დათვალიერებული იქნა ირ---–-------ვას მიერ წარდგენილი 100 დოლარიანი კუპიურები, რომლებიც ირ---–-------ვას განმარტებით მან საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში შეიძინა რუ--------–---–-ილისგან.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებელმა ჯა------------ძემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა.
10. საბუთების ტექნიკური ექსპერტიზის N007051815 დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი 100 დოლარიანი კუპიურები დამზადებულია კუსტარული წესით, პოლიგრაფიული წარმოების ტექნოლოგიისა და საშუალებათა გამოყენებით, შესრულებულია კომპიუტერზე სკანერისა და ფერადი ლაზერული ტიპის პრინტერის გამოყენებით.
11. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რუ--------–---–-ილმა გასაღების მიზნით შეინახა და გაასაღა ყალბი ვალუტა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ყალბი ვალუტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით ან გასაღება. დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
13. სასამართლო განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ფულადი ნიშნების გაყალბებასთან ბრძოლის შესახებ 1929 წლის 20 აპრილის კონვენცია, რომლის თანახმადაც მისმა მონაწილე სახელმწიფოებმა პასუხისმგებლობა დაადგინეს ამ ქვეყნების მიმოქცევაში არსებული ფულის გაყალბებისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლით კი, კრიმინალიზებული დანაშაულის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა, ხოლო ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა მომეტებული საშიშროების მატარებელია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ვინაიდან, ის ართულებს ფულის მიმოქცევის რეგულირებას, ასევე ვალუტის სიმყარეს უშლის ხელს. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება მოქმედებით ჩადენაში, კერძოდ, ყალბი ვალუტის დამზადებაში, შეძენაში, გასაღების მიზნით შენახვაში და გასაღებაში. ამასთან, ყალბი ვალუტის შენახვა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშულად, როდესაც პირს გააჩნია მისი გასაღების მიზანი. შენახვაში იგულისხმება ყალბი ფულის ამა თუ იმ ფორმით ადგილსამყოფელის მიჩენა. ყალბი ფულის გასაღება კი, ობიექტური მხრივ შეიძლება გამოიხატოს ყალბი ფულის ნიშნით საქონლის შესყიდვაში, სესხად გაცემაში, გაჩუქებაში, ვალის გადახდაში და ა.შ. ასევე, ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით გარკვეული საზღაურის მიღებაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 16 იანვრის 2კ-111კოლ-2001 განჩინება).
14. ამდენად, ზემოაღნიშნული დანაშაული ალტერნატიული შემადგენლობისაა. დანაშაული ფორმალურია და დამთვარებულია სწორედ ზემოთ მითითებული მოქმედებათა ჩადენისთანავე. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ მხარეს, ეს დანაშაული შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, ვინაიდან გასაღების მიზანი, როგორც აღნიშნიშნა, დანაშაულის სავალდებულო ნიშანია.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში პირდაპირ მიუთითებს, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას. ზოგადად, ფარული აგენტის მიერ პირის წაქეზება არ გამორიცხავს ამ უკანასკნელის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. დანაშაულის პროვოკაცია არ ათავისუფლებს პროვოცირებულ პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (Ramanauskas v. Lithuania, 74420/01, 2008 წლის 5 თებერვალი).
16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტავს, რომ ფარული აგენტის გამოყენება საგამოძიებო პროცესში თავისთავად არ ხელყოფს ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში დადგენილ გარანტიას (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა როლი ჰქონდა ფარულ თანამშრომელს. საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა/კონფიდენტებმა არ უნდა განახორციელონ პირებზე იმგვარი გავლენა, რომ შემდგომი პასუხისმგებლობის მიზნით, წააქეზონ მათ მიერ დანაშაულის ჩადენა. კონვენცია ირღვევა, როდესაც აგენტები უბიძგებენ პირს დანაშაულის ჩადენისკენ და სახეზე არ არის არგუმენტი, რომ მოცემული დანაშაული მათი მონაწილეობის გარეშეც იქნებოდა ჩადენილი.[1] ფარულ თანამშრომელთა მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უნდა განხორციელდეს მხოლოდ პასიურად და მათ არ უნდა ჰქონდეთ როლი ბრალდებულთა განზრახვის ფორმირების პროცესში[2]; თუ ფარული აგენტი აქტიურად არის ჩართული და არსებითად უღვივებს პირს დანაშაულის ჩადენის სურვილს, სახეზეა დანაშაულის პროვოკაცია[3]; ხოლო როცა მიმდინარე/დაწყებულ დანაშაულებრივი ქმედების ფარგლებში ხდება ფარული თანამშრომლის ჩართვა, ეს ითვლება პასიურ მოქმედებად და, შესაბამისად, მისი ქმედება არ არის მაპროვოცირებელი [4].
17. სასამართლო განმარტავს, რომ ირ---–-------ვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთო და აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელა მას შემდეგ, რაც რუ--------–---–-ილისგან შეიტყო ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების შესახებ, შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.
18. სასამართლო აღნიშნავს, რომ რუ--------–---–-ილის მიერ ყალბი ვალუტის შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და კანონმდებლის მიერ განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდასტისათვის საკმარისი მტკიცებულებებით.
19. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, სახელწიფო ბრალდება რუ--------–---–-ილს ედავება ქმედების ჩადენას გი----------იძესთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად.
20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
21. სასამართლო განმარტავს, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში გამოიხატოს.
22. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაკითხული ირ---–-------ვას ჩვენებით ირკვევა, რომ ...რუ--------–---–-ილი მასთან საუბრისას ხშირად ახსენებდა "ვინმე გიორგის", რომელიც მას აწვდიდა ყალბ ვალუტას. ირ---–-------ვამ როგორც ოპერატიულმა თანამშრომელმა დაადგინა, რომ აღნიშნული პირი იყო გი----------იძე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ ირ---–-------ვას ჩვენება არ არის საკმარისი მტკიცებულება და უტყუარად არ ადასტურებს რუ--------–---–-ილს და გი----------იძეს შორის წინასწარი შეკავშირების არსებობას. კერძოდ, გამოკვლეულ მტკიცებულებაში არ არის მათ შორის რაიმე ისეთი ტიპის კომუნიკაცია, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერწმუნა მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა.
23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილვას რა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“, განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას[1]. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდება გამომდინარეობს მხოლოდ იმ ფაქტიდან, რომ რუ--------–---–-ილი ქმედების განხორციელების მომენტში უკავშირდებოდა სხვა პირსაც, რაც სასამართლოს აზრით, არ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რის გამოც სასამართლო თვლის, რომ რუ--------–---–-ილის მიმართ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
24. რუ--------–---–-ილის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან/და დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
25. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
26. საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომლითაც რუ--------–---–-ილს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.
27. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
28. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ რუ--------–---–-ილს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროების და რუ--------–---–-ილის პიროვნების გათვალისწინებით, მითითებული სასჯელი სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებულ რუ--------–---–-ილის მიმართ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ბრალდებული რუსუდან შავიშვილი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
რუ--------–---–-ილი დაკავებული იქნას სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 იანვრიდან.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 11 ნოემბრიდან - 2015 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით.
რუ--------–---–-ილი შესახლებული იქნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ბრალდებულ რუ--------–---–-ილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მობილური ტელეფონი და სიმბარათი, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- დათვალიერების დროს ამოღებული ყალბი ფულადი კუპიურები - 7 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა და 17 ცალი 100 დოლარიანი კუპიურა, რომლებიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი სამი ცალი კომპაქტ-დისკი და შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი დეტალური ამონაწერი ერთ ცალ კომპაქტ-დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: დავით მამისეიშვილი