გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020210017001799169 (2/193-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა
სხდომის მდივანი - ანა კვირტია
მოსარჩელე - სს ,,თი---------ი’’
წარმომადგენელი - ია-----–---–აია
მოპასუხეები: ედ---------------აძე, თე------------აძე
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.მოპასუხე ედ---------------აძისათვის მოსარჩელე სს „თი---------ი"-ს სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 15 091,01 დოლარის და მიუღებელი შემოსავლის - 545,40 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც მოპასუხეებს ედ---------------აძეს და თე------------აძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 13 828,50 აშშ დოლარის გადახდა (დაზუსტებული მოთხოვნა, იხ. 05.01.2018 წლის განცხადება);
1.2.წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში განხორციელდეს თე------------აძის საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭი---–----ი, №43.--------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1687,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით.
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად მოპასუხე ედ---------------აძის და თე------------აძის სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მიქცევა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო მხოლოდ ძირი თანხის დავალიანების გადახდევინების ნაწილში. რაც შეეხება დარჩენილ თანხებს, მოპასუხეები მათი დარიცხვის მართლზომიერებას სადავო არ ხდიან, თუმცა უარს აცხადებენ თანხების გადახდაზე მატერიალური მდგომარეობის გამო (იხ. შესაგებელი, 08.02.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1.სს ,,თი---------ი’’ არის სს ,,ბა---------------ა’’-ს უფლებამონაცვლე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-სს ,,თი---------ი’’-ს 08/12/2015 წელს მომზადებული ამონაწერი (ს.ფ. 57);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 08.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2.2014 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელე სს ,,ბა---------------ასა’’ და მოპასუხე ედ---------------აძეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ №43-----------05 გენერალური ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მსესხებელზე 15 წლის ვადით გაიხსნა 500 000 აშშ დოლარის ლიმიტის მქონე საკრედიტო ხაზი, კრედიტის წლიურ მაქსიმალურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა - 48%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 19);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 08.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3.№43-----------05 გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 27 ნოემბრის თე------------აძესთან დაიდო №1-----------537 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის 0.5 მუხლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა თე------------აძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ზუგდიდი, სოფელი ჭი---–----ი, №43.--------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1687.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით.
იპოთეკა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში 28/11/2014 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 31);
-09/------- წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 37);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 08.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4.2016 წლის 25 მარტს მოსარჩელე სს ,,თი---------სა’’ და მოპასუხე ედ---------------აძის შორის დაიდო №43-----------05 გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №-50----------97, რომლის მიხედვით, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 13170 აშშ დოლარის ოდენობით, 119 თვის ვადით - 24/02/2026 წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის - 17 %-ს დარიცხვით. ასევე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის გრაფიკით დადგენილ ვადებში გადაუხდელობისას, მსესხებელი გადაიხდის ფიქსირებულ პირგასამტეხლოს 10 აშშ დოლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-გენერალური ხელშეკრულება (ს.ფ. 19);
-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 28);
-გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 45);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 08.02.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5.სს ,,თი---------ს” და ედ---------------აძეს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 25 მარტს, სს ,,თი---------სა” და თე------------აძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდები პირის პასუხისმგებლობა 13828,5 აშშ დოლარის ფარგლებში ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის - ედ---------------აძის მხრიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-გენერალური ხელშეკრულება (ს.ფ. 19);
-საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 28);
-სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 40);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 08.02.2018 წლის სხდომის ოქმი).
3.1.6.მსესხებლებმა ედ---------------აძემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება კრედიტის დაფარვის თაობაზე და 2016 წლის ივნისის თვიდან შეწყვიტა გრაფიკით გათვალისწინებული კრედიტის გადახდა. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარული ვალდებულება არ შესრულებულა თავდები პირის - თე------------აძის მხრიდანაც.
აღნიშნული საფუძვლად დაედო მოპასუხე მხარესთან მოსარჩელის მხრიდან 2017 წლის 08 თებერვლიდან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 45);
-ამონაწერი სესხის დაფარვების შესახებ (ს.ფ. 49);
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 44);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 08.02.2018 წლის სხდომის ოქმი).
3.1.7. 2017 წლის 08 თებერვლის მდგომარეობით №-50----------97 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ედ---------------აძის დავალიანებამ მოსარჩელე სს ,,თი---------ი’’-ს მიმართ შეადგინა ძირი თანხის სახით - 12998,37 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 44);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 08.02.2018 წლის სხდომის ოქმი).
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეთათვის პროცენტის სახით - 1882,15 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს სახით - 210,49 აშშ დოლარის, ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან - 08.02.2017 წლიდან მიუღებელი შემოსავლის სახით - 545,40 აშშ დოლარის დაკისრებას. აღნიშნულ თანხების გადახდაზე მატერიალური მდგომარეობის გამო უარს ამბობს მოპასუხე მხარე, ამასთან, მსესხებელი მოპასუხე ედ---------------აძე და თავდები თე------------აძე სადავოდ არ ხდიან მითითებული თანხების დაანგარიშებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და მოპასუხის მხრიდან სადავო ქცეული თანხების გადახდევინების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამდგენი მტკიცებულებების წარმოდგენა, მოპასუხემ პოზიცია ვერ დაასაბუთა იმ გარემოებებით, რომელიც გამორიცხავდა პროცენტის, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი;
-ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 44);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.08.02.2018 წლის სხდომის ოქმი).
3.2.2.მოსარჩელის მოთხოვნას აგრეთვე წარმოადგენს როგორც იპოთეკით დატვირთული ქონების, ისე მოპასუხეების (მოვალეების) სხვა ქონების რეალიზაცია, რასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე. დადგენილია, რომ ქონების რეალიზაციის თაობაზე მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის ხელშეკრულებით. კერძოდ, 7.5. მუხლის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ იპოთეკარს უფლება აქვს მოითხოვოს აღსრულების მიქცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი;
-იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 35);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 08.02.2018 წლის სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. იმავე კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). სწორედ აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია მოსარჩელეს, როგორც სს ,,ბა---------------ა’’-ს უფლებამონაცვლესა და მოპასუხეებს შორის საკრედიტო, თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების არსებობა. 6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. დადგენილია, რომ ედ---------------აძეს სასარგებლოდ გაიცა კრედიტი 13 170 აშშ დოლარის ოდენობით, 24.02.2026 წლამდე ვადით, წლიური საპროცენტო სარგებლის - 17%-ს დარიცხვით, ასევე პირგასამტეხლოს გადახდის პირობით. აღნიშნულ პირობებს დაეთანხმა თავდები თე------------აძე, რომელმაც იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე, რომ დაფაროს მსესხებლის ედ---------------აძის სესხი 13 828,5 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხის, პროცენტის და პირგასამტეხლოს თანხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამრიგად, ხელშეკრულებასა და თანდართულ გრაფიკზე ხელმოწერით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი და თავდები, რითაც მათ აიღეს ვალდებულება შეასრულონ ისინი, დათქმულ დროს გადაიხადონ ძირი თანხა და მასზე დასარიცხი პროცენტი, ასევე პირგასამტეხლო და მიუღებელი შემოსავალი, რომელიც არ სცდება გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება ედ---------------აძის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს აღნიშნული თანხების გადახდევინება. ამრიგად, მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია. უფრო მეტიც, მსესხებელი მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია პროცენტის, პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის დაანგარიშება. ამასთან, განემარტოს მოპასუხეს, რომ საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (ი--------------–--------------------------–---------–-------–--------------------). აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარემ აღიარა დავალიანების ძირი თანხის გადახდევინების ვალდებულება. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან. 6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის ამ ნორმის უკანასკნელ მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ იპოთეკის ხელშეკრულების 7.5 მუხლით მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება მასზედ, რომ თუ უზრუნველყოფის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს მოვალის ანუ მოპასუხეების სხვა ქონებაზე. უდავოდ დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დატვირთულია თე------------აძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - საკადასტრო კოდით №43.---------. მოვალის მიერ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ არის დაკმაყოფილებული, რაც მოსარჩელე სს ,,თი---------ს’’, როგორც იპოთეკარს, აძლევს მატერიალურ-სამართლებრივ უფლებას მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია, ხოლო მოპასუხე მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების ზემოთ მითითებული პუნქტის მიხედვით, კანონისაგან განსხვავებულ სამართლებრივ შედეგზე შეთანხმების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დაკისრებული თანხის დასაფარად, ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს, რომ აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების კუთვნილი სხვა ქონება. 6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის ძირი თანხის ნაწილში ცნობის, ასევე სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 650,59 ლარი, ხოლო 730.67 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.სს ,,თი---------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1.მოპასუხე ედ---------------აძეს მოსარჩელე სს „თი---------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 15 091,01 დოლარის და მიუღებელი შემოსავლის - 545,40 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც მოპასუხეებს ედ---------------აძეს და თე------------აძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 13 828,50 აშშ დოლარის გადახდა;
1.2.წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება პირველ რიგში განხორციელდეს თე------------აძის საკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭი---–----ი, №43.--------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების 1687,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით.
იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დაკისრებული თანხის დასაფარად, იძულებით აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხე ედ---------------აძის და თე------------აძის სხვა უძრავ-მოძრავი ქონება.
2.მოსარჩელე სს ,,თი---------ს’’ (ს/ნ 204-----5) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 08/02----- წელს №- საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 1381,26 ლარიდან 650,59 ლარი, რომელიც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სახაზინო კოდი - 300813150, ბანკის კოდი - TRESGE22;
3.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 730,67 ლარის გადახდა;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;
5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა