გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.02.2018
საქმის ნომერი
340210017001849079
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210017001849079

საქმე # 2/190-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.02.2018 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - ზა----------------–---–ი

წარმომადგენელი - მა----–----------–---–-------–-ძე

მოპასუხე - გი--------------–-–---–ი

წარმომადგენელი - მა--------–-----–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხეს გი--------------–-–---–ს დაეკისროს მიწის ნაკვეთის შესყიდვისთვის გადაცემული 4000 ლარის და ამავე ნაკვეთის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯის 1430 ლარის, სულ 5430 ლარის გადახდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი: 2006 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხესთან უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებ დადო, რომლის საფუძველზეც 6500 ლარად 1035.7 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი შეიძინა (ს.კ. 5----------7). აღნიშნულ ქონებაზე მოსარჩელემ საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოპასუხისგან იმავდროულად სახლისა და ეზოს მიმდებარე 0.41 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთიც შეიძინა, რაშიც მოპასუხეს 4000 ლარი გადაუხადა, მაგრამ იმ დროს ნასყიდობის ხელშეკრულება ამ მიწის ნაკვეთზე ვერ გააფორმა, რადგან მოპასუხეს 800 ლარის ოდენობით საგადასახადო დავალიანება ერიცხებოდა. მთლიანობაში მოსარჩელემ მოპასუხეს 10500 ლარი გადასცა.

2012 წელს საყოველთაო რეგისტრაცია გამოცხადდა, რა დროსაც მოსარჩელემ შეძლო მოპასუხისგან 4000 ლარად შეძენილი ნაკვეთის რეგისტრაცია, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს რეგისტრაცია უკანონო იყო და გააუქმეს. მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი დაამზადებინა და მოპასუხეს უძრავი ქონების რეგისტრაცია და შემდგომ მის სახელზე გაფორმება მოსთხოვა, მაგრამ მოპასუხემ უთხრა, რომ ამ ნაკვეთს აღარ მისცემდა.

მოსარჩელე დასახმარებლად სოფლის რწმუნებულთან მივიდა, რომელთან შეხვედრისას მოპასუხემ მიწის ნაკვეთის გაყიდვის და სანაცვლოდ თანხის მიღების ფაქტი აღიარა, თუმცა ნაკვეთის გადმოცემაზე მოპასუხემ კვლავ უარი განაცხადა. მოსარჩელემ ყვ----–-ს პოლიციასაც მიმართა, მაგრამ მათ განუმარტეს, რომ დავა სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხისგან 0.41 ჰა მიწის ნაკვეთის მიყიდვის ფაქტს ადასტურებს ისიც, რომ ამ ნაკვეთს შესასვლელი მხოლოდ მისი კუთვნილი ეზოს მხრიდან გააჩნია და შესაბამისად, მისი ეზოს გარეშე არ არის დამოუკიდებული უფლების ობიექტი. ამავე დროს, რადგან ფიქრობდა, რომ ნაკვეთი მისი საკუთრება იყო, ამ ნაკვეთზე ხარჯი გასწია - გაასუფთავა და გალავანი ააშენა. ნაკვეთის შემოღობვისთვის გაწეული ხარჯის ღირებულებამ 1430 ლარი შეადგინა.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხე მიწის ნაკვეთის გადაცემაზე უარს აცხადებს, ამიტომ იძულებულია მოითხოვოს მისთვის გადაცემული 4000 ლარის და მიწის ნაკვეთის შემოღობვაზე გაწეული ხარჯის 1430 ლარის გადახდევინების დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1 მოპასუხე გი--------------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ მისგან მხოლოდ საცხოვრებელი სახლი და 1035.7 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი შეიძინა. ამასთან ამ ქონებისთვი მოსარჩელემ 6500 ლარი კი არა 6000 ლარი გადაიხადა. მომიჯნავედ მდებარე 0.41 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი ნასყიდობის საგანი არ ყოფილა. შესაბამისად, ამ მიწის ნაკვეთისთვის მოსარჩელეს 4000 ლარი არ გადაუხდია. მოსარჩელემ მიითვისა 0.41 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე უკანონო რეგისტრაცია განახორციელა, რომელიც შემდგომ გაუქმდა და ამჟამად უძრავი ქონება მოპასუხის სახელზე ირიცხება. მოპასუხემ მიუთითა, რომ 2012 წლის დასაწყისში მასთან მოსარჩელე მივიდა და უთხრა, რომ 0.41 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნა----–-----ე ითხოვდა მიწის ნაკვეთის შეღობვას და მეზობელთან კეთილგანწყობის შენარჩუნების მიზნით უმჯობესი იქნებოდა თუ ღობეს გააკეთებდა. ნაკვეთის შემოღობვის მიზნით მან მოსარჩელეს 1500 ლარი გადასცა. სწორედ ამ თანხით მოხდა სამუშაოების ჩატარება. შემდგომ კი გაიგო, რომ მოსარჩელემ ღობის მშენებლობისთვის თანხა ნა----–-----ესაც გამოართვა. მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო უარის თქმა მოითხოვა.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 მხარეებმა 2006 წლის 24 ოქტომბერს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადეს, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე ზა----------------–---–მა მოპასუხე გი--------------–-–---–ისგან ყვ----–-ს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-----ში მდებარე, საჯარო რეესტრში №5----------1 საკადასტრო კოდი რეგისტრირებული (ნაკვეთის წინა ნომერი 5----------0) 1036 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი შეიძინა. უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში აღირიცხა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-29);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20).

3.1.2 მოპასუხისგან 2006 წლის 24 ოქტომბერს შეძენილი უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარეობს 3636 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც 2012 წლის 29 ივლისს მოსარჩელის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ამონაწერის მიხედვით საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს საკომლო წიგნის ჩანაწერი და პირადი განცხადება წარმოადგენდა. ამ მიწის ნაკვეთზე, საჯარო რეესტრის 09.11.2015 წლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და 29.12.2015 წლიდან უძრავი ქონება მოპასუხე გი--------------–-–---–ის საკუთრებად დარეგისტრირდა (ს.კ. 5----------7). უფლების დამდგენ დოკუმენტად ამონაწერში მიწის მიღება-ჩაბარების №760 აქტია მითითებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 21-22; 17-18).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, რომ მან 2006 წლის 24 ოქტომბერს მოპასუხისგან 3636 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც შეიძინა და სანაცვლოდ მოპასუხეს 4000 ლარი გადაუხადა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხესთან წერილობითი ხელშეკრულების დადება ვერ შეძლო, რადგან მოპასუხეს 800 ლარის ოდენობით საგადასახადო დავალიანება ჰქონდა, ამიტომ მოპასუხესთან ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულება დადო და უძრავი ქონების საფასური 4000 ლარი გადაუხადა. ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ყვ----–-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ჭ-----ის რწმუნებულის სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაზე მიუთითა. აგრეთვე, მოსარჩელის შუამდგომლობით სასამართლო სხდომაზე მოწმედ გე---------------ი, გუ------------–--ი და ნო----------–-–---–ი დაიკითხნენ.

სოფელ ჭ-----ის რწმუნებულის ცნობაში მითითებულია, რომ მოსარჩელე ნამდვილად ფლობს საცხოვრებელ სახლს მიმდებარე ტერიტორიით, რომელიც მან გ. კა-----–-–---–ისგან შეისყიდა. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა პირებმა კი განმარტეს, რომ მოსარჩელემ მოპასუხისგან როგორც საცხოვრებელი სახლი და ეზო აგრეთვე, მიმდებარე 3636 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიც შეიძინა და მოსარჩელეს მთლიანობაში 10 500 ლარი გადაუხადა. თანხის გადაცემას დაახლოებით 10-15 ადამიანი ესწრებოდა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც სოფელ ჭ-----ის რწმუნებულის ცნობა, აგრეთვე მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმეთა ჩვენება არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას, რომლითაც მხარეთა შორის უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების დადება და ამ ხელშეკრულების ფარგლებში 4000 ლარის გადახდის ფაქტი დადასტურდება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმის განხილვის დროს მტკიცების ტვირთი თანაბრად არის მხარეებს შორის განაწილებული. ამასთან, როგორც წესი, ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეს აკისრია, რომელიც ფაქტის არსებობაზე მიუთითებს და არა იმას, რომელიც ფაქტის არსებობას უარყოფს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილია, რომ გარემოებები, რომელთა დადასტურებაც სპეციალური მტკიცებულებით უნდა მოხდეს, არ შეიძლება სხვა მტკიცებულებებით დადასტურდეს. აღნიშნული კი განპირობებულია იმით, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი რიგ შემთხვევებში პირდაპირ არის მატერიალური სამართლის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებზე დამოკიდებული და მისგან გამომდინარეობენ.

განსახილველ შემთხვევაში მხარეები დავობენ დაიდო თუ არა მათ შორის უძრავ ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და მოხდა თუ არა მის ფარგლებში მოპასუხისთვის თანხის გადაცემა. სასამართლო, ამ სადავო გარემოების დადგენის მიზნით, მიუთითებს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დადების თარიღად მითითებულ პერიოდში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენასთან დაკავშირებით მოქმედ სამართლებრივ ნორმებზე. კერძოდ, 2006 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელი იყო სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის შედგენა და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციაზე განცხადების შეტანა შეეძლო როგორც გამსხვისებელს, ისე შემძენს. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებდა უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემის ან შეძენის ვალდებულებას, სანოტარო წესით უნდა დამოწმებულიყო. ამავე კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით, უძრავი ქონების შესაძენად სანოტარო წესით დამოწმებული საბუთის შედგენა სავალდებულო პირობას წარმოადგენდა. შესაბამისად, მხარეთა შორის სადავო გარიგების დადების მომენტისთვის მოქმედი მატერიალური სამართლის ნორმებით დადგენილი იყო მტკიცებულების სპეციალური სტანდარტი, რომლის მიხედვით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგების დადასტურება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შორის დადებული და სანოტარო წესით დადასტურებული ხელშეკრულებით. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხესთან ზეპირი ხელშეკრულება დადო. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მატერიალური სამართლის ნორმებით დადგენილი სპეციალური მტკიცებულება - სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ამდენად, მოსარჩელე მხარემ მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება ვერ უზრუნველყო. რაც შეეხება მოპასუხის საგადასახადო ვალდებულებაზე მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, ამ ნაწილში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოპასუხის საგადასახადო ვალდებულების არსებობის ფაქტი დადასტურდებოდა.

ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში სასამართლო აგრეთვე მატერიალური სამართლის ნორმებზე მიუთითებს, ვინაიდან ვალდებულების შესრულების სადავოობის შემთხვევაში მტკიცების სტანდარტი მატერიალური სამართლის ნორმებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად წყდება.

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მოპასუხეს უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ 4000 ლარი გადასცა. მოპასუხემ განმარტა, რომ მას უძრავი ქონების გაყიდვის სურვილი არასდროს ჰქონია, მოსარჩელესთან სადავო ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება არ დაუდია და არც რაიმე თანხა მიუღია.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთზე წერილობითი ხელშეკრულების დადების ხელშემშლელი გარემოება მოპასუხის საგადასახადო დავალიანება იყო, თუმცა მხარეს საგადასახადო ვალდებულების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამავდროულად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულების არსებობა ვერ შეუშლიდა ხელს მხარეებს შეედგინათ წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც სადავო მიწის ნაკვეთის შეძენის სანაცვლოთ 4000 ლარის გადაცემის ფაქტი დადასტურდებოდა.

სასამართლო განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულებების შესრულების ფაქტების დადგენა იმ პირობებში, როდესაც მეორე მხარე უარყოფს თანხის მიღების ფაქტს, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების და მოწმეთა ჩვენების საფუძველზე დაუშვებელია. ამდენად, მოსარჩელე მხარემ მოპასუხისათვის 4000 ლარის გადაცემის ფაქტის დადასტურება ვერ შეძლო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-15)

- შესაგებელი (ს.ფ. 61-72);

- ცნობა (ს.ფ. 32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 08.02.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ მან მიწის ნაკვეთის შეღობვისთვის მოსარჩელეს 1500 ლარი გადასცა.

როგორც ზემოთ აღინიშნა (იხ. 3.2.1 ფაქტობრივი გარემოება) ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში სასამართლო ხელმძღვანელობს მატერიალური სამართლის ნორმებით, რომლის მიხედვით, ფულადი ვალდებულებების შესრულების ფაქტების დადგენა იმ პირობებში, როდესაც მეორე მხარე უარყოფს თანხის მიღების ფაქტს, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე დაუშვებელია. მოპასუხე მხარეს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელისთვის 1500 ლარის გადაცემის ფაქტი დადასტურდებოდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებელი (ს.ფ. 61-72);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 08.02.2018 წლის სხდომის ოქმი).

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს, როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც სურთ. ამასთან, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ გარდა სახელშეკრულებო ურთიერთობებისა, მხარეთა შორის შეიძლება წარმოიშვას კანონისმიერი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობა. ეს ისეთი ურთიერთობებია, რომელიც მხარეთა შორის წინასწარ რაიმე შეთანხმების აუცილებლობას არ ითვალისწინებს და მის წარმოშობას კანონიდან გამომდინარე კონკრეტული გარემოების დადგომა განაპირობებს. ასეთ გარემოებად კი შეიძლება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ბათილობა ან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე რაიმე ვალდებულების, მათ შორის ფულადი ვალდებულების შესრულებამ განაპირობოს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს უძრავი ქონების ნასყიდობის ზეპირი გარიგების საფუძველზე 4000 ლარი გადასცა. მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულების დადება და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა აღარ მოხდა, რის გამოც მოპასუხე ვალდებულია უსაფუძვლოდ გადაცემული თანხა დაუბრუნოს.

მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშვა ან შეწყდა შემდგომში. აგრეთვე, მიუთითებს ამავე კოდექსის 991-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა, დაუბრუნოს მას მიღებული.

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია პირის გამდიდრება მოხდეს სხვა პირის ხარჯზე და გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ უნდა არსებობდეს ან შემდგომში უნდა შეწყდეს. ანუ, უსაფუძვლო გამდიდრებისთვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს პირი სხვის ხარჯზე იძენს რაიმე ქონებას, თუ ხდება საკუთარი ქონების დაზოგვა. მთავარია ეს სხვა პირის ხარჯზე შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე მოხდეს. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის უსაფუძვლო გამდიდრების მარეგულირებელი ნორმების გამოყენებით გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გამოირიცხოს სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნებოდა დავის გადაწყვეტა.

სასამართლო განმარტავს, რომ 976-981-ე მუხლებიდან გამომდინარე მხოლოდ გარიგების ბათილობა, არარსებობა ან სხვა საფუძვლით შეწყვეტა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სახეზე იყოს უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ურთიერთობისთვის მნიშნველოვანია, რომ მოპასუხეს (მოვალეს) ასეთი გარიგების საფუძველზე რაიმე სამართლებრივი სიკეთე ჰქონდეს მიღებული. ანუ, მეორე მხარის მიმართ თანხის (მიღებული ქონების) დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ კონტრაჰენტმა ბათილი, არარსებული ან შემდგომ შეწყვეტილი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო თანხა ან სხვა რაიმე სარგებელი. ბათილი ხელშეკრულების დადება მხარეებს შორის, თუ თანხის გადაცემა რეალურად არ მომხდარა, თანხის დაბრუნების ვალდებულებას არ წარმოშობს, რადგან ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში დადებული ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება და მხოლოდ ფორმალურად მისი დადება არ შეიძლება ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში ფულად ვალდებულებას აკისრებდეს მეორე მხარეს.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე უთითებდა, რომ მოპასუხეს 4000 ლარი გადასცა, თუმცა საქმის განხილვის შედეგად ამ ფაქტის დადასტურება ვერ შეძლო. შესაბამისად, სახეზე არ არის უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით დადგენილი პირობა - სამართლებრივი სიკეთე, რომელიც მოპასუხემ ბათილი ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო. ამ პირობის არარსებობა კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისთვის 4000 ლარის გადაცემის ფაქტი ვერ დადასტურდა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ მოხდეს ბათილი ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხის დაბრუნება, მოკლებულია როგორც ფაქტობრივ ასევე სამართლებრივ საფუძვლებს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. მოსარჩელის მეორე მოთხოვნას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის შეღობვაზე გაწეული ხარჯის 1430 ლარის გადახდევინების დაკისრება. მხარემ მიუთითა, რომ ხარჯის გაწევა მოხდა 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ქონებაზე მისი საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.

საქმის განხილვისას მოპასუხემ დაადასტურა, რომ მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს მფლობელობაში 2007 წელს გადასცა (იხ. სასამართლოს 08.02.2018 წლის სხდომის ოქმი 13:54:41-13:55:47 სთ). აგრეთვე დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთი 2012 წლის 29 ივლისიდან 2015 წლის 09 ნოემბრამდე საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად იყო რეგისტრირებული. მოსარჩელეზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმების შემდგომ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებით, აგრეთვე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დადასტურდა, რომ მოპასუხის კუთვნილი მიწის და ნა----–-----ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის სასაზღვრო მიჯნაზე მოსარჩელე ზა----------------–---–მა და მეზობელი ნაკვეთის მფლობელმა ნა----–-----ემ 2012 წელს ღობის მშენებლობა განახორციელეს. მშენებლობაში ფინანსური მონაწილეობა მოპასუხეს არ მიუღია. ამდენად, სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, რომლის სასაზღვრო მიჯნაზეც ღობის მშენებლობა განხორციელდა, მოპასუხე წარმოადგენს.

მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ოდენობა და ღობის მშენებლობის დროს მოსარჩელის სამართლებრივი სტატუსი მიწის ნაკვეთთან მიმართებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხემ მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთის მფლობელობაში გადაცემა დაადასტურა, აღნიშნული გარემოება იძლევა იმის საფუძველს, რომ მოსარჩელე, სამუშაოების წარმოების დროს, უძრავი ქონების კეთილსინდისიერ მფლობელად იქნეს მიჩნეული. ამ მოსაზრების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 159-ე მუხლებზე მიუთითებს. კერძოდ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის პირველი ნაწილით მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად კი, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს 2007 წელს მფლობელობაში გადასცა და იგი ამ დრომდე მოსარჩელის მფლობელობაშია (იხ. სასამართლოს 08.02.2018 წლის სხდომის ოქმი 13:54:41-13:55:47 სთ), რადგან მოსარჩელე მიწის ნაკვეთის დაბრუნებაზე უარს აცხადებს. ვინაიდან ნივთის ფლობის უფლება მოსარჩელეს მოპასუხისგან აქვს მინიჭებული, ამასთან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ღობის მშენებლობის მომენტისთვის მფლობელობის შეწყვეტის საფუძველი გახდებოდა, ამიტომ, მოსარჩელე 2012 წლის მდგომარეობით ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელს წარმოადგენდა.

სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებაზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთის შეღობვაზე მის მიერ გაწეულმა ხარჯმა 1430 ლარი შეადგინა და ხარჯის დადასტურების მიზნით აუდიტორული დასკვნა წარმოადგინა, თუმცა საქმის არსებითი განხილვის დროს გამოიკვეთა, რომ ღობის მშენებლობა მხოლოდ მოსარჩელის ხარჯით არ განხორციელდა. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ ღობის მშენებლობაში მომიჯნავე ნაკვეთის მფლობელმა ნა----–-----ემაც მიიღო მონაწილეობა (იხ. 08.02.2018 წლის სხდომის ოქმი 12:32:31-13:45:17 სთ). მოსარჩელე მხარემ სასამართლოს შეკითხვაზე დაადასტურა მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ ნა----–-----ემაც მიიღო მონაწილეობა ღობის მშენებლობაში (იხ. 08.02.18 წლის სხდომის ოქმი 13:31:55-13:37:59 სთ), თუმცა განმარტა, რომ აუდიტორულ დასკვნაში მხოლოდ მისი ხარჯის ოდენობაა მითითებული.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის განმარტება 1430 ლარის ოდენობით ხარჯის მხოლოდ მის მიერ გაწევასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული, რადგან თავად დასკვნა არ იძლევა ამგვარი შინაარსის გამოტანის საშუალებას. დასკვნაში მითითებულია, რომ ზა----------------–---–ის საცხოვრებელი სახლის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე 30 მეტრი სიგრძის გალავნის მშენებლობაზე გაწეული ხარჯის ოდენობამ 1430 ლარი შეადგინა. ამასთან, გაწეული ხარჯების ღირებულების განმსაზღვრელ ცხრილში თითოეული სამუშაოს და გამოყენებული მასალის ღირებულებაა აღნიშნული და მათი ჯამი 1430 ლარით განისაზღვრა. ამდენად, დასკვნის შინაარსიდან გამომდინარე აუდიტორმა მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი კი არა არამედ ღობის მშენებლობისთვის საჭირო მთლიანად ხარჯი დაადგინა.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე იღებს თავის თავზე როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოპასუხე მხარემ სადავო გარემოებაზე მიუთითა, რომ სამუშაოების ღირებულების ნახევარი ნა----–-----ემ გადაიხადა. მოსარჩელე მხარემ დაადასტურა ღობის მშენებლობაში მეზობელი ნაკვეთის მფლობელის მონაწილეობა და განმარტა, რომ ნა----–-----ემ მშენებლობაში თავისი წილი მონაწილეობა მიიღო (08.02.18 წლის სხდომის ოქმი 13:32:31-13:37:59 სთ).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან უკვე არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მითითებული ნორმა განსაზღვრავს, რომ სასაზღვრო მიჯნის აღმართვისთვის საჭირო ხარჯი მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება. ამისგან განსხვავებული პირობის არსებობა კი მტკიცების ნაწილია და იგი ამ შემთხვევაში მოსარჩელე მხარეს ეკისრება, რადგან მან მიუთითა ხარჯის სხვაგვარ განაწილებაზე. მოსარჩელეს კი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მთლიანი ღობის მშენებლობა იმაზე მეტი დაჯდა ვიდრე ეს აუდიტორულ დასკვნაშია მითითებული და 1430 ლარი მხოლოდ მის მიერ გაწეული ხარჯია, ვერ იქნა დადასტურებული.

გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე გაწეული ხარჯი დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1430 ლარის ნახევარის 715 ლარის ანაზღაურება.

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შედგება სასამართლო ხარჯების და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით სახელმწიფო ბაჟი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე შეადგენს 50 ლარს.

იმავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტით, ფულადი გადახდევინების შესახებ სარჩელებზე დავის საგნის ფასი გადასახდელი თანხის ოდენობით განისაზღვრება.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენდა 5430 ლარის დაკისრება. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს ბაჟი 166 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილია სახ. ბაჟი 50 ლარი, ხოლო აუდიტორული დასკვნის მომზადებისთვის 78 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს დაეკისრა 715 ლარის გადახდა, რაც დავის საგნის ღირებულების 13.16%-ს შეადგენს. შესაბამისად, მოპასუხეს, სარჩელზე წინასწარ გადახდილი ბაჟიდან უნდა დაეკისროს 21.84 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი 50 ლარის და აუდიტორული მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 10.26 ლარის ანაზღაურება.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებით აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ-უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ყვ----–-ს რაიონი სოფელი ჭ-----ი, რომლის საკადასტრო კოდია №5----------7 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 199-ე, 243-244, 248-249-ე, 250, 364-ე 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ზა----------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხე გი--------------–-–---–ს მოსარჩელე ზა----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 715 ლარის გადახდა;

3. მოპასუხე გი--------------–-–---–ს მოსარჩელე ზა----------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 21.84 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და აუდიტორული მომსახურებისთვის გადახდილი თანხიდან 10.26 ლარის ანაზღაურება.

4. ძალაში დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ყვ----–-ს რაიონი სოფელი ჭ-----ი, საკადასტრო კოდით №5----------7, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: რომან კუპატაძე