გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.01.2018
საქმის ნომერი
190210017002132628
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2355-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 იანვარი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ----------ი"

წარმომადგენელი გელა ღუნწკიძე

მოპასუხე ნ-----–---- შ----–----ე

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

ნ-----–---- შ----–----ისათვის 1560.76 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2016 წლის 18 იანვარს სს „თ----------სა“ და ნ-----–---- შ----–----ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათის პრაიმ ქარდის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 995.5 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადაა 8008 კალენდარული დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად დაანგარიშების თარიღიდან 25 დღეს. ყოველთვიურად თანხის დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა თვის 14 რიცხვი. ყოველთვური შენატანი იყო ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო. საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ს კრედიტის სავაჭრო ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს, ყოველდღიური პირგასამტეხლო შეადგენდა 0.5%-ს. გამოყოფილი ლიმიტის ფარგლებში მოპასუხემ თანხა მიიღო2017 წლის 03 თებერვალს. მოპასუხეს თანხა უნდა შეეტანა 2017 წლის 14 მარტს, რაც არ შეასრულა. ვალდებულების დარღვევის გამო დაერიცხა პირგასამტეხლო. მოპასუხემ თანხა 40 ლარი გადაიხადა 2017 წლის 13 ივნისს, რის შემდეგ ბანკისთვის თანხა არ დაუბრუნებია. მოპასუხის დავალიანებიდან ძირითადი თანხაა 995.5 ლარი, პროცენტი 366.06 ლარი, პირგასამტეხლო 199.20 ლარი. მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება დავალიანების შესახებ და ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრა დამატებითი ვადა, თუმცა ვალდებულება არც ამ ვადაში შესრულდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხის დავალიანება, ხოლო პროცენტის ოდენობა აღემატება ეროვნული ბანკის კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარისებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, რაც არ აღემატება წლიურ 10%-ს. არაგონივრულად მაღალია მოთხოვნილი პირგასამტეხლო და იგი უნდა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.01%-მდე. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ ცნობს სარჩელს ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალ თანხად მიიჩნია, და მოითხოვა მისი შემცირება.

(26.01.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 18 იანვარს სს „თ----------სა“ და ნ-----–---- შ----–----ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათის პრაიმ ქარდის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო კრედიტი 995.5 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადაა 8008 კალენდარული დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად დაანაგრიშების თარიღიდან 25 დღეს. ყოველთვიურად თანხის გადახდის თარიღად განისაზღვრა თვის 14 რიცხვი. ყოველთვიური შენატანი იყო ათვისებული საკრედიტო ლიმიტს 5% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო. საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ს კრედიტის სავაჭრო ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ფიქსირებული პირგასმატეხლო შეადგენდა 20 ლარს, ყოველდღიური პირგასამტეხლო შეადგენდა 0.5%-ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-21. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 4-6)

- შესაგებელი (ს.ფ. 38-41)

 

3.1.2. 2016 წლის 18 იანვარს სს „თ----------თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით გამოყოფილი ლიმიტის ფარგლებში მიღებული თანხა ნ-----–---- შ----–----ემ დააბრუნა 2017 წლის 03 თებერვალს. მოპასუხეს თანხა უნდა შეეტანა 2017 წლის 14 მარტს, რაც არ შეასრულა. ვალდებულების დარღვევის გამო დაერიცხა პირგასამტეხლო. მოპასუხემ თანხა გადაიხადა 2017 წლის 13 ივნისს, რის შემდეგ ბანკისთვის თანხა არ დაუბრუნებია. მოპასუხის დავალიანებიდან ძირითადი თანხაა 995.5 ლარი, პროცენტი 366.06 ლარი, დარიცხული პირგასატეხლო 199.20 ლარი. მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება დავალიანების შესახებ და ვალდებულების შესასრულებლად განესაზღვრა დამატებითი ვადა, თუმცა ვალდებულება არც ამ ვადაში შესრულდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- სარჩელი (ს.ფ. 4-6. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 38-41. ტომი 1)

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 22. ტომი 1)

- ამონაწერი ანგარიშიდან და გაფრთხილების წერილი (ს.ფ.23-25. ტომი 1 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოპასუხეს არაჯეროვნად აქვს შესრულებული საკრედიტო ვალდებულება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე მუხლები, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 400-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 316-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

2017 წლის 18 იანვარს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ნ-----–---- შ----–----ემ სესხად მიიღო 995 ლარი 8008 დღით. სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 36 %-ით. ხელშეკრულებით ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, მან ნაწილობრივ შეასრულა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების თანახმად უნდა შეესრულებინა ყოველთვიურად, დანაგარიშების დღის ( თვის 14 რიცხვში) მომდევნო თვის მაქსიმუმ 25 -ე დღეს თანხის შეტანით. მოპასუხემ სს თ----------ში თანხა ამ კრედიტის დასაბრუნებლად გადაიხადა ერთხელ. კერძოდ, 2017 წლის 13 ივნისს გადაიხადა 40 ლარი. გადახდილი თანხა მიმართულია სესხის პროცენტის დასაფარად. ამდენად, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, რაც გულისხმობს ხელშეკრულებით დადგენილი პერიოდულობით ბანკისთვის თანხის გადახდას კრედიტის დასაბრუნებლად. 2017 წლის 13 ივნისის შემდეგ კრედიტი მოპასუხეს არ დაუბრუნებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

ამდენად, მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულების პირობები ჯეროვნად შესრულებული არ არის, დარღვეულია კრედიტის დაბრუნების გრაფიკი, რის გამოც გადაუხდელია არა მარტო კრედიტის ძირითადი თანხა, არამედ სესხის სარგებელიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლიდან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულება სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ამ ნორმის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამდენად, საკრედიტო ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ამით განსხვავდება იგი სხვა სესხის ხელშეკრულებისაგან, სადაც სარგებელი მხოლოდ ორივე მხარის ნების შემთხვევაში განისაზღვრება.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის (2014-2015 წლებში მოქმედი რედაქცია) თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი; 2. თუ შეთანხმებით გათვალისწინებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთისა და მისი სიდიდის განსაზღვრა შეეძლო კრედიტის გამცემს, იგი ვალდებულია ეს განსაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე; იგი ასევე მოვალეა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან შემცირებას შეუსაბამოს თავისი საპროცენტო განაკვეთი; 3. პროცენტის ცვალებადობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სადისკონტო განაკვეთს ან ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთს; 4. საკრედიტო ხელშეკრულების დადებისას უნდა განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთის ზრდისა და შემცირების ზღვარი და ცვლილებათა მინიმალური შუალედი; 5. კრედიტის გამცემი მოვალეა მისაღები ფორმით შეატყობინოს მსესხებელს კრედიტისათვის საპროცენტო განაკვეთის შესახებ; 6. თუ წლიური საპროცენტო განაკვეთი არ არის მითითებული, მაშინ გამოიყენება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წლიური პროცენტი.თუკი ხარჯების დაკისრება არ იყო გათვალისწინებული წლიური პროცენტის გამოთვლისას, მაშინ ეს ხარჯები არ ანაზღაურდება.

 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო ვალდებულება მოპასუხეს არაჯეროვნად აქვს შესრულებული, მოპასუხემ არ დააბრუნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა და სარგებელი, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გამოიყენეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლოდ გადახდაზე, რაც ამ მოთხოვნების დაკმაყოფილდების საკმარისი საფუძველია.

 

საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვას, რის გამოც მოპასუხეს სესხის ძირითად თანხასთან და სარგებელთან ერთად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდაც.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ის ოდენობით. ასევე სესხის გრაფიკის დარღვევისათვის 20 ლარის ოდენობით.

 

სესხის დავალიანების 995 ლარი 0,5% არის 4,97 ლარი, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოა 199,20 ლარი, რაც არის 40 დღის განმავლობაში დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას უნდა შემოწმდეს შეესაბამება თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის გამოწვეულ შედეგს. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლო არ უნდა იქცეს მხოლოდ მოვალის დასჯის ინსტრუმენტად და პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უნდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწყვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.

 

განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 995 ლარი, რაც მოპასუხემ მიიღო 2017 წლის 3 თებერვალს. მას 2017 წლის 13 ივნისამდე სესხის თანხა არ დაუბრუნებია, სესხის დასაბრუნებლად თანხა გადაიხადა ერთხელ, 2017 წლის 13 ივნისს 40 ლარის ოდენობით, რის გამოც მოპასუხემ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო, რადგან ხელშეკრულება ითვალისწინებს ყოველთვიურად თანხის დაბრუნებას. მოპასუხის მიერ გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხაა 995 ლარი, გადაუხდელი სარგებელია 366,06 ლარი, საერთო ჯამში 1361,06 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 199,20 ლარი, რაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი ფინანსური სანქციაა. მოპასუხემ უხეშად დარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, მან მხოლოდ უმნიშვნელო თანხა 40 ლარი დააბრუნება, თითქმის 1 წლის მანძილზე სესხის თანხა არ დაუბრუნებია, რის გამო მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრული საჯარიმო სანქციაა და მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გამო თანაზომიერი ფინანსური სანქციაა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული საპროცენტო განაკვეთით პირგასმატეხლოს განსაზღვრა არაგონივრულად დაბალი პირგასამტეხლოს დაკისრებას გამოიწვევს, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებას. მოპასუხის მიერ მითითებული 0,01%-ის პირგასამტეხლო არის დღეში 0,09 ლარი. 2017 წლის 14 მარტიდან 2017 წლის 26 სექტემრმადე პერიოდისათვის (196 დღე) შეადგენს 17,64 ლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით შემცირებისას იგი კარგავს თავის დანიშნულებას. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ახდენს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მიზნით სასამრთლოსთვის მინიჭებული სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევა ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი წამოიჭრება ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, რის გამოც პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული დანაკარგების მინიმალურად კომპენსირებას, რის გამოც პირგასმატეხლოს გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კრედიტორის ინტერესებიც. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანს არ წარმოადგენს მოპასუხისათვის სიმბოლური თანხის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რადგან ეს პირგასამტეხლოს დანიშნულება არ არის.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია ნ-----–---- შ----–----ეს მოსთხოვოს კრედიტის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 995 ლარის, სარგებლის 366,06 ლარის და პირგასამტეხლოს 199,20 ლარის გადახდა, სულ 1560,76 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვს 1560,76 ლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხემ ცნო სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაკისრების მოთხოვნა, რაც არის სადაო ტანხის 63%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 63% არის 31,5 ლარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს ასევე სარჩელის მოპასუხისათვის გაგაზვანის საფოსტო ხარჯის გადახდა, რაც შეადგენს 3,5 ლარს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს სს „თ----------ის“ სარჩელი;

1.1. ნ-----–---- შ----–----ეს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ 1560,76 ლარის გადახდა;

 

2. ნ-----–---- შ----–----ეს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 18,5 ლარის გადახდა, ხოლო საფოსტო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად 3,5 ლარის გადახდა;

 

3. სს „თ----------ს“ დაუბრუნდეს 2017 წლის 28 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 35,5 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, სახაზინო კოდი 300063150 (საგადასახადო დავალება N37).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი