გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210017002198701
საქმე №2/932-17წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22.01.2018 წ. ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე: - შპს ,,ქრ---------------------ა’’;
მოსარჩელის წარმომადგენელი: - გა-–--ა თა---------–--ე;
მოპასუხე: - აკ--ი ქუ-------–--ე;
დავის საგანი: - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე - აკ--ი ქუ-------–--ეს შპს ,,ახალი ფინანსური ჯგუფის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2000 ლარი გადახდა (ძირი თანხა - 699.41 ლარი, პროცენტი - 0 ლარი, ჯარიმა - 1300.59 ლარი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 22 აგვისტოს შპს ,,ქრ---------------------ასა’’ და აკ--ი ქუ-------–--ეს შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელის სახელზე გაიცა თანხა 700 ლარის ოდენობით, 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაფარვის (21.09.2016წ.) თარიღის შემდგომი დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ძირისა და საკომისიოს 2 %., ასევე დაერიცხა ერთჯერადი ჯარიმა 276 ლარი 30-ე ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინტერნეტ ონლაინ სესხის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 14-25);
- მსესხებლის მიერ შევსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა (აპლიკაცია) (იხ. ს/ფ 26-28);
- საგადახდო დავალება (იხ. ს/ფ 29);
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს/ფ 30);
- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს/ფ 31-36);
- მინდობილობა, რწმუნებულება (იხ. ს/ფ 37-38);
3.2.2. მოპასუხე - აკ--ი ქუ-------–--ემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ. ს/ფ 1-13);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.3. 2017 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით აკ--ი ქუ-------–--ეს შპს ,,ქრ---------------------ას’’ მიმართ ეკისრება დავალიანება 2795.20 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 699.41 ლარი, პირგასამტეხლო - 2095.79 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს/ფ 30);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 867-ე, 623-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე, 412-ე, 872-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს სესხის ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე აკ--ი ქუ-------–--ეზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცხული პროცენტით არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა 699.41 ლარი და ჯარიმა (პირგასამტეხლო) – 1300.59 ლარი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში კანონმა სასამართლოს მიანიჭა უფლება კონკრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ჯარიმა (პირგასამტეხლო) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც სასარჩელო მოთხოვნის თანახმად შეადგენს 1300.59 ლარს წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია აკ--ი ქუ-------–--ის მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო და თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 2016 წლის 22 აგვისტოს ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 65.02 ლარის ოდენობით გადახდა.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, ელექტრონული (ონლაინ) ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს ,,ქრიმ ფინანს ჯეორჯიას’’ სასარგებლოდ აკ--ი ქუტათელაძეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანება.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. წინამდებარე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეს - აკ--ი ქუ-------–--ეს შპს ,,ქრ---------------------ას’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 22.93 ლარის გადახდა, ხოლო შპს ,,ქრ---------------------ას’’ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 27.07 (ოცდათხუთმეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი უნდა დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
რაც შეეხება სასამართლო გარეშე ხარჯებს, მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება (სალაროს შემოსავლის ორდერი 100 ლარზე) იურიდიული მომსახურებისათვის გაწეულ ხარჯის თაობაზე და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე მათ მიერ გაწეული ხარჯის, კერძოდ კი ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურება. გამომდინარე აღნიშნულიდან მოპასუხე აკ--ი ქუ-------–--ეს უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯის - 50 ლარის გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე 257-258-ე, 2591-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გადაწყვიტა:
1. შპს ,,ქრ---------------------ას’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე - აკ--ი ქუ-------–--ეს შპს ,,ქრ---------------------ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 22 აგვისტოს №AEDAMENI ელექტრონული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის - 764 (შვიდას სამოცდაოთხი) ლარი და 43 (ორმოცდასამი) თეთრის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 699 ლარი (ექვსასოთხმოცდაცხრამეტი) ლარი და 41 (ორმოცდაერთი) თეთრი, ჯარიმა - -65 (სამოცდახუთი) ლარი 02 (ორი) თეთრი;
3. მოპასუხე - აკ--ი ქუ-------–--ეს შპს ,,ქრ---------------------ას’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების - სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 22 (ოცდაორი) ლარის და 93 (ოთხმოცდაცამეტი) თეთრის გადახდა, იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4. მოსარჩელეს - შპს ,,ქრ---------------------ას’’ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 27 (ოცდაშვიდი) ლარი და 07 (შვიდი) თეთრი დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ.№32), გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. ქ.№14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე