გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210117002207216
№2-899-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 თებერვალი 2018 წელი, ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი თეა გობეჯიშვილი
მოსარჩელე ნ---------------შვილი
კანონიერი
წარმომადგენელი ლ--–------–-შვილი
წარმომადგენელი მ---------------ძე
მოპასუხეები: გ-----------------------შვილები
წარმომადგენელი ზ-----------შვილი
დავის საგანი ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნ---------------შვილსა და მ----------შვილს შორის 2017 წლის 4 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ქ.ქ-----––---–------------ -ში მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 6------------------- მ----------შვილის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე:
არასრულწლოვან ნ---------------შვილის მშობლები არიან ლ--–------–-შვილი და მოპასუხე გ--------------შვილი. ნ---------------შვილის საკუთრების უფლება იყო დარეგისტრირებული ქ.ქ-----––---–------------ - ში მდებარე უძრავ ნივთზე 2017 წლის 4 დეკემბრამდე, როდესაც, არასრულწლოვნის სახელით, მისმა მამამ მოპასუხე გ--------------შვილმა, სადავო ნივთი მიჰყიდა თავის დას - მ----------შვილს;
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გარიგება დაიდო მოჩვენებით, ზნეობის ნორმების უგულებელყოფით, მართლსაწინააღმდეგოდ, უფლების ბოროტად გამოყენებით, მხოლოდ იმ მიზნით, რომ გ--------------შვილის მეუღლემ და მისმა არასრულწლოვანმა შვილებმა სადავო ბინაში არ იცხოვრონ;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სადავო ბინა გ--------------შვილის საკუთრება იყო და გაასხვისა თვალთმაქცური გარიგებით (სესხის ხელშეკრულების ნაცვლად, ნასყიდობის ხელშეკრულება დადო შემძენთან), შემდეგ, ბინა მ----------შვილმა იყიდა და რადგან საზღვარგარეთ იმყოფებოდა, დროებით, თავის არასრულწლოვან ძმისშვილზე აღრიცხა, ახლა კი თავისი უფლება დაარეგისტრირა თავის ნაყიდ ნივთზე - კანონიერად დადებული გარიგებით;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2009 წლის 1 იანვარს დაბადებული ნ---------------შვილი არის ლ--–------–-შვილის და მოპასუხე გ--------------შვილის შვილი. 2016 წლის 26 აპრილიდან, მისი საკუთრების უფლება იყო დარეგისტრირებული ქ.ქ-----––---–------------ -ში მდებარე უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით 6-------------------, ვიდრე, მისი სახელით, მისმა მამამ გ--------------შვილმა, 2017 წლის 4 დეკემბერს, ეს ნივთი თავის დას მ----------შვილს არ მიჰყიდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნ---------------შვილის დაბადების და მოქალაქის პირადობის მოწმობები (ს.ფ.13-14);
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.44-45);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39-40);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. სადავო ნივთზე 2017 წლის 4 დეკემბრიდან მ----------შვილის საკუთრების უფლებაა დარეგისტრირებული;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 39-40);
3.1.3. ნ---------------შვილი დედასთან ერთად სადავო ბინაში არ ცხოვრობს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- პოლიციის მიერ მოკვლეული მასალები (ს.ფ.33-37);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა მხარეთა ახსნა-განმარტებები და საქმეზე დართული მტკიცებულებები, მიაჩნია, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია“; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, 115- ე მუხლი, 1198-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილები;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის დაკმაყოფილების დასაბუთება
6.1. სამოქალაქო კოდექსის: 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 2017 წლის დეკემბერში, სასამართლოში იხილებოდა ნ---------------შვილის სარჩელი თავისი მამის წინააღმდეგ უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ბინით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით. დავა შეეხებოდა იგივე უძრავ ნივთს, რომელზეც გარიგების ბათილობის შესახებ დავა იხილება ამჟამად;
2017 წლის 5 დეკემბერს, გ--------------შვილის წარმომადგენელმა, სასამართლოს წარუდგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, სადავო ნივთზე წინა დღეს - 2017 წლის 4 დეკემბერს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ნ---------------შვილის მამიდის, მ----------შვილის საკუთრების უფლება იყო დარეგისტრირებული;
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და დადგინდა ასევე, რომ სადავო გარიგების დადებისას, მხარეები წარმომადგენლების მეშვეობით მოქმედებდნენ. არასრულწლოვნის კანონიერმა წარმომადგენლმა - მშობელმა გ--------------შვილმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა თავის, ასევე მ----------შვილის დისშვილს ნ------------–--შვილს (იხ. მინდობილობა. 50-52), მ----------შვილმა - ნ------------–--შვილის ბებიას - რ-------------–--შვილს (იხ. მინდობილობა. ს.ფ. 46-48);
სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე, რომ გ-----------------------შვილებმა მინდობილობები საზღვარგარეთიდან პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გასცეს 2017 წლის 4 დეკემბერს, იმავე დღეს დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, იმავე დღეს, სამუშაო საათების შემდეგ დაარეგისტრირეს მ----------შვილის საკუთრების უფლება ნივთზე და მეორე დღეს წარედგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი სასამართლოს (იხ. მინდობილობები, გ--------------შვილის წარმომადგენლის შუამდგომლობა სასამართლოსადმი ს.ფ.38, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ.39-40; უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება ს.ფ.44-45);
მოწმეთა ჩვენებებით, იმ გარემოებებით, რომ სასამართლოში იხილებოდა ნ---------------შვილის სარჩელი იმავე ნივთზე გ--------------შვილის მხრიდან ხელშეშლის აღკვეთის შესახებ, მოსარჩელის დედამ პოლიციასაც მიმართა ბინასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიზნით, დადგენილია, რომ ნ---------------შვილის მშობლებს შორის, ასევე - ლ--–------–-შვილსა და გ--------------შვილის ნათესავებს შორის დაძაბული ურთიერთობაა (იხ. პოლიციის მიერ მოკვლეული მასალები ს.ფ.33-37);
ასეთი გარემოებების არსებობისას, როდესაც დადგენილია, რომ სასამართლოში დავის განხილვისას, არასრულწლოვნის კუთვნილი ბინა გაიყიდა - მისი სახელით მშობელმა ბინა გაასხვისა თავის დაზე, გარიგების დადებისათვის საჭირო მოქმედებები, რაც მოცემულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ერთი დღის განმავლობაში შესრულდა და მეორე დღეს სასამართლოს წარედგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო გარიგება მოჩვენებითია - დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა;
ამავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის N ას-1439-1357-2012 განჩნებაში აღნიშნულია: ,,სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათი მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე“ ;
გარდა აღნიშნული მსჯელობისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხე მხარის განმარტებაზე, რომ მოსარჩელის მშობლებს შორის საბოლოოდ სიტუაციის დაძაბვის შემდეგ მოინდომა მ----------შვილმა სადავო ბინის თავის სახელზე აღრიცხვა (იხ. 2018 წლის 2 თებერვლის სხდომის ოქმი: 15:50:00-15:50:10);
ამდენად, უდავოა, რომ ნ---------------შვილის მშობლებს შორის კონფლიქტის შესახებ იცოდა მოპასუხე მ----------შვილმა და სადავო გარიგება მოჩვენებითია - გ-----------------------შვილები მოქმედებდნენ იმ მიზნით, რომ არ დაუშვან სადავო ბინაში ნ---------------შვილის დედის - ლ--–------–-შვილის ცხოვრება, რომელიც, რა თქმა უნდა, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელია და რომელთანაც კონფლიქტში იმყოფებიან;
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს მოპასუხე მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ სადავო ბინა, მანამდე, იყიდა მ----------შვილმა, მაგრამ, რადგან საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მხოლოდ დროებით, საქართველოში ჩამოსვლამდე აღრიცხა ნ---------------შვილზე (იხ.2018 წლის 2 თებერვლის სხდომის ოქმი: 15:49:23-15:49:30), რაზეც, თავიანთ ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის ჩვენებებში მოწმეებმაც აღნიშნეს, რომლებიც მოპასუხე მხარის ახლობლები, ნათესავები არიან, მაგრამ ამავე ჩვენებებში, მათ უჩვენეს ასევე, რომ ბინა მ----------შვილმა სწორედ ნ---------------შვილს უყიდა, მაგრამ შემდეგ, მისმა დედამ ლ--–------–-შვილმა ,,ვერ შეიშნოვა“ (იხ. მ---------------შვილის, ლ--------------შვილის ჩვენებები. 2018 წლის 2 თებერვლის სხდომის ოქმი:15:59:52-16:01:00; 16:05:35-16:05:38);
სასამართლო არ იზიარებს არგუმენტს იმის შესახებ, რომ სადავო ბინა მოპასუხის საზღვარგარეთ ყოფნის გამო აღირიცხა მოსარჩელეზე, რადგან პირის საზღვარგარეთ ყოფნა არ აბრკოლებს ნივთის მის სახელზე აღრიცხვას. მ----------შვილი სადავო გარიგების დადების დროსაც საზღვარგარეთ იყო და ამ გარემოებას ხელი არ შეუშლია, ასევე საზღვარგარეთ მყოფი თავისი ძმის მონაწილეობით, ერთი დღის განმავლობაში მოეგვარებინა საჭირო პროცედურები და იმავე ნივთზე თავისი საკუთრების უფლება დაერეგისტრირებინა;
გარდა ამისა, სადავო ნივთზე არასრულწლოვნის საკუთრების უფლება 2016 წლიდან იყო დარეგისტრირებული და სწორედ სასამართლოში დავის მიმდინარეობისას დაიდო სადავო გარიგება;
აღნიშნულთან მიმართებაში სასამართლო აღნიშნავს, თუნდაც სადავო ბინა მ----------შვილის გამოგზავნილი ფულით იყოს ნაყიდი - როდესაც მასზე ნ---------------შვილის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, რაზეც მოპასუხე მხარე მიუთითებს, ეს გარემოება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი არ არის, რადგან ნ---------------შვილის საკუთრების უფლება იყო დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, რომლის მონაცემთა მიმართ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს და ამ ჩანაწერის უზუსტობა არ დამტკიცებულა;
გარიგების კანონიერება, რომლის შედეგად სადავო ბინაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, სადავოდ არ გამხდარა;
6.2. სამოქალაქო კოდექსის: 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
1198-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას.
115-ე მუხლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
მართალია, სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში, რითიც, სადავო გარიგების დადებისას ისარგებლა ნ---------------შვილის მამამ, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ მას ნივთის განკარგვის უფლება არ ჰქონდა - მისი უფლებამოსილება შეზღუდული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი შვილების უფლებების და ინტერესების დაცვა მოიცავს შვილების ქონების მხოლოდ მართვასა და გამოყენებას და გამოირიცხება განკარგვა. გ--------------შვილმა კი, განკარგა - გაყიდა არასრულწლოვანი შვილის ქონება, რითიც ბინის გარეშე დატოვა მოსარჩელე, მან არამართლზომიერად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული კანონიერი წარმომადგენლის უფლება და სადავო გარიგება დადო იმ მიზნით, რომ სხვას მიდგომოდა ზიანი - ბინაზე საკუთრების უფლება დაეკარგა მის არასრულწლოვან შვილს, რითიც მიაღწევდა იმას, რომ მოსარჩელის დედაც ვერ იცხოვრებდა სადავო ბინაში;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,ბავშვის უფლებათა კონვენცია“ საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან. მისი მე-3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას;
მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს;
27-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის.
მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და თანადგომას უწევენ პროგრამებს, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით;
ამდენად, ,,კონვენციის’’ აღნიშნული მუხლების მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვზე მშობლების მზრუნველობის ვალდებულებას, მისი აღზრდისათვის შესაბამისი პირობების, მათ შორის - საცხოვრებელი პირობების შექმნისათვის მშობლების პასუხისმგებლობას;
ამავე ტიპის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის Nას-1221-1146-2015 განჩინებაშიაღნიშნულია: ,,სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში ,,საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და ბათილობის სამართლებრივ შედეგებს უკავშირდება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ ამგვარი გარიგების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა თავისი არსით საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს;“
,,ბავშვის უფლებათა კონვენციის“ და სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული მუხლების დებულებათა საწინააღმდეგოდ, განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი მესაკუთრე, რომელიც დედასთან და ასევე არასრულწლოვან დასთან ერთად, ამჟამად უკვე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, სადავო გარიგების საფუძველზე, საცხოვრებელი ბინის (საკუთრების) გარეშე დარჩა;
სადავო გარიგება დადებულია აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა უგულებელყოფით. შესაბამისად, ის კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს არღვევს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს, რაც, ისევე, როგორც მისი მოჩვენებითობა, ბათილად ცნობის საფუძველია;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს;
102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს;
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
სასამართლოს მიაჩნია, განსახილველ შემთხვევაში, დავის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხე მხარეს ეკისრება ტვირთი ამტკიცოს რა აუცილებლობით იყო გამოწვეული არასრულწლოვნის კუთვნილი ნივთის გასხვისება სასამართლოში ამ ნივთზე დავის მიმდინარეობისას და მოსარჩელის ბინის (საკუთრების) გარეშე დატოვება;
არც მ----------შვილის - შემძენის - კეთილსინდისიერება დადგინდა - მან იცოდა მოსარჩელის მშობლებს შორის კონფლიქტზე და სადავო გარიგებაც იმ მიზნით დადო, რომ არ დაეშვა სადავო ბინაში თავისი ძმის ცოლის - არასრულწლოვანი მესაკუთრის კანონიერი წარმომადგენლის ცხოვრება;
ის არგუმენტი, რომ სადავო ბინა მ----------შვილს ეკუთვნოდა, დროებით აღირიცხა თავის არასრულწლოვან ძმისშვილზე, რადგან საზღვარგარეთ იმყოფებოდა, სასამართლომ არ გაიზიარა;
მოსარჩელე მხარემ დაამტკიცა, რომ სადავო გარიგება თვალთმაქცურია, კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს არღვევს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. დადასტურებულია ასევე მოსარჩელის იურიდიული ინტერესი - სადავო გარიგების ბათილად ცნობით საკუთრება ისევ ნ---------------შვილს დაუბრუნდება;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა სოლიდარულად უნდა გადაიხადონ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ 200 ლარი, რადგან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან - რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას; სარჩელი, რომლის ფასია 5 000 ლარი მთლიანად დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი ოდენობა სარჩელზე არის 150 ლარი, სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, ყადაღა დაედო სადავო უძრავ ნივთს, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კი არის 50 ლარი;
მოპასუხე მხარისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 500 ლარის დაკისრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს რადგან: მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია სათანადო მინდობილობა, რომლის თანახმად, მ---------------ძე სასამართლოში ნ---------------შვილს წარმოადგენს, ასევე - მოსარჩელის დედის ლ--–------–-შვილის მიერ მ---------------ძისათვის 5 00 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი შემოსავლის ორდერი. თანხის შეტანის დანიშნულებად აღნიშნულია ანგარიშზე თანხის შეტანა გ---–-–---–---–--–-/ნ---------------შვილის საქმეზე;
შემოსავლის ორდერი დათარიღებულია 2018 წლის 7 აგვისტოთი;
მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა და სადავოდ არ გამხდარა, რომ სასამართლოში მხარეებს შორის სხვა დავაც იხილებოდა, სახელდობრ, ნ---------------შვილის სარჩელი გ--------------შვილის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე, სადაც იმავე მხარეს მ---------------ძე წარმოადგენდა და რომელიც 2017 წლის დეკემბერში დამთავრდა;
სასამართლოში დავის მიმდინარეობისას, სადავო ნივთზე მ----------შვილის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა, ამ რეგისტრაციის საფუძვლის - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით არის აღძრული განსახილველი საქმე.
ამდენად, არ დადასტურდა, რომ ლ--–------–-შვილის მიერ მ---------------ძისათვის გადარიცხული თანხა განკუთვნილი იყო ორივე საქმეში წარმომადგენლობისათვის. თანხის გადარიცხვისას, მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლისათვის არ იყო ცნობილი, რომ სადავო ნივთი გაიყიდებოდა და ამ გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნით საქმეს აღძრავდა;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება - ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, ყადაღა დაედო მ----------შვილის უძრავ ნივთს საკადასტრო კოდით 6-------------------
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
ბათილად იქნეს ცნობილი ნ---------------შვილსა და მ----------შვილს შორის 2017 წლის 4 დეკემბერს დადებული, ქ.------––--–-------------ში მდებარე უძრავი ნივთის, საკადასტრო კოდით 6-------------------, ნასყიდობის ხელშეკრულება;
2. გ--------------შვილს და მ----------შვილს სოლიდარულად გადახდეთ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 200 (ორასი) ლარი;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (გრ.რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (კოსტავას ქ.№15).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი