გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2018
საქმის ნომერი
160210117002021926
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210117002021926

საქმე №2/737-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 იანვარი, 2018 წელი ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე

მოსარჩელე - შპს ,,მა-----------------ი“

წარმომადგენელი - ცო-----–----ა

მოპასუხეები - ნას---------–---ი, ხა------------–---ი, რო---------------ი

თარჯიმანი - ირ-------------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხეებს ნას---------–---ს,ხა------------–---ს და რო---------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2250 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1------ ლარი, პროცენტი - 210,62 ლარი, პირგასამტეხლო - 276 ლარი.

 

სესხის ხელშეკრულების 1.19 პუნქტის და სსკ-ის 268-ე მუხლის 11-ე პუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2017 წლის 27 თებერვალს შპს ,,მა-----------------ს“ და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N7--, რომლითაც ნას---------–---ის სახელზე 60 დღის ვადით გაიცა სესხი 2300 ლარის ოდენობით. სესხიდან გამომდინარე სარგებელი შეადგენდა 276 ლარს. მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 60 დღეში, 2017 წლის 28 აპრილამდე. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა ხა------------–---მა და რო---------------მა, როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს ,,მა-----------------ის“ წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. თავდებობის ფარგლები ხელშეკრულების 1.9 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამის ოდენობას სრულად. კერძოდ ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების მაქსიმალური ოდენობა, პირგასამტეხლოს ჩათვლით წარმოადგენს 3404 ლარს (ხელშეკრულების 1.2 პუნქტის თანახმად, სესხის ოდენობა 2300 ლარი, სარგებელი - 276 ლარი; ხელშეკრულების 1.13 პუნქტი - მსესხებელს ერიცხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგი ოდენობა, ანუ 276 X 3 = 828 ლარი. მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირებულია 276 ლარამდე. მსესხებლის მიერ 2017 წლის 28 აპრილს დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოვალის მიერ გადახდილია დავალიანების ნაწილი, ჯამში 602 ლარი, საიდანაც 536,62 ლარი გამოაკლდა სესხის ძირ თანხას, ხოლო 65,3- ლარი გამოაკლდა სარგებელს. სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებს ხა------------–---ს და რო---------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, ისინი არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ. მოპასუხე ნას---------–---მა წერილობითი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო. შესაგებელში აღნიშნა, რომ მას არავითარი ვალი არ გააჩნია. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე ნას---------–---მა განმარტა, რომ მან გააფორმა სესხის ხელშეკრულება მოსარჩელესთან, მაგრამ ვინაიდან დღეის მდგომარეობით იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში, არსებული დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროთ დანარჩენ მოპასუხეებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 27 თებერვალს შპს ,,მა-----------------ს“ და მოპასუხე ნას---------–---ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება NL7--, რომლითაც ნას---------–---ის სახელზე 60 დღის ვადით გაიცა სესხი 2300 ლარის ოდენობით. სესხიდან გამომდინარე სარგებელი შეადგენდა 276 ლარს. მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 60 დღეში, 2017 წლის 28 აპრილამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება N L7--

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა ხა------------–---მა და რო---------------მა, როგორც თავდებებმა ძირითად მსესხებელთან ერთად შპს ,,მა-----------------ის“ წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება N L7--

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. მოვალის მიერ გადახდილია დავალიანების ნაწილი, ჯამში - 602 ლარი, საიდანაც 536,62 ლარი გამოაკლდა სესხის ძირ თანხას, ხოლო 65,3- ლარი გამოაკლდა საპროცენტო სარგებელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი სალაროდან;

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

3.1.4. მსესხებლის მიერ 2017 წლის 28 აპრილს დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი სალაროდან;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

-მხარეთა-ახსნა განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ მოპასუხე ნას---------–---ის დავალიანება, მოპასუხეებთან ხა------------–---თან და რო---------------თან სოლიდარულად, შეადგენს 2250 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1------ ლარი, საპროცენტო სარგებელი - 210,62 ლარი, პირგასამტეხლო - 276 ლარი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოპასუხე ნას---------–---მა შესაგებელში, ასევე სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მას არანაირი ვალი არ გააჩნია მოსარჩელის მიმართ. ასევე განმარტა, რომ მართალია მოპასუხეებმა სესხის ხელშეკრულება გააფორმეს მოსარჩელესთან, მაგრამ დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროთ დანარჩენ მოპასუხეებს, ვინაიდან თავად იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ნას---------–---ის პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ვალდებულების არარსებობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, სამართლებრივად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 463-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეუსრულებიათ სრულად, მოპასუხეებს არ გადაუხდიათ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში სესხის ძირითადი თანხა 1768,3- ლარი. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 276 ლარს. აღნიშნული საპროცენტო სარგებლის ნაწილი გადახდილია მოპასუხის მიერ. მოპასუხეს არ გადაუხდია სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი 210.62 ლარი.

 

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხე მხარე ვალდებულია სესხის ძირითად თანხასთან ერთად მოსარჩელეს გადაუხადოს პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს სახით 276 ლარის დაკისრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე აღნიშნული თანხა არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ აღნიშნული თანხის გადახდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრას რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება. მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ამ შემთხვევაში მსესხებელი ნას---------–---ი სარჩელს არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება უნდა დაეკისროს დანარჩენ მოპასუხეებს. მოპასუხეს მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არსებითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, ასევე არ წარმოუდგენია სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით სესხის დაბრუნების ვალდებულება, მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხეებს მოსთხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის, მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხეებს მოსთხოვოს საპროცენტო სარგებლის გადახდა და ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეთანხემბული პირგასამტეხლო. ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 1------ ლარის, საპროცენტო სარგებლის 210,62 ლარის და პირგასამტეხლოს 276 ლარის გადახდა.

 

6.2. მოპასუხეებს ხა------------–---ს და რომ--------------ს ნას---------–---თან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა, რადგან მათი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები ხა------------–---ი და რო---------------ი არიან თავდები პირები, რომლებმაც მსესხებელთან ერთად წერილობით იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინათ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. მოცემულ შემთხვევაში მხარეები N L7-- სესხის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სსსკ-ის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის შესაბამისად.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლს თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ მოპასუხე ხა------------–---ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე : ქ.მარნეული, ახუნდოვის ქ. N24ა, საკადასტრო კოდი: 83.02.09.9-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა. ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხის 50 ლარის გადახდა.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-ე , 8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. მოსარჩელე შპს ,,მა-----------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხეებს ნას---------–---ს, ხა------------–---ს, რო---------------ს მოსარჩელე შპს ,,მა-----------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2250 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1------ ლარი, საპროცენტო სარგებელი 210,62 ლარი, პირგასამტეხლო -276 ლარი.

 

2. მოპასუხეებს ნას---------–---ს, ხა------------–---ს, რო---------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შპს ,,მა-----------------ი“-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100 (ასი) ლარის და სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე