გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2018
საქმის ნომერი
010210016001371901
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210016001371901

№2-1533/16წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 დეკმბერი, 2017 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე: შპს ”ბე----------------------ი”

წარმომადგენელი: მე-----–--–--ე (დირექტორი), თა--------–--ე, მა-–----------–---

მოპასუხე: და-----------–--ე, სუ-–-----------

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხეებს - და-----------–--ესა და სუ-–----------ს შპს ”ბე----------------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1674 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 722 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი - 120 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 832 აშშ დოლარი.

 

სარჩელის საფუძველი:

- 2014 წლის 15 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხე და-----------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #1010201, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს ასესხა 1000 აშშ დოლარი, წლიურ 42%-ად, (თვეში 3.5%), სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ნარჩენი სესხის თანხის 0,2% (მაგრამ არანაკლებ 1 აშშ დოლარი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე დღეს და-----------–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულებებს შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე სუ-–----------მა.

- სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით და სესხი უნდა დაფარულიყო 2015 წლის 26 მაისის ჩათვლით. 2014 წლის 26 ოქტომბრიდან, მსესხებელი და თავდები პირი აღარ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს.

- 2016 წლის 24 მაისის (სარჩელის აღძვრის დღისათვის) მდგომარეობით, და-----------–--ეს ერიცხება შემდეგი დავალიანება:

1) სესხის ძირი თანხა 1000 აშშ დოლარი, საიდანაც გადახდილია 278 აშშ დოლარი და გადასახდელია 722 აშშ დოლარი;

2) სესხზე დარიცხული პროცენტი, რაც 15.05.2014 წლიდან 26.05.2015 წლამდე შეადგენს 262 აშშ დოლარს, საიდანაც გადახდილია 142 აშშ დოლარი და გადასახდელია 120 აშშ დოლარი;

3) დარიცხული ჯარიმა (პირგასამტეხლო) 26.10.2014 წლიდან 24.05.2016 წლამდე, რაც შეადგენს 832 აშშ დოლარს.

- სულ ჯამში, დავალიანება შეადგენს 1674 აშშ დოლარს, რომლის დაკისრებასაც მოითხოვს მოპასუხეებზე სოლიდარულად.

- მოსარჩელის წარმომადგენლები განმარტავენ რომ სესხზე პროცენტი დარიცხულია ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხოლო პირგასამტეხლო დარიცხულია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის.

(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.

 

მოპასუხეები თავის პოზიციას ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტაციით:

- სესხის ძირი გადასახდელი თანხა შეადგენს არა 722, არამედ 580 აშშ დოლარს, რადგან განხორციელებული გადახდები მოსარჩელემ წარმართა პროცენტისა და პიტგასამტეხლოს დაფარვისათვის, 142 აშშ დოლარის ნაცვლად 278 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირი თანხის დაფარვაში;

- მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ განსაზღვრული პროცენტი და პირგასამტეხლო რის უსამართლო და შეუსაბამოდ მაღალი;

- მოპასუხეები ასევე განმარტავენ, რომ მოსარჩელემ 2 წლის განმავლობაში არ აღძრა სარჩელი, რითაც შეგნებულად დააგროვა და გაზარდა დავალიანება.

(იხ. შესაგებელი, მოპასუხეების ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1 საქმეში არსებული უდავო ფაქტობრივი გარემოებაა , რომ 2014 წლის 15 მაისს შპს ”ბე----------------------სა” და და-----------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №1010201, რომლის თანახმადაც შპს ”ბე----------------------მა" და-----------–--ეს 12 თვის ვადით ასესხა 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, წლიურ 42%-ად (თვეში 3.5%), სესხის ვადაგადაცილების (გადაუხდელობის) შემთხვევისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო (ჯარიმა) ნარჩენი სესხის თანხის 0.2 %-ის ოდენობით ყოველ სრულ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.05.2014წ. სესხის ხელშეკრულება N1010201;

- 24.05.2016წ. ამონაწერი ანგარიშიდან N 1010201;

 

3.1.2 2014 წლის 15 მაისს შპს ”ბე----------------------სა” და სუ-–----------სა შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, და-----------–--ის მიერ ნაკისრ სასესხო ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იტვირთა სუ-–----------მა.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სესხის ხელშეკრულება;

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;

 

3.1.3. სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით და სესხი უნდა დაფარულიყო 2015 წლის 26 მაისის ჩათვლით. 2014 წლის 26 ოქტომბრიდან, მსესხებელი და თავდები პირი აღარ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მოსარჩელემ 2016 წლის 26 მაისს აღძრა სარჩელი სასამართლოში.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ:

- სესხის ძირი გადასახდელი თანხა შეადგენს არა 722, არამედ 580 აშშ დოლარს, რადგან განხორციელებული გადახდები მოსარჩელემ წარმართა პროცენტისა და პიტგასამტეხლოს დაფარვისათვის, 142 აშშ დოლარის ნაცვლად 278 აშშ დოლარი უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირი თანხის დაფარვაში;

- განსაზღვრული პროცენტი და პირგასამტეხლო რის უსამართლო და შეუსაბამოდ მაღალი;

- მოსარჩელემ 2 წლის განმავლობაში არ აღძრა სარჩელი, რითაც შეგნებულად დააგროვა და გაზარდა დავალიანება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკითხი, თუ რამდენად ხელშეკრულების შესაბამისად ახორციელებდა მოსარჩელე გადახდილი თანხების წარმართვას ვალდებულებების ჩასათვლელად და რამდენად სწორია დავალიანების გაანგარიშება, - უნდა გადაწყდეს ხელშეკრულების შესაბამისი ნორმების და გადახდების მიხედვით. ხოლო საკითხები, თუ რამდენად განსაზღვრული პროცენტი და პირგასამტეხლო რის უსამართლო და შეუსაბამოდ მაღალი, ასევე, სარჩელის ,,დაგვიანებით" აღძვრის გამო მოსარჩელემ დააგროვა-გაზარდა თუ არა დავალიანების ოდენობა, ანუ, ადგილი აქვს თუ არა მისი მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებას, - ეს საკითხები სამართლებრივი სეფასების კატეგორიაა და მათზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

3.2.2. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 24 მაისის მდგომარეობით, და-----------–--ეს შპს ”ბე----------------------ის” მიმართ გააჩნია შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა 722 აშშ დოლარის ოდენობით, გადაუხდელი სესხის პროცენტი 120 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 832 აშშ დოლარის ოდენობით.

ხელშეკრულების 3.8. პუნქტით, მხარეები შეთნხმდნენ, რომ დარღვევის შემთხვევაში, გადახდილი თანხიდან პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლოს, შემდეგ სარგებლის და შემდეგ სესხის ძირი დავალიანება. სესხის დარღვევის არარსებობისას, სესხის ხელშეკრულებას თანდართული გრაფიკის მიხედვით, განსაზღვრულია ყოველთვიური გადასახდელი თანხის ოდენობა, რომელიც მოიცავს როგორც სარგებლის, ასევე დასაფარი ძირი თანხის ოდენობას. აქედან გამომდინარე, მოპასუხეების არგუმენტაცია ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სესხის ხელშეკრულება;

- გადახდის გრაფიკი.

- ამონაწერი ანგარიშიდან;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, დაეკისროთ მოპასუხეებს და-----------–--ესა და სუ-–----------ს სოლიდარულად შპს ”ბე----------------------ის” სასარგებლოდ სულ 1674 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი დავალიანებაა - 722 აშშ დოლარი, გადაუხდელი სესხის პროცენტი -120 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო (ჯარიმა) – 832 აშშ დოლარი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე-625-ე, 361-ე, 463-ე, 465-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე, 420-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

როგორც დადგენილია, შპს ”ბე----------------------სა” და და-----------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მსესხებელზე 2014 წლის 15 მაისის ხელშეკრულების თანახმად გაიცა სესხი 1000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 36%-ის დარიცხვით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 15 მაისის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით მოპასუხე და-----------–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე სუ-–----------მა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე სუ-–----------- წარმოადგენს რა სოლიდარული ხელშეკრულების მხარეს, რომელმაც იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ის პასუხისმგებელია მსესხებლის ვალდებულებებზე, მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მსესხებელთან ერთად მასაც წაუყენოს მოთხოვნა;

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.

 

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სოლიდარულად სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

6.6. მოცემულ შემთხვევაში, სესხზე პროცენტი დარიცხულია ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხოლო პირგასამტეხლო დარიცხულია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის. ასევე, პირგასამტეხლო განსაზღვრულია მხოლოდ ნარჩენი სესხის თანხის 0,2% (მაგრამ არანაკლებ 1 აშშ დოლარი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების 3.8. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დარღვევის შემთხვევაში, გადახდილი თანხიდან პირველ რიგში იფარება პირგასამტეხლოს, შემდეგ სარგებლის და შემდეგ სესხის ძირი დავალიანება. სესხის დარღვევის არარსებობისას, სესხის ხელშეკრულებას თანდართული გრაფიკის მიხედვით, განსაზღვრულია ყოველთვიური გადასახდელი თანხის ოდენობა, რომელიც მოიცავს როგორც სარგებლის, ასევე დასაფარი ძირი თანხის ოდენობას.

 

ხელშეკრულების თანახმად, სესხი უნდა დაფარულიყო 2015 წლის 26 მაისის ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 26 ოქტომბრიდან, მსესხებელი და თავდები პირი აღარ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს, რის გამოც მოსარჩელემ 2016 წლის 26 მაისს აღძრა სარჩელი სასამართლოში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც მოთხოვნილი პროცენტის, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის უსამართლო, შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული, რის გამოც მოპასუხეთა ამ არგუმენტაციას ვერ გაიზიარებს, ადგილი არ აქვს მოსარჩელის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებელი პირგასამტეხლო, რაც შეადგენს ნარჩენი სესხის თანხის 0,2%, არის გონივრული, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონლად არ მიაჩნია მისი შემცირება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 107.77 ლარის ოდენობით, ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამდენად მოსარჩელის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღებისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 107.77 ლარის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ”ბე----------------------ის” სარჩელი და-----------–--ესა და სუ-–----------ზე სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს - და-----------–--ესა და სუ-–----------ს მოსარჩელე შპს ”ბე----------------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1674 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს - და-----------–--ესა და სუ-–----------ს მოსარჩელე შპს ”ბე----------------------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 107.77 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე