გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820210017001837441 (2-114-17)
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.02.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით გელაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ტერაბანკი”,წარმომადგენელი - გოგიტა შიოშვილი,მოპასუხე - თამაზ ხაბაძე,თამარ ხაბაძე,თემურ ხაბაძე,თეონა ხაბაძე,ციცინო კახიძე (ხაბაძე)
წარმომადგენელი - რევაზ ფუტკარაძე
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა,შეგებებული სარჩელი:
მოსარჩელე - თამაზ ხაბაძე,თამარ ხაბაძე,თემურ ხაბაძე,თეონა ხაბაძე,ციცინო კახიძე (ხაბაძე)
წარმომადგენელი - რევაზ ფუტკარაძე
მოპასუხე: სს ,,ტერაბანკი”,წარმომადგენელი - გოგიტა შიოშვილი,დავის საგანი: 30.11.2016 წლის იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
2017 წლის 21 ივნისს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შეგებებული სარჩელით მომართეს თამაზ ხაბაძის, თემურ ხაბაძის, თეონა ხაბაძის, თამარ ხაბაძისა და ციცინო კახიძის (ხაბაძე) წარმომადგენელმა რევაზ ფუტკარაძემ, მოპასუხის სს ,,ტერა ბანკი’’-ს მიმართ და მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი და 1301 კვმ მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაური სოფელი ფერია ს/კ 22.24.02.293 საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხოს შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების სახელზე და გაიცეს შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
2018 წლის 09 თებერვალს, სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება და სს ,,ტერა ბანკი’’-ის (ძირიძადი) სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ: მოპასუხეების თამაზ ხაბაძის, თამარ ხაბაძის, თემურ ხაბაძის, თეონა ხაბაძის, ციცინო კახიძის (ხაბაძე) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს და მესაკუთრე სს ,,ტერაბანკს” (ს/კ 2--------) გამონთავისუფლებული სახით გადაეცეს უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: რაიონი ხელვაჩაური, სოფელი ფერია, საკადასტრო კოდი 22.24.02.293, დაზუსტებული ფართობი 1301.30 კვმ, შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 702.30 კვმ, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო;
მოსარჩელეების თამაზ ხაბაძის, თამარ ხაბაძის, თემურ ხაბაძის, თეონა ხაბაძისა და ციცინო კახიძის (ხაბაძე) შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვდნენ, რომ ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და მოითხოვდნენ, რომ უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი და 1301 კვმ მიწის ნაკვეთი მდებარე ხელვაჩაური სოფელი ფერია ს/კ 22.24.02.293 საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხოს შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების სახელზე და გაიცეს შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არ დაკმაყოფილდა.
მოპასუხეებს თამაზ ხაბაძეს, თამარ ხაბაძეს, თემურ ხაბაძეს, თეონა ხაბაძესა და ციცინო კახიძეს (ხაბაძე) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის თანხის 120 (ას ოცი) ლარის გადახდა.
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში 2017 წლის 21 ივნისს თამაზ ხაბაძის, თემურ ხაბაძის, თეონა ხაბაძის, თამარ ხაბაძისა და ციცინო კახიძის (ხაბაძე) წარმომადგენელის რევაზ ფუტკარაძის მიერ წარმოდგენილ (შეგებებული) სარჩელით, რომლითაც მოითხოვდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, 2018 წლის 09 თებერვლის გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ არ ყოფილა ნამსჯელი ხარჯების საკითხი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
ამავე მუხლის 31 ნაწილის თანახმად ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, 2018 წლის 09 თებერვალს, სასამართლოს მიერ აღნიშნულ საქმეზე გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს ,,ტერა ბანკი’’-ის სარჩელი, ამავე დროს არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეების თამაზ ხაბაძის, თამარ ხაბაძის, თემურ ხაბაძის, თეონა ხაბაძისა და ციცინო კახიძის (ხაბაძე) შეგებებული სარჩელი, აღნიშნულ სარჩელთან მიმართებაში სასამართლოს არ უმსჯელია ხარჯებთან დაკავშირებით, შესაბამისად მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-39-ე, 53-ე, 70-73-ე, 261-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელეებს (შეგებებული) სარჩელით თამაზ ხაბაძეს, თემურ ხაბაძეს, თეონა ხაბაძეს, თამარ ხაბაძესა და ციცინო კახიძეს (ხაბაძე) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 100.00 (ასი) ლარის გადახდა.
2. მხარეებს გაეგზავნოს დამატებითი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოთ, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით გელაშვილი