გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/111-2017წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2018 წელი ქ. სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნონა ზარქუა
სხდომის მდივანი - ნათია ძაძამია
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
წარმომადგენელი - ლ---- მ----–---, ი--- კ--–---–---;
მოპასუხე - მ----- მ-------–---;
წარმომადგენლები - ნ----–- ქ------, მ------ ო-----–---;
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა :
1.1. მოპასუხე მ----- მ-------–---ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს - 863.60 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ----- მ-------–---მ წარმოდგენილ შესაგებლით და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 25 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და მ----- მ-------–---ს შორის გაფორმდა №1/2777 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფდა მ----- მ-------–---- პ----------–---- ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად ფიზიკური პირის დაცვას განახორციელებს საქართველოს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს II განყოფილება პოლიციის ერთი ინსპექტორის საშტატო ერთეულით. 3.1. პუნქტის თანახმად მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 1200.00 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად ანგარიშსწორება მხარეთა შორის მოხდება ყოველი საანგარიშსწორებო თვის ბოლოს, საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 25 ივლისის №1/2777 ხელშეკრულება. (ს.ფ. 10-11 )
3.1.2 სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა მ----- მ-------–---მ 2013 წელს გაფორმებული პირადი დაცვის ხელშეკრულებაში ინსპექტორის საშტატო ერთეულის უფროსი ინსპერქტორის საშტატო ერთეულით შეცვლის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ----- მ-------–---- განცხადება (ს.ფ. 16 )
3.1.3 2017 წლის 04 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა N1184 შეთანხმება, რომლითაც შეიცვალა ხელშეკრულების 2.1. პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „ 2.1. ხელშეკრულების 1.1 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის დაცვას განახორციელებს საქართველოს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველო II განყოფილება, პოლიციის უფროსი ინსპექტორის საშტატო ერთეულით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით „3.1. დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 1500.00 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N1184 ურთიერთშეთანხმება (ს.ფ. 12 )
3.1.4 საქართველოს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველო II განყოფილებას დაქვემდებარებული ქვედანაყოფის, მ----- მ-------–---- პ-----------–----------------------------, პოლიციის მაიორი გ-------–----------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვილი იქნა შს ორგანოებიდან 2017 წლის 29 მაისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება (ს.ფ. 14 )
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ----- მ-------–---- მიერ არ არის გადახდილი 2017 წლის მაისის თვის მომსახურების ღირებულება სრულად, დავალიანება შეადგენს 863.60 ლარს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა თუ შესაგებელს და რომელი მტკიცებულებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. მოსარჩელე მხარემ სარჩელში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად წარმოადგინა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება მომსახურების გაწევის თაობაზე, ურთიერთშეთანხმება მომსახურების ღირებულების გაზრდის შესახებ და დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს და ბუღალტრის ხელმოწერით გაცემული ცნობა მ-------------–---- მხრიდან მაისის თვის დავალიანების 863.60 ლარის არსებობის შესახებ და კლიენტ მ----- მ-------–---სთან 2010 წლიდან 2017 წლის 20 ივნისამდე მომსახურების საფასურის გადახდის ბრუნვის ამსახველი დოკუმენტი, მოპასუხე მხარე თავის შესაგებელში მითითებული ფაქტების დასადასტურებლად შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით და 2013 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 05 მაისის ჩათვლით სს ბ--------------–------- ამონაწერით მის მიერ განხორციელებული საბანკო ოპერაციების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
რაც შეეხება სადავო პერიოდში განხორციელებული საბანკო ოპერაციების შესახებ მ----- მ-------–---- მიერ წარმოდგენილ ამონაწერს სს „ბ--------------–-------“, იგი მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. რადგან წარმოდგენილი ამონაწერის და 2010 წლიდან 2017 წლის 20 ივნისამდე მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის ბრუნვის ამსახველი დოკუმენტის ურთიერთშეჯერების თანახმად, მ----- მ-------–---- მიერ 2016 წლის ნოემბრის და დეკემბრის თვის მომსახურების საფასური გადახდილი აქვს 2017 წლის იანვრის თვეში. იანვრის თვის მომსახურების საფასური 1200 ლარი გადახდილი აქვს თებერვლის თვეში, თებერვლის თვის მომსახურების საფასური 1200 ლარი გადახდილი აქვს მარტის თვეში, მარტის თვის მომსახურების საფასურის 1200 ლარის ნაცვლად აპრილის თვეში გადახდილი აქვს 1500 ლარი ანუ ზედმეტად აქვს გადახდილი 300 ლარი, აპრილის თვის მომსახურების საფასურის 1470 ლარის ნაცვლად მაისის თვეში გადახდილი აქვს 1500 ლარი ანუ ზედმეტად აქვს გადახდილი 30 ლარი, მაისის თვის მომსახურების საფასურის 1354.84 ლარის ნაწილი 161.24 ლარის ოდენობით მოსარჩელის მიერ ჩაეთვალა გადახდილად, ვინაიდან აღნიშნული თანხა კრედიტის სახით იყო დაფიქსირებული, ასევე გადახდილად ჩაეტვალა მ--------------–----- მიერ 2017 წლის მარტის და აპრილის თვის მომსახურების ზედმეტად გადახდილი საფასური 300 ლარი +30 ლარი, სულ ჯამში გადახდილად ჩაეთვალა 491.24 ლარი. მაისის თვის მომსახურების ასანაზღაურებელ თანხას 1354.84 ლარი -491.24 ლარი = 863.60 ლარი, რაც წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელ თანხას, რომლის ანაზღაურების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მ----- მ-------–---ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს - 863.60 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის N261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
6.4. ამდენად, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს კერძოსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
6.5 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
6.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
6.8 სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდის ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულება შესრულდა და დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ 2017 წლის მაისის მომსახურების დავალიანება შეადგენს 863.60 ლარს.
6.9 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს მოპასუხე მ----- მ-------–---ს 863. 60 ლარის გადახდა. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხე - მ----- მ-------–---ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-5, მე-12, 251 , 34-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილით, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე - მ----- მ-------–---ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს - 863.60 ლარის გადახდა;
3. მ----- მ-------–---ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.N32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს (მდებარე მისამართზე: სამტრედია, ძმები ნინუების ქ.N1) მეშვეობით.
მოსამართლე ნონა ზარქუა