განაჩენი

სისხლის სამართლის 15.01.2018
საქმის ნომერი
110100117001838264
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
15.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N110100117001838264

N1/46-2017

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე,სხდომის მდივანი - ირინე კვირიკეიშვილი, აკაკი კვინიკაძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ------- ნ-------;

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ფ------ ა--------ნი;

 

ბრალდებული - დ----- თ-----ის ძე ნ---------, დაბადებული 1----–-–----------სს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–-- გ------–---- მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონი, ს------–ი ქ----- ს------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სხდომის სახე - ღია.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. 2016 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 13:15 საათზე, ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩაზე, ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი დ----- ნ--------- ზურგის მხრიდან მიუახლოვდა ძმას ა--------ლ ნ---------ს, ყელზე მოხვია ხელი და ძლიერად მოუჭირა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა გამოიწვია. ა--------ლ ნ---------მ მოახერხა თავის დაღწევა და გაიქცა მდინარე ა---------- სანაპირო მხარეს, თუმცა მას დაეწია დ----- ნ--------- და კვლავ დაუწყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, რაც გამოიხატა დედის და ახლობლების მისამართით შეგინებაში, ასევე ხელებით წვდა ყელის არეში, ფეხების დარტყმით დაუწყო ცემა გვერდში და ფეხებში, ამასთან დამცირების მიზნით, ა--------ლ ნ---------ს, დ----- ნ---------მ რამდენჯერმე შეაფურთხა სახეში. ა--------ლ ნ--------- ძმის მხრიდან განხორციელებული ძალადობისაგან თავის დაღწევის მიზნით, შევიდა იქვე მაცხოვრებელ ნ--- ც---–---ესთან სახლში, საიდანაც გამოსვლის შემდეგ, დ-----ი ნ---------, მდინარე ა------------ გადადებულ ხიდზე, დაეწია ა--------ლ ნ---------ს და კვლავ დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, ხელი მოკიდა ნიკაპში და თავი გადააწევინა უკან. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სულიერი ტანჯვა. სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით, დ----- ნ--------ის მიერ, ა--------ლ ნ---------ზე მიყენებული დაზიანებები მიუკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2. 2016 წლის 23 დეკემბერს, დაახლოებით 13:15 საათზე, ქ.ზესტაფონში კ-----–---- ქუჩაზე, მდინარე ა---------- სანაპიროზე და ამავე მდინარეზე გადასასვლელ ხიდზე, დ----- ნ---------ს ა--------ლ ნ--------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქმედების განხორციელება ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ:

 

3. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ა--------ლ ნ---------მ განაცხადა, რომ დ-----ი ნ--------- არის მისი ძმა და 2016 წლის გაზაფხულამდე ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის, ს------– ქ----- ს------ში.

 

4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–- ხ-----ემ განაცხადა, რომ ა--------ლ ნ--------- და დ----- ნ--------- არიან მისი შვილები.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ-----ი ნ--------- და დაზარალებული ა--------ლ ნ--------- არიან ოჯახის წევრები.

 

ქმედება - ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:

 

7. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა ა--------ლ ნ---------მ განაცხადა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა ს------– ც----–------–-. ის მუშაობდა მიწის ნაკვეთების ამზომველად და იმ დღეს იმყოფებოდა ბ----- მ-------–-–---–ისა და ო-–--- კ--------ის ოჯახებში. დაახლოებით 12:30 საათზე დაასრულა სამუშაოები და ფეხით წავიდა ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩაზე. რკინის საამქროების მიმდებარე ტერიტორიაზე, შემოესმა მისი ძმის, დ----- ნ--------ის შეძახილი, რომელიც უკნიდან სწვდა კისერში, მოუჭირა ხელი და ცდილობდა მის დახრჩობას, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი, სუნთქვა შეეკრა და თვალებში დაუბნელდა. ამის შემდეგ, ა.ნ--------- შეეცადა გასცლოდა დ----- ნ---------ს და წავიდა მდინარე ა---------- სანაპიროს მიმართულებით, რადგან იფიქრა, რომ იქ არსებულ ბუჩქნარში და თოვლში დაიმალებოდა. ამ დროს, ის ცდილობდა 112-ში დარეკვას, თუმცა ოპერატორთან საუბარი ვერ დაასრულა, რადგან დ-----ი სწვდა ხელში და გადაუგრიხა ხელი. შემდეგ სწვდა კისერში, მიაწვინა ხეზე და ძლიერად მოუჭირა კისერში ხელი. ფეხების დარტყმით ცემა გვერდში და ფეხებში, ამასთან დამცირების მიზნით, რამდენჯერმე შეაფურთხა სახეში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა მორალური ტანჯვა. თავის დაღწევის მიზნით, შევიდა კ-----–---- ქუჩაზე მცხოვრები ნ--- ც---–---ის სახლში და თხოვა მას, მისი მეუღლისთვის დაეძახა და ეთხოვა დახმარება მის დასაცავად. ნ--- ც---–---ის ეზოში ელოდა დ----- ნ--------- და ეძახდა ,,გამოდი გარეთ, აქ უნდა გაგისწორდეო.” ნ--- ც---–---ის ეზოდან გამოსვლის შემდეგ, მოახერხა 112-ში დარეკვა და ითხოვა დახმარება. წავიდა მდინარე ა---------- მეორე მხარეს მდებარე რკინის საამქროებისკენ, რადგან შეეფარებინა თავი. ხიდზე გადასვლისას, დაეწია დ----- ნ---------, ცხვირზე მოუჭირა ხელი და ძლიერად მოქაჩა, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. დ----- ნ--------- ასევე ცდილობდა გადაეგდო ხიდიდან ა--------ლ ნ---------. ამის შემდეგ ის დაბრუნდა უკან და ნ--- ც---–---ის საცხოვრებელ სახლთან იყვნენ, როდესაც მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამომძიებელმა დაკითხა და ჩაუტარდა ექსპერტიზა.

 

8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ა-------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ზ---- ც------ესთან ერთად იყო მორიგე ჯგუფში. დაახლოებით შუა დღის საათებში, ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ ა--------ლ ნ--------- კ-----–---- ქუჩაზე ითხოვდა დახმარებას. სამსახურებრივი მანქანით ის და ზ---- ც------ე წავიდნენ მითითებულ მისამართზე. მათ გზაში ჩართული ჰქონდათ ციმციმა და შემხვედრი მანქანების და მაცხოვრებლების გაფრთხილების მიზნით რთავდნენ ხმოვან სიგნალსაც. კ-----–---- ქუჩაზე, მდინარე ა------------ გადასასვლელ ხიდთან მათ შეამჩნიეს ორი მამაკაცი, თუმცა არ უფიქრიათ, რომ მათ ჭირდებოდათ დახმარება და გააგრძელეს გზა. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, ერთერთმა მათგანმა დაუქნია ხელი და ისინი დაბრუნდნენ უკან. მოწმის განმარტებით, აღმოჩნდა რომ ეს მამაკაცი იყო ა--------ლ ნ--------- და მისი ძმა დ----- ნ---------. ა--------ლ ნ---------მ უთხრა მათ, რომ ძმამ დ-----ი ნ---------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა პირადად მოწმეს დ----- ნ--------ის მიერ ხელის მოქნევა ან ფიზიკური ძალადობის სხვა ნიშნები ა--------ლ ნ--------ის მიმართ არ დაუნახავს. დ----- და ა--------ლ ნ---------ები ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში. მოწმის განმარტებით, მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ ა--------ლ ნ---------მ ჩამოიწია სვიტერის საყელო და პოლიციელებს აჩვენა სიწითლე კისერზე.

 

9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ც------ემ განაცხადა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში. სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ კ-----–---- ქუჩაზე, ა--------ლ ნ---------ს ესაჭიროებოდა დახმარება. ის და მისი მეწყვილე ზ---- ა-------ე სამსახურებრივი მანქანით მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. მდინარე ა------------ გადასასვლელ ხიდზე შეამჩნიეს ორი მამაკაცი, თუმცა იმის გამო, რომ მათ შორის რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია არ გაუჩერებია მანქანა და გასცდნენ მათ რამდენიმე მეტრით. შემდეგ ერთერთმა მამაკაცმა დაუქნია ხელი და აღმოჩნდა, რომ ის იყო ა--------ლ ნ---------, რომელმაც ითხოვა პოლიციის დახმარება. მან უთხრა პოლიციელებს, რომ ძმამ დ----- ნ---------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მოწმის განმარტებით, მას ა--------ლ ნ--------ისთვის სახეზე რაიმე დაზიანება არ შეუმჩნევია და ყელზე ან სხეულის სხვა ადგილებში ჰქონდა თუ არა დაზიანება ვერ დაინახავდა მისი ჩაცმულობის გამო. მან ასევე განმარტა, რომ მათი მისვლისას არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა ძმებს შორის არ ყოფილა. ამის შემდეგ, ა--------ლ და დ----- ნ---------ები გადაიყვანეს ზესტაფონის პოლიციის განყოფილებაში. მოწმე გაესაუბრა ა--------ლ ნ---------ს და შეადგინა გასაუბრების ოქმი, ამის შემდეგ რადგან იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, მან დაწერა პატაკი და მოახსენა ხელმძღვანელობას. მეორე დღეს გამომძიებელთან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში.

 

10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ც---–---ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩა N47-ში. 2016 წლის 23 დეკემბერს მარტო იყო სახლში. დაახლოებით პირველ საათზე, მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკარში და შემდეგ სახლში შევიდა ერთი მამაკაცი, რომელიც სხვა დროსაც დაენახა იმ ქუჩაზე, თუმცა მისი სახელი და გვარი იმ მომენტში არ იცოდა. როგორც შემდეგ გაიგო, ეს მამაკაცი იყო ა--------ლ ნ--------- და მას შეჰყვა მეორე მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად ჰგავდა მას. მეორე მამაკაცი სახლში არ შესულა, გარეთ ელოდებოდა და ეუბნებოდა ა--------ლ ნ---------ს გარეთ გასულიყო. მოწმის განმარტებით, ა--------ლ ნ---------ს მისთვის არანაირი დახმარება არ უთხოვია, ის იმ დღეს მარტო იყო სახლში და არ დაუნახავს, მისი სახლიდან დარეკა თუ არა ტელეფონზე ა--------ლ ნ---------მ. მან ასევე განმარტა, რომ მის სახლში ყოფნისას დ----- და ა--------ლ ნ---------ებს შორის არც ფიზიკურ და არც სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

 

11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–- ხ-----ემ განაცხადა, რომ დ----- ნ--------- და ა--------ლ ნ--------- არიან მისი შვილები და ისინი ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონის რაიონის ს------– ქ----- ს------ში 2013 წლამდე. ამჟამად, მისი შვილი, ა--------ლ ნ--------- ცხოვრობს ქალაქ ზესტაფონში, ნაქირავებ ბინაში. მოწმის განმარტებით, ძმებს, თანაცხოვრების პერიოდში ჰქონდათ კონფლიქტი ერთმანეთთან შინაური ცხოველების გამო. მოწმის განმარტებით, 2016 წლის 23 დეკემბრის შემთხვევის თვითმხილველი არ ყოფილა და ამ დღეს მომხდარი მოვლენების შესახებ უამბო მისმა შვილმა დ----- ნ---------მ. მან უთხრა, რომ მის ძმას ა--------ლ ნ---------ს შეხვდა კ-----–---- ქუჩაზე, მდინარე ა------------ გადასასვლელ ხიდზე. მას კისერში მოკიდა ხელი და უთხრა დალაპარაკებოდა. დ----- ნ---------მ მას უთხრა, რომ მასსა და ა--------ლ ნ---------ს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

 

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ო-–--- კ--------ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის ს------– ც----–------–-. 2016 წლის 23 დეკემბერს, ა--------ლ ნ--------- ასრულებდა მიწის აზომვით სამუშაოებს მასთან და მის მეზობელთან ბ----- მ-------–-–---–თან. დაახლოებით 12:30 საათზე ა--------ლ ნ---------მ დაასრულა მიწის ნაკვეთების აზომვა, საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთებს გადაუღო ფოტოები და გადავიდა მის მეზობელთან ანალოგიური სამუშაოს შესასრულებლად.

 

13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----- მ-------–-–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ზესტაფონის რაიონის ს------– ც----–------–-. 2016 წლის 23 დეკემბერს ა--------ლ ნ--------- ნახა პირველად და მას მანამდე არ იცნობდა. ა--------ლ ნ---------მ მასთან შეასრულა მიწის აზომვითი სამუშაოები და დაახლოებით პირველ საათზე წავიდა მისი სახლიდან.

 

14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-------- ჯ-----–---–მა განაცხადა, რომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112”-ის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსი და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის მთავარი დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოდან მათ დეპარტამენტში შევიდა წერილი, რომლითაც ითხოვდნენ 2016 წლის 23 დეკემბრის ა--------ლ ნ--------ის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის აუდიო-ჩანაწერებს სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. მოთხოვნის შემდეგ მოხდა მონაცემების დამუშავება, გარკვევა იმისა, მოთხოვნილი ინფორმაცია ხომ არ შეიცავდა პერსონალურ მონაცემებს და ამის შემდეგ, 2017 წლის 23 იანვარს, ა--------ლ ნ--------ის სატელეფონო ზარის სრული აუდიო-ჩანაწერები გადაიგზავნა იმერეთის სამხარეო სამმართველოში. მოწმის განმარტებით, სსიპ ,,112”-ის დეპარტამენტში შემოსული ზარის ჩანაწერები ინახება 3 წლის განმავლობაში.

 

15. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ-------–- ბ--------–---–მა განაცხადა, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ა--------ლ ნ--------ის მიმართ ოჯახური ძალადობის ფაქტზე. საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებისა, კერძოდ: დაზარალებულის სახით დაკითხა ა.ნ---------, დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები დ----- და ა--------ლ ნ---------ების მიმართ, ნარკოლოგიური და ალკოჰოლური თრობის შემოწმების ექპერტიზა დ-----ი ნ--------ის მიმართ, დაკითხა მოწმეები, დაზარალებულის მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაათვალიერა დაზარალებულის ა.ნ--------ის მიერ წარდგენილი ტანსაცმელი და ამოიღო მისივე თანხმობით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112”-ის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ა--------ლ ნ--------ის სატელეფონო ზარის აუდიო-ჩანაწერები, დაათვალიერა და დაურთო სისხლის სამართლის საქმეს, დ----- ნ---------ს წარუდგინა ბრალი, დაკითხა ბრალდებულის სახით და გადასცა სისხლის სამართლის საქმის მასალები.

 

16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 26 დეკემბერს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 23.12.2----–--–--------------------------------ული პირადი გასინჯვით მოქ. ა--------ლ ნ---------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (კისრის უკანა ზედაპირზე შუა და ქვედა მესამედში აღენიშნება განივად და ერთმანეთის პარალელურად მდებარე ზოლისებური ფორმის, მოწითალო-მოიისფრო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე ორი სისხლნაჟღენთი თითოეული ზომით: 10,0 -1,0 სმ და 9,0 -1,0 სმ. ცხვირის წვეროზე აღენიშნება ასეთივე ხასიათისა და ფორმის სისხლნაჟღენთი ზომით - 1,5-1,0 სმ.) - განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ.

 

17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 24 დეკემბერს გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, დ-----ი ნ--------- კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი) იმუნო-ქიმიური სტრიპტესტებით შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: მორფინი, ბუპრენორფინი, მეთადონი, მეთადონის მეტაბოლიტები, ტრამადოლი, ამფეტამინი, მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი- მიღებული იქნა უარყოფითი შედეგი. ტეტრაჰიდროკანაბინოლზე და ფსიქოტროპულ საშუალებებზე: ბენზოდიაზეპინების ჯგუფი - მიღებული იქნა დადებითი შედეგი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- ბ--------–---–მა.

 

18. 2016 წლის 24 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩაზე, მდინარე ა------------ არსებული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე გზა მიმართულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით. ხიდის დასავლეთ მხარეს 50 მეტრის შემდეგ იწყება აღმართი. აღმართის დასაწყისში გზის სამხრეთ მხარეს მდებარეობს რკინის საამქრო. ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოსავლეთ მხარეს მდინარე ა---------- სანაპიროსთან არის ხეხილის ნარგავები. აღნიშნულ ნარგავებში მიწაზე არის თოვლი. რომელზედაც შეინიშნებოდა ფეხსაცმლის ნაკვალევი. ხეხილის ბაღის მოპირდაპირე მხარეს კ-----–---- ქუჩა 4--–--------რეობს ნ--- ც---–---ის საცხოვრებელი სახლი. თოვლში არსებული ნაკვალევის გარდა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე კვალი აღმოჩენილი არ ყოფილა.

 

19. 2016 წლის 23 დეკემბრის ა--------ლ ნ--------ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმის თანახმად, ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში დაზარალებულმა ა--------ლ ნ---------მ თანხმობა განაცხადა მისი ტანსაცმლის დათვალიერებაზე და ამოღებაზე, რაც ეცვა 2016 წლის 23 დეკემბერს. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ერთი ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და ერთი ცალი შავი ფერის ქურთუკი, საყელოზე ბეწვით და გვერდზე დიდი ფორმის ჯიბეებით. დაზარალებულის განმარტებით, მას ეს ტანსაცმელი ეცვა მის ძმასთან დ-----ი ნ---------სთან ფიზიკური დაპირისპირების დროს.

2017 წლის 20 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა ა--------ლ ნ---------მ დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენება და გამომძიებელს მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც 2016 წლის 23 დეკემბერს დ----- ნ---------მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და შეეცადა მის დახრჩობას.

 

20. 2017 წლის 23 თებერვლის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა დაათვალიერა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112”-ის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი აუდიო-ჩანაწერები 7 ფაილად, სადაც ასახული იყო ა--------ლ ნ--------ის მიერ სატელეფონო ნომრით 5-------- სსიპ ,,112”-ის დეპარტამენტში განხორციელებული ყველა შემავალი ზარის ამსახველი აუდიო- ჩანაწერი.

 

21. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ----- ნ---------მ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

22. სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულისაგან (სსკ 1261-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი ან ღირსება. ამ დანაშაულის ამსრულებელია არა საერთო სუბიექტი, არამედ მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრი, რომელიც პასუხისმგებლობის ასაკსაა მიღწეული. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ალტერნატიულ ქმედებებში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება); ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. განსახილველ დანაშაულში მითითებული „ძალადობა“ უნდა გავიგოთ როგორც ცემა, სხვაგვარი ძალადობა, სისტემატური ცემა და სხვა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მას შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი. ცემა ძალადობის ერთერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისაგან, რომ იგი შეიძლება გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით ქმედებაში - აქტში (ხელით გარტყმა, ხელის კვრა, ხელის მოჭერა, ფეხის ჩარტყმა, თმებით თრევა, თმების წიწკვნა და სხვა). აქაც აუცილებელია, მსხვერპლმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით და სხვა. ცემა და სხვაგვარი ძალადობა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს ადამიანის სხეულზე. კერძოდ: დაჟეჟილობას, დალილავებას ან მცირე სისხლნაჟღენთის კვალს, რასაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი აღნიშნავს დასკვნაში. ზოგჯერ, ცემის ან/და სხვაგვარი ძალადობის შედეგად შეიძლება სხეულს, ზედაპირზე არანაირი კვალი არ დაეტყოს. ასეთ შემთხვევაში ძალადობის ფაქტის დადგენის ტვირთი მთლიანად სასამართლოზეა, რომელიც დაეყრდნობა მსხვერპლის და მოწმის ჩვენებებს, ასევე საქმის სხვა გარემოებებს. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ანდა გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან.

 

23. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება დ----- ნ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის ზემოაღნიშნული მუხლით წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის. სასამართლოს ეს მტკიცებულებები არ მიაჩნია უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს დ----- ნ--------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, შესაბამისად არ არსებობს დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის, ან მის სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, რის გამოც სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას დ.ნ--------ის უდანაშაულობის შესახებ - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში. აღნიშნულის საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაციაც სხდომაზე ჩვენების, ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა. შესაბამისად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა დ----- ნ--------ის მხრიდან დაზარალებულ ა--------ლ ნ---------ზე ძალადობის განხორციელების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- ნ---------ს დაზარალებულ ა--------ლ ნ--------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

24. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.

 

25. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართლწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, § 40).

 

26. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, პარაგრაფი 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60).

 

27. სასამართლო იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას (საქმე „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2015 წლის 22 იანვარი, გადაწყვეტილება N1/1/5--), რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (პარაგრაფი N41).

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღწვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება (პარაგრაფი N42).

 

ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში (პარაგრაფი N43).

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ (პარაგრაფი N44).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს (პარაგრაფი N45).

 

28. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია, როგორც საქმის განხილვისას სახელმძღვანელო პრინციპი, უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან ასაცილებლად, აღიარებულია როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. აღნიშნული პრინციპის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების დროს წარმოშობილი ყოველგვარი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

29. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არა ერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49).

 

30. სასამართლო აღნიშნავს, რომ დ----- ნ--------ის მიერ ა--------ლ ნ--------ის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე მიუთითებს მხოლოდ დაზარალებულ ა--------ლ ნ--------ის ჩვენება. სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დ----- ნ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებიდან არ დასტურდება, რომ 2016 წლის 23 დეკემბერს, დ----- ნ---------მ ძალადობა ჩაიდინა მისი ძმის ა--------ლ ნ--------ის მიმართ.

 

31. სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ბრალდებულების ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, იმ გარემოებათა გამო, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ფაქტიურად წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენების გაგრძელებას და დაზარალებულის განმარტებაა მასში მოცემული, მომხდარ ფაქტთან და დაზიანებების მიყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები, ერთობლიობაში წარმოადგენენ დაზარალებულის ჩვენების გაგრძელებას და მათი ცალ-ცალკე მტკიცებულებებად მიჩნევა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად, დაუშვებელია და არ გამომდინარეობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

32. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე ნ-----–- ხ-----ის ჩვენებას და განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, ინფორმაციის მიწოდების წყაროდ მოწმემ დაასახელა დ----- ნ---------, განმარტა, რომ სწორედ დ----- ნ---------მ უთხრა მას, რომ ქ.ზესტაფონში, კ-----–---- ქუჩაზე, მდინარე ა---------- ხიდზე შეხვდა ა.ნ---------ს, რომელსაც კისერში მოჰკიდა ხელი და უთხრა დალაპარაკებოდა. სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს (2015 წლის 22 იანვრის N1/1/5-- გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) განმარტებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ ისეთი ჩვენების დასაშვებად ცნობა, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გაკეთებულ განცხადებას ან გავრცელებულ ინფორმაციას, შეიცავს მრავალ რისკს. მათ შორის, რთულია იმის შეფასება, თუ რამდენად სანდოა ან სარწმუნოა ასეთი ინფორმაცია (პარაგრაფი 29). მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. ირიბი ჩვენების შემთხვევაში კი ეს მექანიზმი სანდოობის უზრუნველსაყოფად ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია (პარაგრაფი 31). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დ----- ნ---------მ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გადაამოწმოს ინფორმაცია, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მოწმის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებები.

 

33. ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,112”-ის დეპარტამენტიდან წარმოდგენილ ა--------ლ ნ--------ის მიერ განხორციელებული ზარის აუდიო-ჩანაწერებს, რადგან ეს მტკიცებულება მოპოვებულია კანონის დარღვევით და იურიდიული ძალა არ გააჩნია. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი უფლებამოსილია გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. რაც შეეხება თავად კომპიუტერულ სისტემასა და მონაცემს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 27-ე ნაწილის მიხედვით კომპიუტერული სისტემა არის ნებისმიერი მექანიზმი ან ერთმანეთთან დაკავშირებულ მექანიზმთა ჯგუფი, რომელიც პროგრამის მეშვეობით, ავტომატურად ამუშავებს მონაცემებს (მათ შორის, პერსონალური კომპიუტერი, ნებისმიერი მოწყობილობა მიკროპროცესორით, აგრეთვე მობილური ტელეფონი). ამავე მუხლის 28-ე ნაწილის შესაბამისად კი კომპიუტერული მონაცემი არის კომპიუტერულ სისტემაში დამუშავებისათვის ხელსაყრელი ნებისმიერი ფორმით გამოსახული ინფორმაცია, მათ შორის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებას. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე უდავოა, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიო-ჩანაწერი წარმოადგენს კომპიუტერულ მონაცემებს. ხოლო, CD დისკი, რომელზეც დატანილია აღნიშნული ინფორმაცია, რაც მოხსნილია კომპიუტერული სისტემიდან, ამ შემთხვევაში წარმოადგენს კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებას. ხსენებული ინფორმაციის მოპოვების წესს ადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლითაც იმპერატიულად განისაზღვრა, რომ მოცემული მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-14310-ე მუხლების დებულებები. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით, განჩინებას პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე.

 

34. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ სსიპ „112“-ის აუდიო-ჩანაწერი წარმოადგენს კომპიუტერულ სისტემაში დაცულ კომპიუტერულ მონაცემს, ხოლო გამოძიებისთვის წარდგენილი დისკი არის კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალება, რომელშიც საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღბეჭდილია აუდიო-ჩანაწერის სახით. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, გამომძიებელს აღნიშნული მტკიცებულების მოპოვება უნდა მოეხდინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით დადგენილი წესებისა და პრინციპების დაცვით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით, ცალსახად არის დადგენილი კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი და მასში ზუსტადაა ასახული კანონმდებლის ნება, რაც არ აძლევს მხარეს უფლებას გადაუხვიოს დადგენილი წესიდან და ისეთი საგამოძიებო მოქმედება, ამ შემთხვევაში გამოთხოვა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით (ამ შემთხვევაში მითითებული მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432–14310-ე მუხლების დებულებათა გათვალისწინებით) თავისი ინტერესების და პოზიციის გასასამართლებლად, შეცვალოს და ჩაატაროს სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისათვის დადგენილი წესით.

 

35. საქართველოს სსსკ 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ „112“-დან გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე გადმოგზავნილი CD დისკი (მასზე არსებული ჩანაწერი) წარმოდგენს დაუშვებელ მტკიცებულებას და არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ. ასევე დაუშვებელია ამ მტკიცებულების საფუძველზე, 2017 წლის 23 თებერვალს გამომძიებელ კ-------–- ბ--------–---–ის მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმი (რომელშიც ასახულია სსიპ „112“-დან გამოთხოვილი აუდიო-ჩანაწერის შინაარსი).

 

36. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. ანალოგიური შინაარსის შემცველია ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სსსკ 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“. ამდენად, სასამართლო მიუთითებს, რომ დ----- ნ--------ის დამნაშავედ ცნობისათვის მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების -დაზარალებულის ჩვენების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, დ----- ნ--------- მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

37. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 267-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ----- ნ--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

დ----- ნ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს;

 

გამართლებულ დ----- ნ---------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: 2016 წლის 24 დეკემბერს, ბრალდებულ დ----- ნ--------ისგან აღებული ხელის ფრჩხილების ნიმუში, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2016 წლის 23 დეკემბერს, დათვალიერების დროს ამოღებული ა--------ლ ნ--------ის ტანსაცმელი: ერთ ცალი მოლურჯო ჯინსის შარვალი და ერთი ცალი მოშავო ფერის გრძელი ქურთუკი, საყელოსთან ბეწვით, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა--------ლ ნ---------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

2016 წლის 25 დეკემბერს, დათვალიერების დროს ამოღებული დ----- ნ--------ის კუთვნილი ტანსაცმელი: ერთი ცალი შავი ფერის სპორტული შარვალი და ერთ ცალი მუქი ყავისფერი ტყავის ქურთუკი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დ----- ნ---------ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

112-დან გადმოგზავნილი აუდიო-ჩანაწერი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე