გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2018
საქმის ნომერი
080210017002133954
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
29.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210017002133954

№2/2994-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 იანვარი 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - ქე-----ნ სხ---–---ია;

წარმომადგენელი - რობიზონ ხურცილავა;

მოპასუხე - ბ---- ჭკ------;

წარმომადგენელი -თეიმურაზ ბუცხრიკიძე;

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბ---- ჭკ------ს შვილის ნა----–-ა ჭკ------ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის თვეში 300 ლარის გადახდა.

მოსარჩელე ქე-----ნ სხ---–---იას მითითებით, მხარეები იყვნენ მეუღლეები და თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი ნა----–- ჭკ------, რომელიც ამჟამად ცხოვრობს დედასთან. მოპასუხე არანაირ ყურადღებას არ იჩენს შვილის მიმართ, არ ზრუნავს მასზე და მონაწილეობას არ იღებს მის აღზრდაში. მოსარჩელე მხარე არის უმუშევარი, შემოსავალი არ გააჩნია რის გამოც ითხოვს ბ---- ჭკ------ს არასრულწლოვანი შვილის 2016 წლის 8 მარტს დაბადებული ნა----–- ჭკ------ს (პ.ნ. 3955000,9628) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის, ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა.

 

შემდგომში, სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე მხარისთვის ალიმენტის სახით თვეში 200 ლარის დაკისრება.

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ვინაიდან არის უმუშევარი, თანახმაა ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 100 ლარი (29.01.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ქე-----ნ სხ---–---ია არასრულწლოვან შვილთან ნა----–- ჭკ------სთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში. მოპასუხე ბ---- ჭკ------ს ჰყავს მეორე მეუღლე, ელოდება ბავშვს და ცხოვრობს ქ. თბილისში ნაქირავებ ბინაში. ორივე მხარე უმუშევარია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (29.01.2018 წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

- ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო - მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან (ს.ფ. 61);

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 62-63);

- ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვის შესახებ (ს.ფ. 64);

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. თანაცხოვრების პერიოდში ქე-----ნ სხ---–---იას და ბ---- ჭკ------ს შეეძინათ ერთი შვილი - 2016 წლის 8 მარტს დაბადებული ნა----–- ჭკ------;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 16).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან არსებობს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების საფუძველი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა ალიმენტის დაკისრება მოპასუხეზე 200 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი აღარ მუშაობს, ასევე ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე და ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამასთან, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ხარჯები, ასევე მხარეთა კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესები. მოსარჩელის მოთხოვნაა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მოპასუხეზე ალიმენტის სახით 200 ლარის გადახდის დაკისრება, თუმცა ბ---- ჭკ------ს შესაძლებლობის გათვალისწინებით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 120 ლარის ოდენობით.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა' ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო 100 ლარის ნაწილში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა თვეში 120 ლარის ოდენობით, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 7.2 ლარის ოდენობით.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქე-----ნ სხ---–---იას სარჩელი ბ---- ჭკ------ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. ბ---- ჭკ------ს ქე-----ნ სხ---–---იას სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის – 2016 წლის 8 მარტს დაბადებული ნა----–- ჭკ------ს რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 120 ლარის ოდენობით, სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღიდან - 2017 წლის 18 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

2. მოპასუხე ბ---- ჭკ------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 7.2 ლარის ოდენიბით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე