გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.02.2018
საქმის ნომერი
190210017001873747
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
16.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/685-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 იანვარი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "ფინკა ბანკი საქართველო"

წარმომადგენელი ლაშა ბერაძე

მოპასუხე თ---------- მ---------ე

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა

1.1. თ---------- მ---------ისათვის 1250.99 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1054.82 აშშ დოლარი, სარგებელი 141,54 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 54.63 აშშ დოლარი.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2014 წლის 15 მაისის საკრედიტო ხელშეკრულებით თ---------- მ---------ემ სს „ფ----------------------–ოსგან“ მიიღო სესხი 2400 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: სესხის დაბრუნების ვადა 2 წელი (731 დღე), წლიური სარგებელი 30%, პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ გადაუხდელი თანხის 1%, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. 2015 წლის 15 მარტს მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ხელშეკრულების ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვით შეთანხმდა თანხის დაბრუნების ახალი გრაფიკი, რაც მოპასუხემ დაარღვია. მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხაა 1250.99 აშშ დოლარი, სადაც სესხის ძირითადი თანხაა სესხის ძირითადი თანხაა 1054.82 აშშ დოლარი, სარგებელი 141,54 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 54.63 აშშ დოლარი. გამარტივებული წესით თანხის დაკისრების მოთხოვნით ბანკმა მიმართა აღსრულების ეროვნული ბიუროს, რაზეც გასწირა ხარჯი 200 ლარი. მოპასუხის მიერ პროტესტის წარდგენის გამო გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სესხის თანხა თითქმის გადახდილი აქვს და სარჩელით მოთხოვნილი თანხა მეტისმეტად დიდია. 2014 წლი 15 მაისის ხელშეკრულებით მოსარჩელისგან სესხად მიიღო 2400 აშშ დოლარი. ლარის კურსის ვარდნის გამო ბანკს მიმართა სესხის რესტრუქტურიზაციის შესახებ, ბანკმა კი მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა გაუზარდა, რის გამოც თავდაპირველზე მეტი თანხა უნდა გადაუხადოს ბანკს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2014 წლის 15 მაისს დადებული სესხის ხელშეკრულებით თ---------- მ---------ემ სს „ფ----------------------–ოსაგან“ მიიღო სესხი 2400 აშშ დოლარი 2016 წლის 15 მაისამდე ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 30%-ით წლის განმავლობაში, საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%. საურავის დარიცხვა ხორციელდება 60 კალენდარული დღის ვადაში. 2015 წლის 11 მარტს მხარეთა შეთახმებით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სესხის დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 21 ნოემბერი. მოპასუხეს სესხის სრულად არ დაუბრუნებია.

 

2014 წის 15 მაისს სს „ფ----------------------–ოსა“ და თ---------- მ---------ეს შორის წერილობითი ფორმით დაიდო N032934000084LA სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 2400 აშშ დოლარი. სესხის წლიური საპროცენტo სარგებელია 30%, სესხის ეფექტური საპროცენტი განაკვეთი 38.1%. ყოველთვიური შენატანი 134.19 აშშ დოლარი. სესხის ვადა 2 თვე. სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოა ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საურავის დარიცხვა ხორციელდება 60 კალენდარული დღის განმავლობაში. დანართი N1 არის თანხის დაფარვის გრაფიკი, რომლის მიხედვით ყოველთვიური შენატანის გადახდის თარიღია თვის 15 რიცხვი.

 

2015 წლის 11 მარტს სს „ფ----------------------–ოსა“ და თ---------- მ---------ეს შორის დაიდო შეთანხმება სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ, რომლითაც მხარეები ადასტურებენ, რომ შეთანხმების გაფორმების დღისათვის მსესხებლის მიმდინარე ანგარიშზე დავალიანება შეადგენს 1698.50 აშშ დოლარს. მიმდინარე დავალიანების დაფარვის ვადაა 2016 წლის 21 ნოემბერი. დანართი N1-ი არის სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის მიხედვით ყოველთვიურად გადასახდელი შენატანია 108.95 აშშ დოლარი, ხოლო გადახდის თარიღი თვის 21 რიცხვი.

 

ამდენად, 2015 წლის 11 მარტს დადებული შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2014 წლის 15 მარტის სესხის ხელშეკრულებაში, რომლითაც შეიცვალა სესხის დაბრუნების ვადა, ხოლო ხელშეკრულების სხვა არსებითი პირობები უცვლელი დარჩა. კერძოდ, სესხის დაბრუნების ვადა გაიზარდა და 2016 წლის 15 მარტის ნაცვლად შეთანხმდა 2016 წლის 21 ნოემბერი, შესაბამისად შეიცვალა მსესხებლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხა და ნაცვლად 134.19 აშშ დოლარისა განისაზღვრა 108.95 აშშ დოლარი.

 

მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვალდებულება სრულად არ შეასრულა. სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებების შესახებ შეთახმების დადების შემდეგ (2015 წლის 11 მარტი), მოპასუხე სესხის დაბრუნების ვალდებულებას ჯეროვნად არ ასრულებდა. კერძოდ, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანამდე მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 134.19 აშშ დოლარი. ბანკის ამონაწერით დასტურდება, რომ 2015 წლის 11 მარტს შეთანხმების დადებამდე მოპასუხე ყოველთვიურად იხდიდა სესხის თანხას, თუმცა ხელშეკრულებაში ცვლილების შემდეგ გადახდილია სულ 438.38 აშშ დოლარი. 2015 წლის 24 ნოემბერს 210 აშშ დოლარი, 2015 წლის 14 დეკემბერს 53.77 აშშ დოლარი, 2016 წლის 4 იანვარს 13.77 აშშ დოლარი, 2016 წლის 11 თებერვალს 50 აშშ დოლარი. ამ თანხებიდან უმეტესი ნაწილი 236.82 აშშ დოლარი სესხის ძირითადი თანხის გადასახდელადაა მიმართული, ხოლო 117.70 აშშ დოლარით დაფარულია სესხის პროცენტი.

 

2014 წლის 15 მარტის სესხის ხელშეკრულებით გადასახდელი პროცენტია 1440 აშშ დოლარი, ხოლო ძირითადი თანხა 2400 აშშ დოლარი. 2015 წლის 11 მარტის ცვლილებებზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, გადასახდელია პროცენტი 500.98 აშშ დოლარი, ხოლო ძირითადი თანხა 1698.5 აშშ დოლარი.

 

სესხის ხელშეკრულებით თავდაპირველად განსაზღვრული ვადაა 24 თვე (2 წელი). სესხის წლიური პროცენტია 30%, რაც არის წელიწადში 720 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა 2015 წლის 11 მარტს, ხელშეკრულების დადებიდან 1 წელიწადში, რის გამოც ცვლილების შედეგად გადასახდელი პროცენტი არის წლის მანძილზე გადასახდელ პროცენტზე ნაკლები თანხა.

 

მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულებაში ცვლილებების შედეგად სესხის დაბრუნების პირობები გაუარესდა და მისი მდგომარეობა დამძიმდა. მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია, რომ 2015 წლის 11 მარტის მდგომარეობით სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი იყო 1698.5 აშშ დოლარი, რაც არის სესხის ძირითადი თანხა. (2018 წლის 26 იანვრის სხდომის ოქმი). მართალია სესხის დაბრუნების ვადა მხარეთა შეთანხმებით გაიზარდა, მაგრამ ამით მსესხებლის მდგომარეობა არსებითად არ გაუარესებულა, რადგან სესხის ძირითად თანხასთან ერთად გადასახდელი პროცენტის თანხაა 500.98 აშშ დოლარი, რაც არის სესხის წლიურ სარგებელზე ნაკლები თანხა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე სადაოდ არ ხდის ხელშეკრულებაში ცვლილებით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხის დავალიანების ოდენობას, ხოლო საკრედიტო ხელშეკრულება სარგებლიანი ხელშეკრულებაა, რის გამოც მსესხებელმა ბანკისგან მიღებულ თანხასთან ერთად უნდა დააბრუნოს სესხის სარგებელიც. მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ სესხის ე.წ. რესტრუქტურიზაციის დროს არასწორად განისაზღვრა მისი დავალიანების ოდენობა. მოპასუხემ მართალია მიუთითა, რომ მას სესხის უმეტესი ნაწილი გადახდილი აქვს, მაგრამ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, 2016 წლის იანვრის შემდეგ მოპასუხეს ბანკისათვის თანხა არ დაუბრუნებია, ხოლო სესხის რესტრუქტურიზაციის შემდეგ მხოლოდ 438.38 აშშ დოლარი გადაიხადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 14-18. ტომი 1)

- ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ შეთანხმება (ს.ფ. 11-13. ტომი 1)

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ.23-24)

- მოპასუხის განმარტება (26.01.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე, 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სს ,,ფინკა ბანკ საქართველოსა’’ და თ---------- მ---------ეს შორის 2014 წლის 15 მარტს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზე მოპასუხემ სესხად მიიღო 2400 აშშ დოლარი 24 თვის ვადით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 30%-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის . ხელშეკრულებაში შესული ცვლილებით სესხის დაბრუნების ვადა გაიზარდა.

 

მოპასუხე სარჩელს არ ეთანხმება იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულებაში ცვლილების შედეგად მისი საკრედიტო დავალიანების დაფარვის პირობები გაუარესდა, ხელშეკრულებაში შევიდა მისი ინტერესების საზიანო ცვლილება, საერთო ჯამში 280 აშშ დოლარით გაიზარდა გადასახდელი თანხის ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის თანახმად, 1. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. 2. თუ მხარე პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად, ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

 

დასახელებული ნორმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულების პირობები განისაზღვრება ერთერთი მხარის მიერ. საკრედიტო ურთიერთობაში ბანკი არის მხარე, რომელიც სტანდარტული სახელშეკრულებო პირობების წარდგენით მხარეებს სთავაზობს საკრედიტო ურთიერთობის პირობებს, მეორე მხარეს ამ არსებითი პირობების შემუშავების და შეცვლის შესაძლებლობა თითქმის არა აქვს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნება, რადგან ხელშეკრულების დადებით მხარეებს სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში აქვთ უფლება-მოვალეობები.

 

სამოქალაქო კოდექსის მთელი რიგი ნორმები, 420-ე და 325-ე მუხლები სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს მხარეთა მიერ შეთავაზებული პირობების სამართლიანობა და კეთილსინდისიერება, რა დროსაც სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შინაარსი, ვალდებულების შესრულების პროცესში გამოვლენილი გარემოებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით, ისევე როგორც 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

საკრედიტო ურთიერთობაში ბანკი ერთგვარად უპირატეს მდგომარეობაშია, იგი განისაზღვრავს საკრედიტო ხელშეკრულებისათვის არსებით პირობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების, მათი შეთანხმების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის იმ მოსაზრებას, რომ ხელშეკრულებაში შესული ცვლილებებით მისი ინტერესები არსებითად შეილახა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის (2014-2015 წლებში მოქმედი რედაქცია) თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს, იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი; 3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს; 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი; 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ; 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი.თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.

 

ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთები უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; ბანკი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი, ხოლო პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს.

ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე ბანკმა სამართლიანობის საფუძველზე უნდა განსაზღვროს სახელშეკრულები პირობები, პროცენტის ოდენობა და კრედიტის დაბრუნების ვადა.

 

ამ შემთხვევაში, თავდაპირველად ხელშეკრულება დაიდო 2 წლის ვადით, ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის შემდეგ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის შედეგად გაიზარდა სესხის დაბრუნების ვადა 8 თვით, ხოლო წლიური პროცენტის ოდენობა არ შეცვლილა. სესხის ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ შეთანხმებაში მითითებულია შეთანხმების დადების დღისათვის გადასახდელი კრედიტის ოდენობა, რომლის ოდენობა მოპასუხეს სადაოდ არ გაუხდია. ცვლილების შედეგად, სესხის ძირითად თანხასთან ერთად გადასახდელი პროცენტი საერთო ჯამში არის 500 აშშ დოლარი, ხოლო შეთანხმებით განსზღვრული წლიური 30% წელიწადში 720 აშშ დოლარის დარიცხვას გულისხმობს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ისეთ პირობებში როცა სადაო არ არის ცვლილების შეტანის შეთანხმებაში მითითებული გადასახდელი სესხის ძირითად თანხის ოდენობა, დაუსაბუთებელია მოპასუხის განმარტება პროცენტის დარიცხვით საერთო ჯამში გადასახდელი თანხის გაზრდის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლით სასამართლოს მინიჭებული აქვს ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის შემოწმების უფლებამოსილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნას გაგებული მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლებაში იმგვარ ჩარევად, რომ სასამართლომ თავისი ინიციატივით განსაზღვროს ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და ხელშეკრულების იმ მხარეს, რომელიც ხელშეკრულების პირობებს უსამართლოდ მიიჩნევს, მტკიცების ვალდებულება არ დაეკისროს.

 

მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილების შედეგად არსებითად გაუარესდა მისი უფლებრივი მდგომარეობა, რის გამოც მას უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში შესრულებული არ არის, ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, 2016 წლის იანვრის შემდეგ კრედიტი მოპასუხეს არ დაუბრუნებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

ამდენად, მოპასუხესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების პირობები ჯეროვნად შესრულებული არ არის, დარღვეულია კრედიტის დაბრუნების ვადა და თანხა სრულად დაბრუნებული არ არის.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროთ როგორც კრედიტის ძირითადი თანხის 1054,82 აშშ დოლარის, ისე სარგებლის 141,54 აშშ დოლარის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, რადგან მან გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 1%-ის ოდენობით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს პირგასამტეხლოს ზღვრული ოდენობას, რადგან გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს დარიცხვა 60 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

სესხის დავალიანების 1% არის 10,54 აშშ დოლარი, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 54,63 აშშ დოლარი, რაც არის 6 დღის განმავლობაში დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას უნდა შემოწმდეს შეესაბამება თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის გამოწვეულ შედეგს. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლო არ უნდა იქცეს მხოლოდ მოვალის დასჯის ინსტრუმენტად და პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უნდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწყვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.

 

განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 1054,82 აშშ დოლარი, გადაუხდელია სარგებელია 141,54 აშშ დოლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 54,63 აშშ დოლარი, რაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი ფინანსური სანქციაა. მოპასუხეს სესხის თანხა 2016 წლის იანვრის შემდეგ არ დაუბრუნებია, სესხი თითქმის 2 წლის მანძილზე დაუბრუნებელია, რის გამო მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრული საჯარიმო სანქციაა და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გამო თანაზომიერი ფინანსური სანქციაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია თ---------- მ---------ეს მოსთხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 1054, 82 აშშ დოლარის, სარგებლის 141,54 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 54,63 აშშ დოლარის გადახდა, სულ 1250,99 აშშ დოლარის გადახდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის აღსრულების ეროვნულ ბიუროში გადახდილი სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის და საგარანტიო საფასურის 50 ლარის და ყადაღის დადების საფასურის 50 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ 2014 წლის 15 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების გადახდევინების მიზნით გამარტივებული წარმოების განსახორციელებლად აღსრულების ეროვნული ბიუროში გადაიხადა სააპლიკაციო საფასური 100 ლარი, გაახდის ბრძანების საფუძველზე იძულებითი აღსრულების დასაწყებად საგარანტიო თანხა 50 ლარი და ყადაღის დადების საფასური 50 ლარი. მოპასუხის პროტესტის საფუძველზე გადახდის ბრძანების გამოცემაზე უარი ეთქვა, ხოლო ასეთ შემთხვევაში "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი საფასურის დაბრუნებას არ ითვალისწინებს. ამავე მოთხოვნაზე სს „ფ----------------------–ომ“ სასამართლოში წარმოადგინა სარჩელი, რაც დაკმაყოფილდა სრულად. ამდენად, აღსრულების ეროვნული ბიუროში გამარტივებული წესით გადახდის ბრძანების გამოცემის მიზნით მოსარჩელემ გასწია ხარჯი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. სოლიდარულ თავდებობის შესახებ განაცხადში თავდებობით უზრუნველყოფილ მოთხოვნებში მითითებულია, რომ ანაზღაურდება სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები.

 

ამ ნორმის საფუძველზე პრიორიტეტულია სასამართლო ხარჯების დაფარვა როცა მოვალის მიერ განხორციელებული შესრულება საკმარისი არ არის მთელი ვალის დასაფარად. მართალია, საქმეში სადაო არ არის ამ ნორმით გათვალისწინებული გარემოება, მაგრამ ამ ნორმის შინაარსი იმაზე მიუთითებს, რომ მოვალის ვალდებულებაში ასევე შედის ვალდებულების იძულებით შესრულებისავის გაწეული საპროცესო ხარჯების ანაზღაურება. ამდენად, მოვალეს ეკისრება არა მარტო უშულოდ ხელშეკრულებაში მითითებული გადასახდელების გადახდა, არამედ ვალდებულების იძულებით აღსრულებისათვის კრედიტორის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებაც. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმაში მითითებული სასამართლო ხარჯები სიტყვა-სიტყვით არ განიმარტება და იგი გულისხმობს კრედიტორის მიერ ვალდებულების იძულებით შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს.

 

ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს იმ ხარჯის ანაზღაურებაც, რაც მოსარჩელემ გასწია სადაო საკრედიტო ხელშეკრულების შესრულების მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წესით გადახდევინების მიზნით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება, რადგან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს სს „ფ----------------------–ოს“ სარჩელი;

1.1. თ---------- მ---------ეს დაეკისროს სს „ფ----------------------–ოსათვის“ 1250,99 აშშ დოლარის გადახდა;

 

2. თ---------- მ---------ეს დაეკისროს სს „ფ----------------------–ოსათვის“ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად 200 ლარის გადახდა;

 

3. თ---------- მ---------ეს დაეკისროს სს „ფ----------------------–ოსათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი