გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.03.2018
საქმის ნომერი
190210017002161774
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2525-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 თებერვალი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "ს---–-ა"

წარმომადგენელი ხ------- ხ-----–-–---–ი

მოპასუხე დ------ ს---ი

წარმომადგენელი ხ----- კ--------ი

დავის საგანი სესხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

დ------ ს---ისათვის 1441.35 ლარის დაკისრება;

 

სარჩელის საფუძვლები

 

2017 წლის 13 თებერვალს შპს „ს---–-ასთან“ დ------ ს---მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N44413-2 მართვის ავტომატური სისტემის გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 1000 ლარი. სესხი გაიცა 369 დღის ვადით, სესხის წლიური სარგებელი შეადგენს 71.18%. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება ყოველთვიურად ძირითადი თანხისა და სარგებლის ჯამით 119.38 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის და შეადგენს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41%-სყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება დაარღვია 2017 წლის 12 ივლისს, რადგან ამ დროიდან შეწყვიტა სესხის დაბრუნება. მოპასუხის დავალიანებაა 1441.35 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 938.22 ლარი, სარგებელი79.99 ლარი, პირგასამტეხლო2017 წლის 13 ივლისიდან მოყოლებულ ვადაგადაცილებულ დღეებზე 23.14 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი დავალიანებასთან მიმართებაში და უნდა შემცირდეს 0.01%-მდე. ასევე მაღალია სესხის პროცენტი და იგი უნდა განისაზღვროს წლიური 14%-ით. მოპასუხემ ცნო სესხის ძირითადი თანხის დავალიანების მოთხოვნა.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 13 თებერვალს შპს „ს---–-ასთან“ დ------ ს---მა გააფორმა სესხის ხელშეკრულება N44413-2 მართვის ავტომატური სისტემის გამოყენებით, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მიიღო სესხად 1000 ლარი. სესხი გაიცა 369 დღის ვადით, სესხის წლიური სარგებელი შეადგენს 71.18%. გრაფიკით გათვალისწინებულია თანხის დაბრუნება ყოველთვიურად ძირითადი თანხისა და სარგებლის ჯამით 119.38 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის და შეადგენს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 14-33)

- სარჩელი (ს.ფ. 2-5)

- მოპასუხის განმარტება (01.02.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3.1.2. დ------ ს---მა არაჯეროვნად შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 2017 წლის 17 მარტს გადახდილია 120.79 ლარი სესხის დაფარვის დანიშნულებით, 2017 წლის 17 აპრილს 119.80 ლარი სესხის 28 დღით გადავადებისათვის, ხოლო 148.51 ლარი გადახდილია 2017 წლის 16 მაისს 28 დღით გადავადებისათვის. მოსარჩელე სესხის დაბრუნების ვალდებულების დარღვევის თარიღად ასახელებს 2017 წლის 12 ივლისს, რადგან ამ დროიდან შეწყვიტა სესხის დაბრუნება. მოპასუხის დავალიანებაა 1441.35 ლარი, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 938.22 ლარი, სარგებელი 79.99 ლარი, პირგასამტეხლო 2017 წლის 13 ივლისიდან 2017 წლის 30 ოქტომბრამდე ვადაგადაცილებულ დღეებზე 423.14 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. )

- საგადახდო ისტორია (ს.ფ. 30-31)

- დავალიანების შესახებ ცნობა (ს.ფ. 32)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-, 624-ე, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, 1. მხარეთა შეთანხმებით ესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება სარგებლიანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, 1. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. 2. მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. ამ ნაწილის მიზნებისათვის სესხის ვადის გაგრძელებად მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა. ამ ნაწილით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილზე, გარდა იმავე ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის (გარდა 1000 ლარამდე სესხისა) ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს ??????????? ???????? ?????? ????????? ?????????? ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან. ამ ნაწილის შესაბამისად, 1000 ლარამდე უზრუნველყოფილ სესხზე ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.

 

სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სარგებელი წლიური 71.18%-ის ოდენობით, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის ოდენობა განსაზღვრულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რადგან დასაშვებია არაუზრუნველყოფილ სესხის ხელშეკრულებაში პროცენტი შეადგენდეს სესხის თანხის 100%-ს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ ამ ნორმით მინიჭებული უფლება გამოიყენა და ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე. მოპასუხეს ასევე სადაოდ არ გაუხდია სესხის სარგებლის დავალიანების არსებობა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის ცნობა არის მოსარჩელის თანხმობა, შეასრულოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ვალდებულება, რის გამოც სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მოპასუხის ამ თანხმობის (თუკი დავა მხოლოდ იმ მოპასუხის უფლებებს შეეხება, როემლიც ცნობს სარჩელს) საფუძველზე და საქმის გარემოებებს არ ადგენს მტკიცებულებების შინაარსის კვლევის შედეგად. შესაბამისად, ამ დავაში სასამართლო მტკიცებულებებს არ შეაფასებს იმ თვალსაზრისით, მოპასუხის მიერ რა თანხაა გადახდილი სესხის დაბრუნების მიზნით, რადგან მოპასუხე ცნობს მოთხოვნილი სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაკისრების ნაწილში სარჩელს, აღიარებს ამ თანხის გადახდის ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილდეს შპს ს---–-ას სარჩელი მოპასუხე დ------ ს---ისათვის სესხის ძირითადი თანხის 938,22 ლარის და სარგებლის 79,99 ლარის, საერთო ჯამში 1018,21 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არაჯეროვნად აქვს შესრულებული, ხოლო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხე ვალდებულია სესხის ძირითად თანხასთან და სარგებელთან ერთად მოსარჩელეს გადაუხადოს პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის დავალიანების 0.41%-ის ოდენობით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს პირგასამტეხლოს დაკისრებისას ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 938.22 ლარი, სარგებელი 79.99 ლარი. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია პირგასამტეხლო 423.14 ლარი. მართალია მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, გადაიხადა სესხად მიღებული თანხის მცირე ნაწილი 120.79 ლარი, გადაუხდელია სესხის ძირითადი თანხის ძირითადი ნაწილი და სარგებელი, მაგრამ ეს არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო მაჩვენებლის მიხედვით, ერთ დღეში გადასახდელი პირგასამტეხლოა 3.84 ლარი. პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება წარმოიშვა სესხის დაბრუნების ვადის დარღვევიდან 2017 წლის 12 ივლისიდან და ვადის გადაცილება შეადგენს პერიოდს 2017 წლის 30 ოქტომბრამდე - 109 დღეს.

მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შემცირებული პირგასამტეხლო, მაგრამ მოთხოვნილი პირგასამტეხლოც მაღალია,რადგან თითქმის სესხის თანხის ტოლი ოდენობისაა და მისი დაკისრება მოვალისათვის მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მოვალის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს გონივრულობა ნიშნავს იმ ფარგლებს, როცა პირგასამტეხლოს თანხა მის დანიშნულებას - ვალდებულების დარღვევის პრევენციას და შესაძლო ზიანის ანაზღაურებას ამართლებს. პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლო არ უნდა იქცეს მხოლოდ მოვალის დასჯის ინსტრუმენტად და პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს იმის გათვალისწინებით, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება რამდენიმე თვეს მოიცავს და უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.2%-ით, რაც ერთ დღეში შეადგენს 1.87 ლარს, ხოლო ვადის გადაცილების 109 დღეში შეადგენს 204,53 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობის პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორის ინტერესს აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით განცდილი მინიმალური ზიანი. ასევე ეს თანხა არის მოპასუხისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გონივრული საჯარიმო სანქცია იმის გათვალისწინებით, რომ მოვალემ სესხის ნაწილი დააბრუნა, ამასთან, იჩენდა გულისხმიერებას ვალდებულების მიმართ, ორჯერ გადაიხადა სესხის გადავადების საკომისიო, მოითხოვა სესხის დაბრუნების ვადის გაგრძელება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელე უფლებამოსილია დ------ ს---ს მოსთხოვოს სესხის დაბრუნება, ხოლო მოვალე ვალდებულია შეასრულოს ვალდებულება, რადგან დადგენილ ვადაში ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სესხის ძირითადი თანხის 938,22 ლარი, სარგებლის 79,99 ლარის და პირგასამტეხლოს 204,53 ლარის გადახდა, სულ 122,74 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხეს დაეკისრა 1222,74 გადახდა, რაც არის მოსარჩელის მოთხოვნის 1441,35 ლარი 84%. ამ პროპორციით უნდა განისაზღვროს მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის 84% არის 42 ლარი. სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილიდან მოპასუხემ ცნო 1018,21 ლარი, რაც არის დაკისრებული თანხის 75%. ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის - 40 ლარის 75% არის 31.8 ლარი, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან იმ მოთხოვნაზე, რაც მოპასუხეს ცნო საქმის მომზადების ეტაპზე. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 10,92 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ს---–-ას „ სარჩელი;

1.1. დ------ ს---ს დაეკისროს შპს „ს---–-ასათვის 1222,74 ლარის გადახდა;

 

2. შპს „ს---–-ას“ დაუბრუნდეს 2017 წლის 27 ოქტომბერს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 31,80 ლარი. თანხა გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემდეგ ანგარიშზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი 300063150 (საგადასახადო დავალება N35);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი