გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.02.2018
საქმის ნომერი
140310117002052051
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
14.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310117002052051

საქმე № 3/221-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

 

მოსარჩელეები: ი-----–- და ნ---- კ-----–---–ები

წარმომადგენელი: ი----- კ-----–---–ი

 

მოპასუხე: სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო", სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი: გ------- ჯ-----–---–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ი-----–- კ-----–---–ის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის № 58/209/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.2. ნ---- კ-----–---–ის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის № 58/210/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.3. ი-----–- კ-----–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" 2017 წლის 26 ივლისის № 01/197702/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.4. ნ---- კ-----–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" 2017 წლის 26 ივლისის № 01/197701/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.5. მოპასუხის დავალდებულება, გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე ი-----–- კ-----–---–ის სახელზე.

 

1.6. მოპასუხის დავალდებულება, გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე ნ---- კ-----–---–ის სახელზე.

 

სარჩელის თანახმად, ი-----–- (პირ. №5----------) და ნ---- (პირ. № 5----------) კ-----–---–ების პირადობის მოწმობებს გაუვიდა მოქმედების ვადა; მათ მიმართეს გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვეს პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის (ე. წ. ჩიპის) გარეშე, რაზეც დაუსაბუთებლად ეთქვათ უარი; ისინი შეზღუდულები არიან და ვერ სარგებლობენ სამოქალაქო უფლებებით; ადმინისტრაციული ორგანო აიძულებს, მიიღონ ელექტრონული პირადობის მოწმობები, ახორციელებს დისკრიმინაციას; მათ მიმართ ირღვევა თანასწორობის პრინციპი; ამავე დროს, პირადობის მოწმობის ელექტრონულად გაცემის შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი მათი პერსონალური მონაცემების დაცვა; კანონით მათ ენიჭებათ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის აღების უფლება, თუმცა კანონს ეწინააღმდეგება იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც არის კანონქვემდებარე აქტი და უპირატესობა უნდა მიენიჭოს იერარქიით ზემდგომ საკანონმდებლო აქტს. ამგვარი პირადობის მოწმების გაცემა დაშვებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში; მათი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მათ არ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით და შეიტყვეს სრულიად შემთხვევით; გარდა ამისა, ჩადენილია სიყალბე, რადგან საჩივრის განხილვას არ ესწრებოდა მდივანი თეა დეკანოიძე, თუმცა ოქმს იგი აწერს ხელს; ადმინისტრაციული საჩივრის საქმის წარმოების უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა სხვა პირს, ხოლო სხდომა ჩაატარა სრულიად სხვა პირმა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე აქტს (იუსტიციის მინისტრის ბრძანება) შორის რაიმე სახის კოლიზიას ადგილი არ აქვს; კანონი აწესებს საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია, არ მოხდეს პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლით. ამგვარ შემთხვევებს მოსარჩელეებთან მიმართებაში ადგილი არ აქვს.

 

მათ შეუძლიათ, მიიღონ ელექტრონული პირადობის მოწმობები და თავისუფლად განახორციელონ მათთვის მინიჭებული სამოქალაქო უფლებები, რის გამოც მათ მიმართ დისკრიმინაციას და თანასწორობის დარღვევას ადგილი არ აქვს; ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის ადგილისა და დროის შესახებ მოსარჩელეებს გაეგზავნათ შესაბამისი შეტყობინებები, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა; ისინი ესწრებოდნენ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვას; სხდომას ესწრებოდა მდივანი თეა დეკანოიძე და რაიმე სახის დარღვევას ოქმის შედგენისას ადგილი არ ქონია; მართალია, ადმინისტრაციული საჩივრის საქმის წარმოების უფლებამოსილება, ტექნიკური ხარვეზის გამო, მინიჭებული ჰქონდა სხვა პირს, ხოლო სხდომა ჩაატარა სხვა პირმა, თუმცა ამით მოსარჩელეთა უფლებები არსებითად არ დარღვეულა და სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებული მაინც ვერ იქნებოდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ი-----–- კ-----–---–ის 2005 წლის 12 ოქტომბერს გაცემულ პირადობის მოწმობას (№ ბ0------) მოქმედების ვადა გაუვიდა 2015 წლის 21 მაისს, ხოლო ნ---- კ-----–---–ის 2008 წლის 17 ნოემბერს გაცემულ პირადობის მოწმობას (№ დ1192440) - 2011 წლის 17 ნოემბერს;

 

მტკიცებულება: პირადობის მოწმობების ქსეროასლები (ს. ფ. 16-17), ადმინისტრაციული წარმოების მასალები (ს. ფ. 49-61), მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ი-----–- და ნ---- კ-----–---–ებმა განცხადებით მიმართეს სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობების გაცემა, რაზეც უარი ეთქვათ.

 

მტკიცებულება: ი-----–- და ნ---- კ-----–---–ების 2017 წლის 6 და 7 ივნისის განცხადებები (ს. ფ. 138, 149), სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წლის 16 ივნისის № 58/209/გ და № 58/210/გ გადაწყვეტილებები (ს. ფ. 57-58, 60-61).

 

3.1.3. სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიერ ი-----–- და ნ---- კ-----–---–ების ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა;

 

მტკიცებულება: სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" 2017 წლის 26 ივლისის № 01/197701/გ და № 01/197702/გგადაწყვეტილებები (ს. ფ. 49-51, 53-55).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა უარი განაცხადეს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობების მიღებაზე, ხოლო კანონმდებლობით დაშვებულ იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობების გაცემა, მათთან მიმართებაში ადგილი არ აქვს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

მოსარჩელეთა ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს, სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ" და გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა მათზე გასცეს პირადობის მოწმობები ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

მოცემული დავის გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს, კანომდებლობით დაშვებულია თუ არა ამგვარი შესაძლებლობა.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება; ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო - უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

ამავე კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს.

 

ამავე კანონის მე-13 და მე-14 მუხლების 1-ლი ნაწილების, მე-14 მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას; საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აგრეთვე აფხაზურ ენაზე; სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან, გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა სწორედ ამ კანონით განისაზღვრა;

 

მოსარჩელეთა მითითებით, კანონი მათ აძლევთ საშუალებას, მიიღონ როგორც ელექტრონული, ასევე არაელექტრონული პირადობის მოწმობა მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი - იუსტიციის მინისტრის ბრძანება მხოლოდ ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის ვალდებულებას შეიცავს;

 

ისინი მიიჩნევენ, რომ, კანონის მოქმედების პირობებში, მათზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამდენადაც სახელმწიფოს მიერ კანონში ასახული ალტერნატიული შეთავაზება იძლევა შესაძლებლობას, გააკეთონ არჩევანი არაელექტრონულ და ელექტრონულ პირადობის მოწმობებს შორის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ, მითითებული საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო - იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას, რომ ამ კანონით მათ ენიჭებათ არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა განსაზღვრულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

ამავე დროს, მოცემული კანონით არ არის გათვალისწინებული, პირის სუბიექტური სურვილის პირობებში, არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამდენადაც სახელმწიფო, გარკვეული სახის რეგულაციების დაწესებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ;

 

სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეებისათვის შეთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთოსამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

მითითებული კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირადობისა და საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმებისა და გაცემის, უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

როგორც აღინიშნა, არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესაძლებლობა ზემოთ მითითებული კანონით გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა, თუმცა ამგვარი ობიექტური გარემოებები ამ კანონით განსაზღვრული არ არის.

 

ამგვარი გარემოებების ჩამონათვალს შეიცავს ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის № 98 ბრძანებით), რომლის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება, გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

დადგენილია და სადავო არაა, რომ მოსარჩელეებთან მიმართებაში ამ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან არ არსებობს არც ერთი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებით მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია სწორედ ,,წესის“ 25-ე მუხლში.

 

მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი, მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა; ესაა ისეთი შემთხვევები, როდესაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის აუცილებლობა არსებობს, მაგრამ ობიექტურად არსებულ მიზეზთა გამო, შეუძლებელია ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადება ან/და პირისათვის მიწოდება; ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შეუძლებელია იმ ინფორმაციის მიღება, რომელიც უნდა აისახოს პირადობის ელექტრონულ მოწმობაში; ასევე შესაძლებელია, არსებობდეს ვითარება, როდესაც შეუძლებელია დროის გარკვეულ პერიოდში დამზადებული პირადობის მოწმობის ადრესატისათვის მიწოდება; თუ არსებობს პირადობის მოწმობის გადაუდებელი საჭიროება და ობიექტურად არსებულ მიზეზთა გამო შეუძლებელია მისი შესაბამისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიწოდება, ,,წესის" 25-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, არ დარჩეს მოქალაქე ვინაობის დადასტურების შესაძლებლობის გარეშე, თუმცა ასეთ შემთხვევებში პირადობის მოწმობა გაიცემა შეზღუდული ვადით (არაუმეტეს 6 თვით).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე.

 

ამასთან, იმავე ,,წესის“ 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით განმარტებულია, რომ, ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირადობის მოწმობა, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გაიცემა არა უმეტეს 6 თვის ვადით.

 

ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო.

 

როგორც აღინიშნა, მოსარჩელეები ითხოვენ არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემას, თუმცა მათთან მიმართებაში არც მოთხოვნის დროისათვის და არც დღეის მდგომარეობით სახეზე არ იყო ,,წესის“ 25-ე მუხლით დადგენილი რომელიმე ობიექტური გარემოება(ები), რაც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას, მათზე გაეცა პირადობის მოწმობები ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არალექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ ცნობს.

 

ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

იმავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება.

 

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

როგორც აღინიშნა, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ (ანუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონქვემდებარე აქტი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანება - წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას ნორმატიული აქტების იერარქიით დადგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ურთიერთქმედებით სამართლებრივი განსაზღვრულობის დარღვევის შესახებ და მიაჩნია, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, ბრძანება ავსებს და აკონკრეტებს კანონის ცალკეულ დებულებებს, და სადავო ურთიერთობაც განხილულია მითითებულ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

დადგენილია, რომ ი-----–- კ-----–---–ის 2005 წლის 12 ოქტომბერს გაცემულ პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა 2015 წლის 21 მაისს, ხოლო ნ---- კ-----–---–ის 2008 წლის 17 ნოემბერს გაცემულ პირადობის მოწმობას - 2011 წლის 17 ნოემბერს;

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია, შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებთან მიმართებაში სახეზე არ იყო არალექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევები, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი ნაწილისა და მე-14 მუხლის მე-10 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს შესასრულებლად სავალდებულოდ განესაზღვრათ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება.

 

მოსარჩელეები არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სურვილს, ერთი მხრივ, უკავშირებენ მათი, როგორც მოქალაქეების არჩევანის უფლების მქონე სუბიექტების უფლებას, და, მეორე მხრივ, ელექტრონული პირადობის მოწმობით დაცული პერსონალური ინფორმაციის მათი თანხობის გარეშე სხვა პირთათვის ხელმისაწვდომობის საფრთხეს.

 

მოსარჩელეები არაელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებენ მათ სუბიექტურ ნებას, სურვლის არსებობას, და ითხოვენ კანონის ნორმების მისი ნების შესაბამისად განმარტებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებისას, სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელეთა მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მათი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს; მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი.

 

მოსარჩელეთა მეორე არგუმენტთან მიმართებაში სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეები მხოლოდ საფრთხის არსებობაზე მსჯელობენ, თუმცა არც სარჩელის წარმოდგენისას და არც საქმის განხილვის დროს წარმოუდგენიათ დასაბუთებული არგუმენტაცია საფრთხის არსებობის თაობაზე; იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილი არ ყოფილა მეტ-ნაკლებად დასაბუთებული არგუმენტაცია ან რეალური საფრთხის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ამ ნაწილში იმსჯელოს მოთხოვნის დასაბუთებულობის თაობაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მათი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე.

 

მოსარჩელეთა ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და, შესაბამისად, კანონით არის დაცული, ხოლო ინტერესი, რომელიც სცილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი.

 

დავის გადაწყვეტის მიზნით გამოყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო, მოსარჩელეებზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობები.

 

აღნიშნული ქმედების განხრციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

მოსარჩელეთა მითითებით, მათი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ მათ არ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით და შეიტყვეს სრულიად შემთხვევით; ამავე დროს, ჩადენილია სიყალბე, რადგან საჩივრის განხილვას არ ესწრებოდა მდივანი თეა დეკანოიძე, თუმცა ოქმს იგი აწერს ხელს; ადმინისტრაციული საჩივრის საქმის წარმოების უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა სხვა პირს, ხოლო სხდომა ჩაატარა სრულიად სხვა პირმა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თუნდაც დადასტურდეს მოსარჩელეთა მიერ დასახელებული გარემოებები (მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის ადგილისა და დროის შესახებ მოსარჩელეებს გაეგზავნათ შესაბამისი შეტყობინებები, თუმცა ჩაბარება ვერ მოხერხდა; ადმინისტრაციული საჩივრის საქმის წარმოების უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა სხვა პირს, ხოლო, ტექნიკური ხარვეზის გამო, სხდომა ჩაატარა სხვა პირმა), ეს მაინც ვერ გახდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი, რადგან ამგვარი ფაქტების არარსებობის შემთხვევაშიც მათთან მიმართებაში სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებული მაინც ვერ იქნებოდა, ანუ მოსარჩელეთა მიერ მოხმობილი ეს გარემოებები არ ქმნის მათზე არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის საკანონმდებლო საფუძველს.

 

იმავე კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება; უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს, ამავე კოდექსის 331 მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამოდენიმე პირობას, კერძოდ: ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს; ამასთანავე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყვეს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლებზეც ისინი ამყარებდნენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებს; შესაბამისად, არ არსებობს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძვლები.

 

მოსარჩელეთა მოთხოვნა, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი უარი მოქმედების განხორციელებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, და ამასთანავე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდეს მოსარჩელეების კანონიერ უფლებას ან ინტერესებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

იმის გამო, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე მათ მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს დროებითი გაჩინებით სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” დაევალა, მოცემული დავის დასრულებამდე ი-----–- და ნ---- კ-----–---–ების მიმართ გაეცა არაელექტრონული პირადობის მოწმობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ეს განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19 მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ი-----–- კ-----–---–ის სარჩელი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ მის სახელზე არაელქტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 16 ივნისის № 58/209/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.2. ნ---- კ-----–---–ის სარჩელი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ მის სახელზე არაელქტრონული პირადობის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 16 ივნისის № 58/210/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.3. ი-----–- კ-----–---–ის სარჩელი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 26 ივლისის № 01/197702/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.4. ნ---- კ-----–---–ის სარჩელი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2017 წლის 26 ივლისის № 01/197701/გ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

1.5. ი-----–- კ-----–---–ის სარჩელი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ მის სახელზე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

1.6. ნ---- კ-----–---–ის სარჩელი სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" გორის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ მის სახელზე არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ სარჩელის აღძვრისას - 2017 წლის 25 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100-100 (ას-ასი) ლარი (საგადასახადო დავალებები № 14061491 და № 14061510) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. განიმარტოს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს დროებითი გაჩინება, რომლითაც სსიპ ,,სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს” დაევალა, მოცემული დავის დასრულებამდე ი-----–- და ნ---- კ-----–---–ების მიმართ გაეცა არაელექტრონული პირადობის მოწმობა, ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება, სააპელაციო წესით გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი