გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/337-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 იანვარი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "თ----------ი"
წარმომადგენელი თეონა კავთელაძე
მოპასუხე ჯ--- მ---ი
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ჯ--- მ---ისათვის 2011 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 2115.23 ლარის დაკისრება;
1.2. ჯ--- მ---ისათვის 2012 წლის 24 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე 3146.73 ლარის დაკისრება;
1.3. ჯ--- მ---ისათვის 2012 წლის 16 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე 364.87 ლარის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები
2011 წლის 11 სექტემბერს სს „თ----------სა“ და ჯ--- მ---ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან ისესხა 1000 ლარი. კრედიტის ვადაა 4 წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 34%, ფიქსირებული ჯარიმა ვადის გადაცილებისათვის 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 7178.23 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 999.03 ლარი, პროცენტი 116.20 ლარი, ჯარიმა 5839.95 ლარი, რომელსაც სარჩელით ამცირებენ 4839.95 ლარით და მოითხოვენ 1000 ლარის დაკისრებას. პირგასამტეხლო დარიცხულია 2011 წლის 16 სექტემბრიდან 2016 წლის 21 დეკემბერამდე.
2012 წლის 24 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე ჯ--- მ---მა ბანკისგან მიიღი კრედიტი 500 ლარი, კრედიტის ვადაა 11 779 დღე. წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, ჯარიმის განაკვეთი ფიქსირებული ჯარიმა 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის დავალიანებაა 3146.73 ლარი, საიდანაც 1499.33 ლარი არის ძირითადი თანხა, პროცენტი – 1342.36 ლარი, პირგასამტეხლო 305.04 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2012 წლის 24 იანვრიდან 2016 წლის 21 დეკემბრამდე.
2012 წლის 16 ივნისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტო 145 ლარი 727 დღის ვადით, წლიური პროცენტი 18%, ჯარიმის განაკვეთი ფიქსირებული 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5%. მოპასუხის დავალიანებაა სესხის ძირითადი თანხა 145 ლარი, პროცენტი 74.87 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლოა 751.89 ლარი, რასაც სარჩელით ამცირებენ 387.02 ლარით და მოითხოვენ 168.04 ლარის დაკისრებას.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ჯ--- მ---მა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო. თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის დავალიანების გადახდაზე, ხოლო სესხის პროცენტის და პირგასამტეხლოს შესახებ განმარტა, რომ სესხის პირობები იმდენად კაბალურია, რომ დავალიანება სამმაგად გაიზარდა იმის მიუხედავად, რომ პერიოდულად თანხას იხდიდა. მოპასუხემ მოითხოვა სარგებელი და პირგასამტეხლო განისაზღვროს 0.01%-ით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 11 სექტემბერს სს „თ----------სა“ და ჯ--- მ---ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ ბანკისგან ისესხა 1000 ლარი. კრედიტის ვადაა 4 წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 34%, ფიქსირებული ჯარიმა ვადის გადაცილებისათვის 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის დავალიანება შეადგენს 7178.23 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 999.03 ლარი, პროცენტი 116.20 ლარი, ჯარიმა 5839.95 ლარი, რომელსაც სარჩელით ამცირებენ 4839.95 ლარით და მოითხოვენ 1000 ლარის დაკისრებას. პირგასამტეხლო დარიცხულია 2011 წლის 16 სექტემბრიდან 216 წლის 21 დეკემბერამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 23-27. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 4-6. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 86-92. ტომი 1)
3.1.2. სს თ----------სა და ჯ--- მ---ს შორის 2012 წლის 24 იანვარს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ჯ--- მ---მა მიიღი კრედიტი 500 ლარი, კრედიტის ვადაა 11 779 დღე. წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, ჯარიმის განაკვეთი ფიქსირებული ჯარიმა 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხე პერიოდულად ბარათის მეშვეობით ბანკისგან ირებდა თანხას, თუმცა მისი დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა. მოპასუხის დავალიანებაა 3146.73 ლარი, საიდანაც 1499.33 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი – 1342.36 ლარი, პირგასამტეხლო 305.04 ლარი. პირგასამტეხლო დარიცხულია 2012 წლის 24 იანვრიდან 2016 წლის 21 დეკემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 32-41. ტომი 1)
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-21. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 4-6. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 86-92. ტომი 1)
3.1.3. 2012 წლის 16 ივნისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ჯ--- მ---მა მიიღი კრედიტი 145 ლარი 727 დღის ვადით, წლირი პროცენტი 18%, ჯარიმის განაკვეთი ფიქსირებული 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5%. მოპასუხის დავალიანებაა სესხის ძირითადი თანხა 145 ლარი, პროცენტი 74.87 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლოა 751.89 ლარი, რაც სარჩელით შემცირებულია 387.02 ლარით და მოთხოვნილია 168.04 145 ლარის დაკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 28-31. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 4-6. ტომი 1)
- შესაგებელი (ს.ფ. 86-92. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 867-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სს ,,თ----------სა’’ და ჯ--- მ---ს შორის დადებული სამი საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე.
2011 წლის 16 სექტემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სს "თ----------ისაგან" მიიღო სესხის 1000 ლარი შემდეგი პირობებით: წლიური სპაროცენტო განაკვეთი ,34%, ვადა 4 წელი, პირგასმატეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვეისათვის ფიქსირებული 20 ლარი, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0,5%.
2012 წლის 24 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ სს თ----------ისაგან მიიღო კრედიტი 500 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა 11 779 დღე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36%, პირგასამტეხლო - ფიქსირებული ჯარიმა 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხე პერიოდულად ბარათის მეშვეობით ბანკისგან იღებდა თანხას, რის შედეგად აითვისა ხელშეკრულებაში მითითებულზე მეტი თანხა.
2012 წლის 16 ივნისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ჯ--- მ---მა მიიღო კრედიტი 145 ლარი 727 დღის ვადით, წლიური პროცენტი 18%, ჯარიმის განაკვეთი ფიქსირებული 20 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, ნაწილობრივ. კერძოდ,2011 წლის 11 სექტემბერს დადებული საკრედიტო ხელსეკრულების საფუძველზე გადასახდელია სესხის ძირითადი თანხაა 999.03 ლარი, პროცენტი 116.20 ლარი, მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 1000 ლარი.
2012 წლის 24 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია სესხის ძირითადი თანხა 1499.33 ლარი, პროცენტი – 1342.36 ლარი, მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 305.04 ლარი.
2012 წლის 16 ივნისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელია სესხის ძირითადი თანხა 145 ლარი, პროცენტი 74.87 ლარი, მოთხოვნილია პირგასამტეხლო 145 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ კრედიტო არ დაუბრუნებია, რადაგნ ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, თუმცა არ მიუთითებითა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების, მათი შეთანხმების შემთხვევაში განისაზღვრება.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის იმ მოსაზრებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის პროცენტი კაბალურია და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას.
2011 წლის 16 სექტემბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთია 34%, 2012 წლის 24 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებულია წლიური საპროცენტო განაკვეთია 36%, 2012 წლის 16 ივნისს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის სარგებელია წლიური 18%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის (2011-2012 წლებში მოქმედი რედაქცია) თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს,იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი; 3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს; 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი; 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ; 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი.თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.
ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთები უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; ბანკი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი, ხოლო პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს.
მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროცენტი არ შეესაბამებოდა იმ პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის გარემოებებიდან არ გამომდინარეობს მოთხოვნილი პროცენტის კაბალური შინაარსი. სამივე საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია 2011-2012 წლებში, ხოლო სარჩელი აღძრულია 2017 წლის 13 თებერვალს. 2011 წლის 16 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პროცენტია 116,20 ლარი (კრედიტი გაცემული 4 წლის ვადით), 2012 წლის 24 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პროცენტია 1342 ლარი (სესხი გაცემულია 11 779 დღით), ხოლო 2012 წლის 16 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია პროცენტი 74,87 ლარი (კრედიტი გაცემულია 727 დღით). პროცენტი სესხს ერიცხება საკრედიტო ვალდებულების წარმოშობიდან, ხელშეკრულების დადებიდანვე იმ ვადაში, რა ვადითაც გაცემულია კრედიტო და მოპასუხეს უნდა შეესრულებინა მისი დაბრუნების ვალდებულება. ხელშეკრულებების დადებიდან გასულია 5 წელზე მეტი, რის გამოც ამ პერიოდის გათვალისწინებით მოთხოვნილი პროცენტის თანხა არ შეიძლება შეფასდეს კრედიტის მიმღებისათვის ზიანის მომტან, უსამართლო სახელშეკრულებო პირობად.
მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის გადახდა, რადგან მოპასუხეს ცნო ეს მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2011 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 999,03 ლარის, 2012 წლის 24 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე 1499,33 ლარის, ხოლო 2012 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 145 ლარის გადახდა. საერთო ჯამში 2643,36 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე სესხის პროცენტის გადახდა, რადგან ამ დასტურდება პროცენტზე ხელშეკრულების პირობის ბათილობის საფუძვლების არსებობა.
2011 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი პროცენტია 116,20 ლარი, 2012 წლის 24 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე1342,36 ლარი, ხოლო 2012 წლის 18 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე 74,87 ლარი. სულ 1533,43 ლარი გადახდა.
ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროთ როგორც კრედიტის ძირითადი თანხის ისე სარგებლის გადახდა, არც საერთო ჯამში შეადგენს 4176,79 ლარს.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ვალდებულების შესრულებამდე ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
2011 წლის 16 სექტემბერის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%, ხოლო მოთხოვნილია 1000 ლარის დაკისრება.
2012 წლის 24 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის 0,5%, ხოლო მოთხოვნილია 305,04 ლარი.
2012 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველდღიურად გადასახდელი პირგასამტეხლოა თანხის 0,5%, ხოლო მოთხოვნილია 168.04 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2011 წლის 16 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების შეურულებლობისათვის მოთხოვნილია არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლო და იგი უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია სესხის ძირითადი თანხის დავალიანების თანხასთან მიმართებაში. ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხა 999,03 ლარი, პროცენტი 116,20 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოა 1000 ლარი. ამდენად, პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხის ტოლი თანხის ანაზღაურება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოვალეს კრედიტი ხანგრძლივი ვადის განმავლობაში არ დაუბრუნებია, ეს უსამართლო, არაგონივრულად მაღალი პირგასმატეხლოს მოთხოვნის უფლებას კრედიტორს არ წარმოუშობს. ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად ვიდრე კრედიტორის სავარაუდო ზიანის პრევენციას.
პირგასამტეხლოს გააჩნია, სანქციის ფუნქცია, რადგან მისი მიზანია ფულადი სანქციის დაკისრების შიშით თავიდან აიცილოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს ასევე აქვს ზიანის მინიმალურად და სწრაფად ანაზღაურების ფუნქციაც.
პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასების პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, სავარაუდო ზიანს. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს ოდნეობად უნდა განისაზღვროს 200 ლარი. 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს გონივრულობა ნიშნავს იმ ფარგლებს, როცა პირგასამტეხლოს თანხა მის დანიშნულებას - ვალდებულების დარღვევის პრევენციას და შესაძლო ზიანის ანაზღაურებას ამართლებს. პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლო არ უნდა იქცეს მხოლოდ მოვალის დასჯის ინსტრუმენტად და პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უნდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის, ვალდებულების შესრულების ხანგრძლივი ვადის დარღვევის პირობებში მოპასუხისათვის 200 ლარის პირგასამტეხლოს დაკისრება იქნება ვალდებულების დარღვევისათვის საკმარისი სანქცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2012 წლის 24 იანვრის და 16 სექტემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობს.
2012 წლის 24 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებაა სესხის ძირითადი თანხა 1499,33 ლარი და სარგებელი 1342,36 ლარი, საერთო ჯამში 2 841,69 ლარი. მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს 305,04 ლარის დაკისრებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო დავალიანების თანხის (თითქმის სამი ათასი ლარის) და ამ თანხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევის ხანგრძლივი ვადის გათვალისწინებით პირგასმტეხლოს ეს ოდენობა არასამართლიან და მაღალ ოდენობად ვერ ჩაითვლება, რის გამოც მისი შემცირების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
სასამართლოს ასევე გონივრულად მიაჩნია 2012 წლის 18 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა. ამ შემთხვევაში გადასახდელია სესხის ძირითადი თანხა 145 ლარი, პროცენტი 74,87 ლარი, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 145 ლარი. მართალია პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია სესხის ძირითადი თანხის ტოლი თანხა, მაგრამ ეს პირგასამტეხლოს არაგინივრულობაზე არ მიუთითებს. მოპასუხის მიერ კრედიტის სახით მიღებულია მცირე ტანხა 145 ლარი, რაც 5 წელზე მეტი დროის განმავლობაში არ დაუბრუნებია. ამდენად, ვალდებულების ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე შეუსრულებლობის გამო ამ ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება გონივრული და სამართლიანია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული საპროცენტო მაჩვენებლით პირგასამტეხლოს შემცირება გამოიწვევს უსამართლო და არაგონივრულად მცირე პირგასამტეხლოს დაკისრებას. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,001% სიმბოლურია და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის, რადგან არ შეესაბამება დარღვევის ხასიათს, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობას, დარღვევის ხანგრძლივ პერიოდს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს მინიჭებული აქვს სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევის საგამონაკლისო უფლება, რომლის მიზანია სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა, მხარეთა უფლებრივი თანაზომიერების პრინციპი დაცვა. ნორმის მიზანია თუნდაც ვალდებულების დამრღვევი მხარის დაცვა გადაჭარბებული პასუხისმგებლობისაგან, რადგან ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ (მაგალითად ბანკმა) ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლო აღჭურვილია უფლებამოსილებით, შეამციროს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო და განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ სადაო ურთიერთობისათვის სამართლიანი და გონივრული პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანი არ არის მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება და კრედიტორის მართლზომიერი ინტერესების უგულებელყოფა. პირგასამტეხლოს შემცირების მიზანია მხარეთა მართლზომიერ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვა და ვალდებულების დარღვევის გამო მოვალისათვის გონივრული პასუხისმგებლობის დაკისრება. 2012 წლის 14 იანვრის და 16 ივლისის ხელშეკრულებების შემთხვევაში პირგასამტეხლო მოთხოვნილია ამ პრინციპის დაცვით, რის გამოც მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
ამდენად, 2011 წლის წლის 16 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუზველზე მოპასუხემ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო 200 ლარი, 2012 წლი 24 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე 305,04 ლარი და 2012 წლის 18 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე 145 ლარი, საერთო ჯამში 650,04 ლარი.
ამდენად, მოპასუხის ვალდებულებაა საერთო ჯამში სს "თ----------ის" მიმართ არის პირგასამტეხლო 650,04 ლარი, პროცენტი 2643,36 ლარი და ძირითადი თანხა 1533,43 ლარი, სულ 4826,83 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამ მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა საერთო ჯამში 5626,83 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 4826,83 ლარი (საერთო მოთხოვნის 86%). სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 168,80 ლარი, რომლის 86% არის 145,16 ლარი, რაც ზემოთდასახელებული ნორმის საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.
დაკისრებული თანხიდან მოპასუხემ შესაგებელშივე ცნო სარჩელი 2643,36 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 55%. მოსარჩელისთვის ასანაზღურებელი სახელმწიფო ბაჟიდან 145,16 ლარიდან 55% არის 79,83 ლარი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სახელწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე მოთხოვნის ცნობის გამო მხარეები თავისუფლდებიან ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის 65,33 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ----------ის“ სარჩელი;
1.1. ჯ--- მ---ს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ 2011 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე 1315,23 ლარის გადახდა;
1.2. ჯ--- მ---ს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ 2012 წლის 24 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე 3146,73 ლარის გადახდა;
1.3. ჯ--- მ---ს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ 2012 წლის 18 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე 364,87 ლარის გადახდა;
1.4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა 2011 წლის 16 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ 800 ლარის ოდენობით;
2. სს "თ----------ს" დაუბრუნდეს 2017 წლის 26 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 79,83 ლარი, თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგ ანგარიშზე ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი 30063150, (საგადასახადო დავალება N9);
3. ჯ--- მ---ს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 65,33 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი