გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2018
საქმის ნომერი
140210116001537197
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210116001537197

საქმე №2/1327-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 თებერვალი, 2018 წელი ქ. ქორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელე - მ-----------–---–ი

მოპასუხეები: 1. კ---------------–---–ი

2. შ-----------------ე (მონაწილეობის გარეშე)

 

დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ 2016 წლის 08 სექტემბრის აქტით დაყადაღემული შემდეგი მოძრავი ნივთების: შავი ფერის ფერადი ტელევიზორი „ორვიკას“, შავი ფერის ლამინატის ტელევიზორის მაგიდის და ნაჭრის რბილი სამეულის ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

მოსარჩელე მ-----------–---–ის განმარტებით, 2016 წლის 08 სექტემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ--------------–---–მა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 07.07.2015 წელს გაცემული №2/3595-15 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, კ---------------–---–ისათვის დაკისრებული ალიმენტის აღსრულების მიზნით, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში მდებარე მის სახლში დააყადაღა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების დაყადაღება. აღნიშნული ფურცლით მოვალეს წარმოადგენდა კ---------------–---–ი, ხოლო კრედიტორს - შ-----------------ე. მიუხედავად იმისა, რომ აღწერა-დაყადაღებისას აღმასრულებელს მიუთითა, რომ კ---------------–---–ი დიდი ხანია მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობდა და იქ არსებული ქონება წარმოადგენდა მის საკუთრებას, აღმასრულებელმა ქონება მაინც შეიტანა დაყადაღების აქტში, რის გამოც ითხოვს გათავისუფლდეს 2016 წლის 08 სექტემბრის აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებული მოძრავი ქონება ყადაღისაგან.

 

განმცხადებელმა ასევე განმარტა, რომ მითითებული ნივთების შეძენაში კ---------------–---–ს რაიმე ფორმით მონაწილეობა არ მიუღია, რადგან იგი იმ დროისათვის იყო არასრულწლოვანი, რბილი ავეჯი დედამ უყიდა და ტელევიზორიც ძველი. ამასთან, კ---------------–---– ყავს სხვა ოჯახი და იგი ცხოვრობს გორში, სიმამრის სახლში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე კ---------------–---–მა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით ცნო სარჩელი და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იგი რეგისტრირებულია გორის რაიონ სოფელ ხიდისთავში, მაგრამ ფაქტობრივად ცხოვრობს სხვა მისამართზე კერძოდ, ქალაქ გორში ტყვიავის ქუჩა პირველი (იხ. სასამართლოს სხდომის ოქმი 07.02.2018, 15:33:23).

 

მოპასუხე შ-----------------ეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, მიუხედავად მისთვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებისა, კერძოდ სარჩელისა და თანდართული მასალების ასევე, სასამართლო სხდომის თაობაზე ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ მოპასუხეს სასამართლოსთვის არ უცნობებია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 07 ივლისს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი №2/3595-15, რომლითაც კ---------------–---–ს შ-----------------ის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახსნა-განმარტება

 

3.1.2. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გ--------------–---–ის მიერ 2016 წლის 08 სექტემბერს გორში გორის რაიონ სოფელ ხიდისთავში დაყადაღდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში განთავსებული ნივთები - ფერადი ტელევიზორი „ორვიკა“, შავი ფერის, მუშა მდგომარეობაში; ტელევიზორის მაგიდა, ლამინატის, შავი ფერის, საშუალო მდგომარეობაში; რბილი სამეული, ნაჭრის, ჭრელი ყავისფერი გადასაკრავით, საშუალო მდგომარეობაში.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 08 სექტემბრის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გ--------------–---–ის მიერ 2016 წლის 08 სექტემბერს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული ნივთები: ფერადი ტელევიზორი „ორვიკა“, შავი ფერის, მუშა მდგომარეობაში; ტელევიზორის მაგიდა, ლამინატის, შავი ფერის, საშუალო მდგომარეობაში; რბილი სამეული, ნაჭრის, ჭრელი ყავისფერი გადასაკრავით, საშუალო მდგომარეობაში წარმოადგენს მ-----------–---–ის საკუთრებას.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- მოპასუხის ახნსა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან დასტურდება მოსარჩელის უფლება ყველა სადავო ნივთებზე, შესაბამისად, ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გ--------------–---–ის მიერ 2016 წლის 08 სექტემბერს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული ნივთები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე, მე-40 მუხლებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 102-ე, 103-ე, 208- ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების - აკრძალვის გამპოცხადებას ანდა ქონების შესანახად გადაცემას. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, სარჩელი წარედგინება აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც ქონება გადაეცათ. რეალიზებული ქონების დაბრუნების შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დავა ქონების შემძენს, კრედიტორსა და მოვალეს შორის განიხილება სასამართლო წესით.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი მიჩნეულია მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სადავოდ გახადა ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ მოვალე კ---------------–---–ის ვალდებულების აღსრულების მიზნით დაყადაღდა მისი კუთვნილი ნივთები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამავე კოდექსის 103-ე მუხლის დანაწესის მიხედვით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვთ. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში კ---------------–---–მა ცნო სარჩელი, ხოლო შ-----------------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს. ამდენად, მ-----------–---–ის, დაყადაღებული მოძრავი ნივთების მფლობელის, მესაკუთრედ ყოფნის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, მოძრავი ნივთების მისადმი კუთვნილების ფაქტის დადასტურება სარწმუნოდ განახორციელა მოსარჩელემ. სასამართლოს ასევე მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სარჩელი კ---------------–---–ის და შ-----------------ის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

დადასტურებულია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებუია სახელმწიფო ბაჟისგა, ასევე დადასტურებულია, რომ ერთერთმა მოპასუხემ სარჩელი ცნო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი 2016 წლის 08 სექტემბრის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით გათვალისწინებული ნივთების რეალიზაცია, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებამდე უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე მ-----------–---–ის სარჩელი კ---------------–---–ისა და შ-----------------ის მიმართ, დაკმაყოფილდეს.

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს 2016 წლის 08 სექტემბერს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, გ--------------–---–ის მიერ შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული მ-----------–---–ის კუთვნილი შემდეგი მოძრავი ნივთები: შავი ფერის ფერადი ტელევიზორი „ორვიკა“; ტელევიზორის მაგიდა, შავი ფერის, ლამინატის; რბილი სამეული, ნაჭრის, ყავისფერი გადასაკრავით.

 

3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი