გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-63-2017
(130310117001975377)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 თებერვალი 2018 წელი ქ. ხაშური
შესავალი ნაწილი
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მევლუდ ხათაშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნ---- მ----–--------------ი
მოპასუხე - შპს „რ----------------ი“
წარმომადგენელი - ზ---- ზ------ი
მოპასუხეები - ზ---- ზ------ი, ნ----- ბ---------ე
მოპასუხეები - ლ---- ღ-------ე, თ----- ც----------ე
წარმომადგენლები - მ----- ა-------–ი, გ------- ჩ-----ე
დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „რ----------------ის“, ზ---- ზ------ის, ლ---- ღ-------ის, ნ----- ბ---------ის და თ----- ც----------ის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
მოსარჩელე უთითებს, რომ შპს „რ----------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 23 მარტიდან. მის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქალაქი ხაშური, პ--–---ის ქუჩა N64, დირექტორი და 1000/0-იანი წილის მფლობელია ზ---- ზ------ი. საწარმოს საქმიანობის საგანი იყო ნამცხვრების, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმის დისტრიბუცია. შპს „რ----------------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 13 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 27053,36 ლარს. საწარმოს ქონებაზე 2015 წლის 10 ოქტომბრის N077-2549 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ხოლო 2017 წლის 24 იანვარს გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N025-21 ბრძანება. შპს „რ----------------ის“ საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია 2016 წლის მოგების, დღგ-ის, საშემოსავლო და 2017 წლის მოგების დეკლარაციების საფუძველზე. შპს „რ----------------ის“ დირექტორმა 2016 წლის წლიური დეკლარაციის და იმავე წლის იანვრის, თებერვლის, მარტის და აპრილის დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე თანხის დარიცხვის შემდგომ 2016 წლის მაისიდან შეაჩერა საქონლის დისტრიბუცია, 2016 წლის ივლისიდან კი აღარ განუხორციელებია სამეწარმეო საქმიანობა.
შპს „რ----------------ის“ დამფუძნებელს ზ---- ზ------ს, 2016 წლის დეკემბრის საშემოსავლო დეკლარაციის თანახმად, საწარმოდან დივიდენდის სახით გატანილი აქვს 35047 ლარი. საკონტროლო სალარო აპარატის მონაცემების თანახმად, შპს „რ----------------ის“ დავალიანების წარმოშობის შემდგომ - 2015 წლის 10 ოქტომბრიდან საქმიანობის შეჩერებამდე, სამეწარმეო საქმიანობიდან ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებულმა თანხამ შეადგინა 192024,9 ლარი, როდესაც მის მიერ მოცემული დროისათვის ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეადგენს მხოლოდ 35832,81 ლარს. 2016 წლის 20 მაისს ზ---- ზ------მა შეიძინა ავტომანქანა და გადააფორმა მეუღლის - ნ----- ბ---------ის სახელზე.
შპს „რ----------------ის“ წარმომადგენლად საბაჟოზე ფიქსირდება ლ---- ღ-------ე, რომლის ხელმძღვანელობითაც შპს „რ----------------ი“ რუსეთიდან ახდენდა საქონლის შემოტანას და შემდგომ მის რეალიზაციას.
2015 წლის 8 აპრილიდან, შპს „რ----------------ის“ საქმიანობის პარალელურად, ზ---- ზ------ი მუშაობდა შპს „ა-------------ში“, რომელმაც სამეწარმეო საქმიანობა დაიწყო ხაშურში, ბ---------ის ქ. N203-ში მდებარე საწყობში, რომლის მესაკუთრეა ლ---- ღ-------ის მეუღლე თ----- ც----------ე. შპს „რ----------------ი“ საქონლის დისტრიბუციას ახდენდა შპს „ა-------------ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით, რასაც უშუალოდ ახორციელებდა ზ---- ზ------ის მეშვეობით შპს „ა-------------ის“ წარმომადგენლების გვერდით ავლით.
მოსარჩელე უთითებს, რომ შპს „რ----------------ის“ მიერ გადასახადის დარიცხვის შემდგომ საქმიანობის შეჩერება, დირექტორის და დამფუძნებლის მიერ საგადასახადო დავალიანების დაფარვის ნაცვლად საწარმოდან დივიდენდის სახით თანხის გატანა და სხვადასხვა სახის ქონების შეძენა, მიზნად ისახავდა გადასახადის გადახდევინების ღონისძიებებისაგან თავის არიდებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ---- ზ------მა (რომელიც ასევე, შპს „რ----------------ის“ წარმომადგენელია) სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საწარმოს ნამდვილად გააჩნია საგადასახადო დავალიანება. ბუღალტრის მიერ შემოსავლების სამსახურში არასწორად იქნა დაფიქსირებული, რომ დივიდენდის სახით გაიტანა 35047 ლარი. რეალურად არანაირი თანხა არ გაუტანია. შპს „რ----------------ის“ საქმიანობამ განიცადა კრახი, რომლის ერთ-ერთი მიზეზი იყო ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში. პროდუქცია შემოჰქონდათ რუსეთიდან და ანგარიშწორება ხდებოდა დოლარში. ამას დაემატა ისიც, რომ 30 000 ლარის ღირებულების პროდუქციის რეალიზაცია სიცხის გამო ვერ მოხერხდა, გაფუჭდა და მოხდა მათი გადაყრა. ვინაიდან, ვერ მოხდა საქონლის ჩამოწერა, ამიტომ მითითებულ იქნა, რომ პროდუქტის რეალიზაციით საწარმომ მიიღო შემოსავალი, რომელიც გატანილ იქნა დივიდენდი სახით. ფაქტობრივად არანაირი თანხა არ გატანილა.
მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნ----- ბ---------ე არის მისი მეუღლე, ხოლო ლ---- ღ-------ე მისი მეგობარი და მხოლოდ ერთხელ მიეხმარა საბაჟოზე საქონლის გადმოტანაში, არ შეიძლება გახდეს საფუძველი მათი ერთმანეთის ცრუმაგიერ პირად ცნობისა. აგრეთვე მიუთითა, რომ ნ----- ბ---------ეს გააჩნია საკუთარი შემოსავალი. ავტომანქანა „MITSUBISHI COLT“ მეუღლისათვის გამოიწერა იაპონიიდან ოჯახური საჭიროებების (ბავშვების წაყვანა სკოლაში, საბავშვო ბაღში და ა. შ.) გამო.
ზ---- ზ------ი უთითებს, რომ შპს „ა-------------ის“ მესაკუთრე მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, არის არა თ----- ც----------ე, არამედ ა------ გ---------ი. დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ შპს „რ----------------მა“ რამდენჯერმე მალულად ნამდვილად გამოიყენა შპს „ა-------------ის“ კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება, რაც შემდგომში გახდა მისი კომპანიიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი.
2.2. მოპასუხე ნ----- ბ---------ემ მიუთითა, რომ მას ბანკიდან კრედიტი აქვს გამოტანილი 4090 ლარი და იმით შეიძინა ავტომანქანა.
2.3. მოპასუხეებმა ლ---- ღ-------ემ და თ----- ც----------ემ სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არც შპს „რ----------------თან“ და არც შპს „ა-------------ისთან“, რომლის დირექტორი და დამფუძნებელი, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, არის ვინმე ა------ გ---------ი. ასევე, ბ---------ის ქუჩაზე რაიმე სასაწყობე ფართი არ ეკუთვნის თ----- ც----------ეს. არ არსებობს მოპასუხეების განზრახ ერთობლივი მოქმედება გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით. მხოლოდ ერთჯერადად დაეხმარა ლ---- ღ-------ე ზ---- ზ------ს კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში, რადგან მოცემულ მომენტში ფიზიკურად თბილისში იმყოფებოდა. ზოგადად ლ---- ღ-------ე შპს „რ----------------ის“ წარმომადგენლად არ საქმიანობდა.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირი საქმეში არ ჩაბმულა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.2. შპს „რ----------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 23 მარტიდან. მის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს ქ. ხაშური, ალ. პ--–---ის ქუჩა N64, დირექტორი და 1000/0-იანი წილის მფლობელია ზ---- ზ------ი. საქმიანობის საგანია საცალო ვაჭრობა პურით, ნამცხვრებით, ფქვილოვანი და შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმით (ს.ფ. 135; 182-183).
4.1. შპს „რ----------------ის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება 2017 წლის 13 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 27053.36 ლარს (ს.ფ. 137, 219, ასევე, 2018 წლის 6 თებერვლის სხდომის ოქმი 14:39:36-14:42:30).
4.3. შპს „რუსკონდიტერის“ მიმართ 2017 წლის 24 იანვარს გამოიცა ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N025-21. საწარმოს ქონებაზე 2015 წლის 16 ოქტომბრის N077-2549 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება (ს.ფ. 118; 136).
4.4. 2016 წლის საშემოსავლო დეკლარაციის თანახმად, შპს „რ----------------იდან“ ზ---- ზ------ს დივიდენდის სახით გატანილი აქვს 35047 ლარი (ს.ფ. 124-127).
4.5. ავტომანქანა „MITSUBISHI COLT“ 2016 წლის 20 მაისს დარეგისტრირდა ზ---- ზ------ის სახელზე (სახ. ნორმით IL160LL) და იმავე დღეს გადაფორმდა ნ----- ბ---------ის სახელზე. აღნიშნული ავტომანქანა 2017 წლის 14 მარტიდან რეგისტრირებულია ნ----- ბ---------ის სახელზე სახ. ნომრით ZA777NI (ს.ფ. 133; 146, ასევე შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 15 თებერვლის NMIA 3 18 00375121 წერილი).
4.6. ზ---- ზ------ი და ნ----- ბ---------ე არიან მეუღლეები (ს.ფ. 119).
4.7. ნ----- ბ---------ეს 2016 წლის 19 მაისს სს „ლიბერთი ბანკიდან“ აღებული აქვს სესხი 4090 ლარის ოდენობით (იხ. ამონაწერი ანგარიშიდან).
4.8. შპს „რ----------------ის“ საქმიანობის პარალელურად, ზ---- ზ------ი მუშაობდა შპს „ა-------------ში“ (ს.ფ. 120-123; 128-129).
4.9. საბაჟო ტერმინალში შპს „რ----------------ის“ ერთ-ერთ წარმომადგენლად ფიქსირდება ლ---- ღ-------ე. ამავე დროს, საწარმოს წარმომადგენლებად მითითებულნი არიან ასევე, ზ------ ფ-–---–-----ი და მ------ ბ------ (ს.ფ. 134).
4.10. ლ---- ღ-------ე და თ----- ც----------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში არიან და ჰყავთ საერთო შვილები (ს.ფ. 119).
4.11. შპს „ა-------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2015 წლის 3 აპრილიდან. მისი 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის ა------ გ---------ი (ს.ფ. 229-230).
4.12. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ შპს „ა-------------ი“ საქმიანობდა ხაშურში, ბ---------ის ქ. N203-ში მდებარე საწყობში, რომელიც ეკუთვნის თ----- ც----------ეს, რადგან არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები. მოსარჩელის მითითებას, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერებში (ს.ფ. 59-62) მითითებული უძრავი ნივთების მისამართი - ხაშური, ე.წ. აეროდრომი, იგივეა, რაც ბ---------ის ქ. N203, სასამართლო არ მიიჩნევს დადასტურებულად, რადგან არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
7.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადასახადის გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადასახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.
7.3. სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გადახდა წარმოადგენს, ხოლო საგადასახადო ორგანოების კანონისმიერი უფლებამოსილება, უზრუნველყონ გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, მოიცავს უფლებას, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
7.4. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის კანონით დადგენილი ღონისძიებების გამოყენება იწვევს პირის კანონით დაცული უფლებების, მათ შორის, საკუთრებით თავისუფლად სარგებლობისა და განკარგვის შეზღუდვას. ამასთან, პირს ეკისრება აღნიშნულის თმენის ვალდებულება, რადგან მსგავსი ღონისძიებების გატარება ემსახურება საჯარო ლეგიტიმურ მიზანს - საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და მათი გამოყენების საფუძველი სწორედ გადასახადის გადამხდელის ქმედება - საგადასახადო ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობაა. საგადასახადო კანონმდებლობა იცნობს ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის ინსტიტუტს, რომლის დროსაც გადახდევინების მიქცევა ხდება არა გადასახადის გადამხდელის, არამედ მესამე პირის ქონებაზე, როდესაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდებისთვის.
7.5. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.
7.6. სასამართლო განმარტავს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით, ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა პირთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება. ამ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების მიზანია დაცული იქნას საგადასახადო ორგანოს, როგორც კრედიტორის უფლებები. ცრუმაგიერ პირებად აღიარების აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.
7.7. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შინაარსიდან ცხადია, რომ კანონმდებელი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ამასთან, „ცრუმაგიერი პირის დეფინიცია უნდა აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: ა) რეალური და ცრუმაგიერი პირი ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს; ბ) ცრუმაგიერი პირი უნდა იყოს გამოყენებული გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდების მიზნით (იგულისხმება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებები: საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა, გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება). ცრუმაგიერ პირს წარმოშობს რეალური პირის ქმედება - თავი აარიდოს გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებას და შესაბამისი ქონება მანამდე გადასცეს ცრუმაგიერ პირს, ვიდრე მის მიმართ განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის განჩინება საქმეზე №ბს-167-165(კ-17)).
7.8. გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისაგან შეუძლებელია, როდესაც სახეზეა: 1. საერთო ფინანსური ანგარიშები და საგადასახადო დეკლარაციების ფაილები (დეკლარაციის ერთობლივად შევსება, ერთიანი დაგეგმვა, საერთო ადმინისტრირება) დამოუკიდებელ კომპანიებში; 2. ერთი კომპანიის ქმედებები არის მეტად განმაპირობებელი (გამიზნული) მეორე კომპანიის ბიზნესის წყაროსი (წარმატების); 3. კომპანია იყენებს სხვა კომპანიის საკუთრებას, როგორც საკუთარს; 4. კორპორაციის ყოველდღიური საქმიანობის ურთიერთაღრევა (ერთობლიობა); 5. შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელების/დასაქმებულების სხვა კომპანიის (მაგ. დედა კომპანიის) საუკეთესო ინტერესებში მოქმედება; 6. ე. წ. ჩრდილოვანი დირექტორის” თეორია.
7.9. უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების სხვა პირის გამოყენების ფორმებია: 1. კომპანიის არასაკმარისი კაპიტალიზაცია (კომპანიას არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი, რაც აუცილებელია საქმიანობის განსახორციელებლად, ანუ კომპანიას არ გააჩნია საკმარისი საწესდებო კაპიტალი მოსალოდნელი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად); 2. კომპანიასა და დამფუძნებელს (პარტნიორს), სხვა პირებს შორის დადებულ გარიგებებს არ გააჩნიათ გარიგების ისეთი ხასიათი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დადებული იქნებოდა ორ დამოუკიდებელ პირს შორის და აღნიშნული განპირობებულია უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან თავის არიდების მიზნით.
7.10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას სასამართლომ კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად მოცემული ნორმის საკანონმდებლო მიზნის - უზრუნველყოფილ იქნას აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულება, გათვალისწინებით უნდა დაადგინოს და საგადასახადო ორგანომ უნდა დაამტკიცოს მოპასუხეთა ქმედებების ისეთი ჯაჭვის არსებობა, რაც დაადასტურებს რეალური და ცრუმაგიერი პირების განსხვავების შეუძლებლობასა და ცრუმაგიერი პირის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის ასარიდებლად შექმნასა თუ გამოყენებას.
7.11. სადავო ოპერაციების შეფასებისას, უნდა დადგინდეს საერთო მიზნის განსახორციელებლად მოპასუხეთა მოქმედება - გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისათვის თავის არიდება. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად ქონების გადაცემის სამართლებრივი და ეკონომიკური წინაპირობებისა და შედეგების განხილვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა პირისათვის, მათ შორის, ურთიერთდამოკიდებულ პირზე, ქონების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გადაცემა განხორციელებულია ფორმალურად და რეალურად მიზნად არ ისახავს იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევას, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი გარიგების ფორმა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამდენად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა გავლებას ახდენს მათ შორის განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო რეგულირებაზე, თუმცაღა იმავდროულად მათი ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს ქმნის მხოლოდ სხვა მტკიცებულებებსა და ფაქტობრივ გარემოებებთან ერთობლიობაში.
7.12. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ გახდება ამგვარი აღიარების საკმარისი საფუძველი, რადგან სახეზე არ არის გადასახადის გადამხდელის სხვა პირისგან განსხვავების პრაქტიკულად შეუძლებლობა.
7.13. მოსარჩელის მიერ არ არის დასახელებული გარემოებები თუ რატომ არის შეუძლებელი მოპასუხეთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა ან რა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობა და შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე ფიზიკურ პირებთან მიმართებით მოსარჩელეს არც კი მიუთითებია და შესაბამისად, არც წარმოუდგენია მტკიცებულებები მათი ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობის, ასევე, ამ პირების მოპასუხე იურიდიული პირისაგან გაუმიჯნაობის შესახებ. მხოლოდ ის, რომ მოპასუხე ფიზიკური პირები ერთმანეთის მეუღლეები არიან, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მათი ერთმანეთისაგან განსახვავება პრაქტიკულად შეუძლებელია.
7.14. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები იმის უტყუარად დასადასტურებლად, რომ მოპასუხე მხარეთა ქმედება მიმართული იყო გადასახადის გადახდევინებისაგან თავის არიდებისაკენ და ეს იყოს განზრახი და ერთობლივი. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შპს „რ----------------ის“ მიერ საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობა, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეები განზრახ ერთობლივად მოქმედებდნენ ამ გადასახადის გადახდისაგან თავის ასარიდებლად. მოსარჩელე თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითებს, რომ რუსკონდიტერის მიერ ნაღდი ანგარიშწორებით მიღებული 192024,9 ლარიდან ბიუჯეტში გადახდილია მხოლოდ 35832,81 ლარი, თუმცა ამავე დროს არ განმარტავს, თუ რატომ არის ბიუჯეტში გადახდილი თანხა შეუსაბამო მიღებულ შემოსავალთან, რატომ ეკისრებოდა მოცემულ შემთხვევაში საწარმოს მეტის გადახდა და რატომ მიიჩნევს მოსარჩელე, რომ ეს ადასტურებს მოპასუხეთა შეთანხმებულ მოქმედებას დავალიანების გადახდევინებისაგან თავის არიდების მიზნით.
7.15. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს, მის მიერ მოპასუხეებად დასახელებული პირები (ზ---- ზ------ი და ნ----- ბ---------ე, ლ---- ღ-------ე და თ----- ც----------ე), საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით, მიაჩნია რა ურთიერთდამოკიდებულ პირებად, აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი იმავდროულად მიაჩნია ცრუმაგიერ პირებად, რასაც არ იზიარებს სასამართლო, ვინაიდან, სახეზე არ არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით განსაზღვრული წანამძღვრები.
7.16. ზ---- ზ------ის ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე უთითებს, რომ მან, როგორც საწარმოს პარტნიორმა, ბოროტად გამოიყენა პასუხასიმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა, რის გამოც საწარმოს კრედიტორის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ზ---- ზ------მა თანხა გაიტანა საწარმოდან დივიდენდის სახით და არ გადაიხადა კუთვნილი გადასახადი. მოპასუხე უარყოფს თანხის ფაქტობრივი გატანის ფაქტს. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რომ ეს თანხა რეალურად გატანილია საწარმოდან. გარდა ამისა, ასეც რომ იყოს, ეს ვერ ჩაითვლება პირთა ცრუმაგიერობის დამადასტურებელ გარემოებად. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესი (კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს), რასაც უთითებს საგადასახადო ორგანო მისი სარჩელის სამართლებრივ საფუძვლად, ნამდვილად ითვალისწინებს პარტნიორის პასუხისმგებლობას არაკეთილსინდისიერობის გამო, თუმცა ეს არ გულისხმობს პარტნიორის და საწარმოს ერთმანეთის ცრუმაგიერობას. ცრუმაგიერი მფლობელობა, როგორც საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა, განსხვავდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული პარტნიორის პასუხისმგებლობისაგან და გულისმობს არამარტო ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას, არამედ სავალდებულო კრიტერიუმად მოიცავს პირების ერთმანეთისაგან გაუმიჯნაობასაც, რაც არ არის აუცილებელი პარტნიორის „მეწარმოეთა შესახებ“ კანონის 3.6 მუხლით გათვალისწინებული პასუხსმგებლობის დასაყენებლად კრედიტორიების მიმართ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.
7.17. ნ----- ბ---------ის ცრუმაგიერ პირად ცნობის საფუძვლად სარჩელში მითითებულია, რომ ზ---- ზ------მა მას გადაუფორმა ავტომანქანა. როგორც მხარეთა განმარტებებით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, ავტომანქანა „MITSUBISHI COLT“, რომელიც 2003 წელს არის გამოშვებული (მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც რაიმე წარმოუდგენია, რომ ეს ავტომანქანა მაღალფასიანია), ზ---- ზ------ის სახელზე გაფორმდა 2016 წლის 20 მაისს და იმავე დღეს გადაფორმდა მეუღლის სახელზე. საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის მიხედვით, ნ----- ბ---------ემ 2016 წლის 19 მაისს (ნივთის შეძენის წინა დღეს) აიღო კრედიტი 4090 ლარის ოდენობით. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის შეძენის ხარჯი ძირითადად გაწეულია ნ----- ბ---------ის მიერ და არ უნდა ჩაითვალოს, რომ იგი შეძენილია ზ---- ზ------ის მიერ იმ თანხით, რაც შპს „რ----------------ს“ უნდა გადაეხადა სახელმწიფო ბიუჯეტში დავალიანების დასაფარავად. მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა.
7.18. ლ---- ღ-------ის ცრუმაგიერ პირად აღიარების საფუძვლად მოსარჩელე უთითებს, რომ იგი იყო შპს „რ----------------ის“ წარმომადგენელი საბაჟო ტერმინალში. როგორც დადგინდა აღნიშნულს ჰქონდა მხოლოდ ერთჯერადი ხასიათი და სასამართლო ამ ფაქტს ვერ მიიჩნევს საკმარისად იმის დასადასტურებლად, რომ ლ---- ღ-------ე შპს „რ----------------თან“ და ზ---- ზ------თან ერთობლივად მოქმედებდა გადასახადის გადახდისაგან თავის ასარიდებლად. საყურადღებოა ის გარემოება, რომ შპს „რ----------------ის“ წარმომადგენლებად საბაჟო ტერმინალში ფიქსირდებიან, ასევე, ზ------ ფ-–---–-----ი და მ------ ბ------, რომელთა ცრუმაგიერ პირებად ცნობას მოსარჩელე არ ითხოვს. ვინ არიან ეს პირები და რით განსხვავდება მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების სტატუსი ლ---- ღ-------ისაგან საგადასახადო ორგანოს არ მიუთითებია.
7.19. თ----- ც----------ესთან დაკავშირებით, მოსარჩელე ჯერ უთითებდა, რომ შპს „ა-------------ი“ ეკუთვნის მას, ხოლო შემდეგ მიუთითა, რომ ის საწყობი ეკუთვნის, სადაც შპს „ა-------------ი“ საქმიანობდა, თუმცა არც ერთი და არც მეორე ფაქტი მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, ეს კომპანია ეკუთვნის ვინმე ა------ გ---------ს და ამ პირის მოპასუხეებთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.
7.20. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
7.21. მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მხარის განმარტება, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ ქმნის ამა თუ იმ პირთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საკმარის საფუძველს, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ კი საკმარისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ლ---- ღ-------ის და თ----- ც----------ის სასარგებლოდ მათ მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე შემოტანილ საჩივართან დაკავშირებით გადახდილი 50 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო:
- ლ---- ღ-------ის (პ/ნ 57001011961) კუთვნილ უძრავ ნივთებს საკადასტრო კოდებით 69.08.60.049; 69.08.60.264;
- თ----- ც----------ის (პ/ნ 57001010166) კუთვნილ უძრავ ნივთებს საკადასტრო კოდებით 69.08.05.071; 69.08.60.051;
- ნ----- ბ---------ის (პ/ნ 57001002246) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას „MITSUBISHI COLT“ სახ. ნომერი ZA777NI;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე ლ---- ღ-------ის, თ----- ც----------ის და ნ----- ბ---------ის კუთვნილ ქონებებს უნდა მოეხსნას ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, 25-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი;
2. გაუქმდეს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ლ---- ღ-------ის (პ/ნ 57001011961) კუთვნილ უძრავ ნივთებს (საკ. კოდები 69.08.60.049 და 69.08.60.264), თ----- ც----------ის (პ/ნ 57001010166) კუთვნილ უძრავ ნივთებს (საკ. კოდები 69.08.05.071 და 69.08.60.051) და ნ----- ბ---------ის (პ/ნ 57001002246) კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებას („MITSUBISHI COLT“ სახ. ნომერი ZA777NI) მოეხსნას ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის N3-63-2017 განჩინებით დადებული ყადაღა;
3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს ლ---- ღ-------ის და თ----- ც----------ის სასარგებლოდ მათ მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე შეტანილ საჩივართან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
5. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს (ხაშური, კოსტავას ქ. N15) მეშვეობით.
მოსამართლე: მევლუდ ხათაშვილი