გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-211-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.02.2018 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნ---- თ----–---–ი
სხდომის მდივანი ე-–--- ო----ე
მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური,დავების დეპარტამენტი,წარმომადგენელი - თ-------ე ვ----ე,მოპასუხე - შპს ,,ჯ-----", ად--–--ნ ტ--–-----ი, ჯ----- ტ--–-----ი,წარმომადგენელი: ს---–------- ნ---–--ე, გ------ი ზ--------ე,დავის საგანი - ცრუმაგიერ პირად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელე მოითხოვს შპს ,,ჯ-----ი" (ს.კ. 42------2), ად--–--ნ ტ--–-----ი (პირადი №12--------8) და ჯ----- ტ--–-----ი (პირადი №12--------7) ცნობილ იქნენ ცრუმაგიერ პირებად.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების თანახმად, 2017 წლის 28 ივლისის მდგომარეობით შპს ,,ჯ-----ის" (საიდენტიფიკაციო კოდი 42------2) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 981 204,91 ლარს. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების მიზნით, შპს ,,ჯ-----ის" ქონებაზე 2015 წლის 18 თებერვალს №041606 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, რომელსაც გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2015 წლის 21 თებერვალს. აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე 2015 წლის 01 მაისს შპს ,,ჯ-----ის" მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება №0-----3. აღნიშნულ ბრძანებას 2015 წლის 05 მაისს პირადად გაეცნო და ჩაიბარა შპს ,,ჯ-----ის" დირექტორმა ად--–--ნ ტ--–-----მა. მოპასუხე მხარის მიერ განხორციელდა ისეთი სახის ქმედებანი, რომლებიც ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს მათი ცრუმაგიერობის დადგენისათვის. შპს ,,ჯ-----ის" საგადასახადო დავალიანება წარმოშობილია გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული თანხის გადაუხდელობით. დეკლარაციებით დგინდება, რომ მას მიღებული აქვს შემოსავალი, დაფიქსირებული აქვს საკუთარი ვალდებულებები საბიუჯეტო გადასახადთან დაკავშირებით, რაც მის მიერ არ იქნა განხორციელებული. შპს ,,ჯ-----ს" მხოლოდ 2015 წლის იანვარ-აპრილში გადაცემული აქვს 25 000 ლარის საქონელი ი.მ. ჯ----- ტ--–-----ზე (ს.ნ. 12--------7). ეს უკანასკნელი არის შპს ,,ჯ-----ის" დირექტორის შვილი, რომელიც აგრეთვე რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 2010 წლის 30 დეკემბრიდან და მისი საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენს პარფიუმერული და საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეთა წარმომადგენლმა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ად--–--ნ ტ--–-----ი არის შპს ,,ჯ-----ის" დირექტორი, ხოლო ჯ----- ტ--–-----ი არის ად--–--ნ ტ--–-----ის შვილი, რომელიც ასევე სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2010 წლის 30 დეკემბრიდან და მის საქმიანობის სფეროსაც წარმოადგენს პარფიუმერული და საყოფაცხოვრებო საქონლით ვაჭრობა. სამეწარმეო საქმიანობას ეწევა დამოუკიდებლად და კეთლისინდისიერად, მას არ გააჩნია ბიუჯეტის წინაშე დავალიანება, ხოლო შპს ,,ჯ-----ს" დავალიანება წარმოეშვა 2015 წელს და ბუნებრივია, რომ ისინი ვერ იქნებიან ერთმანეთის მიმართ ცრუმაგიერი პირები ვინაიდან მათ შორის კავშირი შემოიფარგლება მხოლოდ ნათესაობით. ცრუმაგიერობის დასაბუთება მხოლოდ სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით არასწორია და დაუსაბუთებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯ-----ი" რეგისტრირებულია 2011 წლის 03 ივნისს და მისი დირექტორს და 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს ად--–--ნ ტ--–-----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 4-15);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 55-63)
- 2011 წლის 03 ივნისის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს. ფ. 21-22)
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი 16:29:41)
-მოპასუხის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი 16:33;38; 16:38:23)
3.1.2. შპს ,,ჯ-----ის" დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 981 204 91 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 4-15);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 55-63)
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი 16:29:41)
-მოპასუხის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი 16:33;38; 16:38:23)
3.1.3. ი.მ. ჯ----- ტ--–-----ი რეგისტრირებულია 2010 წლის 30 დეკემბერს. ჯ----- ტ--–-----ი არის შპს ,,ჯ-----ის" დირექტორის ად--–--ნ ტ--–-----ის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 4-15);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 55-63)
- 2010 წლის 30 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ( ს. ფ. 23-24)
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი 16:29:41)
-მოპასუხის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი 16:33;38; 16:38:23)
3.1.4. შპს ,,ჯ-----ის" ქონებაზე 2015 წლის 18 თებერვლის შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება, ხოლო 01 მაისის №0-----3 ბრძანებით ყადაღა დაედო მის ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 4-15);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 55-63)
3.1.5. შპს ,,ჯ-----ის" მიერ 2015 წლის იანვარ-აპრილის თვეში ი. მ. ჯ----- ტ--–-----ისათვის გადაცემულია 25 000 ლარის საქონელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს. ფ. 4-15);
-წერილობითი შესაგებელი (ს. ფ. 55-63)
-მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი 16:29:41)
-მოპასუხის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება (2018 წლის 28 თებერვლის სხდომის ოქმი 16:33;38; 16:38:23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. არ არსებობს შპს ,,ჯ-----ის", ად--–--ნ ტალობოვის და ი.მ. ჯ----- ტ--–-----ის ცრუმაგიერ პირებად ცნობის საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები; მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასების შედეგი აისახება სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, რომელიც უნდა შეიცავდეს მსჯელობას იმის შესახებ, თუ რატომ იზიარებს ან რატომ უარყოფს სასამართლო ამა თუ იმ მტკიცებულებას. ამასთან, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა ნიშნავს არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებაზე დაყრდნობას, არამედ მათ ერთობლიობაში შესწავლა-ანალიზს, რომელთა ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო გამოიტანს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა-არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა, რაც გულისხმობს, რომ ყველა მტკიცებულება ექვემდებარება გამოკვლევას და შეფასებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება საერთოდ უშინაარსოდ მიიჩნევა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ შპს ,,ჯ-----ის" მესაკუთრე და დირექტორია ად--–--ნ ტ--–-----ი, ხოლო ი.მ. ჯ----- ტ--–-----ი ამ უკანასკნელის შვილია, რომელმაც 2015 წლის იანვა-აპრილის თვეში ი.მ. ჯაბიდ ტ--–-----ს გადასცა 25 000 ლარის საქონელი.
მოპასუხეები სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებენ იმ გარემოების შესახებ, რომ ჯ----- ტ--–-----ი 2010 წლიდან დამოუკიდებლად და კეთილსინდისიერად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, მას არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, ხოლო შპს ,,ჯ-----ს" რომელიც ასევე ფუნქციონირებს 2011 წლიდან დავალიანება წარმოეშვა 2015 წელს. შეუძლებელია მხარეებს წინასწარ განესაზღვრათ რას ჩაიდენდნენ 2015 წელს. მოპასუხეები მათი პოზიციის მართებულობის დასადასტურებლად მიუთითებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ოქტომბრის №ბს-103-96 (კ-13) განჩინების შინაარსზე სადაც სასამართლომ ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიჩნევისათვის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობა ჩათვალა რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე და ეკონომიკურ შედეგებზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა წარმომადგენლების ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წარმომადგენლის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი; „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლით რეგლამენტირებულია საგადასახადო ვალდებულების შესრულების კონსტიტუციური მნიშვნელობა - სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები, ხოლო ამ კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენ----ნი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების ვალდებულებაზე მიუთითებს, ასევე, საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ" ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც: ა) გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანება არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის. ხოლო, ამავე ნორმის მე-5 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანებაა – საგადასახადო დავალიანება, თუ: პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ჯ-----ის" დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 981 204 91 ლარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19 მუხლის მეორე ნაწილის ,,თ" ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც: პირები ნათესავები არიან. ამ ნორმის მე-3 ნაწილით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისათვის ფიზიკური პირის ნათესავებად ითვლებიან: ა) ნათესავების პირველი შტო: მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა; ბ) ნათესავების მეორე შტო: პირველი შტოს თითოეული ნათესავის მეუღლე, მშობელი, შვილი, და, ძმა, გარდა იმ ფიზიკური პირისა, რომელიც უკვე მიეკუთვნა პირველ შტოს; გ) პირები, რომლებიც ხანგრძლივი მეურვეობის შედეგად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან, როგორც მშობლები და შვილები. ამავე ნორმის მე-6 ნაწილით, ამ მუხლის მიზნებისათვის ფიზიკური პირი ითვლება წილის არაპირდაპირ მფლობელად, თუ ამ წილს ფლობს მისი ნათესავი.
,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მესამე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჯ-----ი" რეგისტრირებულია 2011 წლის 03 ივნისს და მისი დირექტორს და 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს ად--–--ნ ტ--–-----ი. შპს ,,ჯ-----ის" დავალიანება ბიუჯეტის წინაშე შეადგენს 981 204 91 ლარს. ი.მ. ჯ----- ტ--–-----ი რეგისტრირებულია 2010 წლის 30 დეკემბერს. ჯ----- ტ--–-----ი არის შპს ,,ჯ-----ის" დირექტორის ად--–--ნ ტ--–-----ის შვილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის ერთიმეორის ცრუმაგიერ პირად აღირებისათვის სავალდებულოა არსებობდეს ორი კონკრეტული წინაპირობა, სახელდობრ: პირები ერთიმეორის ცრუმაგიერი პირებად მიიჩნევიან თუ: 1) პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან; 2) ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდების მიზნით.
სასამართლოს მოსაზრებით, გადასახადის გადამხდელთა განსხვავება შეუძლებელი უნდა იყოს მათი მიზნიდან გამომდინარე. ფაქტობრივად არსებულ ორ ან მეტ პირს შორის განხორციელებული ოპერაცია მიმართული უნდა იყოს საერთო მიზნის მიღწევისკენ. თუმცა ამავდროულად ეს მიზანი უნდა წარმოადგენდეს საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან თავის არიდებას. ამრიგად განხორციელებული კონკრეტული ოპერაცია შპს ,,ჯ-----ის" მიერ ი.მ. ჯ----- ტ--–-----ისათვის 25 000 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდება უნდა შეფასდეს, ემსახურება თუ არა იგი საგადასახადო ვალდებულების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებას. მოცემული სახის რეგულაცია იძლევა ფართო შეფასების არეალს, ვინაიდან არ არის დაკონკრეტებული თუ რა გარემოებათა პირობებში, რომელი ქმედება შეიძლება შეფასდეს უზრუნველყოფის ღონისძიებისგან თავის არიდებად. კანონი არ აკონკრეტებს, რომ აღნიშნული მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნეს დაინტერესებულ პირთა მიერ კანონისმიერი თუ უკანონო გზებით. ასეთ პირობებში, კი გადამხდელთა მიერ კანონით ნებადართული ქმედება უფლებამოსილ პირთა მიერ შესაძლებელია შეფასდეს, როგორც უკანონო, რაც გადასახადის გადამხდელებს ჩააყენებთ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ, სამართლებრივი რეგულაციის მსგავს პიროებებში, პირთა მიერ განხორციელებული ოპერაციის მიზანი უნდა იქნეს უტყუარად დადგენილი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს გადამხდელთა ქმედება ემსახურება რიგით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას თუ გადასახადებისგან თავის არიდებას. ვარაუდის საფუძველზე სასამართლოს დაუშვებლად მიაჩნია პირთა ცრუმაგიერად ცნობა, რამაც შედეგობრივად შესაძლებელია გამოიწვიოს პირთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა. ამასთან შპს ,,ჯ-----ის" საგადასახადო დავალიანების ოდენობის და გადაცემული საქონლის ღირებულებიდან გამომდინარე შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს გადასახადის გადახდევინებისაგან თავის არიდების მიზანი.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას მოპასუხე საწარმოთა დირექტორის, რომელიც ამავე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელია და მისი შვილის ი.მ. ჯ----- ტ--–-----ის ნათესაურ კავშირსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე, სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ პირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით დააარსოს იურიდიული პირი და დამოუკიდებლად განსაზღვროს იურიდიული პირის საქმიანობის სფერო. მხოლოდ ის ფაქტი, რომ საწარმოს დირექტორისა და წილის მესაკუთრის შვილი ინდივიდუალური მეწარმეა თანაც იმაზე ადრე დარეგისტრირებული ვიდრე შპს ,,ჯ-----ი" დაფუძნდებოდა არ გულისხმობს ავტომატურად აღნიშნულ პირთა პრაქტიკულად გამიჯვნის შეუძლებლობას. კანონის ამგვარად გაგება გამოიწვევდა თავისუფალი მეწარმეობის უფლებაში ჩარევას, რომელიც, არ უკრძალავს ოჯახის წევრებს, რომ დააარსონ რამდენიმე იურიდიული პირი, აღნიშნული ვერ გახდება საწარმოთა იდენტურობის დამადასტურებელი გარემოება. ამდენად, იურიდიული პირის დამფუძნებელთა/დირექტორთა ნათესაურ კავშირში ყოფნა ინდივიდუალურ მეწარმესთან დამოუკიდებლად, საკანონმდებლო ნორმით დადგენილი მიზნის დამამტკიცებელი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის გარეშე, არ ქმნის საწარმოთა ცრუმაგიერ პირებად მიჩნევის საფუძველს.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების ერთობლიობა არ ქმნის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუმაგიერი პირების დადგენის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის და საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა ქმედებების ისეთი ერთობლიობა და უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც გააჩენდა გონივრულ ეჭვს კონკრეტული ოპერაციის გადასახადების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო გამოყენებისაგან ქონების გარიდების მიზნით განხორციელების შესახებ, ასევე, არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ ურთიერთშორის ისეთი კავშირის შექმნა, რომ საგადასახადო ორგანო ვერ ახდენს გადასახადის გადამხდელი პირის იდენტიფიცირებას კონკრეტულ დასაბეგრ ოპერაციებზე. ამრიგად, მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარებისთვის სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხეები მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების ერთობლიობით მოქმედებდნენ კუთვნილი საგადასახადო ვალდებულებების თავიდან აცილების მიზნით.
სასამართლო სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებითი სარჩელი, რომელიც ადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობისას სასამართლოს უფლებამოსილებას აღიაროს (დაადასტუროს) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარე წარადგენს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებს. ამდენად, აღიარებითი სარჩელის სპეციფიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ სასამართლო უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მხოლოდ აღიარებს (ადასტურებს) კონკრეტული სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარებისა და შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან საგადასახადო ორგანოები – ყველა საქმეზე; სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები, – სარჩელებზე მოსაკრებლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახადების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხების დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 368-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის წარმომადგენლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6).
მოსამართლე: ნ---- თ----–---–ი