განაჩენი

სისხლის სამართლის 21.02.2018
საქმის ნომერი
010100118002247996
დავის ტიპი
19 - 344 1
თარიღი
21.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010100118002247996

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - დავით მამისეიშვილი

სხდომის მდივანი - მირანდა თურმანიძე

 

პროკურორი - მიქაილ ქობულაძე, ოლღა მერებაშვილი

 

ბრალდებული - ილ-----------ვი

ადვოკატი - ირ---–--------ლი

 

თარჯიმანი - ზინაიდა ანტონიანი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე,ბრალდებული: ილ-----------ვი

მამის სახელი: ალი

დაბადებული: 13.09.1978 წელი

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

პირადი ნომერი: 12---------

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის მისამართი: გა--------ი, ი. ჭა-----ძის ქუჩა N1.

ფაქტობრივად მცხოვრები: გა--------ი, დ. აღ--–-----–ის ქუჩა N18.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის:

19.344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2017 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 16:05 საათზე, საქართველოს მოქალაქე ილ-----------ვი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში მდებარე N448/1 სასაზღვრო ნიშნის რაიონში შეეცადა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ამ გზით არალეგალურად გადასულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2. სასამართლოს დასკვნა ილ-----------ვის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დანაშაულის ჩადენის შესახებ ზეპირი ცნობის მიღების თაობაზე ოქმს, ბრალდებულის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმს, მოწმეების დავით შალიტაურის, ლა–----------ძის და სო------------ძის გამოკითხვის ოქმებს, ილ-----------ვის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ ბაზის მონაცემებს და სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქ/პუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებითი სტანდარტი - ”გონივრულ ეჭვს მიღმა”, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

5. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებული ილ-----------ვი ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა:

 

6. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

 

7. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ი” ქ/პუნქტის თანახმად, სასაზღვრო გამტარი პუნქტია - საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილის ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტია ჩვენს ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესი და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა, ხოლო დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში ყოველგვარი ხერხით.

 

9. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.

 

10. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების სო------------ძის, ლა–----------ძის და დავით შალიტაურის გამოკითხვის ოქმებით, რაც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ დადასტურებულია, რომ ილ-----------ვი 2017 წლის 18 დეკემბერს, N448/1 სასაზღვრო ნიშნის რაიონში ცდილობდა საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას, რაც დააფიქსირა სათვალთვალო კამერებმა და საზღვრის უკანონო გადაკვეთა აღკვეთილი იქნა მესაზღვრეების მიერ.

 

11. ილ-----------ვს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის საშუალება აღარ ჰქონდა, რადგან იგი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთანავე იქნა მხილებული.

 

12. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ილ-----------ვმა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19.344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

13. ილ-----------ვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

14. ილ-----------ვს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

15. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

16. საქართველოს სსკ-ის 19.344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რაშიც ილ-----------ვს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ილ-----------ვის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

17. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

18. მოცემულ შემთხვევაში, ილ-----------ვის მიმართ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე იმ გარემოებებს, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, ბრალდებული არ არის ნასამართლევი, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლო, მიიჩნევს, რომ ილ-----------ვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ პირობითად ჩათვლილი. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ბრალდებულ ილ-----------ვის პიროვნების გათვალისწინებით მითითებული სასჯელი სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული ილ-----------ვი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19.344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ილ-----------ვის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და ბრალდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ილ-----------ვს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო, 2017 წლის 18 დეკემბრიდან - 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: ილ-----------ვის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული - პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, ლურჯი ფერის ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი მასში მოთავსებული ქართული სიმბარათით, ორი ცალი ორლარიანი მონეტა, ერთი ცალი 20 თეთრიანი მონეტა, შავი ფერის ტყავის ხელჩანთა, შავი ფერის გამომთვლელი მანქანა, ერთი ცალი დანა, თორმეტი ცალი პლასტიკური ბარათი, დისკო კლუბების სავიზიტო ბარათები, შავი ფერის ტყავის საფულე და ტელეფონის სამუხტი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილს პირს.

 

პირობით მსჯავრდებულ ილ-----------ვის ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით მამისეიშვილი