გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.03.2018
საქმის ნომერი
060310017002078098
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3/127-17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 თებერვალი, 2018 წელი სამტრედია

 

შესავალი ნაწილი

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

 

მოსარჩელე - ა---------– ტ-----

წარმომადგენელი - ლ------ ყ----------

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სამტრედიის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი - მ------ ლ--------

 

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 02 აგვისტოს N04-06-08-1747 ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილებას გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ა---------– ტ-----სთან მიმართებაში, სახელმწიფო კომპენსაციის 2013 წლის 01 მაისიდან გაცემის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა მ------ ლ--------მ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ა---------– ტ----- 1985 წლის 15 ივლისიდან (შსს ბრძანება №284 პ/შ 15.07.1985წ) 2004 წლის 16 იანვრამდე (მცხეთა მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბრძანება №10 პ/შ 26.01.2004 წ.) და 2005 წლის 01 აგვისტოდან (შსს სსიპ დპდ ბრძანება №357 პ/შ 10.08.2005წ) 2006 წლის 07 მარტამდე (შსს სსიპ დპდ ბრძანება №602 პ/შ 06.04.2006წ) - მუშაობდა ს----------–----–------------------------------------------–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის №3/2319-13 გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ. 14-25 )

 

3.2. ა---------– ტ-----მ 2013 წლის 12 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს წელთა ნამსახურების გაანგარიშების თხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 23 აპრილის №760123 წერილით ა---------– ტ-----ს ეცნობა, რომ ”სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 და მე-16 მუხლები არ იძლეოდა განცხადებაში წამოჭრილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის №3/2319-13 გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ. 14-25)

 

3.3. ა---------– ტ-----მ 2013 წლის 27 მაისს, განმეორებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს წელთა ნამსახურების გაანგარიშების თხოვნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 06 ივნისის №1073055 წერილით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე, ა---------– ტ------ განცხადება დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის №3/2319-13 გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ. 14-25)

 

3.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №3/2319-13) ავთანდილ ტ------ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა გამოეცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ა---------– ტ-----სთან მიმართებაში, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 01 (ერთი) თვის ვადაში. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიეთითა, რომ მოსარჩელის წელთა ნამსახურების გაანგარიშების შესახებ იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელეს ნამსახურების გაანგარიშებაში არ ჩაუთვლის სასწავლებელში სწავლის პერიოდს, აღნიშნული გარემოება დასაბუთებული უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, თუ რამ განაპირობა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის სწავლის პერიოდის ნამსახურების გაანგარიშებაში ჩათვლაზე უარის თქმა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ა---------– ტ------ წელთა ნამსახურების ათვლა უნდა დაწყებულიყო სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის №3/2319-13 გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ. 14-25)

 

3.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებით (საქმე №3ბ/1513-13) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

საქათველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინებით (საქმე №ბს-278-275 (2კ-14) ტ----- ბს-278-275 (2კ-14) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინება (საქმე №3ბ/1513-13) (ტ.1 ს.ფ. 26-39)

-საქათველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივლისის განჩინება (საქმე №ბს-278-275 (2კ-14) ტ----- ბს-278-275 (2კ-14) (ტ.1 ს.ფ.40-42)

 

3.6. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გადაწყვეტილება წარედგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, ამავე დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს 2015 წლის 18 თებერვლის №365344 გადაწყვეტილებით ა---------– ტ-----ს უარი ეთქვა კომპენსაციის დანიშვნისთვის სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობის გაანგარიშებაში ჩათვლაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის №3/3252-15 გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ. 43-55)

 

3.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის №3/3252-15 გადაწყვეტილებით სსიპ დსაქართველოს შს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ა---------– ტ-----სთან მიმართებაში წელთა ნამსახურების გაანგარიშების ტაობაზე, ნ---------–---–-- სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში 1978 წლის 01 სექტემბრიდან 1984 წლის 26 ივნისამდე (03 წელი, 09 თვე და 25 დღე) სწავლის პერიოდის წელთა ნამსახურობის ჩათვლის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის №3/3252-15 გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ. 43-55)

 

3.8. 2017 წლის 06 ივნისს საქართველს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველომ N1339166 წერილით საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილებას გადაუგზავნა ა---------– ტ------ საპენსიო მასალა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :

2017 წლის 06 ივნისს საქართველს შს სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს N1339166 წერილი (ტ.1 ს.ფ. 78)

 

3.8. 2017 წლის 14 ივნისს ა---------– ტ-----მ განცხადებით მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, რომლითაც ითხოვა კომპენსაციის დანიშვნა 2013 წლის აპრილის თვიდან, რაზეც საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამტრედიის რაიონულ განყოფილების 2017 წლის 02 აგვისტოს N04-06-08-1747 წერილით ეცნობა, რომ 2013 წლის 01 მაისიდან 2017 წლის 01 ივლისამდე პერიოდში, კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი სააგენტოს არ გააჩნია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სამტრედიის რაიონული განყოფილების 2017 წლის 02 აგვისტოს N04-06-08-1747 წერილი (ტ.1 ს.ფ. 84 )

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო საქმის მასალებს, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსი,საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი,”სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო სამტრედიის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 02 აგვისტოს N04-06-08/1747 წერილი ა---------– ტ------ათვის კომპენსაციის 2013 წლის 01 მაისიდან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს აღძრას სარჩელი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოთხოვნით ამ სახის სარჩელზე დავის საგანს წარმოადგენს მოთხოვნილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონსაწინააღმდეგო უარის თქმა.

 

6.3. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთა კომპენსაციის გაანგარიშება 1. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობით და მისი ოდენობაა: ა) 65 წლის და მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული: ა.ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის (გარდა ოფიცრებისა) ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 2 ლარზე; ა.ბ) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 5 ლარზე; ა.გ) კადრის სამხედრო სამსახურის უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 10 ლარზე; ა.დ) კადრის სამხედრო სამსახურის უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების ნამრავლი 15 ლარზე;ბ) 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%. 2. „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის 20-ზე ნაკლები კალენდარული წელი, ამ მუხლის მიზნებისთვის ზემოაღნიშნულ ორგანოებში ნამსახურობის წლებად განესაზღვროთ 20 წელი.

 

6.4 „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა სახელმწიფო კომპენსაციებით უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო.

 

6.5 „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით განმარტებულია კომპეტენტური ორგანოს ცნება. კერძოდ, კომპეტენტური ორგანო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანო.

 

კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოს ცნებას ითვალისწინებს ასევე „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანების დანართი №2, მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, სადაც განმარტებულია, რომ კომპენსაციის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ახდენს კომპენსაციის დანიშვნას, მისი გაცემის ორგანიზებას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტასა და გადაანგარიშებას, აგრეთვე კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას და კომპეტენტური ორგანოსათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობების განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად. ამავე ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომპენსაციას შესაბამისი განცხადებისა და შესაბამისი უწყების წარდგინების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო.

 

6.6. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, კომპეტენტური ორგანოს (სააგენტო) მიერ კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის მომდენო თვის პირველი რიცხვიდან.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. კანონის განმარტება უნდა ემყარებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას, კანონის ნორმები წაკითხული უნდა იქნეს სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში, გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კომპენსაციის დასანიშნად საჭირო წარდგინება და კანონით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტიდან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში გადაიგზავნა 2017 წლის 06 ივნისს. სახელმწიფო კომპენსაცია ა---------– ტ-----ს დაენიშნა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, 2017 წლის 01 ივლისიდან.

 

6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------– ტ------ სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება გამომდინარეობს მათი გამოცემის სამართლებრივი საფუძვლებიდან და არ მოდის წინააღმდეგობაში მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალურ აადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ადმინისიტრაციული აქტის გამოცემის დავალდებულების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-23-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. ა---------– ტ------ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ.ქუთაისი, ნიუ პორტის ქ.32) სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. სამტრედია,ძმები ნინუების ქ.N1) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე: ნონა ზარქუა