გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080210116001407173
N2/1204-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
6 თებერვალი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელეები - ბა----- ლო-----ე, რუ------- დვ--–-–---–ი;
მოპასუხე - ლ-–- ლო-----ე ( არ გამოცხადდა), ლე--- ლო-----ე;
მოპასუხე - სს „საქართველოს ბანკი“;
წარმომადგენელი - ჯ---- ტა-–----ე;
დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 მაისის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული მოსარჩელეების კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: „ტოშიბას“ ფირმის მაცივარი, „ელჯის“ ფირმის ტელევიზორი, ყავისფერი ტელევიზორის მაგიდა, ტყავის სამეული, ჟურნალების მაგიდა, კედლის კარადა ე.წ „სტენკა“, ყავისფერი ხის სკამი 4 ცალი, ხის მაგიდა, კუთხის სავარძელი, „ინდეზიტის“ ფირმის სარეცხი მანქანა;
მოსარჩელეების მითითებით ცხოვრობენ ქ. ქუთაისში სულხან-საბას გამზ. N57ა/ბ32-ში, 2016 წლის 31 მაისს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა მათი შვილების ლე--- და ლ-–- ლო-----ეების ვალის გამო აღუწერეს და დაუყადაღეს მათი კუთვნილი მოძრავი ნივთები. მოძრავი ნივთები შეძენილია მათ მიერ და მოპასუხეებს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ მათ შეძენაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. როგორც შესაგებლით ასევე სასამართლო სხდომაზე მოპასუხე სს „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა ცნო სარჩელი.
2.2. სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ლე--- ლო-----ემ, ხოლო ლ-–- ლო-----ე სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 მაისის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული „ტოშიბას“ ფირმის მაცივარი, „ელჯის“ ფირმის ტელევიზორი, ყავისფერი ტელევიზორის მაგიდა, ტყავის სამეული, ჟურნალების მაგიდა, კედლის კარადის ე.წ „სტენკა“, ყავისფერი ხის სკამი 4 ცალი, ხის მაგიდა, კუთხის სავარძელი, „ინდეზიტის“ ფირმის სარეცხი მანქანა ეკუთვნის მოსარჩელეებს რუ------- დვ--–-–---–ს და ბა----- ლო-----ეს;
მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლი, 32-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველი დავის საგანია ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება. მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლიდან, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სარჩელი სასამართლოში მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.
6.2.„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). მოცემული ნორმით კანონმდებელმა შემოგვთავაზა შემდეგი პრეზუმფცია _ ნივთები, რომლებსაც მოვალესთან პოულობენ მას ეკუთვნის. მაგრამ სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის სწორად გადასაწყვეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე – ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, რომ ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მფლობელი მესაკუთრედ მივიჩნიოთ.
6.3.სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან და, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საკუთვნებლის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი მთავარ ნივთთან დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ საკუთვნებელი განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისათვის. საკუთვნებელი სივრცობრივად უკავშირდება მთავარ ნივთს. საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებლის მესაკუთრედ მიიჩნევა. საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განკუთვნილია მისი სამსახურისათვის და დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო დანიშნულებით.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოძრავი ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეებს, საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება კი წარმოდგენილი არ ყოფილა, პირიქით, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამდენად, იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2016 31 მაისს ქ. ქუთაისში სულხან საბას გამზ. N57ა/ბ32-ში აღწერილი და დაყადაღებული ნივთები არის მოსარჩელეთა საკუთრება, რის გამოც მითითებული ნივთები უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ლე--- ლო-----ემ და სს „საქართველოს ბანკმა“ მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი, შესაბამისად ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც შეეხება მოპასუხე ლ-–- ლო-----ეს, მოსარჩელეებმა მათ სასარგებლოდ მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე უარი თქვეს, შესაბამისად, მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ივნისის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა სადავო ნივთების რეალიზაცია.
ვინაიდან სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, სახეზე არ გვაქვს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლისა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ბა----- ლო-----ის და რუ------- დვ--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 31 მაისის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ნივთები: „ტოშიბას“ ფირმის მაცივარი, „ელჯის“ ფირმის ტელევიზორი, ყავისფერი ტელევიზორის მაგიდა, ტყავის სამეული, ჟურნალების მაგიდა, კედლის კარადა ე.წ „სტენკა“, ყავისფერი ხის სკამი 4 ცალი, ხის მაგიდა, კუთხის სავარძელი, „ინდეზიტის“ ფირმის სარეცხი მანქანა;
1.2. მოსარჩელეები მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში;
2. გადაწვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე