გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/664-16
N200210016001578287
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2018 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ----- ბანკი''
წარმომადგენელი - ე------------------
მოპასუხეები: ლ-–------–-–---–-- ზ---------–-–---–-
წარმომადგენელი - ე---------------------
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ლ-–------–-–---–ს და ზ---------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 17 ნოემბრის საბანკო კრედიტის № 1999101-2746075 ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 22077,17 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-17716,98 ლარი, პროცენტი-623,61 ლარი, ჯარიმა-3716,66 ლარი და დაზღვევა-19,92 ლარი.
1.2. მოპასუხეებს ლ-–------–-–---–ს და ზ---------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო საკრედიტის № 1999101-2746075 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 17716,98 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 13,95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-205.95 ლარს.
1.3. მოპასუხე ლ-–------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2011 წლის 15 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 6675,04 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა -4892,17 ლარი, პროცენტი-1197,63 ლარი და ჯარიმა -585,24 ლარი.
1.4. მოპასუხე ლ-–------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე -4892,17 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-146,76 ლარს.
1.5. მოპასუხეებს ლ-–------–-–---–ს და ზ---------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,თ----- ბანკის” მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1243,49 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის-სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4%, არაუმეტეს 500 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სს ”თ----- ბანკსა” და ლ-–------–-–---–ს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის №1999101-2746075 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 22700 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა 1459 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი-13.95%. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, აგრეთვე, ვადაგადაცილებული ერთი დღის შემდეგ დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.ზემოაღნიშნული საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ”თ----- ბანკსა” და ზ---------–-–---–ს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ზ---------–-–---–მა ძირითად მსესხებელ- ლ-–------–-–---–თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის №1999101-2746075 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა-22700 ლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში. ლ-–------–-–---–მა და ზ---------–-–---–მა 2014 წლის 17 ნოემბერს საბანკო კრედიტის №1999101-2746075 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვიეს 2016 წლის 15 იანვარს. ასევე, მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას , რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლებისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.2016 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით ლ-–------–-–---–სა და ზ---------–-–---–ს 2014 წლის 17 ნოემბრის საბანკო კრედიტის № 1999101-2746075 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება- 22077,17 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-17716,98 ლარი, პროცენტი-623,61 ლარი, ჯარიმა-3716,66 ლარი და დაზღვევა-19,92 ლარი.ასევე სს ”თ----- ბანკსა” და ლ-–------–-–---–ს შორის 2011 წლის 15 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 500 ლაიანი საკრედიტო ლიმიტით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო აუცილებელი მინიმალური თანხა, ბილინგის (დაანგარიშების) დღემდე ათვისებული საკრედიტო პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ბილინკის (დაანგარიშების) თარიღად განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 11 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 20 ლარი ვალდებულების ყოველი დარღვევისთვის და ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. ლ-–------–-–---–ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის მაისის თვეში და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2016 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2011 წლის 15 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 6675,04 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -4892,17 ლარი, პროცენტი-1197,63 ლარი და ჯარიმა -585,24 ლარი. როგორც აღინიშნა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. განსახილველ შემთხვევაში კი ბანკი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვეღარ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეები ლ-–------–-–---–ი და ზ---------–-–---–- ეთანხმებიან იმ გარემოებებს, რომ სს ”თ----- ბანკსა” და ლ-–------–-–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. ასევე დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფისათვის გამოყენებული იყო ზ---------–-–---–-ს თავდებობა. არ ეთანხმებიან იმ გარემოებას, რომ თითქოს ზ---------–-–---–მა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ვინაიდან ,მას სესხის ხელშეკრულებით არანაირი ვალდებულება არ უკისრია, ის წარმოადგენდა თავდებ პირს ლ-–------–-–---–თან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ხოლო ლ-–------–-–---–ის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ ზ---------–-–---–-სათვის მოსარჩელეს არ უცნობებია. რაც შეეხება, ლ-–------–-–---–ის მიერ სესხის ხელშეკრულებიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, მან რეფინანსირებისათვის მიმართა მოსარჩელეს. თუმცა, მოსარჩელემ საკითხის გადაწყვეტის ნაცვლად მომართა სასამართლოს და სარჩელით მოითხოვა მთლიანად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასაღები თანხის მოსარჩელეზე დაკისრება. ეთანხმებიან იმ გარემოებას, რომ სს ”თ----- ბანკსა ” და ლ-–------–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება. ეთანხმებიან იმ გარემოებას, რომ სს ”თ----- ბანკსა” და ლ-–------–-–---–ს შორის დადებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების დარღვევა გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო მოხდა ლ-–------–-–---–ის მიერ, რაზედაც ეცნობა სს ”თ----- ბანკს” და მან ითხოვა დარღვეული პირობის გამოსწორება დარიცხული თანხის გადახდის განაწილებით რაზედაც, თანხმობის ნაცვლად სს ”თ----- ბანკმა” სარჩელით მოითხოვა მოპასუხე ლ-–------–-–---–ზე თანხის დაკისრება. 2014 წლის 17 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა მხოლოდ საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები კონკრეტულად, ხელშეკრულების №1999101-2746075) ხოლო მოპასუხე -ზ---------–-–---–-ს პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა მითითებული თავდებობის ხელშეკრულებით განისაზღვრა 22 700 ( ოცდაორი ათას შვიდასი)ლარით. არ ეთანხმებიან არც 2014 წლის 17 ნოემბრის საბანკო კრედიტის №1999101-2746075 ხელშეკრულებიდან თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვილი თანხის ოდენობას, რადგან ძირითადი თანხა სარჩელში მითითებული ოდენობით არ არის გადასახდელად დარჩენილი, რის გამოც არ ეთანხმებიან არც მითითებულ პროცენტს და არც ჯარიმის სახით რეალურად პირგასამტეხლოს ოდენობას, რომელიც ამავდროულად არის შეუსაბამოდ მაღალი.
2. მოპასუხეები არ ეთანხმებიან 2016 წლის 11 ოქტომბრიდან თითქოს ძირითად თანხაზე -17716.98 ლარზე შემდგომი 3(სამი) წლის წლიური პროცენტის სახით ყოველთვიურად 105.95 ლარის მოთხოვნას. არ ეთანხმებიან არც 2011 წლის 15 ნოემრბის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვილი თანხის ოდენობას,რადგან ძირითადი თანხა სარჩელში მითითებული ოდენობით არ არის გადასახდელად დარჩენილი, რის გამოც არ ეთანხმებიან არც მითითებულ პროცენტს და არც ჯარიმის სახით რეალურად პირგასამტეხლოს ოდენობას, რომელიც ამავდროულად არის შეუსაბამოდ მაღალი. არ ეთანხმებიან 2016 წლის 11 ოქტომბრიდან თითქოს ძირითად თანხაზე -4892.17 ლარზე შემდგომი 3 (სამი) წლის წლიური პროცენტის სახით ყოველთვიურად 146.76 ლარის მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ”თ----- ბანკსა” და ლ-–------–-–---–ს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის №1999101-2746075 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 22700 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა 1459 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი-13.95%. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, აგრეთვე, ვადაგადაცილებული ერთი დღის შემდეგ დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 17 ნოემბრის საბანკო კრედიტის №1999101-2746075 ხელშეკრულება (ს.ფ. 18-23)
3.2.2. საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს ”თ----- ბანკსა” და ზ---------–-–---–ს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ზ---------–-–---–მა ძირითად მსესხებელ- ლ-–------–-–---–თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის №1999101-2746075 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა-22700 ლარით ან მისი ექვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 17 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-33);
3.2.3. ლ-–------–-–---–მა და ზ---------–-–---–მა 2014 წლის 17 ნოემბერს საბანკო კრედიტის №1999101-2746075 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვიეს 2016 წლის 15 იანვარს. ასევე, მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას. 2016 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით ლ-–------–-–---–სა და ზ---------–-–---–ს 2014 წლის 17 ნოემბრის საბანკო კრედიტის № 1999101-2746075 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება- 22077,17 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა-17716,98 ლარი, პროცენტი-623,61 ლარი, ჯარიმა-3716,66 ლარი და დაზღვევა-19,92 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 57);
- გადახდების ისტორია (ს.ფ.37-56);
3.2.4. სს ”თ----- ბანკსა” და ლ-–------–-–---–ს შორის 2011 წლის 15 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 500 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. საკრედიტო ლიმიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო აუცილებელი მინიმალური თანხა, ბილინგის (დაანგარიშების) დღემდე ათვისებული საკრედიტო პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 11 რიცხვი. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 20 ლარი ვალდებულების ყოველი დარღვევისთვის და ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2011 წლის 15 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 35-36);
3.2.5. ლ-–------–-–---–ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის მაისის თვეში. 2016 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2011 წლის 15 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 6675,04 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -4892,17 ლარი, პროცენტი-1197,63 ლარი და ჯარიმა -585,24 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 57);
- გადახდების ისტორია (ს.ფ.37-56);
3.2.6. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ, კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა, მოპასუხეს აკისრია ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც, მაგრამ, სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0,5% თვეში (30 დღე) შეადგენს - 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) _ 182,5%-ს.
ასევე სარჩელით მოთხოვნილი ჯარიმა (პირგასამტეხლო) -3 716,66 ლარი, გაცილებით მეტია დარიცხულ პროცენტზე.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბანკის მხრიდან განხორციელებული მოქმედება პირგასამტეხლოს სახით - ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრების ნაწილში ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებსა და შესაბამისად, საჯარო წესრიგს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო ხაზს უსვავს, რომ იგი გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 371,7 ლარი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,თ----- ბანკის'' სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე-873-ე, 891-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი პუნქტით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საფუძველია მხარეთა შორის არსებული საბანკო კრედიტის, სესხის ურთიერთობა. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,თ----- ბანკსა'' და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე. მოპასუხემ მოსარჩელე სს ”თ----- ბანკთან” გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, მიიღო სესხი, რომელიც უნდა დაებრუნებინა შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული პირობებით. დადგენილია, რომ მან არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელის მიმართ წარმოეშვა დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე მხარე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ვინაიდან მოცემულ შემთხევაში წარმოდგენილია სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.
დადგენილია, რომ 2014 წლის 17 ნოემბერს სს ,,თ----- ბანკთან'' დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ---------–-–---–- წარმოადგენს თავდებ პირს და მას ლ-–------–-–---–თან ერთად, ეკისრება პასუხისმგებლობა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----- ბანკი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხის 17716.98 ლარის გადახდა და ასევე საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის -4892,17 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს 623,61 ლარს, ასევე საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო ვალი შეადგენს 1197,63 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა წლიური პროცენტის ოდენობა. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხეებს ლ-–------–-–---–ს და ზ---------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის'' სასარგებლოდ ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ, 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის №1999101-2746075 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 17716,98 ლარზე 2018 წლის 16 ნოემბრამდე, წლიური 13,95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-205.95 ლარს.
მოპასუხეს ლ-–------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის'' სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე -4892,17 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-146,76 ლარს.
სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოდასახელებული მუხლების საფუძველზე სს „თ----- ბანკის” სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი განაკვეთიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - - 371.60 ლარის გადახდა.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კრედიტორმა ბოროტად უნდა ისარგებლოს მისთვის ხელშეკრულებით ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს არაგონივრულად მიაჩნია მოვალისათვის დავალიანების დაანგარიშების პერიოდზე დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად, მომავალ პერიოდზე პირგასამტეხლოს დარიცხვაც. მით უფრო, როცა მოსარჩელე ასევე ითხოვს მიუღებელ შემოსავალსაც წლიური პროცენტის სახით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----- ბანკის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხეებს ლ-–------–-–---–ს და ზ---------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 17 ნოემბრის საბანკო კრედიტის №1999101-2746075 ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18732,11 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა-17716,98 ლარი, პროცენტი-623,61 ლარი, ჯარიმა-371,60 ლარი და დაზღვევა-19,92 ლარი.
1.2. მოპასუხეებს ლ-–------–-–---–ს და ზ---------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის №1999101-2746075 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 17716,98 ლარზე 2018 წლის 16 ნოემბრამდე, წლიური 13,95% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-205.95 ლარს.
2. მოპასუხეს ლ-–------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის'' სასარგებლოდ დაეკისროს 2011 წლის 15 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 6675,04 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა -4892,17 ლარი, პროცენტი-1197,63 ლარი და ჯარიმა -585,24 ლარი.
3. მოპასუხეს ლ-–------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის'' სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე -4892,17 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს-146,76 ლარს.
4. მოპასუხეებს ლ-–------–-–---–ს და ზ---------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 426.68 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და ასევე ადვოკატის მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით.
5. მოპასუხეს ლ-–------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკის'' სასარგებლოდ დაეკისროს 716.43 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. დარჩენილი სახელმწიფო ბაჟი 100.35 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე