განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2018
საქმის ნომერი
190100117002007487
თარიღი
06.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/313-17

(N012160617002)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 თებერვალი, 2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი ანა ადეიშვილი,დაცვის მხარე: ადვოკატი როსტომ კერესელიძე,ბრალდებული: ს-------------------ი

მამის სახელი: გ-------ი

დაბადებული: 24.04.1--- წ.

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. რუსთავი, რ-----–-–---–-----------------------------ში;

 

თარჯიმანი: ეკატერინე ჩუბინიძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 259-მუხლის პირველი ნაწილი - ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. რუსთავში, ბ-------–---–---------ის ეზოში ს-------------------მა ამავე ეზოს ძაღლს ”მურას”, ხის ჯოხით, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი, მიაყენა ერთი სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდის და მუცლის ღრუში, რასაც მოჰყვა ძაღლის დაღუპვა.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. ბრალდებულმა ს-------------------მა სასამართლო სხდომაზე თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ძაღლი იყო აგრესიული. შემთხვევამდე დაახლოებით ერთი თვის ჩამოჰგლიჯა შარვალი და ქამარი. შემთხვევის დღესაც კვლავ აგრესია გამოხატა მის მიმართ, მისი აგრესიისგან თავის დაღწევის მიზნით, აიღო იქვე დაგდებული ჯოხი აიღო და შეარჭო მოგერიების მიზნით. მოგვიანებით გაიგო ძაღლის დაღუპვა.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს----------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 16 ივნისს, დღის პირველ ნახევარში, იმყოფებოდა ეზოში. მისგან 7-8 მეტრის მოშორებით მდებარე ონკანთან დაინახა, რომ მისმა მეზობელმა ს-------------------მა ძაღლს, რომელიც სავარაუდოდ სვამდა წყალს, დაარტყა ხის ჯოხი, რომელსაც წვეტიანი რკინა ჰქონდა. კითხვაზე ს-------------------მა უპასუხა, რომ ეხლა არ უკბენია, მაგრამ ადრე ძაღლს მისთვის კბენა უნდოდა და შარვალი გაუხია. მოგვიანებით დაინახა, რომ ძაღლი ეგდო მიწაზე. მუცელში ჰქონდა ნაჩხვლეტი. მისივე განმარტებით, როგორც შემთვევის დროს, ასევე სხვა დროსაც ძაღლი არ იყო აგრესიული.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----–-----------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 16 ივნისს, მისი კორპუსის ბინის ფანჯრიდან ესაუბრებოდა ეზოში მყოფ ს----------------–---–ს, რა დროსაც გაიარა ს-------------------მა, რომელსაც ეჭირა გრძელტარიანი, წვეტიანი რკინის ჯოხი. იგი მიუახლოვდა მათ გაზრდილ ეზოს ძაღლს, რომელიც უცებ დაეცა, რის შემდეგაც ი გაეკიდა ს--------ს. ს----------------–---–ისგან გაიგო, რომ ს-------------------მა ძაღლს ჯოხი გაუყარა. მისივე განმარტებით, ძაღლი ცხოვრობდა კორპუსის სადარბაზოში აცრილი იყო ცოფზე, არ იყო აგრესიული და უცხოებს არ ერჩოდა. მან გამოძიებისას ამოიცნო წვეტიანი ჯოხი, რომელი ს-------------------ს ეკავა ხელში ძაღლის დარტყმამდე.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის 16 ივნისს, 12:00 საათზე შემოესმა ხმაური, რის გამოც ჩავიდა ეზოში, რა დროსაც დაინახა ეზოში გაზრდილი ძაღლი მურა, რომელსაც მარცხენა მხარეს სიგრძეზე კანი ჰქონდა გაჭრილი. ნ-----–-----------–---–ისგან გაიგო, რომ ძაღლი ონკანიდან სვამდა წყალს და ს--------მა გაუყარა წვეტიანი ჯოხი. მისივე განმარტებით, ს-------------------თან არასდროს ჰქონია კონფლიქტი. ძაღლი გაზარდეს ეზოში. იგი არ იყო აგრესიული და არ ერჩოდა ადამიანებს. შემთხვევამდე 2 თვით ადრე ჩაუტარეს აცრები.

 

2.5. 2017 წლის 10 ივლისს, შპს ,,ვეტერინარული მომსახურების ცენტრის” ვეტერინარი ექიმის ლ--–----–-–------ის მონაწილეობით შედგენილი CD დისკის დათვალიერების ოქმით (ს.ფ.64-65, ტომი 1-ლი) დადასტურებულია, რომ დისკზე არის ორი ცალი სურათის ფაილი: №1 ფაილის გახსნისას ჩანს რენდგენის სურათი, ექიმის განმარტებით მისი პაციენტის - მურას რენდგენის სურათი, სადაც ასახულია ძაღლის ხერხემალი, ნეკნები, გულმკერდისა და მუხლის ღრუ ნაწილობრივ, სურათს მარცხენა ზედა მხარეს ინგლისური ასოებით აწერია IM 1, რომელიც ექიმის განმარტებით არის აპარატის ნომერი, სურათის შუა ნაწილში არის R ასო აღნიშნავს მარჯვენა პროექციას (მარჯვენა გვერდს), სურათის მარჯვენა ზედა მხარეს არის მითითებული დრო 14:37:09 და მარჯვენა ქვედა ნაწილში 100 MM. რაც ნიშნავს ფორმატს. №2 ფაილის გახსნისას ჩანს რენდგენი სურათი, ექიმის განმარტებით მისი პაციენტის - მურას რენდგენის სურათი, რომელიც არის წინა სურათის იდენტური, სურათს მარცხენა ზედა მხარეს ინგლისური ასოებით აწერია IM 2, სურათის ზედა ნაწილში არის R ასო, სურათის მარჯვენა ზედა მხარეს არის მითითებული დრო 14:37:09 და მარჯვენა ქვედა ნაწილში 100 MM. დათვალიერების შემდეგ CD დისკი დაილუქა შესაბამისი წესით პაკეტში №2, პაკეტზე გაკეთდა ხელმოწერები, დაისვა თარიღი და დაერთო სს საქმეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შპს ,,ვეტერინარული მომსახურების ცენტრის” ვეტერინარმა ექიმმა ლ--–----–-–------მა დაადასტურა აღნიშნული ოქმის სისწორე. მისი განმარტებით, გამოკვლეულ იქნა საქმეზე დართული ნივთმტკიცება - CD დისკი, 2017 წლის 16 ივნისს, კლინიკაში მიიყვანეს ძაღლი, პირველადი დათვალიერებით ძლიერ ანემიური, კრიტიკული მდგომარეობით, დაახლოებით 3-4 წლის ასაკის, ხვადი, რომელსაც ვიზუალურად ეტყობოდა ჭრილობა მუცლის არეში. ცხოველი შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად გადააგზავნეს ქ. თბილისში. გადაღებული რენტგენის სურათის მიხედვით, წინა გულმკერდის მხარეს აღინიშნება შემავალი ჭრილობა, ჩაღვრილია სისხლი, დაზიანებულია ღვიძლი და პლევრა, ჭრილობა სიცოცხლისათვის შეუთავსებელია, სისხლდენა მასშტაბური.

 

2.6. 2017 წლის 16 ივნისს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით (ს.ფ.3-13, ტომი 1-ლი) დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. რუსთავში, ბ-------–---–--------------------- საცხოვრებელი კორპუსის ეზოში. შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ღია ტერიტორიას, საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ დაახლოებით სამი მეტრის დაშორებით მდებარეობს აგურებისგან აშენებული მცირე ზომის ავზი, რომლის ზედა მხარეს ჩამონტაჟებულია პლასტმასის მილით დამზადებული ონკანი, რომლის საშუალებითაც მოედინება წყალი. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილზე გადაღებული იქნა ფოტოსურათები. საქმისათვის მნიშვნელობანი საგანი, ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული არ იქნა.

 

2.7. 2017 წლის 16 ივნისის, ქ. რუსთავში, მესხიშვილის №9-ში მდებარე ვეტერინალურ კლინიკაში ჩატარებული დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით (ს.ფ.22-32, ტომი 1-ლი) დადასტურებულია, რომ ძაღლს მარცხენა მხარეს მუცლის არეში აღენიშნებოდა ნაჩხვლეტი და ამავე ადგილზე მოწითალო ფერის ლაქები. ძაღლი იყო დაღუპული.

 

2.8. შპს ,,ვეტერინარული მომსახურების ცენტრის” 2017 წლის 16 ივნისის დასკვნის (ს.ფ.60, ტომი 1-ლი) თანახმად: 16.06.2017 წელს კლინიკაში შეყვანილი იქნა ძაღლი სახელად მურა. პირველადი დათვალიერებით ძაღლს აღენიშნებოდა გულმკერდის ღრუში შემავალი მჩხვლეტავი ჭრილობა, სუნთქვა იყო გაძნელებული და ლორწოვანი გარსები ანემიური, სხეულის ტემპერატურა 36,8, გულის ცემა არითმიული.

 

2.9. შპს ,,ახალი ვეტერინარული კლინიკის” 2017 წლის 16 ივნისის დასკვნის (ტ.1.ს.ფ.60) თანახმად: 16.06.2017 წელს კლინიკაში შეყვანილი იქნა ძაღლი, ქართული ნაგაზი, შოკურ მდგომარეობაში, მარცხენამხრივი შემავალი ნაჩხვლეტი ჭრილობით, ანემიით სუნთქვის გაძნელებით. გადაღებული რენტგენით და ჩატარებული ულტრაბგერითი კვლევის თანახმად: მუცლის ღრუში ისახებოდა თავისუფალი სითხე მცირე რაოდენობით, ღვიძლის მარცხენა წილის პარენქიმაში ისახებოდა სამკუთხა ფორმის სითხოვანი ჩანართი. პლევრაში ისახებოდა ზომიერი რაოდენობით თავისუფალი სითხე.

 

2.10. 2017 წლის 16 ივნისს შედგენილი ამოღების ოქმით (ს.ფ. 42-46, ტომი 1-ლი) დადასტურებულია, რომ ამოღება ჩატარდა ქ. რუსთავში, რუსთაველის ქ. №27ა-ში მდებარე რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ს-------------------თან, დეტექტივ-გამომძიებლის დიმიტრი დუღაშვილის მიერ. ს-------------------ისგან ამოღებული იქნა ხის ჯოხი, მასზე დამაგრებული წაწვეტებული პირის მქონე ლითონის დეტალით.

 

2.11. 2017 წლის 10 ივლისს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით (ს.ფ. 95-96, ტომი 1-ლი) დადასტურებულია, რომ ამოცნობა ჩატარდა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში. ამოცნობის დაწყების წინ ამომცნობმა პირმა ნ-----–-----------–---–მა საგანი ამოიცნო შემდეგი ნიშნით: ხის ტარის ფერით, ფორმით, მუქი ფერის წაწვეტებული დეტალით და სიგრძით და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ნივთი ეკავა ხელში ს-------------------ს, აღნიშნული ჯოხით ხელში გაიქცა ს-------------------ი და მას გაეკიდა ს----------------–---–ი. აღნიშნული ჯოხი ჩაარტყა ძაღლ "მურას" ს-------------------მა.

 

გამოძიებისას მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს ასევე გამომძიებლებმა ლაშა მინდორაშვილმა, ზურაბ ბლიაძემ, დიმიტრი დუღაშვილმა, სოფიო ცხოვრებაძემ, გვანცა გოგავამ ასევე დაიკითხა ექსპერტ-კრიმინალისტი დავით გოცაძე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული თითოეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების გარემოებები; გამოკვლეული იქნა ასევე საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი ზნეობა. მსგავსი ქმედების კრიმინალიზაცია მიზნად ისახავს ცხოველებისადმი მოპყრობის ზნეობრივი ნორმების დაცვის უზრუნველყოფას. ცხოველების უფლებების დაცვა ადამიანის მორალურ-ეთიკური კულტურიდან გამომდინარეობს. თანამედროვე საზოგადოება ვალდებულია დაიცვას ცხოველთა უფლებები და უარი თქვას მათ მიმართ სასტიკ მოპყრობაზე.

 

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ასევე რეგულირებულია ეროვნული კანონმდებლობით. საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისათვის, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ანუ პირის ქმედება იმ შემთხვევაში შეიძლება დაკვალიფიცირდეს მითითებული მუხლით, თუკი მის მოქმედებას მოჰყვა ცხოველის დაღუპვა. სასტიკ მოქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ცემა, ჭრილობების მიყენება, საჭმლისა და წყლის გარეშე დატოვება, ან იმგვარად გამოყენება, რომელიც დასახიჩრებას ან დაღუპვას იწვევს.

 

დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული შერაცხადი პირი.

 

სუბიექტური მხრივ დანაშაული განზრახია (ორივე ფორმით). ქმედების მოტივს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ის მხედველობაშია მისაღები სასჯელის ინდივიდუალიზაციისას.

 

ობიექტური მხრივ ქმედება გამოხატული უნდა იყოს მოქმედებაში, შედეგში და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.

 

დანაშაულის საგანია, როგორც შინაური, ისე გარეული ცხოველები, იმისგან დამოუკიდებლად თუ, ვის საკუთრებაში იმყოფებიან.

 

სამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

4. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომ შემთხვევის დროს ძაღლის აგრესიის გამო ბრალდებული იმყოფებოდა უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ს----------------–---–ის, ნ-----–-----------–---–ის და ნინო ასპანიძის ჩვენებით, რომლის უტყუარობის ეჭვის საფუძველი სასამართლოს არ აქვს, ცალსახად დადასტურებულია, რომ ძაღლი არ იყო აგრესიული და შემთხვევის დროს, არანაირი აგრესია არ გამოუვლენია ს-------------------ის მიმართ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ს-------------------ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედებების მართლწინააღმდეგობა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რაც სურდა, ითვალისწინებდა და შეგნებულად უშვებდა; ხის ჯოხით, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი, მიაყენა ერთი სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობა გულმკერდის და მუცლის ღრუში, რასაც მოჰყვა ძაღლის დაღუპვა.

 

5. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ს-------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ს-------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-------------------ს, საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. სასამართლო ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპების და პრევენციის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რომ მისი წარსული არაფრით არ არის შებღალული, ხასიათდება დადებითად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს-------------------ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ჯარიმა ისეთი ოდენობით, რაც იქნება ჩადენილი ქმედების ადეკვატური და ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.

 

აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ს-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო (გადაუხდელია) უნდა გაუქმდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, სს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- ამოღებული ლითონის დეტალიანი ჯოხი (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში) უნდა განადგურდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- საქმეზე დართული CD დისკი შენახული უნდა იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს-------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. ს-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს (გადაუხდელია).

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად:

- საქმეზე ამოღებული ლითონის დეტალიანი ჯოხი განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში).

 

- საქმეზე დართული CD დისკი შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი