გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080210017002162555
№2/3297-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 თებერვალი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - მა----ა მა-------–---–ი;
მოპასუხე - ე----რ ჯი---;
წარმომადგენელი - ი----ა ად--–---–ი;
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე----რ ჯი---ს შვილის ელ------ტი ჯი---ს სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის თვეში 200 ლარის გადახდა.
მოსარჩელის მითითებით არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხე ე----რ ჯი---სთან, თანაცხოვრების პერიოდში 2015 წლის 26 მაისს შეეძინათ ერთი შვილი ელ------ტი ჯი---. ბავშვი ცხოვრობს მასთან, მოპასუხე არანაირ ყურადღებას არ იჩენს შვილის მიმართ, რის გამოც იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსათვის.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხე მხარისთვის ალიმენტის სახით თვეში 100 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ვინაიდან არის უმუშევარი, წლების განმავლობაში უვლიდა ონკოლოგიურ ავადმყოფ დედას, ჰყავს არასრულწლოვანი ძმა, რომელიც საჭიროებს მზრუნველობას და მატერიალურ დახმარებას, თანახმაა ალიმენტის სახით ყოველთვიურად გადაიხადოს 80 ლარი (იხ. შესაგებელი,სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თანაცხოვრების პერიოდში მა----ა მა-------–---–ს და ენზარ ჯი---ს შეეძინათ ერთი შვილი - 2015 წლის 26 მაისს დაბადებული ელ------ტი ჯი---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაბადების მოწმობის ასლი (იხ. ს.ფ 16).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე მა----ა მა-------–---–ი არასრულწლოვან შვილთან ელ------ტი ჯი---სთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში. ორივე მხარე უმუშევარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან არსებობს მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
ამავე კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა ალიმენტის დაკისრება მოპასუხეზე 100 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო 80 ლარის ფარგლებში, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი დაუსაქმებელია
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს, როგორც მამას, რომელიც არ ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. მართალია შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ, მაგრამ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტს უნდა იხდიდეს იმ ოდენობით, რომ უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმის დაფარვა.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 2017 წლის 7 ნოემბრიდან უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის ''ა'' ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა' ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ''გ'' ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო 80 ლარის ნაწილში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა თვეში 100 ლარის ოდენობით, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 7.2 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მა----ა მა-------–---–ის სარჩელი ე----რ ჯი---ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ე----რ ჯი---ს მა----ა მა-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის – 2015 წლის 26 მაისს დაბადებული ელ------ტი ჯი---ს რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 100 (ასი) ლარის ოდენობით, სასამართლოში სარჩელის შემოტანის დღიდან - 2017 წლის 7 ნოემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
2. მოპასუხე ე----რ ჯი---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 7.2 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე