გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2018
საქმის ნომერი
080210116001385067
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210116001385067

N2/1034-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 თებერვალი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი”;

წარმომადგენელი - ლ--–- ბა----–--ე;

მოპასუხე - თი------ თო-----;

დავის საგანი - დავალიანების დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. თი------ თო-----ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 06 სექტემბრის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1250.44 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 955.11 ლარი, პროცენტი - 116.15 ლარი, პირგასამტეხლო 179.18 ლარი.

1.2. თი------ თო-----ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 მაისიდან) განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 955.11 ლარზე აღსრულებამდე წლიური 42% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შედაგენს 33.42 ლარს.

1.3. თი------ თო-----ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 მაისიდან) განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 955.11 ლარზე აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5% გადახდა, (რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.77 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

1.4. თი------ თო-----ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების 1640.40 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1493.79 ლარი, პროცენტი - 91.41 ლარი, პირგასამტეხლო 55.2 ლარი.

1.5. თი------ თო-----ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 მაისიდან) 2015 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1493.79 ლარზე აღსრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შედაგენს 22.4 ლარს.

1.3. თი------ თო-----ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 მაისიდან) 2015 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1493.79 ლარზე, აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიური 0.5% გადახდა, (რაც ყოველდღიურად შეადგენს 4.46 ლარს), მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 06 სექტემბერს სს ”თი---------სა” და თი------ თო-----ს შორის გაფორმდა განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა მოპასუხეზე გასცა ბარათი 960 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო წლიური სარგებელი 42%, კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% და ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-24);

- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.2. თი------ თო-----მ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის 21 თებერვალს და 2016 წლის 13 მაისის მდგომარეობით მისმა დავალიანებამ შეადგინა 1250.44 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 955.11 ლარი, პროცენტი - 116.15 ლარი, პირგასამტეხლო 179.18 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 38);

- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.3. 2015 წლის 24 თებერვალს სს ”თი---------სა” და თი------ თო-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა მოპასუხეზე გასცა ბარათი TBC Prime Card, 1500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო წლიური სარგებელი 18%, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის მაძილზე დაფარვის შემთხვევაში, 36% ბანკომატით ათვისების და ერთი წლის მაძილზე დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% და ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 25-30);

- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.1.4. თი------ თო-----მ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის მარტის თვეში და 2016 წლის 13 მაისის მდგომარეობით მისმა დავალიანებამ შეადგინა 1640.40 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1493.79 ლარი, პროცენტი - 91.41 ლარი, პირგასამტეხლო 55.2 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 38);

- მხარეთა ახსნა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ გაუხდიათ, მოპასუხემ მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება, რაც სამართლებრივად შესაფასებელი საკითხია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო თვლის რომ სს ”თი---------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420–ე, 623-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 06 სექტემბერს სს ”თი---------სა” და თი------ თო-----ს შორის გაფორმდა განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა მოპასუხეზე გასცა ბარათი 960 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო წლიური სარგებელი 42%, კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში.

ასევე 2015 წლის 24 თებერვალს სს ”თი---------სა” და თი------ თო-----ს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ბანკმა მოპასუხეზე გასცა ბარათი TBC Prime Card, 1500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო წლიური სარგებელი 18%, კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში, 36% ბანკომატით ათვისების და ერთი წლის მაძილზე დაფარვის შემთხვევაში.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ - სს “თი---------თან“ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში (2448.90 ლარის ფარგლებში) დაკმაყოფილების საფუძველს.

რაც შეეხება პროცენტის თანხას, მართალია მოპასუხემ ამ ნაწილში სარჩელი არ ცნო, თუმცა საფუძველი არ მიუთითებია, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის სახით ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 207.56 ლარის დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

სს ”თი---------სა” და თი------ თო-----ს შორის 2014 წლის 06 სექტემბერს გაფორმებული განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% და ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი. თი------ თო-----მ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის 21 თებერვალს და 2016 წლის 13 მაისის მდგომარეობით პირგასამტეხლომ შეადგინა 179.18 ლარი.

 

2015 წლის 24 თებერვალს სს ”თი---------სა” და თი------ თო-----ს შორის გაფორმებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% და ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი. თი------ თო-----მ დაარღვია ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის მარტის თვეში და 2016 წლის 13 მაისის მდგომარეობით პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 55.2 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას, ვალდებულების დარღვევამდე იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა, თუმცა მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა 0.5%, რასაც ემატება ფიქსირებული 20 ლარი, სასამართლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიაჩნია, რის გამოც ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე იგი უნდა შემცირდეს 0.03%. შესაბამისად, განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების დარღვევისათვის მოპასუხეს უნდა დაეკისროს ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ჯამში 9.55 ლარი (სულ 29.55 ლარი), საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ჯამში 2.11 ლარი (სულ 22.11 ლარი).

რაც შეეხება მოთხოვნას, დავალიანების ცნობის გაცემიდან აღსრულებამდე დასარიცხი პირგასამტეხლოს, ყოველდღიურად დავალიანების ძირი თანხის 0.5% მოპასუხეზე დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელე ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც, შესაბამისად, ეს მოთხოვნა მოიცავს პირგასამტეხლოს ფუნქციასაც.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელეს ადგება ზიანი, რაც მის მიერ სესხის სახით გაცემული ფულადი თანხიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობის დაკარგვაში გამოიხატება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით (საქმე №ას-681-652-2016) „საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“.

განსახილველ შემთხვევაშიც, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა მოპასუხეზე მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია, მაგრამ გონივრულობის ფარგლებში, არაუმეტეს ერთი წლისა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

იმავე კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

იმის გამო, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი, დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად, უნდა გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა სარჩელზე 201.23 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, ადვოკატის მომსახურების თანხა 268.30 ლარი, აკრძალვის რეგისტრაციის მოსაკრებელი 20 ლარი.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 3377.96 ლარის ფარგლებში, მოპასუხემ სარჩელი ცნო 2448.9 ლარის ნაწილში მოსამზადებელ სტადიაზე, შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 73.46 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის შესაბამისად, მასვე უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 24.21 ლარი, ხოლო 27.98 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი, ასევე ადვოკატის მომსახურების თანხა 135.11 ლარი და აკრძალვის რეგისტრაციის მოსაკრებელი 20 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 75.58 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თი------ თო-----ს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 0------------------. გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა, უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ”თი---------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. თი------ თო-----ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 06 სექტემბრის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1100.81 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 955.11 ლარი, პროცენტი - 116.15 ლარი, პირგასამტეხლო - 29.55 ლარი.

1.2. თი------ თო-----ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 მაისიდან) განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 955.11 ლარზე აღსრულებამდე წლიური 42% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შედაგენს 33.42 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

1.3. თი------ თო-----ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 1607.31 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 1493.79 ლარი, პროცენტი - 91.41 ლარი, პირგასამტეხლო 22.11 ლარი.

1.5. თი------ თო-----ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან (2016 წლის 13 მაისიდან) 2015 წლის 24 თებერვლის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1493.79 ლარზე აღსრულებამდე წლიური 18% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 22.4 ლარს, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა.

2. სს ”თი---------ს” უარი ეთქვას მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე.

3. თი------ თო-----ს სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 27.98 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის, ადვოკატის მომსახურების თანხის 135.11 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის მოსაკრებელის 20 ლარის ანაზღაურება.

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ‘’თი---------ს’’ 2016 წლის 01 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 97.67 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში TBCBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150;

5. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 75.58 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც თი------ თო-----ს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით 0------------------. გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა, დარჩეს ძალაში.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე