გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001480496
2-2689/16
გადაწყვეტილება
საქართველოსსახელით
30/01/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს ‘’ა-–---------ი 1’’
წარმომადგენელი: გ---------------------ე
მოპასუხე: სსიპ ბ-------------–----ი
წარმომადგენელი: ი----------------------------ე,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს ,,ა-–---------ი 1“-მა სარჩელი აღძრა სსიპ ,,ბ-------------–----ის“ მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 69 140 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2016 წლის 8 აპრილს სსიპ ,,ბ-------------–----სა“ და შპს ,,ა-–---------ი 1“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-–---------ი 1“-მა იკისრა ვალდებულება ბულვარის ტერიტორიაზე დაამონტაჟოს მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურები. მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 69 140 ლარს. ანუ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების დამონტაჟების შემდეგ მოსარჩელისათვის გადაუხადოს 69 140 ლარი. მიწოდებული საქონელი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების ტექნიკურ დავალებაში მითითებული სტანდარტების შესაბამისი. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად. მან შეიძინა და ბულვარში დაამონტაჟა მხატვრულ ანიმაციური ფილმების გმირების შემდეგი ანტივანდალური ფიგურები: - ,,ლომი ალექსი“, ,,სუპერმენი“, კუნფუ პანდა“, ,,კაპიტანი ამერიკა“, რკინის კაცი“, ,,თორი“, სპაიდერმენი“, ,,დინოზავრი“. თითოეული ფიგურა შეესაბემება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მიუხედავად ამისა მოპასუხემ მათი ღირებულება არ აუნაზღაურა. მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მიღებული საქონლის ხელშეკრულებით განსაზღვრული ღირებულების 69 140 ლარის ანაზრაურება.
2.მოპასუხის პოზიცია:
სსიპ ,,ბ-------------–----ი“ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოსარჩელემ ბულვარში დაამონტაჟა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები, მაგრამ მის მიერ დამონტაჟებული ფიგურები არ შეესაბამება სახელშეკრულებო პირობებს. დასახელებული ფიგურები არარის ანტივანდალური, ასევე მათ არ აქვს ლითონის კარკასი და მათზე არაა გადაკრული სილიკონის ღრუბელი. ჯერ უნდა დამზადებულიყო მეტალის ჩონჩხი და შემდეგში იგი უნდა დაფარულიყო სილიკონის რეზინით. მიწოდებული საქონელი არ იყო ლითონის ჩონჩხზე აგებული. ფიგურები თითქმის არ შეიცავს ჩონჩხს. იგი დამზადებულია ლითონის 10 მმ-იანი ლითონის მილის, 4 მმ სისქის მავთულის და 30X30 მმ-იანი სადგარით, რაზეც ფიგურის ფორმის მისაცემად გადაკრულია სინტეფონის ღრუბელი და შემდეგ სილიკონის რეზინი. ამ ფორმით დამზადებული ფიგურა არაა ანტივანდალური, სწორედ ამის გამო ისინი დამონტაჟებიდან მოკლე დროში დაზიანდა და გამოვიდა მწყობრიდან. ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 2016 წლის 8 აპრილს სსიპ ,,ბ-------------–----სა“ და შპს ,,ა-–---------ი 1“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-–---------ი 1“-მა იკისრა ვალდებულება ბულვარის ტერიტორიაზე დაამონტაჟოს მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურები. მიწოდებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ დავალებაში მითითებულ სტანდარტებს. თავის მხრივ სსიპ ,,ბ-------------–----მა“ შესრულებული მიწოდების სანაცვლოდ უნდა გადაიხადოს 69140 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 8 აპრილს ხელშეკრულება. ტ. 1. ს.ფ. 23-28.
3.1.2. მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღის ვადაში, 2016 წლის 17 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულების მოქმედება განისაზღვრა 2017 წლის 31 აგვისტომდე ვადით.
სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:
- 2016 წლის 8 აპრილს ხელშეკრულება. ტ.1. ს.ფ. 23-28.
3.1.3. 2016 წლის 8 აპრილის ხელშეკრულების დანართი 1 შეიცავს შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ პირობებს. მასში მითითებულია, რომ მხატვრულ ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ფიგურები უნდა იყოს სურათებზე გამოსახული ფიგურის მსგავსი.
-ფიგურების კარკასი დამზადებული უნდა იყოს ლითონის მასალისაგან ზედაპირი დაფარული სილიკონის რეზინით.
სასამართლოეყრდნობაშემდეგმტკიცებულებებს:
- იხ. ტექნიკური პირობები (დანართი 1) ტ.1. ს.ფ. 29-32
3.1.4. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ხელშეკრულების შესრულების მიზნით მოსარჩელემ ჩინეთში შეიძინა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები: - ,,ლომი ალექსი“, ,,სუპერმენი“, კუნფუ პანდა“, ,,კაპიტანი ამერიკა“, რკინის კაცი“, ,,თორი“, სპაიდერმენი“, ,,დინოზავრი“. 2016 წლის 15 ივლისს მოსარჩელემ დასახელებული ფიგურები დაამონტაჟა ბულვარის ტერიტორიაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
3.1.5. მოსარჩელემ მიწოდებული საქონლის ჩაბარებასთან დაკავშირებით მოპასუხეს გაუგზავნა ანგარიშფაქტურა. მოპასუხემ მისი მიღება დაადასტურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ანგარიშფაქტურები.ს.ფ. ტ.1. 43-44
3.1.6. უდაო ფაქტოიბრივი გარემოებაა ის, რომ ფიგურები დაზიანდა. ფიგურების ზედაპირი დაიხია და გამოუსადეგარი გახდა, რის გამოც მოპასუხემ ფიგურებს დემონტაჟი გაუკეთა და შეინახა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იხ. ფოტოსურათები.ს.ფ. ტ.1. 89-90,113-121, 133-150
ადგილზე დათვალიერების ოქმი.
3.1.7. უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ანიმაციური გმირების ფიგურების შეძენისა და დამონტაჟების ღირებულება არ აუნაზღაურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები
3.2.დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო გარემოებაა მოსარჩელის მიერ შეძენილი მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების შესაბამისობა სახელშეკრულებო პირობებთან.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სადაო ფაქტებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ თითოეული მხარის მიერ დასახელებული ფაქტების არსებობას. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების ჯეროვანი შესრულება და სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებული მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების მიწოდება უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. სახელშეკრულებო პირობების დაცვით ფიგურების მიწოდების ვალდებულება მოსარჩელეს გააჩნდა, ამიტომ თვითონ უნდა წარმადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ მოპასუხეს ის ფიგურები მიაწოდა, რაზეც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებული.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. სახელშეკრულებო პირობების შესასაბამისი ფიგურების დამონტაჟებისა და ამ ნაწილში ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის, პირველ რიგში ზუსტად უნდა დადგინდეს რა პრინციპით უნდა შერჩეულიყო ანიმაციური გმირების ფიგურები. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ფიგურების მახასიათებლები მოცემულია 2016 წლის 8 აპრილის ხელშეკრულების დანართი 1-ში, რომელიც შეიცავს ფიგურების ტექნიკურ პირობებს და მახასიათებლებს. დანართის მიხედვით მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ფიგურები უნდა იყოს სურათებზე გამოსახული ფიგურის მსგავსი.
- ფიგურების კარკასი დამზადებული უნდა იყოს ლითონის მასალისაგან, ზედაპირი დაფარული სილიკონის რეზინით.
მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ თითოეული ფიგურა არის იმ სურათის მსგავსი, რაც ტექნიკურ პირობებშია მითითებული. სადაოა მეორე საკითხი - ფიგურების კარკასი დამზადებულია თუ არა ლითონის მასალისაგან და მისი ზედაპირი დაფარულია თუ არა სილიკონის რეზინით. სწორედ ამ საკითხზე ვერ თანხმდებიან მხარეები და ამის გამო მოპასუხემ მოსარჩელისაგან არ მიიღო შესრულება.
იხ. 2016 წლის 8 აპრილის ხელშეკრულების დანართი 1.ტ.1.ს.ფ.29-32.
3.2.7. მოსარჩელემ ფიგურების შესაბამისობის დადასტურებისათვის წარმოადგინა 2016 წლის 25 ივლისის ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული ექსპერტიზა ჩატარებული იქნა შპს ,,ა-–---------ი 1“-ის დაკვეთით. ექსპერტს გადასაწყვეტად დაესვა კითხვა: - ,,შპს ა-–---------ი 1“-ის მიერ მიწოდებული მხატვრულ-ანიმაციური გმირების ფიგურები შეესაბამება თუ არა ხელშეკრულებით გაწერილ, ტენდერის ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მოთხოვნებს“.
საექსპერტო კვლევა ჩაატარა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრმა შპს ,,ვექტორმა“. საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტმა დაასკვნა, რომ მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების სიმაღლე შესაბამისობაშია ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან, ფიგურების კარკასი ლითონისაა და გარედან დაფარულია სილიკონის რეზინით. ექსპერტი მიიჩნევს, რომ შპს ,,ა-–---------ი 1“-მა შეასრულა ხელშეკრულების პირობები. მიწოდებული საქონელი შეესაბამება ტენდერის ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მოთხოვნებს.
იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ.1. ს.ფ. 46-48
3.2.8. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებების პირობების შესრულება და სათანადო ფიგურების მიწოდება ფაქტობრივი გარემოებებაა. მის დამტკიცებაში, მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და მას ენიჭება გარკვეული მნიშვნელობა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის უვარგისია. სავსებით შესაძლებელია მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა სათანადო ფიგურები, მაგრამ სადოდ გახდომის შემდეგ ასეთი ფაქტის არსებობას სჭირდება დამტკიცება. სასამართლომ ერთმანეთს უნდა შეადაროს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი ანალიზით გასცეს ისეთ კითხვას პასუხი, როგორიცაა ფიგურების შესაბამისობა ტენდერის ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მოთხოვნებთან. ამ მიმართულებით ერთმანეთს ეწინააღმდეგება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,ვექტორის“ ექსპერტიზის დასკვნა და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომართვა. თუ ერთ შემთხვევაში ექსპერტმა დაადგინა, რომ ფიგურებს აქვს ლითონის კარკასი და სრულად შესაბამება ტენდერის ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მოთხოვნებს, მეორე შემთხვევაში ექსპერტმა ვერ განსაზღვრა ფიგურები შესაბამისი იყო თუ არა ტენდერის ტექნიკურ დავალებაში მითითებულ მოთხოვნებთან.
იხ. ექსპერტის მომართვა. ტ.1. ს.ფ.106.
3.2.9. მნიშვნელოვანია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ფიგურები უნდა ყოფილიყო ანტივანდალური, ლითონის კარკასისაგან დამზადებული. აღნიშნულის დათქმა განპირობებული იყო იმით, რომ ფიგურები უნდა განთავსებულიყო ბავშვების გასართობად და წინასწარვე არსებობდა ბავშვებთან კონტაქტის გამო მათი მწყობრიდან გამოსვლის რისკი. სწორედ ამიტომ დამკვეთმა გადაწყვიტა, რომ ფიგურები ყოფილიყო ანტივანდალური, გაცილებით მყარი და ამიტომ მის შემადგენლობაში განსაზღვრა ლითონის კარკასი. მიუხედავად ასეთი შეთანხმებისა, ფიგურების ნაწილი განთავსებიდან მესამე დღეს უკვე დაზიანებული იყო და დანარჩენებიც მოკლე დროში იმდენად დაზიანდა, რომ მათი დემონტაჟი გახდა აუცილებელი. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან ჩანს, რომ ფიგურები მნიშვნელოვნად დაზიანებულია. თუ ფიგურები დამზადებულია ანტივანდალური პრინციპით, ლითონის კარკასისაგან და მასზე შემდეგაა გადაკრული სილიკონის რეზინი, მაშინ ლოგიკური მსჯელობიდან გამომდინარე ფიგურები მესამე დღეს არ უნდა დაზიანებულიყო. სწორედ ამ საკითხების გამორკვევის მიზნით სასამართლომ ადგილზე დაათვალიერა ფიგურები და ასევე ჩაატარა ექსპერტიზა.
3.2.10. სასამართლომ ექსპერტს დაუსვა შემდეგი ტიპის კითხვები:
ა) რისგან არის დამზადებული შპს ,,ა-–---------ი 1“-ს მიერ სსიპ ,,ბ-------------–----ისათვის“ მიწოდებული მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირები. უფრო ზუსტად, ის ფიგურის კარკასი დამზადებულია თუ არა ლითონის მასალისაგან და ზედაპირი დაფარულია თუ არა სილოკონის რეზინი.
ბ) უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ფიგურებიდ კარკასი ხომ არაა დამზადებული ე.წ. არმატურაზე აგებული სინტიფონის ღრუბელით და მასზე გადაკრული სილიკონის რეზინით?
გ)პირველი ორი კითხვის უარყოფის შემთხვევაში, განისაზღვროს ფიგურების შემადგენლობა.
დ)ექსპერტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს ფიგურები თავისი შემადგენლობით არის თუ არა ის ფიგურები, რაც გათვალისწინებულია №2/16 ხელშეკრულებით გაწერილი SPA160009001 ტენდერის ტექნიკური დავალებით.
საექსპერტო კვლევის შედეგად ექსპერტმა სასამართლოს უპასუხა, რომ თითოეული ფიგურა შედგება მუქი მორუხო ფერის რეზინისმაგვარი მასალის ე.წ. სილიკონის რეზიისაგან, ასევე მოჩალისფრო-მოყვითალო ფერის ღრუბლის - ე.წ. სპანდექს ღრუბლისაგან.
ექსპერტმა პასუხი არ გასცა მთავარ კითხვას, ფიგურები ლითონის კარკასისაგანაა დამზადებული თუ ე.წ. არმატურაზე აგებული სინტიფონის ღრუბელით და მასზე გადაკრული სილიკონის რეზინით?
იხ. ექსპერტიზის დასკვნა. ტ.2
3.2.11. საკითხის გარკვევის მიზნით სასამართლომ ადგილზე დაათვალიერა ფიგურები. დათვალიერებით დაადგინა, რომ თითოეული ფიგურის დამზადებისათვის გამოყენებულია ე.წ. არმატურა, რაზეც გადაკრულია სპანდექს ღრუბელის და სილიკონის რეზინი. ფიგურებს არ აქვს ლითონის კარკასი.
ადგილზე დათვალიერების ოქმი.
3.2.12. სასამართლომ, ფოტოსურათების, ექსპერტიზის დასკვნებისა და ადგილზე დათვალიერებით მიღებული ინფორმაციის შეკრებით დაადგინა, რომ ვიზუალურად ფიგურები ისეთივეა, როგორც ტექნიკური პირობების სურათებზეა ნაჩვენები, მაგრამ ფიგურები არაა დამზადებული ლითონის კარკასისაგან. ტექნიკურ პირობებში მითითებულია, რომ ფიგურის კარკასი დამზადებული უნდა იყოს ლითონისაგან. მოსარჩელის მიერ მიწოდებული ფიგურების კარკასი არაა ლითონისაგან დამზადებული. ღერძებად არმატურის გამოყენება არ წარმოადგენს ლითონის კარკასს. შესაძლებელია ზოგად საუბარში არმატურის ღერძი მივიჩნიოთ კარკასად, მაგრამ ხელშეკრულებაში საუბარია ფიგურის კარკასის ლითონისაგან დამზადებაზე. ეს გულისხმობს ფიგურის ჩონჩხის ლითონისაგან დამზადებას და მასზე სილიკონის რეზინის გადაკვრას. სწორედ ასეთ ფიგურას არ ჩაეხეოდა ზურგის, მუცლის ან თავის ნაწილი და გამოსაყენებლად ვარგისი იქნებოდა. მხოლოდ არმატურის საყრდენებზე სილიკონის რეზინის ან ე.წ. ,,ბუბკას“ მოთავსება არ წარმოადგენდა სახელშეკრულებო პირობებს. სწორედ ამის გამო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა სახელშეკრულებო პირობები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილად მიჩნეულ გარემოებას სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასება, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს არ აქვს ნაკისრი მოვალეობა ჯეროვნად, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემობებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის ნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდაო და სადაო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების აღიარებისა და სარჩელში ასახული თანხების დაკისრების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის უთიერთობა წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან. ამ ტიპის შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმებაა. დასახელებული ნორმით: - ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სწორედ ამ პრინციპის შესაბამისია მხარეთა შორის დადებული გარიგება.
სადაო არაა ის გარემოება, რომ 2016 წლის 8 აპრილს სსიპ ,,ბ-------------–----სა“ და შპს ,,ა-–---------ი 1“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-–---------ი 1“-მა იკისრა ვალდებულება ბულვარის ტერიტორიაზე დაამონტაჟოს მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურები.
ამდენად გარიგებაში მონაწილეობს ორი მხარე. ერთი მხარეა შპს ,,ა-–---------ი 1“, ხოლო მეორე მხარეა სსიპ ,,ბ-------------–----ი“. შეთანხმების შედეგად შპს ,,ა-–---------ი 1“-მა ბულვარში უნდა დაამონტაჟოს ტექნიკური პირობების შესაბამისი მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურები. თავის მხრივ სსიპ ,,ბ-------------–----მა“ უნდა გადაიხადოს შესრულების საფასური. მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, აკმაყოფილებს მორალის ფარგლებს და არ არღვევს საჯარო წესრიგს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები თავიანთ უფლება-მოვალეობის მოცულობას განსაზღვრავენ ხელშეკრულებით. ხელშეკრულება არის ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველი და იგი მიმართულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთიობის წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისაკენ. წინამდებარე შემთხვევაშიც მოსარჩელემ და მოპასუხემ ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრეს ურთიერთ ვალდებულებათა წრე. შეთანხმების შემდეგ მხარეებს უნდა განეხორციელებინათ გარკვეული ქმედებები. ამათგან ერთერთი იყო მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების დამონტაჟების საკითხი. მოსარჩელეს უნდა დაემონტჟაებინა ლითონის კარკასისაგან დამზადებული ფიგურები, რომელსაც ლითონის კარკასზე გადაკრული ექნებოდა სილიკონის რეზინი. თავის მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
შპს ,,ა-–---------ი 1“-მა ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მან ბულვარის ტერიტორიის დაამონტაჟა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები, მაგრამ ის არ იყო ლითონის კარკასისაგან დამზადებული. ნაცვლად ასეთი ტექნოლოგიისა, მან დაამონტაჟა ფიგურები, რომელიც დამზადებული იყო ე.წ. ,,არმატურის“ ღერძებზე სილიკონის რეზინის გადაკვრით. ფიგურებს არ აქვს ჩონჩხი, შესაბამისად ის არ წარმოადგენს ანტივანდალურს. ასეთი მეთოდით დამზადებული ფიგურების მოწყობა არაა ის, რაზეც მხარეები ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებულნი. აქედან გამომდინარე მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების მიწოდების ვალდებულება მოსარჩელეს დარღვეული აქვს. შესაბამისად ხელშეკრულება ამ ნაწილში ჯეროვნად შესრულებული არ აქვს.
6.4. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა სამუშაოების იმ ფორმით, სახით და ტექნოლოგიით შესრულება, რაც ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მონარდეს აქვს ხელშეკრულების შესაბამისი შესრულების მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული (გარდა ანაზღაურებისა). თავის მხრივ შპს ,,ა-–---------ი 1“ ვალდებული იყო ნაკისრი მოვალეობა შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ფილები მოეწყო ისე, როგორც ეს ხელშეკრულებაში იყო შეთანხმებული. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას, უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება და პირიქით. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ არ შეასრულა. ფიგურები დაამზადა და მოსარჩელეს მიაწოდა განსხვავებული პრინციპით, რაც ეწინააღმდეგება ნარდობის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების დარღვევას.
6.5. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ გამოხატა ხელშეკრულებიდან გასვლის ნება და მის საფუძველზე 2016 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულება შეწყვიტა. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი. კერძოდ: ,,თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი”.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს: - ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის და ხელშეკრულებაზე უარის თქმისათვის აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს რამოდენიმე პირობა. კერძოდ:
- ხელშეკრულების ერთერთი მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას;
- მას ვალდებულების შესრულებისათვის მეორე მხარის მიერ დაენიშნა დამატებითი ვადა;
- დანიშნული დამატებითი ვადა გავიდა უშედეგოდ.
ჩამოთვლილი ყველა პირობა ერთად ქმნის საქ. სკ-ის 398-399-ე მუხლებით გათვალისწინებულ შედეგს, რომლის მიხედვითაც ვალდებულების შემსრულებელ მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ის, რაც მეორე მხარეს გადასცა ხელშეკრულების შესასრულებლად. სასამართლო განმარტავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც დამატებითი ვადის დანიშნვა ან გაფრთხილების გამოყენება არ არის აუცილებელი. ასეთ წესს შეიცავს საქ. სკ-ის 405-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ,,არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:
ა. აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
ბ. ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;
გ. განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა სადაო ურთიერთობა არაა ისეთი შემთხვევა, რომელზეც დამატებითი ვადის დანიშნვა არ იყოს საჭირო. საქმე ეხება ბულვარში ანიმაციური გმირების ფიგურების დამონტაჟებას. შესაბამისად ის მოპასუხისათვის მნიშვნელოვანი იყო სახელშეკრულებო პერიოდშიც და მას შემდეგაც. წინამდებარე შემთხვევაში ფიგურების მიწოდება ხელშეკრულების მიხედვით უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 17 ივლისს. მართალია საერთო ვადა 31 აგვისტოს სრულდებოდა, მაგრამ უშუალოდ მიწოდება უნდა დასრულებულიყო 17 ივლისს. მოსარჩელემ ამ ვადაში მიწოდება დაასრულა, მაგრამ მიწოდებული ფიგურები ვერ აკმაყოფილებდა სახელშეკრულებო პირობებს. მოსარჩელემ 20 ივლისს მოსთხოვა მიწოდების ხარვეზების გამოსწორება. ამდენად მოპასუხემ დაიცვა საქ. სკ-ის 405-ე მუხლის პირობა და მოპასუხეს დამატებითი ვადა დაუწესა, მაგრამ მოსარჩელემ ამ ვადით არ ისარგებლა. უფრო მეტიც მან მოპასუხეს აცნობა, რომ ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად აქვს შესრულებული. მან არ გამოხატა ხარვეზების აღმოფხვრისა და ფიგურების შეცვლის მზადყოფნა. სწორედ ასეთი გარემოება მოპასუხეს ანიჭებს უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს ცალმხრივად. ანუ არსებობს საქ. სკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ის შემთხვევა, როდესაც მხარეს უფლება აქვს გავიდეს ხელშეკრულებიდან. აღნიშნულ გარემოებათა გათვალსწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარებს შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება მოპასუხემ მოშალა მართლზომიერად, რაც ასევე გამორიცხავს ანაზღაურების ვალდებულებას. მოსარჩელემ მართლზომიერად არ მიიღო შესრულება და ამიტომაც მას მოსარჩელისათვის თანხა გადასახდელი არ აქვს. აღნიშნულის გამო სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით შეადგენს 2075 ლარს. იმის გამო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. მას სახ. ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გადაწყვიტა:
1. შპს ,,ა-–---------ი 1“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე