გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2018
საქმის ნომერი
190210117002135854
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2373-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30.01.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი აკაკი ჩანადირი

მოპასუხე შპს ”მ–-----–---------------სი"

წარმომადგენელი დირექტორი ირაკლი კუჭაიძე

დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ”მ–-----–---------------სისათვის” პირგასამტეხლოს 11 812 ლარის დაკისრება;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

მხარეებს შორის 2015 წლის 25 ივნისს დაიდო N336 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანია რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კილომეტრზე მდებარე სააგენტოს ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობის (საწყობის) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოების ღირებულებაა 946 900 ლარი. სამუშაოების უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების დადებიდან 240 კალენდარული დღის ვადაში. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცდენის გამო მიმწოდებელს ეკისრება პირგასმატეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. მოპასუხემ სამუშაოები ვერ დააასრულა მითითებულ ვადაში, 2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით მას შესასრულებელი ჰქონდა 191 185.5 ლარის სამუშაოები, საიდანაც

102 419.27 ლარის სამუშაოები სააგენტოს ჩაბარდა 2017 წლის 8 აპრილს. გადაცილებაა 12 დღე. პირგასამტეხლო 11 471.13 ლარი,34 91394 ლარის სამუშოები სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 10 მაისს. გადაცილებაა 32 დღე (2016 წლის 9 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით). პირგასტეხლოა 14202.60 ლარი.

53 852.29 ლარის სამუშაოები სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 23 ივლისს. გადაცილებაა 74 დღე. გადაცილებაა 10 მაისიდან 2016 წლის 23 ივლისამდე. პირგასამტეხლო 19 925.35 ლარი.

 

საერთო ჯამში დარიცხული პირგასამტეხლოა 45 599.08 ლარი, თუმცა მომსახურების სააგენტოს მიერ დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამო მოპასუხეს წერილობით მოსთხოვეს 33 786.67 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ სრულად გადაიხადა. სახელმწიფო აუდიტის 2017 წლის 22 ივნისის შემოწმების აქტში აისახა ამ შეცდომის შესახებ და მიეთითა, რომ სხვაობა საწარმოსათვის მოთხოვნილ თანხასა და რეალურად მოსათხოვნ თანხას შორის 11 812.67 ლარი გადაუხდელია. სააგენტოს 2017 წლის 15 აგვისტოს წერილით მოპასუხეს მოსთხოვა ამ თანხის გადახდა, რაზეც მოპასუხე უარს აცხადებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

შპს ”მ–-----–---------------სმა” სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო:

 

გაუგებარია მოპასუხეს რატომ მოუვიდა შეცდომა, მათ მიერ მოთხოვნილი პირგასმატეხლო გადახდილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ყოველდღიური პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით, რაც მაღალი თანხაა და მისი შემცირების შემთხვევაში გადახდილი პირგასამტეხლო საკმარისი სანქცია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და შპს „მ–-----–---------------სს“ შორის 2015 წლის 25 ივნისს დაიდო N336 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანია რუსთავში, თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კილომეტრზე მდებარე სააგენტოს ტერიტორიაზე ასაშენებელი შენობის (საწყობის) სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოების ღირებულებაა 946 900 ლარი. მოპასუხეს სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა ხელშეკრულების დადებიდან 240 კალენდარული დღის ვადაში – 2016 წლის 21 თებერვლამდე. 2016 წლის 25 თებერვლის შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადა შეიცვალა და განისაზღვრა 2016 წლის 27 მარტი. 2016 წლის 20 ივლისის შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებად განისაზღვრა 1 026 231.29 ლარი. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის მიხედვით, სამუშაოთა დასრულების ვადის გადაცდენის გამო მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5%-ის ოდენობით..

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-28. ტომი 1)

- სარჩელი (ს.ფ. 2-11. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 111-114. ტომი 1)

 

3.1.2. მოპასუხე შპს „მ–-----–---------------სმა“ სამუშაოები ვერ დააასრულა ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში, 2017 წლის 27 მარტის მდგომარეობით მას შესასრულებელი ჰქონდა 191 185.5 ლარის სამუშაოები, საიდანაც 102 419.27 ლარის სამუშაოები სააგენტოს ჩაბარდა 2017 წლის 8 აპრილს. გადაცილებაა 12 დღე. პირგასამტეხლო 11 471.13 ლარი; 34 91394 ლარის სამუშოები სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 10 მაისს. გადაცილებაა 32 დღე (2016 წლის 9 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით). დარიცხული პირგასამტეხლოა 14202.60 ლარი. 53 852.29 ლარის სამუშაოები სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 23 ივლისს. გადაცილებაა 74 დღე - 10 მაისიდან 2016 წლის 23 ივლისამდე. პირგასამტეხლო 19 925.35 ლარი. საერთო ჯამში მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოა 45 599.08 ლარი,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 2-13. ტომი 1)

- შესაგებელი (ს.ფ. 111-114. ტომი 1)

- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 32-39. ტომი 1)

 

3.1.3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2016 წლის 15 აგვისტოს წერილით შპს „მშენ ელექტრო სერვისს“ აცნობა, რომ 2016 წლის 18 აპრილის მდგომარეობით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 835 045.76 ლარი. 18 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით შეუსულებელი სამუშაოების ღირებულებაა 191 185.50 ლარი. 8 ვადაგადაცილებულ დღეში დარიცხული პირგასმატეხლოა 7647.42 ლარი. 26 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 88 766.23 ლარი, ვადაგადაცილების 14 დღეში დარიცხული პირგასმატეხლოა 6213.64 ლარი; 10 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 53 852.29 ლარი. ვადაგადაცილებული დღეებია 74 დღე, ხლო დარიცხული პირგასამტეხლოა 19925.35 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წერილის ასლი (ს.ფ. 41-42. ტომი 1)

 

3.1.4. 2016 წლის 16 აგვისტოს შპს "მ–-----–---------------სმა" სახელმწიფო ხაზინაში გადაიხადა 33 786.41 ლარი პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადახადო დავალების ასლი (ს.ფ. 40. ტომი 1)

 

3.1.5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2017 წლის 22 ივნისის ანგარიშში მითითებულია, რომ 2015 წლის 25 ივნისის N336 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შეცდომით დარიცხულია 33.8 ათასი ლარის ოდენობით პირგასამტეხლო, ხოლო დასარიცხი საურავია 45.6 ათასი ლარი. დამატებით გადასახდელია 11.8 ათასი ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

აუდიტის დასკვნის ასლი (ს.ფ. 53-54. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხის მიერ გადახდილი პირგასამტეხლო დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით გონივრულია და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 629-ე, 400-ე, 401-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 25 ივნისის N336 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლებიც თავისი არსით არის ნარდობა, რადგან ითვალისწინებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სსიპ მომსახურების სააგენტოს დაკვეთით საწყობის დანიშნულების ნაგებობის სამშენებლო სამუშაოების შესრულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, 1. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. 2. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.

 

მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა დაესრულებინა 2016 წლის 27 მარტამდე.

 

მხარეებს შორის სადაო არ არის, რომ შემსრულებელს სამუშაოები სრულად არ შეუსრულებია ამ ვადაში. სამუშაოთა ნაწილი დასრულდა 2017 წლის 8 აპრილს. გადაცილებაა 12 დღე. სამუშაოთა ნაწილი სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 10 მაისს. გადაცილებაა 32 დღე (2016 წლის 9 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით). სამუშაოები საბოლოოდ სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 23 ივლისს. გადაცილებაა 74 დღე - 10 მაისიდან 2016 წლის 23 ივლისამდე. შესაბამისად, მოპასუხემ სამუშაოები დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

 

401-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ვადის გადამცილებლად არ ითვლება, თუ ადგილი ჰქონდა ვალდებულების შესრულების შეუძლებლობას - ანუ ისეთ გარემოებას, რაც წარმოიშვა მოვალისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო და რომლის გამოც ვალდებულების დროულად შესრულება მოვალეს არ შეეძლო. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების რაიმე საპატიო მიზეზი მოპასუხეს არ მიუთითებია. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ ნორმების მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - შეთანხმებული პირობების დაცვით, შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული ხარისხით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა არა მარტო შესრულების მოთხოვნის უფლება, არამედ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. ამ შემთხვევაში მოთხოვნილია პირგასამტეხლოს ანაზღაურება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს და რადგან მოპასუხის მიერ უკვე გადახდილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე გონივრულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისათვის და შეადგენს შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,5%-ს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის და საქმის გარემოებებისადმი შესაბამისობის დასადგენად უნდა განიმარტოს პირგასამტეხლოს არსი. კერძოდ, პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად, შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

მოპასუხეს სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2016 წლის 27 მარტს, რაც არ შესრულდა და სამუშაოთა შესრულება დაგვიანდა 12 დღით, შემდგომი ნაწილის შესრულდა 32 დღის დაგვიანებით, ხოლო საბოლოოდ სამუშაოს შესრულება დაგვიანდა 74 დღით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბერის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშოაებიდან ნაწილი დასრულდა 8 აპრილს, ვადის გადაცილება შეადგენს 12 დღეს, ხოლო დარიცხული პირგასმატეხლოა 11 471.13 ლარი.

სამუშაოთა ნაწილი დასრულდა 2016 წლის 10 მაისს, ვადის გადაცილებაა 32 დღე. დარიცხული პირგასმატეხლოა 14 202.60 ლარი.

სამუშაოთ ნაწილი დასრულდა 2016 წლის 23 ივლისს, ვადის გადაცილებაა 74 დღე. დარიცხულია პირგასამტეხლო 19 925.35 ლარი..

 

საერთო ჯამში პირგასამტეხლო შეადგენს 45 599.08 ლარს, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 33 786.67 ლარი.

 

პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია. პირგასგამატეხლოს სახით დარიცხულია 45 599.08 ლარი, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 191 185.5 ლარი. მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების თითქმის მეოთხედი ნაწილი, ხოლო ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებაა 1 026 242.29 ლარი. ამდენად, სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლის დროისათვის სამუშაოთა უდიდესი ნაწილი შესრულებული იყო. სამუშაოთა შესრულების ხარისხზე მოსარჩელეს პრეტენზია არ გააჩნია.

 

პირგასამტელოს გონივრულობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა ის ფაქტი, მოპასუხემ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლო 33 786.67 ლარის ლარი ნებაყოფლობით გადაიხადა. პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია იმის გათვალისწინებითაც, რომ მოსარჩელემ პირგასამტეხლოს გადაუხდელი ნაწილის დაკისრება მოითხოვა ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევიდან 1 წლის 7 თვის შემდეგ ისეთ პირობებში, როცა შესრულებული სამუშაოები მიღებულია, მათ ხარისხზე დაკვეთს პრეტენზია არ გააჩნია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს პირველ რიგში გააჩნია პრევენციული ფუნქცია, იგი მოვალეზე ერთგვარი ზეწოლის საშუალებაა და უბიძგებს მიიღოს ყველა ზომა ხელშეკრულების ჯეროვნად და დროულად შესასრულებლად. კრედიტორის ინტერესი პირგასამტეხლოს მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად აინაზღაუროს ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი და მოვალე აიძულოს პირგასამტეხლოს დაკისრების შიშით ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება. პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანია არ არის კრედიტორისათვის ხელშეკრულების საფუძველზე შემოსავლის მიღება.

 

ამ შემთხვევაში პირგასამტეხლო არ არის განსაზღვრული ფულადი ვალდებულების დარღვევისათვის, ხელშეკრულების საგანია სამშენებლო სამუშაოების შესრულება. აქედან გამომდინარე ხელშეკრულების მიმართ კრედიტორის მთავარი ინტერესია ამ სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულება და არა ამ ვალდებულების დარღვევისათვის ფულადი სანქციების დაკისრებით შემოსავლის მიღება.

 

მართალია მოპასუხემ დაარღვია სამუშაოთა შესრულების ვადა, მაგრამ ამ სახელშეკრულებო ვალდებულების უდიდესი ნაწილი დროულად შეასრულა, მართალია სამუშოები სრულად დაასრულა 2016 წლის 22 ივლისს, ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის დასრულებიდან 4 თვეში, მაგრამ 2016 წლის 27 მარტის შემდეგ უწყვეტად აგრძელებდა სამუშაოებს, იგი პერიოდულად მოსარჩელეს გადასცემდა შესრულებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სამართლიანობის და გონივრულობის შეფასებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევიდან 1 წლის და 7 თვის შემდეგ. ამ დროის მანძილზე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა დასრულდა, შესრულებული სამუშაოები მოსარჩელემ მიიღო და მათ ხარისხზე პრეტენზია არ განუცხადებია. მოპასუხემ გადაიხადა მოსარჩელის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებული ოდენობის პირგასამტეხლო. ვალდებულების დარღვევიდან ხანგრძლივი დროის გასვლის გამო პირგასამტეხლოს პრევენციული ფუნქციის მნიშვნელობა, ზეწოლის ეფექტი შემცირდა, რის გამოც არაგონივრულია მოვალეს დაეკისროს იმ ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა, რაც დაეკისრებოდა ვალდებულების დარღვევიდან უმოკლეს ვადაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

 

სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა და არა შემოსავლის მიღება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ შეესაბამება ვალდებულების დარღვევის ხასიათს და პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, ხოლო მოპასუხის მიერ გადახდილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის ხასიათის შესაბამისია, რის გამოც არ არსებობს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდევინების საფუძველი.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არ ეკისრება მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ამ საქმეზე 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე,243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარჩელი;

 

2. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უარი ეთქვას სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაზე;

 

3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას შპს ,,მ–-----–---------------სის" საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას "ვაზ 21213", სანომრე ნიშნით A-----, საიდენტიფიკაციო კოდი _ L----------------;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი