გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2018
საქმის ნომერი
190210017002173430
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2595-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "ა------------------ა"

წარმომადგენელი თეონა კავთელაძე

მოპასუხე გ------- ყ----–-–---–ი

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

გ------- ყ----–-–---–ისათვის 1193,88 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 27 ივნისს შპს "ა------------------ასთან" გ------- ყ----–-–---–მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N244951 მართვის ავტომატური სისტემების გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 600 ლარი. სესხი გაიცა 18 დღის ვადით 2016 წლის 16 ივლისამდე. სესხის სარგებელი შეადგენს 9%-ს - 53,88 ლარს. ხელშეკრულების 7,4 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ძირითადი თანხისს და საკომისიოს 1%-ს და ერთჯერად ჯარიმას მე-3 ვადაგდაცილებულ დღეზე 10 ლარს.

 

მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ შეასრულა, სესხი და სარგებელი არ გადაიხადა. 2016 წლის 16 ივლისიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოა 540 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს 1193,88 ლარის დაკისრებას, საიდანაც 600 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 53,88 ლარი სარგებელი, 540 ლარი პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი დავალიანებასთან მიმართებაში და უნდა შემცირდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 27 ივნისს შპს "ა------------------ასთან" გ------- ყ----–-–---–მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N244951 მართვის ავტომატური სისტემების გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 600 ლარი. სესხი გაიცა 18 დღის ვადით 2016 წლის 16 ივლისამდე. სესხის სარგებელი შეადგენს 9%-ს - 53,88 ლარს. ხელშეკრულების 7,4 პუნქტით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ძირითადი თანხისს და საკომისიოს 1%-ს და ერთჯერად ჯარიმას მე-3 ვადაგდაცილებულ დღეზე 10 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შმედეგ მტკიცებულებას

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-20)

- მხარეთა განმარტებები (23.01.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.2. გ------- ყ----–-–---–მა არ შეასრულა სესხის და დარიცხული სარგებლის დაბრუნების ვალდებულება. 2016 წლის 16 ივლისიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში დარიცხული პირგასამტეხლოა 540 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს 1193,88 ლარის დაკისრებას, საიდანაც 600 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 53,88 ლარი სარგებელი, 540 ლარი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შმედეგ მტკიცებულებას

- მხარეთა განმარტებები (23.01.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-, 624-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.

 

ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს მიღებული აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 600 ლარი, ხოლო მისი დაბრუნების ვალდებულება შესრულებული არა აქვს. სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია და სესხის სარგებელი შეადგენს 53,88 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო. თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა 600 ლარი და პროცენტი 53,88 ლარი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 653,88 ლარის გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, სარგებელს, ასევე პირგასამტეხლოს, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინების სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1.5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობა შეადგენს სესხის ძირითადი თანხის 200%-ს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 600 ლარი, სარგებელი 53,88 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 540 ლარი. მართალია მოპასუხემ საერთოდ არ შეასრულა ვალდებულება, სრულად გადაუხდელია სესხის ძირითადი თანხა და სარგებელი, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლის მიხედვით, ერთ დღეში გადასახდელი პირგასამტეხლოა 9 ლარი, რაც სესხის ძირითადი თანხის ოდენობის გათვალისწინებით არაგონივრულად მაღალი თანხაა. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შემცირებული პირგასამტეხლო, მაგრამ მოთხოვნილი პირგასამტეხლოც მაღალია, რადგან თითქმის სესხის თანხის ტოლი ოდენობისაა და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედებას წარმოადგენს. პირგასამტეხლო დარიცხულია 2016 წლის 16 ივლისიდან 2017 წლის 1 ნოემბრამდე 460 დღით ვადაგადაცილების პერიოდში.

 

420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს გონივრულობა ნიშნავს იმ ფარგლებს, როცა პირგასამტეხლოს თანხა მის დანიშნულებას - ვალდებულების დარღვევის პრევენციას და შესაძლო ზიანის ანაზღაურებას ამართლებს. პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლო არ უნდა იქცეს მხოლოდ მოვალის დასჯის ინსტრუმენტად და პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულება ერთ წელზე მეტი დროის, თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში საერთოდ შეუსრულებელია, იგი უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ით, რაც ერთ დღეში შეადგენს 0,3 ლარს, რაც ვადის გადაცილების 460 დღისათვის საერთო ჯამში შეადგეს 138 ლარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხი გაცემულია მცირე ვადით და ყოველთვიურად სარგებლის დარიცხვას არ ითვალისწინებს, რის გამოც კრედიტორისათვის შესაძლო ზიანის კომპენსირების ინტერესის დასაცავად და მოპასუხისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გონივრული საჯარიმო სანქციის დაკისრების მიზანს ამ ოდენობის პირგასამტეხლო სათანადოდ უზრუნველყოფს.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია გ------- ყ----–-–---–ს მოსთხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 600 ლარი, სარგებლის 53,88 ლარის და პირგასამტეხლოს 138 ლარის გადახდა, სულ 791,88 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხეს დაეკისრა 791,88 ლარის გადახდა, რაც არის მოსარჩელის მოთხოვნის 68%. ამ პროპორციით უნდა განისაზღვროს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 68% არის 34 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილიდან მოპასუხემ ცნო 653,88 ლარი, რაც არის დაკისრებული თანხის 78%. ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის - 34 ლარის 78% არის 26,52 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან იმ მოთხოვნაზე, რაც მოპასუხეს ცნო საქმის მომზადების ეტაპზე. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 7,48 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. დავის სგანის ღირებულების 1193,88 ლარის 4% არის 47,75 ლარი, რასაც აღემატება მოსარჩელის მიერ იურიდიული დამხარებისათვსი გაწეული ხარჯი 100 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს ეს ხარჯი უნდა აუნაზღაურდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში 40 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ა------------------ას“ სარჩელი;

 

1.1. გ------- ყ----–-–---–ს დაეკისროს შპს „ა------------------ასათვის“ 791,88 ლარის გადახდა;

 

2. შპს „ა------------------ას“ დაუბრუნდეს 2017 წლის 30 ოქტომბერს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 26,52 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი 300063150 (საგადასახადო დავალება N1509367817) ;

 

3. გ------- ყ----–-–---–ს დაეკისროს შპს „ა------------------ასათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 7,48 ლარის გადახდა, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად 40 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი