გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2018
საქმის ნომერი
200210016001490917
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
24.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/562-16

№200210016001490917

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 2018 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - სს ,,ლ-------ი ბ----” წარმომადგენელი - გ------ი კ--–-----ე მოპასუხეები: ს---–---- ც-----–---–ი, თ------ ქ--------–---–ი, ც-–---- ა-–-------ი წარმომადგენელი - ზ------ ა-–-------ი დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ს---–---- ც-----–---–ს, თ------ ქ--------–---–ს და ც-–---- ა-–-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხზე 8123.16 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა -4186,59 ლარი, პროცენტი -2486,57, ჯარიმის ნაწილი -1450 ლარი).

1.2. მოპასუხეებს ს---–---- ც-----–---–ს, თ------ ქ--------–---–ს და ც-–---- ა-–-------ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ ბ----ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 259.00 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №151378 გაცემული იქნა სესხი 8000 ლარის ოდენობით; ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი 30% ოდენობით, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო 0,5 %-ის ოდენობით, ხელშეკრულება გაფორმდა 24 თვის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2013 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება, დანართი N1 (ს.ფ. 19-21)

 

3.1.2. 2013 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება №125828, სს ”ლ-------ი ბანკსა” და თ------ ქ--------–---–ს შორის, თავდებობის ხელშეკრულება №125829 სს ”ლ-------ი ბანკსა” და ლ------ კ----–--–---–ს შორის, ხელშეკრულება №125827 სს ”ლ-------ი ბანკსა” და ც-–---- ა-–-------ს შორის, რომლის საფუძველზეც ,მათ იკისრეს სოლიდარული თავდებობა, ძირითადი მოვალის მიერ თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში. ხელშეკრულებით განისაზღვრა მათი პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 8240 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2013 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულება, დანართი N2 (ს.ფ. 26-28)

 

3.1.3. მხარე ინფორმირებული იყო არსებული დავალიანების ოდენობისა და თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- გაფრთხილების წერილი, ფოსტის დასტური (ს.ფ. 29-32, ს.ფ.33-36)

 

3.1.4. მსესხებელმა სს ,,ლ-------ი ბ----ს“ მიერ გაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა და იმყოფება ვადაგადაცილებაში, სესხზე 2014 წლის 29 აგვისტოდან, რის შემდგომაც ერიცხება პირგასამტეხლო დადგენილი წესით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ამონაწერი მსესხებლის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 39-40)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეების დავალიანება სესხზე №151378 შეადგენს: ძირი თანხას -4186.59 ლარს, პროცენტს-2486.57 ლარს, ჯარიმას- 1450 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობები დავალიანების შესახებ (ს.ფ. 41)

-დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა(ს.ფ.144)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ლ-------ი ბ----ს'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 873-ე, 868-ე, 361-ე, 417-ე 418-ე და 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,ლ-------ი ბანკსა'' და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბ----'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 18 მარტს სს ,,თიბისი ბანკთან'' დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, თ------ ქ--------–---–ი და ც-–---- ა-–-------ა წარმოადგენენ თავდებ პირებს და მათ ს---–---- ც-----–---–თან ერთად, ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბ----ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------ი ბ----'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 4186.59 ლარის გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს -2486.57 ლარს.

 

სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოდასახელებული მუხლების საფუძველზე სს „ლ-------ი ბ----ს” სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ,,ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1450 ლარის ნაცვალად 145 ლარის გადახდა.

 

პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოვალისათვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სს ,,ლ-------ი ბ----ს“ სარჩელი მოპასუხეების ს---–---- ც-----–---–ის, თ------ ქ--------–---–ის, ც-–---- ა-–-------ის მიმართ.

1.1. მოპასუხეებს ს---–---- ც-----–---–ს, თ------ ქ--------–---–ს, ც-–---- ა-–-------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბ----ს “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 6683,13 ლარის გადახდა, (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4186,59 ლარი, პროცენტი -2486,57, და შემცირებული ჯარიმა -145ლარი).

2.1.მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბანკს“ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 125,60 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა ჩაეთვალოს სახელწიფო ბაჟში გადახდილად.

2.2. მოპასუხეებს ს---–---- ც-----–---–ს, თ------ ქ--------–---–ს, ც-–---- ა-–-------ს მოსარჩელე სს ,,ლ-------ი ბ----ს “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახ. ბაჟის 133,40 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის ასანაზღაურებლად.

3.გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე