გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.02.2018
საქმის ნომერი
190210017002041679
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
02.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1698-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.01.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი თამაზ ახობაძე

მოპასუხე შპს ,,ერ.ჯი.გრუპი”

წარმომადგენელი დირექტორი მ------ ლ-----ე

დავის საგანი ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს “ერ.ჯი.გრუპისათვის” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასარგებლოდ 1233.47 ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ”ენერგია XXI-ს” გაკოტრების მმართველს შორის გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 12 პრიმა პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გადმოეცა სს ”ენერგია XXI-ის” დებიტორული დავალიანებები, მათ შორის შპს ,,ერ.ჯი. გრუპის” მიმართ 1233.47 ლარის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია “საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” მიმართ შპს ,, ერ ჯი გრუპ-ის” მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო, რაც დასტურდება აბონენტის ბარათით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები: სარჩელი ხანდაზმულია, რადგან დავა ეხება 2007 წლამდე დახარჯულ ელექტროენერგიას, რომლის შესახებ სარჩელი აღძრულია 2017 წელს. გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის როგორც 3 წლიანი, ისე საერთო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს წერილობით მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ”ენერგია XXI-ს” გაკოტრების მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით სს ”ენერგია XXI-"გან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა შპს ,,ერ. ჯი. გრუპის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების 1233.47 ლარის მოთხოვნის უფლება.

 

2010 წლის 11 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სს ”ენერგია XXI-ს” გაკოტრების მმართველს დავით ბიბიჩაძეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 121-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც კრედიტორს ნატურით საკუთრებაში გადაეცა აუქციონზე გაუყიდავი სამეურვეო ქონება და დებიტორული დავალიანებები. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 11 მარტს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სს ”ენერგია XXI”-ემ გადასცა კომერციული სუბიექტებიდან ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება 207 382 136 ლარის მოცულობით, რომელიც დასტურდება აუდიტორულ-საკონსულტაციო ფირმა როგავას მიერ 2009 წლის 14 დეკემბერს გაცემული სს ”ენერგია XXI”-ს დებიტორული მოთხოვნების შეფასების აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნებით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს მიღებული აქვს შპს ,,ერ. ჯი. გრუპის” მიმართ დავალიანების 1233.47 ლარის მოთხოვნის უფლება.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბონენტის ბარათის თანახმად, შპს ,,ერ. ჯი. გრუპისათვის” (საბონენტო ნომერი №4910493900) მოთხოვნილი თანხა არის 2005-2007 წლებში მიწოდებული ელექტროენერგიის დავალიანება, რომელსაც მოიხმარდა ქ. რუსთავში, მეგობრობის გამზირი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ხელშეკრულება (ს.ფ. 33-35. ტომი 1)

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 17-18. ტომი 1)

 

3.2.2. მოსარჩელის მოთხოვნა შპს ,,ერ. ჯი. გრუპისათვის” 1233.47 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე, ხანდაზმულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

განსახილველ სარჩელში დავის საგანია მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

შპს ,,ერ. ჯი. გრუპი” წარმოადგენდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” აბონენტს. სააბონენტო ბარათის თანახმად, სადაო დავალიანება წარმოშობილია 2005 წლის 07 ნოემბრიდან 2007 წლის 29 ივნისამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდების შედეგად.

 

2007 წლის 30 მაისამდე სს ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” აბონენტების მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი განისაზღვრებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებული სს ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე აბონენტების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის” მიხედვით, ხოლო 2007 წლის 30 მაისის შემდგომ პერიოდზე ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა ხორციელდებოდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის” მიხედვით.

 

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 იანვრის №1 დადგენილების მე-9 მუხლის თანახმად, მომხმარებელმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს 10 სამუშაო დღეზე ნაკლები ქვითრის მიღებიდან. აღნიშნული წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეთანხმების შემთხვევაში მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის და ამოღებული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კომპანიას და საერთო მრიცხველის მქონე უმრიცხველო მომხმარებლებს ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის თვეში ერთხელ უნდა მოხდეს შედარების აქტის გაფორმება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შედარების აქტში შეტანილი მონაცემების საფუძველზე კომპანია შეადგენს და მომხმარებელს წარუდგენს ქვითარს. მსგავს რეგულაციას შეიცავს ასევე საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესი”.

 

ამდენად, აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის და დარიცხული საფასურის მითითებით. მომხმარებლები ვალდებული იყვნენ ქვითრის მიღებიდან 10 დღეში გადაეხადათ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, კერძოდ, წინა თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაეხადა მომდევნო თვეში. შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ ელექტროენერგიის მიმწოდებელს წარმოეშობოდა ელექტროენერგიის საფასურის მოთხოვნის უფლება.

 

მოსარჩელე ითხოვს 2007 წლის 29 ივნისის ჩათვლით მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებას. ამდენად, მომდევნო თვიდან 2007 წლის ივლისიდან სს ”საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიას” წარმოეშვა სარჩელით ამ თანხის მოთხოვნის უფლება, რადგან ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება ხდება მისი მოხმარების მომდევნო თვეში. შესაბამისად, სადაო თანხის სარჩელით მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დასრულდა 2010 წლის ივლისში.

 

სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით, სს ”გუმათჰესის”, სს ”ლაჯანურჰესის”, სს ”ძევრულჰესის”, სს ”შაორჰესის”, შპს ”აწჰესის”, სს ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” და შპს ”აჭარის ენერგოკომპანიის” შერწყმის შედეგად შეიქმა სს “ენერგია XXI”. შესაბამისად, საზოგადოებათა შერწყმის შედეგად სს “ენერგია XXI” გახდა სს ”საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” უფლებამონაცვლე და მას გადაეცა ამ თანხის მოთხოვნის უფლება, რაც სარჩელის აღძვრით არ განუხორციელებია.

 

განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 08 აგვისტოს. ამდენად, მოსარჩელის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდევინების თაობაზე სარჩელი აღძრულია კანონით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- აბონენტის ბარათი (ს.ფ. 19-21. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 3-4. ტომი 1)

- საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანების ასლი (ს.ფ. 31-32. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე, 198-ე, 199-ე, 129-ე, 130-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 144-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამ შემთხვევაში სადაოა მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურება, რაც თავის არსით არის ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნა. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ ურთიერთობაში ელექტროენერგიის მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ელექტროენერგია, ხოლო აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური.

 

მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ მოთხოვნის უფლება გადაეცა 2010 წლის 16 მარტს დადებული ხელშეკრულებით, რომელიც თავისი არსით არის მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, 1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. 2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

აღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე პირის საკუთრებაში გადადის მოთხოვნა ან უფლება ისეთივე მდგომარეობაში, როგორშიც ძველი მფლობელის ხელში იყო. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მოთხოვნის დათმობით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა ან ხელახლა დაწყება არ ხდება, რადგან ახალი მფლობელის ხელში მოთხოვნა გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორც ჰქონდა ძველ მფლობელს. მოთხოვნის ახალი მფლობელი აგრძელებს მიღებული მოთხოვნის შესახებ უკვე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას, მოთხოვნის დათმობა იწვევს მხოლოდ სამართალურთიერთობის სუბიექტის ცვლილებას.

 

მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა აითვლება უფლების დარღვევის დროიდან ან იმ დროიდან, როცა დაინტერესებული პირისათვის ობიექტურად შესაძლებელი იყოს უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება. სადაო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოიშვა 2007 წლის ივლისიდან. სარჩელი აღძრულია 2017 წლის 08 აგვისტოს, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო 2010 წლის 11 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის ათვლის საწყისად მიიჩნევს, სარჩელი ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელისათვის მოპასუხის შეუსრულებელი ვალდებულების შესახებ ცნობილი გახდა შეთანხმების დადებისთანავე - 2010 წლის 11 მარტს, რომლის მომდევნო სამი წლის განმავლობაში - 2013 წლის 11 მარტამდე მას სარჩელით უნდა მოეთხოვა ამ დავალიანების დაკისრება. განსახილველი სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია ამ ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოსარჩელე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამო ვერც მოპასუხეს დაეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის გადახდა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ამ საქმეზე სასამართლო ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სარჩელი შპს "ე-------------ისათვის" მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაკისრების შესახებ ;

 

2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს მცხეთის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი