გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2018
საქმის ნომერი
190210017001884972
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/744-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 იანვარი 2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს მისო "ე-------"

წარმომადგენელი ლიკა ჯოჯუა

მოპასუხე ნ---- გ-----–---–ი

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ნ---- გ-----–---–ისათვის 1409,67 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 26 ოქტომბერს შპს „ე--------თან“ ნ---- გ-----–---–მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N46186 მართვის ავტომატური სისტემების გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 700 ლარი. სესხი გაიცა 25 დღის ვადით 2016 წლის 20 ნოემბრამდე. სესხის სარგებელი შეადგენს 66,15 ლარს. ხელშეკრულების 10.1 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ძირითადი თანხის 1.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, სესხი და სარგებელი არ გადაიხადა. 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოა 1039,5 ლარი, რაც სარჩელით შემცირებულია და მოთხოვილია 643,52 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს 1409 ლარის დაკისრებას, საიდანაც 700 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 66,15 ლარი სარგებელი, 643,52 ლარი პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა და პროცენტი. მას აქვს სხვა ვალები, ჰყავს არასრულწოლოვანი შვილის, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მისი მკურნალობისათვის სჭირდება სისტემატიურად თანხის დახარჯვა. მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი დავალიანებასთან მიმართებაში და უნდა შემცირდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 26 ოქტომბერს შპს „ემ ბ-ი ეს“-თან ნ---- გ-----–---–მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N46186 მართვის ავტომატური სისტემების გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 700 ლარი. სესხი გაიცა 25 დღის ვადით 2016 წლის 20 ნოემბრამდე. სესხის სარგებელი შეადგენს 66,15 ლარს. ხელშეკრულების 10.1 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ძირითადი თანხის 1.5%-ს ყოველ ვადაგდაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50-1000 ლარის სესხის დავალიანების შემთხვევაში ძირითადი თანხის 200%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 14-20)

- სარჩელი (ს.ფ. 2-5)

- შესაგებელი (ს.ფ. 44-47)

 

3.1.2. ნ---- გ-----–---–მა არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, სესხი და სარგებელი არ გადაიხადა. 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 27 თებერვლამდე პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოა 1039,5 ლარი, რაც სარჩელით შემცირებულია და მოთხოვილია 643,52 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს 1409 ლარის დაკისრებას, საიდანაც 700 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 66,15 ლარი სარგებელი, 643,52 ლარი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-5)

- შესაგებელი (ს.ფ. 44-47)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-, 624-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლებით

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.

 

ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს მიღებული აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 700 ლარი, ხოლო მისი დაბრუნების ვალდებულება შესრულებული არა აქვს. სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია და სესხის სარგებელი შეადგენს 66,15 ლარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელსი დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა 700 ლარი და პროცენტი 66,15 ლარი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 766,15 ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, სარგებელს, ასევე პირგასამტეხლოს, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინების სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1.5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობა შეადგენს სესხის ძირითადი თანხის 200%-ს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 700 ლარი, სარგებელი 66,15 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 643,52 ლარი. მართალია მოპასუხემ საერთოდ არ შეასრულა ვალდებულება, სრულად გადაუხდელია სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლის მიხედვით, ერთ დღეში გადასახდელი პირგასამტეხლოა 10.5 ლარი, რაც სესხის ძირითადი თანხის ოდენობის გათვალისწინებით არაგონივრულად მაღალი თანხაა. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შემცირებული პირგასამტეხლო, მაგრამ მოთხოვნილი პირგასამტეხლოც მაღალია, რადგან თითქმის სესხის თანხის ტოლი ოდენობისაა და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედებას წარმოადგენს. პირგასამტეხლო დარიცხულია 2016 წლის 21 ნოემბრიდან 2017 წლის 27 თებერვლამდე 98 დღის ვადაგადაცილების პერიოდში. მოთხოვნილი პირგასამტეხლო ამ პერიოდის მანძილზე დარიცხულია დღეში 6,56 ლარის ოდენობით, რაც ასევე მაღალი თანხაა.

 

420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს გონივრულობა ნიშნავს იმ ფარგლებს, როცა პირგასამტეხლოს თანხა მის დანიშნულებას - ვალდებულების დარღვევის პრევენციას და შესაძლო ზიანის ანაზღაურებას ამართლებს. პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლო არ უნდა იქცეს მხოლოდ მოვალის დასჯის ინსტრუმენტად და პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწყვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულება ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაშია საერთოდ შეუსრულებელია, იგი უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.25%-ით, რაც ერთ დღეში შეადგენს 1.75 ლარს. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 98 დღის ვადაგადაცილებისათვის, რაც საერთო ჯამში შეადგეს 171,5 ლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხი გაცემულია მცირე ვადით და ყოველთვიურად სარგებლის დარიცხვას არ ითვალისწინებს, რის გამოც კრედიტორისათვის შესაძლო ზიანის კომპენსირების ინტერესის დასაცავად და მოპასუხისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გონივრული საჯარიმო სანქციის დაკისრების მიზანს ამ ოდენობის პირგასამტეხლო სათანადოდ უზრუნველყოფს.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია ნ---- გ-----–---–- მოსთხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 700 ლარი, სარგებლის 66,15 ლარის და პირგასამტეხლოს 171,5 ლარის გადახდა, სულ 937,65 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხეს დაეკისრა 937,65 ლარის გადახდა, რაც არის მოსარჩელის მოთხოვნის 66%. ამ პროპორციით უნდა განისაზღვროს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 66% არის 33 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილიდან მოპასუხემ ცნო 766,15 ლარი, რაც არის დაკისრებული თანხის 77%. ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის - 33 ლარის 77% არის 23,1 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან იმ მოთხოვნაზე, რაც მოპასუხეს ცნო საქმის მომზადების ეტაპზე. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 9,9 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ე-------“-ის სარჩელი;

1.1. ნ---- გ-----–---–- დაეკისროს შპს „ე-------“-თვის “ 937,5 ლარის გადახდა;

 

2. ნ---- გ-----–---–- დაეკისროს შპს „ე-------“-თვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 9,9 ლარის გადახდა.

 

3. შპს "ე-------ს“ დაუბრუნდეს 2017 წლის 27 თებერვალს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 23,10 ლარი. თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი 300063150 (საგადასახადო დავალება N1488202623) ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი