განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117002039024
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/500-17 31 იანვარი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ი-–------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ლა---------------------–---------------------------–-------–-–----------------------------–----------–---------------------------------------–-------------------------------------–--------------–-------------------------–--–--------------------------–---------–----
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილი
ქმედების შემადგენლობა: ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს
2.2. ადვოკატი გ---–--–--–--
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1996 წლიდან მ---------------- ფლობს და სარგებლობს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფ-----–--–- მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, რომელსაც ამუშავებს ყოველწლიურად და მოჰყავს მოსავალი. 2017 წლის 2--------–- მ----------------მ გადაწყვიტა, დაემუშავებინა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფ-----–--–- მდებარე, მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რაშიც მას დახმარება შესთავაზა მეზობლად მცხოვრებმა ბ------------------მ
2017 წლის 2--------–-, დაახლოებით 18:00 საათზე, ბ------------------, მის სარგებლობაში არსებული ტრაქტორით შევიდა მ----------------ს მიწის ნაკვეთზე და დაიწყო მიწის დამუშავება. აღნიშნული შენიშნა მეზობლად მცხოვრებმა ლ------------------მ, რომელიც სისტემატურად აიძულებდა მ----------------ს, თავი შეეკავებინა მიწის დამუშავებისაგან და არ ესარგებლა მიწით. ნანახით გაბრაზებულმა და განაწყენებულმა ლ------------------მ, იმის გამო, რომ მ----------------მ არ შეასრულა მისი სისტემატური უკანონო მოთხოვნა, კვლავ მოსთხოვა ამ უკანასკნელს, შეეწყვიტა მიწის დამუშავება. ლ------------------მ, მას შემდეგ, რაც მიიღო უარი, თავისი მიზნის შესასრულებლად, მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად შესულ ბ------------------ს არ მისცა მიწის დამუშავების საშუალება და დაუზიანა ტრაქტორის მინა, რითაც მ----------------ს შეეზღუდა მიწის დამუშავების თავისუფლება, რისი განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
მ---------------- ცხოვრობს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფ-----–--–- მდებარე სკოლის პედაგოგთა ყოფილ სახლში, სადაც მისი დედამთილი ოჯახის წევრებთან ერთად ფაქტობრივად განთავსდა საცხოვრებლად ამ უკანასკნელის საცხოვრებელი კარ-მიდამოს დამეწყრვის შემდეგ 90-იანი წლების მეორე ნახევარში, თუმცა განთავსების სამართლებრივი საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია. ბოლო წლებში მ---------------- ფაქტიურად ამუშავებს სახლის მიმდებარედ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ფ-----–--ის სკოლის უვადო შეზღუდულ სარგებლობაში მყოფ მიწის ნაკვეთს რაიმე სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე. 2017 წლის 2--------–- მ----------------მ გადაწყვიტა, დაემუშავებინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რაშიც მას დახმარება შესთავაზა მეზობლად მცხოვრებმა ბ------------------მ. 2017 წლის 2--------–-, დაახლოებით 18:00 საათზე, ბ------------------ ტრაქტორით შევიდა მიწის ნაკვეთზე და დაიწყო მიწის დამუშავება. აღნიშნული შენიშნა მეზობლად მცხოვრებმა ლ------------------მ, რომელიც სისტემატურად თხოვდა მ----------------ს, თავი შეეკავებინა მიწის დამუშავებისაგან და არ ესარგებლა მიწით, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი სადავო იყო და მას გააჩნდა ამ ნაკვეთზე პრეტენზია. გაბრაზებულმა და განაწყენებულმა ლ------------------მ მ----------------ს კვლავ მოსთხოვა, შეეწყვიტა მიწის დამუშავება. ლ------------------მ, მას შემდეგ, რაც მიიღო უარი, თავისი მიზნის შესასრულებლად, მიწის ნაკვეთის დასამუშავებლად შესულ ბ------------------ს არ მისცა მიწის დამუშავების საშუალება და დაუზიანა ტრაქტორის მინა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ შეასრულოს მოქმედება
სსკ-ის 150-ე მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული თავისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
ობიექტურ მხრივ დანაშაული მოქმედებაში გამოიხატება, კერძოდ პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება.
ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულს უთხრა, წელს არ დაემუშავებინა მიწა, რადგან აპირებდა ამ მიწაზე განცხადების შეტანას და უნდოდა, დალოდებოდნენ შედეგს, მაგრამ დაზარალებულმა მოიყვანა ტრაქტორი და დაიწყო მიწის დამუშავება. მიუხედავად მის მიერ ხელის შეშლისა, დაზარალებულმა მაინც დაამუშავა მიწა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ხელშეწყობით. ბ------------------ს რამდენჯერმე უთხრა, არ შესულიყო ნაკვეთზე, გააფრთხილა, რომ სადავო იყო. დაზარალებულის ნათესავებმა უთხრეს ბ------------------ს, რომ დაემუშავებინა მიწა. მათ გაანერვიულეს, ისინი აგინებდნენ და არ ახსოვს, როგორ შეუშალა ხელი. გაღიზიანებული და გაბრაზებული იყო და რა ისროლა, არ იცის. არ იცის ტრაქტორის მინა რომ დაზიანდა. ალბათ ესროლა ქვა და მოხვდა, მაგრამ ზუსტად არ იცის. ითხოვდა, დაეცადათ 1 წელი მაინც, გაარკვევდნენ ვის ეკუთვნის ნაკვეთი.
მოწმე ბ------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 17-18 საათი იქნებოდა, ტრაქტორზე მუშაობდა, დაუძახა მ----------------მ მიწის მოსახნავად. ბრალდებულმა უთხრა, არ მოეხნა მიწა, რის შემდეგაც ბრალდებულმა, რომელსაც ცული ეკავა, ქვა ისროლა და დააზიანა ტრაქტორის მინა. ამის შემდეგ გააჩერა ტრაქტორი. ბრალდებული და მისი ოჯახი გადმოვიდნენ მისკენ და დაუწყეს ლანძღვა. მოვიდა პოლიცია. ბრალდებული ამბობდა, ეს მიწა ჩემიაო. დაზარალებულს და ბრალდებულს აშველებდა. ბრალდებული აგრძელებდა ქვების სროლას, რის გამოც ვერ დაასრულა ხვნა. ზიანი თვითონ აანაზღაურა, არ მოუთხოვია ბრალდებულისგან ზიანის ანაზღაურება.
მოწმე ზ----------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 2--------–- 18 საათისთვის ტრაქტორის მოყვანის შემდეგ ატყდა წივილ-კივილი, ქვების სროლა. ხალხი შეგროვდა. ტრაქტორზე მომუშავეს ეუბნებოდნენ ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები, რომ არ მოეხნა მიწა. ბრალდებულმა ქვა ისროლა, რაც მოხვდა ტრაქტორის მინას.
მოწმე მ---------------ს ჩვენების თანახმად, 2017 წლის 2--------–- გაიგო ყვირილის ხმა. ბრალდებული ითხოვდა, ტრაქტორს შეეწყვიტა მუშაობა, მინა ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ტრაქტორმა შეწყვიტა მუშაობა.
მოწმე ზ-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ შემთხვევის დღეს ხმაური გაიგო. ბ------------------ ხნავდა მიწას. ბრალდებული, მისი დედა და და ბ------------------ს ეუბნებოდნენ, გაეყვანა ტრაქტორი. ბრალდებულმა აიღო ქვა და ტრაქტორს ჩაუმსხვრია მინა, ნაჯახი ესროლა დაზარალებულს, რომელიც გაარიდეს იქაურობას. ბრალდებული ჯერ დაზარალებულს მიმართავდა, მოგკლავო, მერე - ბ------------------ს.
მოწმე მ--–------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ წივილ-კივილი, ქვების სროლა იყო, ჩაიმსხვრა ტრაქტორის მინა. ეს ხდებოდა 17-18 საათისთვის სკოლის უკან. ბრალდებულის ოჯახიდან მეზობლები ესროდნენ დაზარალებულს და ტრაქტორს ქვებს. ბრალდებული აგრესიული იყო, ტრაქტორის გაყვანას ითხოვდა. მუშაობა შეჩერდა.
მოწმე თ------------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 2--------–- დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ტრაქტორის კარის საქარე მინა დაზიანებული იყო. სალონიდან ამოიღო ქვა. როცა ადგილზე მივიდა, პოლიცია იცავდა შემთხვევის ადგილს. ტრაქტორის კარი დაკეტილი იყო.
მოწმე ი-----–--------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული ყვიროდა, დაზარალებულს ემუქრებოდა, ტრაქტორს ქვების სროლა დაუწყო და ტრაქტორის მინა ჩატეხა. ბ------------------მ შეაჩერა მუშაობა. ბრალდებული ბ------------------ს ეუბნებოდა, რომ არ უნდა მოეხნა მიწა.
მოწმე მ-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მიწის მოხნის უფლებას არ აძლევდნენ. ერთმანეთს ლანძღავდნენ ბრალდებული და დაზარალებული. ბრალდებული იდგა ღობის იქით. ტრაქტორი გაჩერებული იყო და გვერდითა მინა ჰქონდა ჩამსხვრეული. ბრალდებული და მისი ოჯახის წევრები ეჩხუბებოდნენ დაზარალებულს, გაიყვანეო ტრაქტორი.
მოწმე ფ--------–----ს ჩვენების თანახმად, 1 ივნისს ჯ-------------- მივიდა და სთხოვა, დაზარალებულის ეზოს დამუშავებას დასწრებოდა. იმიტომ სთხოვა მათ მისვლა დაზარალებულმა, რომ ბრალდებული ადრეც აძევებდა ტრაქტორს დასამუშავებელი მიწიდან.
მოწმე ზ-----–---------ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ტრაქტორს, რომელსაც დაწყებული ჰქონდა მიწის მოხვნა, მარცხენა კარის მინა ჰქონდა ჩამტვრეული. ტრაქტორი შეჩერებული იყო. ტრაქტორიდან ამოიღო ქვა და მინის ნამსხვრევები. მინის ჩამსხვრევით გამოწვეული ზიანი იყო 140 ლარი, რის გამოც იძულების მუხლით წაუყენა ბრალდება.
მოწმე მ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებულის დედამ მოსთხოვა, შეეწყვიტა ხვნა და დაეტოვებინა მიწის ნაკვეთი, ქვით დაემუქრა, თუ არ შეწყვეტდა მიწის დამუშავებას. ბრალდებულმა ქვით ჩაამტვრია ტრაქტორის მინა. მათ მიმართ იყო მუქარა. ამის გამო ვერ მოხნა ტრაქტორმა მიწა. ამ ინციდენტის შემდეგ გამგეობამ სხვა ტრაქტორი მოიყვანა, მაგრამ მასაც არ მისცეს მიწის მოხვნის საშუალება. 12 წელია ბრალდებული ითხოვს მიწას. ბრალდებული მის ნათესავებს შეურაცხყოფას აყენებს, აქეთ რომ უთხრა ცუდი სიტყვები, თვითონაც ვერ მოითმინა და უპასუხა. საბოლოოდ მიწაზე დათესვა მოახერხა. ნათესავები ეუბნებიან, რომ დატოვოს იქაურობა, მაგრამ მისი შვილის ნამყოფ ადგილს ვერ დატოვებს. მოსავალს რატომ იღებო, ეკითხებოდა ბრალდებული და ქვას ესროდა. ყოველდღე ემუქრებოდა ბრალდებული და მისი დედა, მოკლავო, ქვით გაგიხეთქავო თავს. სამჯერ დაუმტვრიეს ჯოხი, შვილიშვილს უწყევლიდნენ.
ობიექტური მხრივ დანაშაულის მხარე ვლინდება პირის ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებაში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებული ლ------------------ს მოქმედება გამოიხატებოდა როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ იძულებაში, კერძოდ ის სისტემატიურად ლანძღავდა დაზარალებულს და აიძულებდა, დაეტოვებინა დაკავებული ადგილი, ხოლო ფიზიკური იძულება გამოიხატა მოხვნაში ხელის შეშლაში, კერძოდ ტრაქტორის დაზიანებაში და ამ ხერხით მოხვნის პროცესისთვის ხელის შეშლაში. ამდენად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია ბრალდებულის მიერ დაზარალებულის და მის დამხმარეთა ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, არ დაემუშავებინათ მიწის ნაკვეთი.
4.2. რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს
ბრალდებულის ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულის სახლ-კარი მეწყერმა დააზიანა 19 წლის წინ, რის გამოც ის ჩასახლდა მათ მეზობლად და თვითნებურად დაიკავა სკოლის შენობა. შენობა შეუკეთეს გაეროს სახსრებით, ვინაიდან დაზარალებული ლტოლვილია. მას ყველაფერი ყალბად აქვს გაკეთებული. დაზარალებულს უთხრა, წელს არ დაემუშავებინა მიწა, რადგან აპირებდა ამ მიწაზე განცხადების შეტანას და უნდოდა, დალოდებოდნენ შედეგს, მაგრამ დაზარალებულმა მოიყვანა ტრაქტორი და დაიწყო მიწის დამუშავება. მიწა მას არ ეკუთვნის. მიწა დაზარალებულს თვითნებურად აქვს მიტაცებული. იქ ჩასახლება აკრძალული იყო. იმ შენობაში იყო სკოლის პედსაბჭო. შენობა ავარიული იყო. დაზარალებული შენობაში ძალადობით შევიდა. ითხოვდა, დაეცადათ 1 წელი მაინც, გაარკვევდნენ ვის ეკუთვნის ნაკვეთი.
მოწმე ბ------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბრალდებული ამბობდა, ეს მიწა ჩემიაო.
მოწმე ზ----------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ დაზარალებული მეწყრის გამო გამგეობამ და სკოლამ ჩამოასახლა 1996 წელს სკოლის შენობაში. მიწაც ეკუთვნოდა სკოლას. მას შემდეგ ის იქ ცხოვრობს. 2--------–- 18 საათისთვის ტრაქტორის მოყვანის შემდეგ ატყდა წივილ-კივილი, ქვების სროლა. ხალხი შეგროვდა. დაზარალებულს ბრალდებული ედავება მიწას. მეეზოვე იყო ბრალდებულის მამა და ჰგონია, რომ მას ეკუთვნოდა მიწა.
მოწმე მ---------------ს ჩვენების თანახმად, დაზარალებული 20 წლის წინ გამგეობამ შეასახლა შენობაში. ადრე იქ სკოლის ნაკვეთი იყო. 2 წელი იქნება, რაც დავობენ ბრალდებული და დაზარალებული მიწის გამო. ბრალდებული ფიქრობს, რომ მიწა მისია. მიწის ნაკვეთი მდებარეობს დაზარალებულის სახლის უკან. მის მეზობლად ცხოვრობს ბრალდებული.
მოწმე ზ-----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებული სკოლამ და გამგეობამ ჩამოასახლა 1996 წელს მისი სახლ-კარის დამეწყრვის გამო. სკოლის უკან არის მიწა, რომელსაც სულ დაზარალებული ამუშავებს. ბრალდებული ამბობს, რომ მისი მამა მუშაობდა სკოლაში, რის გამოც მას ეკუთვნის მიწა. დაზარალებულის შვილის სიკვდილის მერე გამძაფრდა ვითარება დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის. მიწა სკოლას ეკუთვნის.
მოწმე მ--–------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ სკოლაში მეეზოვე იყო ბრალდებულის მამა. 1995-1997 წლიდან სარგებლობს დაზარალებული მიწის ნაკვეთით. ბოლო 2-3 წელია, ეს ნაკვეთი სადავო გახდა. ბრალდებულს უნდა მიწის ნაკვეთი და ამბობს, რომ მას ეკუთვნის.
მოწმე ჯ--------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ დაზარალებული ცხოვრობს ჩამოსულ პედაგოგთა საცხოვრებელ სახლში, რომელიც მანამდე დანგრეული იყო. დაზარალებული შეასახლეს შენობაში, მაგრამ მიწის ნაკვეთი გადასცეს თუ არა, არ იცის. ბრალდებულის მამა უვლიდა ნაკვეთს საბჭოთა კავშირში 90-იან წლებამდე.
მოწმე ხ---------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულის მამა მუშაობდა სკოლაში, მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. ნაკვეთს ნაწილი სკოლისაა, მაგრამ სადავო მიწის ნაკვეთის სკოლის არ არის. არ იცის, თუ ვის ეკუთვნის ის.
მოწმე მ----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 1996 წელს რაიონის ხელმძღვანელმა სოფლის რწმუნებულის მეშვეობით მის დედამთილს მისცა უფლება, ჩასახლებულიყო იმ ადგილას და მოწმეთა თანდასწრებით გადასცა სკოლის უკან მიწის ნაკვეთი, თუმცა რამე საბუთი არ მიუციათ. მის შვილს მისცეს რაღაც საბუთი რაიონში, მაგრამ არ იცის, თუ სად არის ის, რადგან მისი შვილი დაიღუპა. მის შვილს სოფლის რწმუნებულმა, გვარად გოგოხიამ გადასცა ეს საბუთი. ბრალდებულის დედა მუშაობდა მეეზოვედ სკოლაში. ბრალდებულს მისი ჰგონია მიწის ნაკვეთი. დედამთილთან ერთად გადასახლდა. 12 წელია ბრალდებული ითხოვს მიწას.
დათვალიერების ოქმის თანახმად შემთხვევის ადგილი მდებარეობს წალენჯიხის რაიონის სოფელ ფ-----–--–- N----------- სკოლის უკანა მხარეს მიწის ნაკვეთზე, რომელიც მ----------------ს საცხოვრებელ სახლს უკანა მხარეს ემიჯნება და არ არის გამოყოფილი აღნიშნული სახლის საკარმიდამო ეზოსგან. მიწის ნაკვეთს ემიჯნება N----------- სკოლა, დასავლეთით ლ------------------ს საცხოვრებელი სახლისკენ მიმავალი მოხრეშილი საუბნო-საავტომობილო გზა, ჩრდილოეთით ლ------------------ს კუთვნილი თხილის პლანტაცია.
2017 წლის 8 ივნისის წერილით დგინდება, რომ მ----------------ს განცხადებაზე უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, ვინაიდან მიმდინარეობს დამატებითი მასალების მოძიება. აღნიშნული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად. აღნიშნულ ნივთზე რეგისტრირებულია მოსარგებლე სსიპ ,,აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემის N----------- სკოლის შეზღუდული სარგებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, ქმედების განხორციელება, რომლისგანაც თავის შეკავებას აიძულებენ დაზარალებულს, წარმოადგენდეს მის უფლებას.
ამდენად, სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია პირის (ვისზეც ხორციელდება იძულება) უფლება, განახორციელოს გარკვეული მოქმედება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ, ვინაიდან სსკ-ის 150-ე მუხლი, სსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს განზრახ დანაშაულს, ამდენად, ბრალდებულს შეგნებული უნდა ჰქონდეს დაზარალებულის ეს უფლება.
ირკვევა, რომ სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობის კონკრეტული ქმედებისთვის მისადაგება შეუძლებელია უფლების არსის გააზრების გარეშე. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ყველა სამართლებრივი აქტი ამა თუ იმ უფლებაზე ან მოვალეობაზე მიუთითებს, თუმცა ზოგადად უფლების სრულყოფილი განმარტების მომცემი კონკრეტული სამართლებრივი ნორმა, მათ შორის თუნდაც კონსტიტუციური ან საერთაშორისო ხელშეკრულებაში მოცემული, არ არსებობს. ამდენად, უფლების განმარტების მოძიება მხოლოდ თეორიული მასალიდან არის შესაძლებელი, თუმცა თეორიაშიც უფლების ერთიანი განმარტება არ არსებობს და შექმნილია თეორიები, რომლებსაც განსხვავებულად ესმით ის. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია მეტ-ნაკლებად შეთანხმებული განმარტების შემდეგნაირად ჩამოყალიბება: უფლება არის სამართლებრივი ძალის მქონე აქტით პირისთვის მინიჭებული ქცევის უფლებამოსილება, რომელსაც შეესაბამება სხვათა მოვალეობა.
მიუხედავად უფლების შინაარსში სხვადასხვა თორიის მიერ სხვადასხვა ელემენტის შეტანისა, არსებობს თანხმობა, რომ უფლების წყაროა სამართლებრივი აქტი და მის გარეშე ის არ არსებობს. ამდენად, უფლება არის სამართლებრივი კატეგორია (ცხადია, არსებობს მორალური უფლებაც, თუმცა სსკ-ის 150-ე მუხლში, როგორც სამართლის ნორმაში, არ მოიაზრება სამართლის ფარგლებს გარეთ არსებული უფლება, არამედ იგულისხმება სამართლებრივი უფლება), ის სამართლის მიერ შექმნილი და სამართლის ფარგლებში მოქმედი ცნებაა. უფლება სამართლებრივი შესაძლებლობაა, რომელიც არსებობს ფაქტობრივი შესაძლებლობისგან დამოუკიდებლად. ამდენად, სამართლებრივი შესაძლებლობა ფაქტობრივი შესაძლებლობის იდენტური არ არის, ისინი ერთმანეთს აუცილებლად არ გულისხმობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივი შესაძლებლობა უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე სამართლებრივი შესაძლებლობა, ანუ უფლება. სამართალი არეგულისრებს ფაქტობრივ ურთიერთობებს იმდაგვარად, რომ აწესებს უფლებებს და აკრძალვებს, თუმცა, ცნობილია, რომ სამართალს არ შესწევს უნარი, სრულად ამოწუროს ფაქტობრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი, რის გამოც არსებობს ისეთი ფაქტობრივი ურთიერთობებიც, რომლებიც სამართლებრივად მოწესრიგებული არ არის. ასეთ ურთიერთობებს ეწოდებათ სამართლის ფარგლებს გარეთ არსებული ურთიერთობები. ისინი არც ნებარდართულია სამართლით და არც აკრძალული, რადგან ისინი სამართლით არ არის მოწესრიგებული. ასეთ ფაქტობრივ ურთიერთბებს, იმის გამო, რომ ისინი სამართლით არ არის მოწესრიგებული, მასში ჩართულ მხარეთა უფლება-მოვალეობები არ ახლავს თან, ვინაიდან უფლება-მოვალეობები არის მხოლოდ სამართლებრივი და არა ფაქტობრივი ურთიერთობის ელემენტები.
ასევე ცნობილია, რომ უფლებას ყოველთვის თან ახლავს სხვისი მოვალეობა და უფლება-მოვალეობათა უწყვეტი კავშირი ქმნის სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც ასევე სამართლის ფარგლებში არსებობს ფაქტობრივი ურთიერთობების პარალელურად იმ მიზნით, რომ დაარეგულიროს და მიმართულება მისცეს ფაქტობრივ ურთიერთობებს. სწორედ უფლება-მოვალეობათა ამ უწყვეტი კავშირის არსებობით არის გამართლებული სსკ-ის 150-ე მუხლის არსებობა, ვინაიდან უფლება წარმოშობს სხვის მოვალეობას, ხოლო მოვალეობის შეუსრულებლობა - პასუხისმგებლობას. ამდენად, სწორედ დაზარალებულის უფლებით წარმოშობილი მოვალეობის ბრალდებულის მიერ დარღვევისთვის ადგენს სსკ-ის 150-ე მუხლი პასუხისმგებლობას. ამაში ვლინდება უფლება-მოვალეობა-პასუხისმგებლობის ერთიანი ჯაჭვი, რაც არის ზოგადად სამართლის ფუნდამენტური პრინციპი და რის გამოხატულებასაც წარმოადგენს სსკ-ის 150-ე მუხლი.
აქვე მცირე განმარტებას მოითხოვს ის გარემოებაც, რომ ყველა შერაცხვაუნარიან მოქალაქეს ეკისრება სისხლისსამართლებრივი მოვალეობა, არ დაარღვიოს იმ ნორმის მოთხოვნა, რომლისთვისაც პასუხისმგებლობას აწესებს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილი, თუმცა ეს მოვალეობა პირს აკისრია სახელმწიფოს წინაშე, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი ურთიერთობა არის პირსა და სახელმწიფოს შორის სამართლებრივი ურთიერთობა. ამ მოვალეობასთან ერთად, ანუ სახელმწიფოსთან სისხლისსამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნასთან ერთად, სსკ-ის 150-ე მუხლი, როგორც სპეციფიკური ნორმა, ასევე მოითხოვს, ქმედების სუბიექტს ეკისრებოდეს ვალდებულება, არ დაარღვიოს დაზარალებულის კონკრეტული უფლება, ანუ, იმყოფებოდეს დაზარალებულთან კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში, იქნება ეს კონსტიტუციურსამართლებრივი, სამოქალაქოსამართლებრივი თუ სხვა სამართლებრივი ურთიერთობა. ე.ი. სსკ-ის 150-ე მუხლის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი მოვალეობა ეფუძნება სამართლის სხვა დარგის ფარგლებში არსებული ურთიერთობის შიგნით ბრალდებულისთვის დაკისრებული მოვალეობის დარღვევას. შესაბამისად, სსკ-ის 150-ე მუხლის მოთხოვნის შინაარსი გამომდინარეობს სხვა სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ბრალდებულისთვის დაკისრებული მოვალეობის შინაარსიდან.
ზოგადად მოვალეობა არ არსებობს სხვისი უფლების გარეშე ისევე, როგორც სსკ-ის 150-ე მუხლის შემთხვევაში ბრალდებულის მოვალეობა არ არსებობს დაზარალებულის უფლების გარეშე. ვინაიდან უფლებაც და მოვალეობაც სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტებია და მის გარეშე არ არსებობს, ამდენად, სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობის არსებობისთვისაც აუცილებელია, ქმედების ფაქტობრივად ჩადენამდე ბრალდებული და დაზარალებული იმყოფებოდნენ რაიმე ფორმის სამართლებრივ ურთიერთობაში: ჰქონდეთ ერთმანეთის მიმართ უფლებები და მოვალეობები.
განსახილველ შემთხვევაში აქტუალურია სამართლის ის ნორმები, რომლებიც აძლევს ზოგადად პირს უძრავი ქონებით სარგებლობის უფლებას. ასეთი ნორმებია, ერთი მხრივ, სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, სადაც მითითებულია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოქმედი სპეციალური წესები, რომლებიც მოითხოვს გარიგების წერილობით ფორმას, მის სანოტარო წესით დამოწმებას, უძრავ ქონებაზე უფლებების დარეგისტრირებას საჯარო რეესტრში. ეს ეხება არა მხოლოდ საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე, არამედ მიწასთან დაკავშირებულ ყველა უფლებას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთზე უფლებათა წარმოშობის, მათში ცვლილებების შეტანისა და შეწყვეტის მონაცემთა ერთობლიობა; მეორე მხრივ, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის ნორმები, რომლებიც ადგენენ საფუძვლებს, წესს და პროცედურას, თუ რა შემთხვევაში და როგორ ხდება უფლების შეძენა უძრავ ნივთზე. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომლებიც მიუთითებდა ერთი ან მეორე წესით მიწის ნაკვეთზე დაზარალებულის მიერ რაიმე უფლების მოპოვების ფაქტს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ბრალდების დადგენილებიდან, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან უტყუარად დადგენილია, რომ სადავო მიწა არის სახელმწიფო საკუთრება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის დაზარალებულის საკუთრება. ასევე დადგენილია, რომ ეს მიწა უვადო შეზღუდულ სარგებლობაში აქვს გადაცემული სკოლას 2014 წელს, რაც მიუთითებს რომ ბრალდებულის მიერ ქმედების ჩადენის მომენტში ის დაზარალებულისათვის არ ყოფილა სარგებლობაში გადაცემული. სკოლის დირექტორის ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებულისათვის მას მიწის ნაკვეთი არ გადაუცია სარგებლობაში, დაზარალებული მისი ნებართვის გარეშე სარგებლობდა მიწით. მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ 90-იანი წლების მე-2 ნახევარში დაზარალებული ფაქტობრივად ჩასახლებულ იქნა შენობაში, თუმცა არც ერთ მოწმეს არ აქვს ინფორმაცია ამის სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, მათ შორის არც სოფლის რწმუნებულს. ფაქტობრივი მდგომარეობა დაზარალებულის შენობაში შესახლების შესახებ დადასტურებულია, თუმცა მხოლოდ ეს ფაქტობრივი მდგომარეობა სამართლებრივ უფლებებს მიწაზე არ წარმოშობს. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დადასტურებულია, რომ მიწა მას არ ეკუთვნის (ეკუთვნის სახელმწიფოს) და ის არც სარგებლობაში გადასცემია კანონიერად (2014 წელს სარგებლობაში გადაეცა სკოლას).
სასამართლო არ შედის სამოქალაქო თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი ხასიათის საკითხების გადაჭრის მცდელობაში, ვინაიდან ეს სცდება ამ საქმის განხივლის ფარგლებში სასამართლოს უფლებამოსილებას, რის გამოც ვერ გააკეთბს დასკვნებს იმის თაობაზე, თუ რა სამართლებრივი ბუნებისაა დაზარალებულის მიერ მიწის დამუშავების ფაქტობრივი მდგომარეობა, აქვს თუ არა დაზარალებულს რაიმე უფლება მიწასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის გადაწყვეტის ფარგლებში საკმარისია იმის აღნიშვნა, რომ ასეთი უფლების არსებობის დადასტურების ვალდებულება ეკისრება ბრალდების მხარეს, ხოლო მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა დაზარალებულის მიერ მიწის დამუშავების სამართლებრივ საფუძველს და იმას, რომ დაზარალებულს ჰქონდა სამართლებრივი უფლება, შეესრულებინა ის მოქმედება, რა მოქმედების შეზღუდვაც განახორციელა ბრალდებულმა. ასეთი უფლების კანონით დადგენილი წესით დაუდასტურებლობის შემთხვევაში სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობა განხორციელებულად ვერ ჩაითვლება. მით უმეტეს ვერ მიიჩნევა, რომ ბრალდებული მოქმედებდა განზრახ და მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ არღვევდა სხვის უფლებას იმ პირობებში, როცა ამ უფლების არსებობა ვერ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე, ბრალდებული მიწას თავისად მიიჩნევს და დავას აპირებს სამოქალაქო წესით.
აქვე კიდევ ერთი საკითხი მოითხოვს მცირე განმარტებას: ის გარემოება, რომ ბრალდებულის ქმედებაში არ დადასტურდა სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობის ნიშნების არსებობა, ავტომატურად არ მიუთთებს იმაზე, რომ ბრალდებულს ჰქონდა უფლება (და არც იმას, რომ არ ჰქონდა), ემოქმედა იმ ფორმით, რა ფორმითაც მან განახორციელა ქმედება, თუმცა სასამართლო საქმეს იხილავს სისხლისსამართლებრივი ნორმებით ხელმძღვანელობის პირობებში, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში და ვერ გასცდება ამ ფარგლებს და სისხლის სამართლის, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებს. ამდენად, სასამართლო ვერ იმსჯელებს ბრალდებულის ქმედების სხვაგვარ სამართლებრივ თუ არასამართლებრივ შეფასებაზე იმ პირობებში, როცა სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს სხვა, უფრო მსუბუქი ნორმა, რომელიც სრულად შეესაბამება ბრალდებულის ქმედებას.
ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ დადასტურდა დაზარალებულის უფლება მიწით სარგებლობაზე, ბრალდებულის ქმედება ვერ ჩაითვლება ამ უფლების განხორციელებაში ხელის შეშლად. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ბრალდებულის ქმედებაში სსკ-ის 150-ე მუხლის შემადგენლობის სრულად არსებობა არ დასტურდება.
5. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლს დასჯად ქმედებად აცხადებს ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დაზარალებულის უფლებას მიწით სარგებლობაზე და, აქედან გამომდინარე, ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები: ქვა და მინის ნამსხვრევები, რომელთაც რაიმე მატერიალური ღირებულება არ გააჩნიათ და ისინი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ------------------ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ნივთმტკიცებები: ქვა და მინის ნამსხვრევები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
გამართლებულ ლ------------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია