გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 2-876-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 თებერვალი 2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი: მაგდა შენგელია
მოსარჩელე- რ---------------–--------–---–ი
მოპასუხე- დ-------------–---–ი
მოპასუხის წარმომადგენელი- ს-----------–----ა
დავის საგანი: თანხის დაკისრება
aRwerilobiTi nawili
სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე დ-------------–---–ს მოსარჩელე რ---------------–--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4500 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი- 3500 აშშ დოლარი.
სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები:
სარჩელში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 20 მაისს რ--------------–--------–---–ს და დ-------------–---–ს შორის დაიდო ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 1000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით, პროცენტი განისაზღვრა ყოველთვიურად ძირი თანხის 10 %-ის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, დ-------------–---–მა არ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს არ დაუბრუნა როგორც სესხის ძირი თანხა, ისე მასზე დარიცხული 35 თვის პროცენტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს:
მოპასუხე დ-------------–---–ს მოსარჩელე რ---------------–--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4500 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი- 3500 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე დ-------------–---–ის წარმომადგენელმა ს-----------–----ამ 2018 წლის 16 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო სესხის ძირ ნაწილში, რაც შეეხება პროცენტს, მიიჩნია, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 20 მაისს რ--------------–--------–---–ს და დ-------------–---–ს შორის დაიდო ხელწერილი ვალის აღიარების შესახებ, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 1000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით, პროცენტი განისაზღვრა ყოველთვიურად ძირი თანხის 10 %-ის ოდენობით.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა- განმარტებები, ხელწერილი (ს.ფ. 15)
3.1.2. მოპასუხეს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ერთი თვის ვადაში არ გადაუხდია სესხის ძირი თანხა- 1000 აშშ დოლარი და პროცენტი- 3500 აშშ დოლარის ოდენობით.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, ანუ დადგენილია, რომ არსებობდა მხარეებს შორის ხელწერილი, რომლის თანახმად, დ-------------–---–მა მიიღო ფულადი თანხა- 1000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო ერთი თვის ვადაში. უდავოა, რომ აღნიშნული შეთანხმება დაირღვა და დ-------------–---–მა ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2014 წლის 20 მაისს გაფორმებული ვალის აღიარების შესახებ ხელწერილის საფუძველზე, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 1000 აშშ დოლარი 1 თვის ვადით, პროცენტი განისაზღვრა ყოველთვიურად ძირი თანხის 10 %-ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელწერილით გათვალისწინებული თანხა მოპასუხე დ-------------–---–მა სრულად მიიღო, თუმცა აღარ დაუბრუნებია. აღნიშნული ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან.
სასამართლო მიიჩნევს, რომ გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს და ზემოთ მოყვანილი ნორმის შესაბამისად ბათილია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ გვერდის მონაცემებით (, საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა), 2014-2017 წლებში უცხოურ ვალუტაში გრძელვადიანი სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისათვის უცხოურ ვალუტაში შეადგენდა 11.28 %, რაც თვეში საშუალოდ 0.94%-ის ტოლია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებული ხელწერილიდან გამომდინარე ძირი თანხისა და სესხით სარგებლობისათვის პროცენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს სწორედ ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისად.
როგორც აღინიშნა, სესხისათვის სარგებლის სახით განისაზღვრა ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის - 1000 აშშ დოლარის 10%-ის გადახდა, რაც წლიურად უდრის 1200 %-ს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი არის შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის 1000 აშშ დოლარის წლიური 11.28 %, (2014-2017 წლებში ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად დადგენილი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ფიზიკური პირებისთვის) რაც თვეში შეადგენს 9.4 აშშ დოლარს, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელად უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის ოცდათხუთმეტი თვის სარგებელი, რაც შეადგენს 329 აშშ დოლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემცირებული პროცენტის გათვალისწინებით რ--------------–--------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დ-------------–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მოპასუხეს რ---------------–--------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 24,38 ლარის გადახდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებისას დაშვებულია მექანიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით მოპასუხე დ-------------–---–ს მოსარჩელე რ---------------–--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა 24,38 ლარის გადახდა. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გასწორდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 16 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებაში დაშვებული უზუსტობა და გადაწყვეტილების მე-3 ნაწილის ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად - მოპასუხე დ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 24,38 ლარის გადახდა. დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244, 248-249-ე, 364-ე, 268-ე, 269-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. რ---------------–--------–---–ის სარჩელი მოპასუხე დ-------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე დ-------------–---–ს მოსარჩელე რ---------------–--------–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 1329 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი- 329 აშშ დოლარი;
3. მოპასუხე დ-------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 24,38 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი