გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210017001895442
N2/243-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.12.2017 წ. ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ზვიადაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - შპს ,,ე---------------''
მოსარჩელის წარმომადგენელი - მარიამ მაისურაძე
მოპასუხე - ნ-----------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დაეკისროს მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხა 2277 აშშ დოლარის გადახდა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი 683 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 26 დეკემბერს შპს ,,ევროკრედიტ +''-სა და გიორგი ევგენიძესა და და ნ-----------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულბა N128253/R.
3.1.2. 2015 წლის 26 დეკემბერს შპს ,,ევროკრედიტ +''-სა და ნ-----------ეს შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც ნ-----------ეს გადაეცა სესხის თანხა 4000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.
3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მხარის განმარტებით მოსარჩელემ გაყიდა გირავნობის საგანი ავტომანქანა გაცილებით დაბალ ფასად, ვიდრე იყო ავტომანქანის რეალური ღირებულება და რეალიზაციის შედეგად აღებული თანხა მიმართა სესხის დასაფარად. წესით მოსარჩელეს უნდა მიეღო იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე გათვალისწინებული იყო სესხის ხელშეკრულებით. ამდენად მოპასუხე მხარე არ ცნობს სარჩელს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხის ვალდებულება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 319-ე, 361-ე, 623-625-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.''
6.2.სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ''
6.3.სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.''
6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.''
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად ,,სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.''
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ,,მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.''
6.7.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.''
6.8. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით ,,ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.''
მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ შპს ,,ე---------------''მა მოახდინა გირავნობის საგნის რეალიზაცია 3790 აშშ დოლარად. ავტომობილის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები გაიქვითა შემდეგნაირად: 1723 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხა, 1960 აშშ დოლარი სესხზე დარიცხული სარგებლის თანხა და 106 აშშ დოლარი სააღსრულებო მომსახურების ხარჯი. ავტომობილის რეალიზაციიდან აღებული თანხის დიდი ნაწილი მოხმარდა სესხზე დარიცხული სარგებლის დაფარვას. ამასთანავე მოპასუხე მხარის განმარტებით ის მანქანას გაყიდიდა გაცილებით დიდ ფასად, თუმცა მოსარჩელემ არ მისცა ამის შესაძლებლობა. მოცემულ შემთხვევაში დაუსაბუთებელია სარგებლის სახთ დარიცხული 1960 აშშ დოლარის ოდენობა, როგორ მოხდა თანხების დარიცხვა. უკვე დარიცხული სარგებლის ოდენობა არის დიდი. ხელშეკრულების მხარემ, მოსარჩელემ არ გაითვალისწინა ის მძიმე მდგომარეობა, რაც შეექმნა მოპასუხეს. კერძოდ მოპასუხემ გაყიდა საცხოვრებელი სახლი, სხვადასხვა დასახელების ნივთები, ჰყავს გარდაცვლილი შვილი. შესაბამისად მაღალია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ნაწილში ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. შესაბამისად უკვე გადახდილი თანხა უნდა გადანაწილდეს ხელშეკრულების გრაფიკის მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ძირზე და პროცენტზე. ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ძირზე და პროცენტზე გადანაწილების შემთხვევაში საკმარისია 2016 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 2017 წლის ექვსი თვის განმავლობაში გადასახდელი ოდენობით 1481 აშშ დოლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.''
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ,,ე---------------''-ს სარჩელი.
1.1. მოპასუხე ნ-----------ეს დაეკისროს შპს ,,ე---------------''-ის სასარგებლოდ N128253/R გამომდინარე 1481 (ათას ოთხასოთხმოცდაერთი) აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ნ-----------ეს დაეკისროს შპს ,,ე---------------''-ს სასარგებლოდ მის მიერ ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხიდან 216 ლარიდან 100 ლარი.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ზვიადაძე