გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N421210017002187741
N2/102-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.02.2018 წ. ქ. ყვარელი
შესავალი ნაწილი
ყვარლის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი
მოსარჩელე - მა-----–---- ავ---–--ლი;
მოპასუხე - ზა----- ყუ-–------–--ლი;
წარმომადგენელი - სი---- ოს--–--ლი;
დავის საგანი: ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ნივთების დაბრუნება; თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა :
1.1. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის კუთვნილი მისი ყოფილი მეუღლის და მოპასუხის ძმის სახლიდან უნებართვოდ წაღებული შემდეგი ნივთების დაბრუნება: 1. გარდერობი 1 ცალი ხის მუქი ყავისფერი; 2. თეთრეულის კარადა 1 ცალი ხის მუქი ყავისფერი; 3. საწოლი 1 ცალი რკინის საწოლნახევრიანი; 4. ტელევიზორი ვერცხლისფერი 62 სმ დიაგონალით - HASH ფირმის; 5. ხის საწოლი 2 ცალი ყავისფერი; 6. დიქტი თაბაშირ-მუყაოს 10 ცალი, 40 ცალი დიქტის რკინა; 7. 2 ტომარა ცემენტი - ჰაიდელბერგცემენტის ფირმის; 8. ხის კოჭი 3 ცალი - თითოეული 6 მეტრის , სიგანე 30 სმ; 9. კიბის მასალა(ლითონი), მოაჯირის რკინა 10 ცალი 6 მეტრიანი.
1.2. იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მომენტში დასაბრუნებელი ნივთები არ აღმოჩნდება მოპასუხესთან, ან იქნება დაზიანებული, მოპასუხეს დაეკისროს 1600 ლარის, ნივთის ღირებულების, გადახდა;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
ყვარლის რაიონის სოფელ სა----------ში საკუთრების უფლებით ფლობს საცხოვრებელ სახლს. მოპასუხე ზა----- ყუ-–------–--ლი არის მისი ყოფილი მეუღლის მე---- პე------–--ლის ძმა, რომელმაც 2016 წელს მოსარჩელის ნებართვის გარეშე მისი საცხოვრებელი სახლიდან წაიღო იქ არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. გარდერობი 1 ცალი ხის მუქი ყავისფერი; 2. თეთრეულის კარადა 1 ცალი ხის მუქი ყავისფერი; 3. საწოლი 1 ცალი რკინის საწოლნახევრიანი; 4. ტელევიზორი ვერცხლისფერი 62 სმ დიაგონალით - HASH ფირმის; 5. ხის საწოლი 2 ცალი ყავისფერი; 6. დიქტი გიფსოკარდონი 10 ცალი, 40 ცალი დიქტის რკინა; 7. 2 ტომარა ცემენტი - ჰაიდელბერგცემენტის ფირმის; 8. ხის კოჭი 3 ცალი - თითოეული 6 მეტრის , სიგანე 30 სმ; 9. კიბის მასალა(ლითონი), მოაჯირის რკინა 10 ცალი 6 მეტრიანი.
აღნიშნული ნივთების დაბრუნება რამდენჯერმე მოითხოვა მოპასუხისაგან მოსარჩელემ, მაგრამ მოპასუხემ არ დაუბრუნა.
ნივთების დაბრუნებაზე დახმარების მიზნით მოსარჩელემ მიმართა პოლიციას, მაგრამ მიიღო განმარტება, რომ სამოქალაქო წესით ედავა სასამართლოში და მოსარჩელემ სარჩელით მომართა სასამართლოს.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1 მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე არის მისი ყოფილი რძალი, ძმის ცოლი. მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, რადგან ნივთები, რომელსაც იგი მოითხოვს მის ძმას საერთოდ არ ჰქონია და მას არაფერი მიუთვისებია.
მისი ძმა და რძალი, როდესაც იმყოფებოდნენ ქორწინებაში, გარკვეული წლები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში, შემდეგ როდესაც განქორწინდნენ მოსარჩელე დარჩა ქ. თბილისში და მისი ძმა მე---- პე------–--ლი დაბრუნდა ყვარლის რაიონის სოფელ სა----------ში. მას სახლი არ ჰქონდა და აუშენა შვილმა ფი----- პე------–--ლმა. თვითონაც ეხმარებოდა სახლის მშენებლობაში. რაც შეეხება ნივთებს, მას ძმამ, მე---- პე------–--ლმა მიჰყიდა თაბაშირ-მუყაოს ფილები და ტელევიზორი, ტელევიზორი დაუბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ ფული გადახდილი აქვს და არც ფულს არ ითხოვს, ხოლო სხვა ნივთები, რასაც მოსარცელე ითხოვს, როგორც მან იცის, მის ძმას არ ჰქონია და თუ ჰქონდა მას არ მიუთვისებია.
მოპასუხემ მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, სახლი ყვარლის რაიონის სოფელ სა----------ში, სადაც ცხოვრობს მოსარჩელის ყოფილი ქმარი მე---- პე------–--ლი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი ;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 30-31)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი ნივთებიდან თაბაშირ-მუყაოს დიქტები თავის რკინის დამჭერებით და ტელევიზორი შავ-თეთრი გამოსახულების ნამდვილად ჰქონდა მოსარჩელეს სახლში და მოსარჩელის ყოფილმა ქმარმა მე---- პე------–--ლს, ისინი მიჰყიდა მოპასუხეს ზა---- ყუ-–------–--ლს.
3.2.2. საქმის განხილვის შედეგად ვერ დადასტურდა, რომ 1. გარდერობი 1 ცალი ხის მუქი ყავისფერი; 2. თეთრეულის კარადა 1 ცალი ხის მუქი ყავისფერი; 3. საწოლი 1 ცალი რკინის საწოლნახევრიანი; 4. ტელევიზორი ვერცხლისფერი 62 სმ დიაგონალით - HASH ფირმის; 5. ხის საწოლი 2 ცალი ყავისფერი - ჰქონდა მოსარჩელეს. მოსარჩელის განმარტებით ზოგი ნივთი მას დარჩა ყოფილი ქმრის ბებიისა და პაპისაგან და იდგა მათსავე სახლში და შემდეგ იგივე ნივთები მან ამოიცნო მოპასუხის სახლში.
3.2.3. სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ მოთხოვნილი ნივთებიდან ხის კოჭი 3 ცალი თითოეული 6 მეტრის, გამოიყენა მოსარჩელის ყოფილმა ქმარმა და იგი არ მიუთვისებია მოპასუხეს.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სადავო ფაქტების დადგენა შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მტკიცების ტვირთი, მხარეებს შორის, თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლმა დაადგინა, რომ თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო 1. სარჩელში მითითებული ნივთები ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს; 2. ეს ნივთები წაიღო თუ არა მოპასუხემ მოსარჩელის ყოფილი ქმრის, მე---- პე------–--ლისაგან, მისი თანხმობის გარეშე.
მოსარჩელემ ნივთების არსებობის დასადასტურებლად და მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ დაუფლების დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმეები და გამოთხოვილ იქნა სისხლის სამართლის საქმის მასალები შსს ყვარლის რაიონული სამმართველოდან.
სხდომაზე დაკითხულმა მოსარჩელის მოწმემ, მისმა ყოფილმა ქმარმა, მე---- პე------–--ლმა განმარტა, რომ მას სახლი აუშენა შვილმა ფი----- პე------–--ლმა და ნივთები რაც დაუტოვეს მას ყოფილმა ცოლმა და შვილმა და რასაც ეხლა მოითხოვს მოსარჩელე, მან ზოგი გაყიდა და ზოგი გადაცვალა ალკოჰოლზე, რადგან იგი არის ალკოჰოლდამოკიდებული. არც ერთი ნივთი, არასოდეს მის ძმას ზა----- ყუ-–------–--ლს მის დაუკითხავად მისი სახლიდან არ წაუღია. 3 ცალი ექვსმეტრიანი ხის კოჭებიც მან დაახერხინა და ზოგი წვიმაში დალპა და გაფუჭდა, ზოგი გაყიდა.
მოწმე ფი----- პე------–--ლმა დაადასტურა, რომ მან მამას, მე---- პე------–--ლს, ყვარლის რაიონის სოფელ სა----------ში აუშენა სახლი. მშენებლობის შემდეგ დარჩა სამშენებლო მასალები, კერძოდ თაბაშირ-მუყაოს ფილები და დამჭერი რკინები. ასევე იცის, რომ მამას ჰქონდა ტელევიზორი ვერცხლისფერი კორპუსით. რაც შეეხება კარადებს, ისინი იდგა სხვა სახლში, რომელიც ეკუთვნოდა მის ბებია-პაპას და ოთახი და ნივთები იყო მისი მსობლების, შემდეგ ეს ნივთები თავის სახლში წაიღო მოპასუხემ.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულად ჩათვლილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან დადასტურდა, რომ ყვარლის რაიონის სოფელ სა----------ში არსებული სახლი ეკუთვნოდა მე---- პე------–--ლს, რომლმაც იგი აჩუქა თავის ყოფილ მეუღლეს მა-----–---- ავ---–--ლს 2016 წლის სექტემბრის თვეში. ამ სახლში არსებულ ნივთებს წლების განმავლობაში ფლობდა მე---- პე------–--ლი და ზოგიერთი მათგანი გაყიდა. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხე ზა----- ყუ-–------–--ლს რაიმე ნივთი მოსარჩელის კუთვნილი სახლიდან დაუკითხავად არ წაუღია. ტელევიზორი და თაბაშირ-მუყაოს ფილები მოპასუხეს მიჰყიდა მე---- პე------–--ლმა. ვინაიდან არ დადასტურდა მოპასუხე ზა---- ყუ-–------–--ლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოსარჩელე მა-----–---- ავ---–--ლის განცხადების საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
როგორც აღინიშნა საქმისწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მიმდინარეობს, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მისი სახლიდან რაიმე ნივთი მიითვისა მოპასუხემ. მოწმე მე---- პე------–--ლმა ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ მის ძმას მისი სახლიდან არაფერი წაუღია, ხოლო რაც შეეხება ტელევიზორს და თაბაშირ-მუყაოს ფილებს ისინი მან თვითონ მიჰყიდა. სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები კი როგორც მოწმემ განმარტა, ზოგი გაყიდა, ზოგი გაფუჭდა წვიმისაგან.
რაც შეეხება ნივთებს, როგორიცაა საწოლები და კარადები, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მათი არსებობა და ამჟამინდელი სამყოფელი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო გარემოებების არსებობას. მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე სასურველი ფაქტი ვერ დადგინდება და განმარტება, სადავოობის შემთხვევაში, სხვა, უფრო სარწმუნო მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს.
სასამრთლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაამტკიცა შემდეგი ნივთების არსებობა - 1. გარდერობი 1 ცალი ხის მუქი ყავისფერი; 2. თეთრეულის კარადა 1 ცალი ხის მუქი ყავისფერი; 3. საწოლი 1 ცალი რკინის საწოლნახევრიანი; 4. ტელევიზორი ვერცხლისფერი 62 სმ დიაგონალით - HASH ფირმის; 5. ხის საწოლი 2 ცალი. ამ ნივთების არსებობა მოპასუხე მხარემ სადავო გახადა. მოსარჩელე მხარეს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც ამ ნივთების არსებობა, და მითუმეტეს, მათზე მოსარჩელის ინდივიდუალური საკუთრების ფაქტი დადასტურდებოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოწმეთა ჩვენებები;
- სარჩელი, შესაგებელი .
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მა-----–---- ავ---–--ლის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს .
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო–სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა. ვინდიკაციის შემთხვევაში მესაკუთრეს შერჩენილი აქვს მხოლოდ ნივთზე საკუთრების უფლება, რომელიც თავისთავად არამატერიალური უფლებაა და ვის ხელშიც არ უნდა იყოს საკუთრების ობიექტი, მესაკუთრეს ეს უფლება არ წაერთმევა. ვინდიცირების წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზითაა მესაკუთრის ხელიდან საკუთრების ობიექტი გამოსული. როდესაც მესაკუთრის ნების გარეშე გამოდის ქონება მისი ხელიდან, ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ეს ქონება, მისგან ნივთის გამოთხოვა გარდაუვალია. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი ყვარლის რაიონის სოფელ სა----------ში, რომელიც მას აჩუქა მისმა ყოფილმა მეუღლემ მე---- პე------–--ლმა 2016 წლის სექტემბრის თვეში. ამ სახლში წლების განმავლობაში ცხოვრობდა მე---- პე------–--ლი. მასში არსებული ნივთები იყო მე---- პე------–--ლის. ასევე სადაოდ არავის გაუხდია, რომ სახლში არსებული მოძრავი ნივთები მე---- პე------–--ლს გადასცა მისმა ყოფილმა ცოლმა და შვილმა. თვითონ მოსარჩელემ განმარტა, რომ გარდერობი და საწოლები განთავსებული იყო სხვა სახლში, ისინი მას ეკუთვნოდა და მიითვისა მოპასუხემ.
საქმეში არ არსის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომ სარჩელით მოთხოვნილი ნივთები მითვისებულია მოპასუხის მიერ და განთავსებულია მასთან. მოსარჩელის მიერ მხოლოდ ზეპირი განხცადება, რომ მოპასუხემ მოტყუებით გამოსძალა მის ყოფილ ქმარს ნივთები და მიზერულ ფასად იყიდა ისინი, არ არის საკმარისი საფუძველი სარჩელის დაკმაყოფილების.
საქმის განხილვის შედეგად მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ ნივთები, რომლებიც განთავსებული იყო მის კუთვნილ სახლში მიითვისა მოპასუხემ.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, ნივთების დაბრუნების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ხოლო ამავე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 14 ე მუხლის თანახმად მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს:
ა) ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს;
ბ) უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, გარდა შვილად აყვანის, აგრეთვე გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, გამარტივებული წესით გადახდის და ქონების უპატრონოდ ცნობის საქმეებისა, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 2000 ლარს;
გ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე;
ამდენად საქმე მაგისტრი სასამართლოს განსჯადია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ხაზინაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე მა-----–---- ავ---–--ლს, მოპასუხე ზა----- ყუ-–------–--ლის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ყვარლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე