გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/98-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი
სხდომის მდივანი ანა გარიჭიძე
მოსარჩელე - მ------–-------–------–---ი
წარმომადგენელი - ზ---–---------ე
მოპასუხე (შემაკავებელი ორდერის გამომცემი უფლებამოსილი ორგანო) - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველო
წარმომადგენელი - გ----------------ე
დაინტერესებული პირი - გ--------------ე
ადვოკატი - ლ--–--------–--ე
მოთხოვნის არსი- შემაკავებელი ორდერის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის გ----------------ის მიერ 2018 წლის 6 თებერვალს გამოცემული №001002 შემაკავებელი ორდერი.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 1 აგვისტოს დაქორწინდა გ-------–----------ეზე, თუმცა ქორწინების რეგისტრაცია არ განუხორციელებიათ. ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა შვილი ს----------------ე, დაბადებული 2016 წლის 5 აპრილს. მოსარჩელეს და გ-------–----------ეს შორის ბოლო პერიოდში დაიძაბა ურთიერთობა და ადგილი ჰქონდა მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტებს. 2017 წლის 25 ივნისიდან მოსარჩელე და მისი მეუღლე აღარ ცხოვრობენ ერთად. განქორწინების შემდეგ გ-------–----------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელის მიმართ ძალადობის ფაქტებს, რის გამოც 2018 წლის 3 იანვარს გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2018 წლის 6 თებერვალს კი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის მიერ გამოიცა N001002 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მოძალადეს წარმოადგენს მ------–-------–------–---ი, ხოლო მსხვერპლს გ--------------ე. სადავო შემაკავებელი ორდერის გამოცემის საფუძველი გახდა მოსარჩელის მიერ სოციალურ ქსელში ,,ფეიქსბუქში’’ განთავსებული პოსტი, რომელიც თითქოს ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს შეიცავს.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებული პოსტი არ შეიცავს ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნებს, რადგან ფსიქოლოგიური ძალადობა ეს არის - ძალადობის ,,ფარული’’ ფორმა მსხვერპლს დაუკარგოს საკუთარი თავის რწმენა, დააეჭვოს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებში და რეალობის ადეკვატურ აღქმაში.
მოსარჩელეს მიაჩნია, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ 2018 წლის 6 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერი პირდაპირ ლახავს მის ინტერესებს.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა მ------–-------–------–---ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
2.2. დაინტერესებული პირი - გ--------------ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ლ--–--------–--ე არ დაეთანხმნენ მ------–-------–------–---ის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ მოსარჩელე მაგდა გოშხეთელიანი გ--------------ეზე ახორციელებს ფსიქოლოგიურ ძალადობას, რასაც მისი მხრიდან აქვს არაერთჯერადი და სისტემატიური ხასიათი, შესაბამისად მიიჩნევენ, რომ არ არსებობს შემაკავებელი ორდერის გაუქმების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3. უდაო ფაქტობრივი.
3.1.1. დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა 2018 წლის 03 იანვარს გამოსცა №000973 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მსხვერპლი მ------–-------–------–---ი და მსხვერპლი დიმიტრი გოშხეთელიანი მოძალადე გ-------–----------ის მხრიდან განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. გ-------–----------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; გ-------–----------ეს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაცია, ასევე დადგინდა, რომ განხორციელდეს მოძალადის იმ სახლისგან მოშორება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №000973 შემაკავებელი ორდერი;
3.1.2. დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა 2018 წლის 03 იანვარს გამოსცა №000973 შემაკავებელი ორდერი გაასაჩივრა გ-------–----------ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. 2018 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით გ-------–----------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 03 იანვარს გამოცემული №000973 შემაკავებელი ორდერი გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც განხორციელდა მოძალადე გ-------–----------ის იმ სახლისგან მოშორება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. გ-------–----------ის სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვს გაუქმდეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 03 იანვარს გამოცემული №000973 შემაკავებელი ორდერი, რომლითაც გ-------–----------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე გ-------–----------ეს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო და სოციალური ქსელით კომუნიკაცია, არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გადაწყვეტილება.
3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 05 თებერვალს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარ სამმართველოში შევიდა შეტყობინება ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შეტყობინება.
3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 06 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელის მიერ ახსნა-განმარტება ჩამოერთვა გ--------------ეს, რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილი და რძალი ერთად თანაცხოვრების პერიოდში ცხოვრობდნენ ცალკე, შესაბამისად, მას მის ყოფილ რძალთან არ ჰქონდა დიდი ხნის ურთიერთობა. 2018 წლის 5 თებერვალს სოციალური ქსელით სარგებლობისას ნახა მისი ყოფილი რძლის მ------–-------–------–---ის პოსტი, სადაც ბრალს დებდა პაციენტის წამებაში, თაღლითობაში, ფულის გათეთრებაში და ოჯახის წევრებზე ძალადობაში. აღნიშნული პოსტის წაკითხვის შედეგად მან მიიღო ძლიერი სულიერი, ემოციური და ფსიქოლოგიური ტანჯვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გ--------------ის ახსნა-განმარტება;
3.1.5. დადგენილია, რომ 2018 წლის 06 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა შეადგინა ტელეფონზე გასაუბრების ოქმი, რომლის თანახმად, მ------–-------–------–---მა განმარტა, რომ Dea Goshxeteliani-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ გ--------------ე ძალადობდა ოჯახის წევრებზე, ასევე გონივრული ეჭვით ის აწამებდა პაციენტებს, თაღლითობდა და ათეთრებდა ფულს მის მიერ იყო დაწერილი. მ------–-------–------–---ს პატრულ ინსპექტორის მიერ განემარტა, რომ აღნიშნულის გამო მის მიმართ შედგებოდა შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მას აეკრძალებოდა მსგავსი პატივისა და ღირსების შემლახველი პოსტის დადება ან მიწერა 30 დღის ვადით, ასევე განემარტა შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოქმი ტელეფონზე გასაუბრების შესახებ.
3.1.6. დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა 2018 წლის 06 თებერვალს გამოსცა №001002 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მსხვერპლი გ--------------ე მ------–-------–------–---ის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას. კერძოდ მოძალადე მ------–-------–------–---მა ,,ფეისბუქზე“, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ბრალს სდებს გ--------------ეს ძალადობაში და ცილის წამებაში, გონივრული ეჭვით პაციენტების წამებაში, თაღლითობაში და ფულის გათეთრებაში. მ------–-------–------–---ს აეკრძალა პატივისა და ღირსების შემლახველი სტატუსების გამოქვეყნება ან მიწერა. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №001002 შემაკავებელი ორდერი;
- შემაკავებელი ორდერის ოქმი;
3.1.7. საქმეში წარმოდგენილია მ------–-------–------–---ის სოციალური ქსელიდან ამონარიდი და მასმედიის საშუალებით გავრცელებული სტატიების ასლები, სადაც მ------–-------–------–---ი საუბრობს როგორც პირად ცხოვრებაში კონფლიქტის არსებობის თაობაზე ასევე, გ--------------ის პირად და საქმიან ცხოვრების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური ქსელიდან და მასმედიით გავრცელებული სტატიების ასლები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------–-------–------–---ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე და „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2114-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის წესი და მოქმედების ვადა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო, მე-10 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, კერძოდ, ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. ამავე მუხლის მე-36 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი ამოქმედდება გამოცემისთანავე. იგი 24 საათის განმავლობაში ეგზავნება/ჰბარდება მსხვერპლსა და მოძალადეს, ხოლო შემაკავებელი ორდერის ერთი ეგზემპლარი რჩება მის გამომცემ ორგანოში. ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.
„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, მსხვერპლი/სავარაუდო მსხვერპლი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) მიმართოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოს დამცავი ორდერის ან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით.
,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიცია საკუთარი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებს სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ: ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად: ა.ა) დროებითი ღონისძიების სახით გამოსცემს შემაკავებელ ორდერს ან იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერს; ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების თანახმად დადგენილია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა 2018 წლის 6 თებერვალს გამოსცა №001002 შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმად მსხვერპლი გ--------------ე, მოძალადე მ------–-------–------–---ის მხრიდან განიცდის ფსიქოლოგიურ ძალადობას. მ------–-------–------–---ს აეკრძალა პატივისა და ღირსების შემლახველი სტატუსების გამოქვეყნება ან მიწერა. შემაკავებელი ორდერი გამოიცა 30 (ოცდაათი) დღის ვადით.
6.2. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ფსიქოლოგიური ძალადობა არის შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი).
ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი არის ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ხოლო, ამავე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოძალადე არის ოჯახის წევრი, რომელიც არღვევს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობით ან იძულებით.
ამდენად, მითითებული საკანონმდებლო აქტების დანაწესების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი აქვს თუ არა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ისეთი სახის ძალადობის გამოყენებით, როგორიცაა ფსიქოლოგიური ძალადობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ------–-------–------–---ი არის გ--------------ის ყოფილი რძალი. ასევე დადგენილია, რომ მ------–-------–------–---სა და გ--------------ის შვილს გ-------–----------ეს შორის არსებობს კონფლიქტი, რომლის შედეგად მათ მიმართ გამოცემულია შემაკავებელი ორდერი, ხოლო, გ-------–----------ის (მ------–-------–------–---ის ყოფილი მეუღლე) მიმართ, ოჯახში ძალადობის გამო, ასევე გამოყენებული სისხლის სამართლებრივი ღონისძიება. საქმეში წარმოდგენილი მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური დამოკიდებულება კრიტიკულ ზღვარამდეა მისული.
2018 წლის 06 თებერვლის მ------–-------–------–---თან ტელეფონზე გასაუბრების ოქმის თანახმად, ფეისბუქმომხმარებელის Dea Goshxeteliani-ს მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც მითითებული იყო რომ - გ--------------ე ძალადობდა მისი ოჯახის წევრების მიმართ, ასევე გონივრული ეჭვით ის აწამებდა პაციენტებს, თაღლითობდა, ათეთრებდა ფულს იყო თუ არა მისი დაწერილი, მ------–-------–------–---მა განმარტა, რომ პოსტი ნამდვილად მისი დაწერილია. სასამართლო სხდომაზე მ------–-------–------–---ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების თანახმად, მ------–-------–------–---ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი არ შეიცავს იმ ნიშნებს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა გ--------------ე მიჩნეული ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლად. მისივე განმარტებით, ფსიქოლოგიური ძალადობის დადგენა საკმაოდ რთულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ შემაკავებელი ოქმის შედგენისას, დეტალურად უნდა ყოფილიყო გამოკვლეული რადგან, ფსიქოლოგიური ძალადობა შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის ,,ფარულ’’ ფორმად, რომელიც მოიცავს შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას და სხვა ამგვარ მოქმედებებს, რომელიც პიროვნებას უკარგავს საკუთარი თავის რწმენას, აეჭვებს მას საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში, ამასთან ერთად იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას რასაც, მოსარჩელის წარმომადგენლის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის წარმომადგენელის მხრიდან გაკეთებული იქნა განცხადება შემაკავებელი ორდერის მოქმედებისა და ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვების პირობებში, თავად მ------–-------–------–---ის მიმართ პირდაპირი ზიანის არსებობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე, დაინტერესებულმა პირმა გ--------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა წარმოადგინეს სოციალური ქსელიდან კონკრეტული პოსტის ამონაბეჭდი და ჟურნალ-გაზეთებიდან გაკეთებული საგაზეთო სტატიების ასლები, სადაც მ------–-------–------–---ი საუბრობს ყოფილი მამამთილის პირადი ცხოვრების დეტალებზე, გონივრულ ეჭვს გამოთქვამს მთელ რიგ ქმედებებთან, მის მიერ დაკავებული თანამდებობრივი მდგომარეობისა და სამსახურებრივი საქმიანობისა კანონიერებაზე. გ--------------ემ აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰყავს ოჯახი - მეუღლე, სამი შვილი, საიდანაც ერთი არასრულწლოვანია და ასევე, მცირეწლოვანი შვილიშვილი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით უმეტეს დროს მათთან იზრდება. ასევე, როგორც დაწესებულების ხელმძღვანელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია მრავალი ადამიანის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, მ------–-------–------–---ის მიერ გაკეთებული გამონათქვამები, სოციალურ ქსელში გამოყენებული პოსტების და მასმედიასთან მიცემული ინტერვიუები მასში იწვევს შეურაცხყოფის, შანტაჟისა და დამცირების შეგრძნებას, რადგან ყოველივე აღნიშნული ეხება არა მხოლოდ მას, არამედ მის ახლობლებს და იმ ადამიანებს რომლებზეც ის პასუხისმგებელია. მისივე განმარტებით, მ------–-------–------–---ის მიერ მიცემული ინტერვიუ და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარები შეიცავს მუქარასაც, ყოველივე აღნიშნული კი იწვევს გ--------------ის პატივისა და ღირსების შელახვას.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის იმ განმარტებას, რომ ფსიქოლოგიური ძალადობა წარმოადგენს ე.წ. ძალადობის ,,ფარულ’’ ფორმას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ არსებობს პირდაპირი და არაპირდაპირი (ანუ სტრუქტურული) ძალადობა. პირდაპირი ძალადობა ნიშნავს ფიზიკურ ძალადობას, ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების გამოყენებას, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანის (ან საზოგადოების) წინააღმდეგ, რა დროსაც ადგილი აქვს ისეთ ხილულ შედეგებს, რომელიც ეჭვქვეშ არ დგება შეფასების თვალსაზრისით, რამეთუ სახეზეა ძალადობის შედეგი - ფიზიკური დაზიანება (ზიანი), სიკვდილი. არაპირდაპირი ,,ფარული“ ძალადობა კი ნიშნავს ექსპლუატაციას, ფსიქოლოგიურ ძალადობას, სოციალურ უსამართლობას, რომელიც შესაძლოა დიდი დროის განმავლობაში იყოს კულტივირებული და მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას გახდეს დეკლარირებული.
ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის ,,ფარული“ ფორმა ძალადობის ამ ფორმის შეცნობის სირთულეში მდგომარეობს, რომელიც შესაძლოა, დროის გარკვეული პერიოდი თავად მსხვერპლის შემეცნების არეალის მიღმა (სუბიექტურად თუ ობიექტურად აღქმას მოკლებული) დარჩეს. ამ სახის ძალადობის ,,ფარულობა“ სხვა, დამოუკიდებელი დამკვირვებლისთვის (სპეციალური განათლებისა და უნარ-ჩვევების ადამიანების გამოკლებით) კიდევ უფრო რთულად შესაცნობი და აღქმადი არის, რადგან ძალადობის ეს ფორმა ყველაზე მეტად შეითავსებს სოციალური, კულტურული, რელიგიური თუ ტრადიციული ელემენტების არსებობას რაც ბუნებრივია, ართულებს მისი არსებობის ობიექტურად შეფასებას. ,,ობიექტური შეფასების კრიტერიუმის“ დადგენა და შესაბამისად, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტის დადასტურება კი, ხშირ შემთხვევაში დამოკიდებულია იმ სტერეოტიპულ ურთიერთობებზე, რომლის სოციუმის წევრებსაც წარმოადგენენ მოძალადე და მსხვერპლი.
ფსიქოლოგიური ძალადობა შესაძლოა შეიცავდეს ემოციურ ან/და მორალური ძალადობის ნიშნებს და არსებობდეს ერთდროულად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. შესაბამისად, ასევე, დამოუკიდებლად ან/და ერთდროულად იწვევდეს მსხვერპლის ფსიქოლოგიურ ტრავმირებას - შფოთვას, დეპრესიას, სტრესულ, ნერვიულ მოშლილობას, დათრგუნულობას, ღირსების გრძნობის შელახვას. ამ სახის ძალადობა დამახასიათებელია მხარეთა ურთიერთობის დისბალანსის დროს, მათ შორის კონფლიქტის აღმოცენების, განვითარებისა და შემდგომ ეტაპზეც კი. ამდენად, გამონათქვამები (ვერბალური თუ წერილობითი სახით გავრცელებული) რომლებიც იწვევენ ადამიანის წყენას, შეურაცხყოფას, გაღიზიანებას, აგრესიას, თვითშეფასების დაქვეითებას, მიმართულია მისი ავტორიტეტის დაკნინებისა და პატივის და ღირსების შელახვისკენ, ბუნებრივია ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის დეფინიციის სფეროში.
აღსანიშნავია, რომ ფსიქოლოგიური ძალადობის შემცველი ქმედების ერთეული შემთხვევისათვის ძალადობის კვალიფიკაციის მინიჭება საკმაოდ რთულ საკითხს წარმოადგენს, რადგან ამ სახის ძალადობისათვის დამახასიათებელია შესაბამისი ე.წ. ,,კლიმატის“ ფორმირება. ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენისათვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ძალადობის სისტემატიური და განმეორებადი ხასიათი. ფსიქოლოგიური ძალადობის შეიძლება იყოს გამიზნული, მიზანმიმართული, თუმცა მოძალადის მხრიდან შესაძლებელია ქმედება გაუაზრებელიც კი იყო და მის ემოციურ მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, მაგრამ აღნიშნული თითქმის ყოველთვის განგრძობადი ხასიათის ქმედებაა. თუმცა, არსებობს გამონაკლისი ერთეული შემთხვევებიც, რომლებიც ასევე ექცევა ფსიქოლოგიური ძალადობის კვალიფიკაციის სფეროში, რაც დამოკიდებულია მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობაზე, მათ სოციალურ მდგომარეობაზე, ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ძალადობის გამოვლინების ხარისხზე. ამდენად, ფსიქოლოგიური ძალადობის არსებობის დადასტურება რთულია, თუმცა შესაძლებელია მთელი რიგი ისეთი სახის მტკიცებულებებით, როგორიცაა წერილობითი, ვიდეო, აუდიო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანი არის ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა.
ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ შემაკავებელი ორდერის მიზანი არის მოხდეს მსხვერპლის დაცვა ძალადობისაგან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 06 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს მიერ შედგენილ იქნა №001002 შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით მოძალადე მ------–-------–------–---ი ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს მსხვერპლის გ--------------ის მიმართ. ანუ, დასახელებული შემაკავებელი ორდერი გამოიცა გ--------------ის ძალადობისაგან დაცვის მიზნით.
,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ.
ამავე კანონის მე-171 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამცავი და შემაკავებელი ორდერების გამომცემი ორგანოები, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი, ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულება და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო ვალდებული არიან, მსხვერპლს მისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით გააცნონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმებისა და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ.
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოცემული კონვენცია ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის, ოჯახში ძალადობას, რაც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, კონვენცია გამოიყენებული უნდა იქნას ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლთან მიმართებაში.
მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა. ხოლო 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხისმგებელი სამართალდამცავი უწყებები სწრაფად და სათანადოდ რეაგირებდნენ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობაზე მსხვერპლისთვის ადეკვატური და დაუყოვნებლივი დაცვის შეთავაზების გზით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხისმგებელი სამართალდამცავი უწყებები სწრაფად და სათანადოდ ახორციელებდნენ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის პრევენციასა და მისგან დაცვას, მათ შორის, პროფილაქტიკური ოპერატიული ზომების გამოყენებას და მტკიცებულების შეგროვებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმადაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დამკვიდრებული მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო, მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, თავად წყვეტს რომელი მათგანი უნდა მიიჩნიოს სარწმუნოდ და გაიზიაროს. სასამართლოს მიერ მტკიცებულების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურ, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მხარეთა ახსნა-განმარტება, წარმოდგენილი მტკიცებულება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების განხილვას, დადგენას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი სახის არგუმენტები და მტკიცებულებები, რომელიც დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით დაადასტურებდა შემაკავებელი ორდერის უკანონობას, მაგდალინა გოშხეთალიანის კანონით გათვალისწინებული რომელიმე კონკრეტული უფლების შეზღუდვას და მის მიმართ პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობას. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით მ------–-------–------–---ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ 2018 წლის 6 თებერვალს გამოცემული №001002 შემაკავებელი ორდერი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII3 თავით მოწესრიგებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთასთან, ძალადობის მსხვერპლთა დაცვასთან და დახმარებასთან დაკავშირებით (2112 -2115 მუხლები).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3. მუხლის თანახმად, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში მხარეები განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13; 2112-ე, 2114-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონით, და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------–-------–------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.
მოსამართლე ლელა მილდენბერგერი