გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2018
საქმის ნომერი
100210017002125809
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210017002125809

2/256 -17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

18.01.2018 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს.,, ლ-------- ბ----“

წარმომადგენელი: ნ---- ქ-----–---–-

მოპასუხეები: გ---- კ--–--ე, თ--- ბ------ი, ი-----–--- ქ----ე

 

დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - ს.ს ” ლ-------- ბ----”-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - გ---- კ--–--ის (პ.ნ.5----------), თ--- ბ------ის (პ.ნ.3----------), და ი-----–--- ქ----ის (პ.№3----------) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2013 წლის 30 სექტემბერს ს.ს ” ლ-------- ბ----”-ს და გ---- კ--–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N0002/2013/32871 რის საფუძველზეც მან ისესხა 3300 ლარი 2018 წლის 08 ოქტომბრამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი -24 პროცენტი. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან. ხელშეკრულების თანახმად ვადაგადაცილების პირგასამტეხლო იყო ვადაგადაცილებული თანხის 0,5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მსესხებელს ჰყავს თავმდები პირები, 2013 წლის 30 სექტემბრის N0002/2013/32871/2 თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თ--- ბ------მა, ხოლო N N0002/2013/32871/1 ხელშეკრულებით ი-----–--- ქ----ემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 11 392 ლარს და 11 თეთრს.

2016 წლის 10 მაისიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი

თავმდებებს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.

 

მოსარჩელე თვლის, რომ 2017 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 3493,03 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 2158,73 ლარი, საპროცენტო სარგებელი არის 734,30ლარი, 600 ლარი არის პირგასამტეხლო.

მოსარჩელე ასევე ითხოვს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის- 105 ლარისა და საფოსტო ხარჯის-54 ლარის მოპასუხეებზე დაკისრებას. მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ აღსრულდეს გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხეებმა წერილობით პასუხში და სასამართლოს სხდომაზე მიუთითეს, რომ სარჩელს არ ცნობენ. მსესხებელი განმარტავს, რომ იგი იყო ვინმე ზვიად ყიფშიძის თავმდები და სწორედ ამ გარემოების საფუძველზე წარმოიშვა მასსა და მოსარჩელეს შორის ეს ხელშეკრულება. მის მიერ გადახდილი თანხა მთლიანად ფარავს ძველ და ახალ სესხს. ხელშეკრულების პროცენტი დიდია ასევე დიდია პირგასამტეხლოც. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო. ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას არ ეთანხმებიან მოპასუხეები.

- (იხ. სესაგებელი სხდომის ოქმი - 21.12.2017 წ)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2013 წლის 30 სექტემბერს ს.ს ” ლ-------- ბ----”-ს და გ---- კ--–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N0002/2013/32871 რის საფუძველზეც მან ისესხა 3300 ლარი 2018 წლის 08 ოქტომბრამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი -24 პროცენტი. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან. ხელშეკრულების თანახმად ვადაგადაცილების პირგასამტეხლო იყო ვადაგადაცილებული თანხის 0,5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.16-23)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. 2013 წლის 30 სექტემბრის N0002/2013/32871/2 თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თ--- ბ------მა, ხოლო N N0002/2013/32871/1 ხელშეკრულებით ი-----–--- ქ----ემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 11 392 ლარს და 11 თეთრს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 24-27

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. 2017 წლის 27 სექტემბერს გაცემული დავალიანების ცნობის მიხედვით მოპასუხეთა მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 4174 ლარს და 03 თეთრს, საიდანაც ძირითადი თანხაა 2158 ლარი და 73 თეთრი, ხოლო სესხზე დარიცხული პროცენტი შეადგენს 734,3 ლარი, სესხზე ვადაგადაცილებული ჯარიმა შეადგენს 1281 ლარს, თუმცა სასარჩელო მოთხოვნით ჯარიმა შემცირებულია 600 ლარამდე.

2016 წლის 10 მაისიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი

თავმდებებს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.32)

- გაფრთხილების წერილები (ს.ფ.33-40)

- მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,, ლ-------- ბ----”-ს სარჩელი გ---- კ--–--ე, თ--- ბ------ი, ი-----–--- ქ----ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ ძირითადი თანხის და დარიცხული საპროცენტო სარგებლის მოთხოვნა შეესაბამება კანონს. პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 403-ე, 405-ე, 407-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 799-ე, 891-ე და 895-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლი )

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

6.5.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს,იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი.

 

2013 წლის 30 სექტემბერს ს.ს ” ლ-------- ბ----”-ს და გ---- კ--–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N0002/2013/32871 რის საფუძველზეც მან ისესხა 3300 ლარი 2018 წლის 08 ოქტომბრამდე. წლიური საპროცენტო განაკვეთი -24 პროცენტი. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან.

2017 წლის 27 სექტემბერს გაცემული დავალიანების ცნობის მიხედვით მოპასუხეთა მიერ გადასახდელი თანხა შეადგენს 4174 ლარს და 03 თეთრს, საიდანაც ძირითადი თანხაა 2158 ლარი და 73 თეთრი, ხოლო სესხზე დარიცხული პროცენტი შეადგენს 734,3 ლარი, სესხზე ვადაგადაცილებული ჯარიმა შეადგენს 1281 ლარს, თუმცა სასარჩელო მოთხოვნით ჯარიმა შემცირებულია 600 ლარამდე.

2016 წლის 10 მაისიდან მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის გადახდის გრაფიკი

თავმდებებს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად ვადაგადაცილების პირგასამტეხლო იყო ვადაგადაცილებული თანხის 0,5 პროცენტი ყოველ ვადაგადაცილებულ დღე

მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ფარგლებში, კერძოდ ძირი თანხის 10 პროცენტამდე

 

6.7. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თავდებობის ხელშეკრულებები. 2013 წლის 30 სექტემბრის N0002/2013/32871/2 თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თ--- ბ------მა, ხოლო N N0002/2013/32871/1 ხელშეკრულებით ი-----–--- ქ----ემ იკისრეს სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 11 392 ლარს და 11 თეთრს. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.

 

სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდებები - თ--- ბ------ი და ი-----–--- ქ----ე ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.

 

6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

ამდენად სასამართლო თვლის, რომ გ---- კ--–--ეს, თ--- ბ------ს და ი-----–--- ქ----ეს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს.,, ლ-------- ბ----“-ს სასარგებლოდ 3108 ლარისა და 90 თეთრის გადახდა (საიდანაც 2158 ლარი და 73 თეთრი არის ძირი თანხა, 734 ლარი და 30 თეთრი არის პროცენტი და 215 ლარი და 87 თეთრი არის პირგასამტეხლო)

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს.ს. ,, ლ-------- ბ----ს“-ს (ს/კ2--------) სარჩელი გ---- კ--–--ის (პ.ნ.5----------), თ--- ბ------ის (პ.ნ.3----------) და ი-----–--- ქ----ის (პ.№3----------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. გ---- კ--–--ეს, თ--- ბ------ს და ი-----–--- ქ----ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს.,, ლ-------- ბ----“-ს სასარგებლოდ 3108 ლარისა და 90 თეთრის გადახდა (საიდანაც 2158 ლარი და 73 თეთრი არის ძირი თანხა, 734 ლარი და 30 თეთრი არის პროცენტი და 215 ლარი და 87 თეთრი არის პირგასამტეხლო)

 

2. გ---- კ--–--ეს, თ--- ბ------ს და ი-----–--- ქ----ეს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, ლ-------- ბ----“-ს სასარგებლოდ (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან) 93 ლარი და 27 თეთრის გადახდა.

 

გ---- კ--–--ეს, თ--- ბ------ს და ი-----–--- ქ----ეს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, ლ-------- ბ----“-ს სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გაწეული საფოსტო ხარჯის ანაზღაურება (სასამართლოს გარეშე ხარჯი) - 54 ლარის ოდენობით.

 

3. ს.ს. ,, ლ-------- ბ----“-ს (ს/კ2--------) მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი