განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/600-17
(№021090617001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე
პროკურორი: დავით მუხიაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ე-–----------ი, დაბადებული 1----–-–-----------, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ----------------------------–-----------–-----
ადვოკატი: მანანა ლიპარტელიანი,თარჯიმანი: სევილ ომაროვა,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
რუსთავის საქალაქო სასამართლო სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის განაჩენით ე-–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით (2013 წლის 16.12 წლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ე-–----------ს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.
2017 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე, გ----------------------------–----------–---–- მცხოვრებმა ე-–----------მა, მიწის ნაკვეთით სარგებლობასთან დაკავშირებით მეზობლად მცხოვრები ბიძის - ი-----------ის მეუღლესთან - ნ------------ან მომხდარი კონფლიქტის დროს, მუშტი დაარტყა სახის არეში ამ უკანასკნელს, რის შედეგადაც ნ----------ამ ორივე თვალბუდის მიდამოში მიიღო დაზიანებები ჰემატომის სახით და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ე-–----------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ი-----------ის, აფ-------–----ს, გ------------ას, ნ----–--------ს, ტ------–-----------ის, ნ----------ას, მ-----–----------–---–ის, ე-–----------ის, ა----–----------- გამოკითხვის ოქმებს; ნასამართლობის შესახებ ცნობას; ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ ცნობას; 2017 წლის 09 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 05 იანვრის განაჩენს; სამედიცინო დოკუმენტაციას; სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნას და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება და დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულებები. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
ევროპის საბჭოს კონვენციით ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას აღიარებს ადამიანის უფლებების დარღვევად და დისკრიმინაციის ფორმად. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ისინი ამგვარ ძალადობაზე ადეკვატურ რეაგირებას არ მოახდენენ.
კონვენცია მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა არ არის პირადი საქმე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ოჯახის შიგნით მომხდარ დანაშაულს ბევრად უფრო ძლიერი ტრავმის გამოწვევა შეუძლია, ამიტომ ამგვარი დანაშაულის ჩამდენს უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მიესაჯოს, როდესაც მსხვერპლი მისი მეუღლე, პარტნიორი ან ოჯახის წევრია.
ქალთა მიმართ ძალადობა განმარტებულია, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ფორმა და მოიცავს გენდერის საფუძველზე ჩადენილი ძალადობის ყველა აქტს, რომელსაც შედეგად მოჰყვება, ან მოსალოდნელია რომ მოჰყვეს ქალისათვის ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან განსაცდელის მიყენება, და მოიცავს მათ ისეთი ქმედებებით მუქარას, როგორებიცაა იძულება ან თავისუფლების თვითნებული აღკვეთა, მიუხედავად იმისა მოხდება ეს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში;
3.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა და პასუხიმსგებლობაა დაწესებული ისეთი განზრახი ქმედებისათვის, როგორიცაა სხვა ადამიანის ცემა, რაც არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მაგრამ იწვევს ფიზიკურ ტკივილს. ობიექტური მხრივ ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. გასათვალისწინებელია, რომ ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
3.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 21 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით: ”ნ----------ას აღენიშნება ჰემატომები ორივე თვალ-ბუდის მიდამოში, ნევროლოგიურად დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს”.
3.4. განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2017 წლის 09 ივნისს, დაახლოებით 16:30 საათზე, გ----------------------------–----------–---–- მცხოვრებმა ე-–----------მა, მიწის ნაკვეთით სარგებლობასთან დაკავშირებით მეზობლად მცხოვრები ბიძის - ი-----------ის მეუღლესთან - ნ------------ან მომხდარი კონფლიქტის დროს, მუშტი დაარტყა სახის არეში ამ უკანასკნელს, რის შედეგადაც ნ----------ამ ორივე თვალბუდის მიდამოში მიიღო დაზიანებები ჰემატომის სახით და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3.5. სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საკმარისია ბრალდებულის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ე-–----------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, რომელსაც პრეტენზია აქვს ბრალდებულის მიმართ, ასევე ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების (ქალთა მიმართ ძალადობის) საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, მის პირად და ეკონომიკურ პირობებს და მიაჩნია, რომ ე.ისაევის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საბოლოო სასჯელი უნდა განსაზღვროს სსკ-ს 67-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად, რაც გულისხმობს პირობითი მსჯავრის გაუქმების აუცილებლობას და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრას, თუმცა კანონმდებელი სასამართლოს აკისრებს უფლებამოსილებას, სასჯელის მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვროს სასჯელთა შეკრების რომელი წესი უნდა იქნეს გამოყენებული, როდესაც წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი უნდა აისახოს ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელში.
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა ე-–----------მა დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და სასჯელი მას უნდა განესაზღვროს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით, ამასთან სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში უნდა მიიღოს 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, თუმცა ვინაიდან ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით, ე-–----------ს უნდა განესაზღვროს ამ სასჯელის მაქსიმუმი ზომა.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ე-–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე-–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ე-–----------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 1 (ერთი) თვის ვადით.
2. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ე-–----------ს დაეწყოს სასამართლო სხდომის დარბაზში მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 თებერვლიდან.
3. ე-–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით, გადაწყვეტილების აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე