გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.01.2018
საქმის ნომერი
140210016001453319
კატეგორია
დავის ტიპი
სამისდღეშიო რჩენა
თარიღი
10.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/978-16 (140210016001453319)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 იანვარი, 2018 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი

სხდომის მდივნები: ვასილ ჯოჯიშვილი

ქეთევან ცერცვაძე

ნანა ხინჩიკაშვილი

მოსარჩელე - თ-------------ე

წარმომადგენლები - ბ--------–------, ნ------------–---–-, კ----------–----–---–-

მოპასუხე - მ----------ა

წარმომადგენელი - ლ---------------

დავის საგანი - სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა და ქონების საკუთრებაში აღრიცხვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ-------------ესა და მ----------ას შორის 2011 წლის 25 მაისს დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება №--------- შეწყვეტა და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხისათვის გადაცემული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. გორი, გ------------ ქუჩა №17/22, (-------0--0--3---0--5--) მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვა.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2011 წლის 25 მაისს, მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მ----------ას საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორში, გ------------ ქ. №17/22-ში, საკადასტრო კოდი 66.0--0--3---0--5--.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ იმედი ჰქონდა, მ----------ა მასზე იზრუნებდა და უზრუნველი სიბერე ექნებოდა, რის გამოც დისშვილთან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა გარიგების დადების შემდეგ მოპასუხე საგრძნობლად შეიცვალა, მისი მდგომარეობით აღარ ინტერესდებოდა, დახმარებები შეწყვიტა და საბოლოოდ თავისი რეალური მიზანი გამოავლინა - გარდაცვალების შემდეგ ხელში ჩაეგდო ზემოაღნიშნული ქონება.

 

მოსარჩელე უთითებს, რომ არაერთხელ თხოვა მოპასუხეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება გაეუქმებინათ, მაგრამ მის თხოვნას შედეგი არ მოჰყვა, რის გამოც იძულებულია მიმართოს სასამართლოს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მ----------ამ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ მასსა და თ-------------ეს შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება ნამდვილად გაფორმდა და მოსარჩელის მოვლა დაიწყო ამ უკანასკნელის დიდი თხოვნის შედეგად, ვინაიდან არის დედის ძმა და ისედაც მათ ოჯახში ცხოვრობდა. მოპასუხის მტკიცებით, იგი 2009 წლიდან მოსარჩელეს სისტემატურად ეხმარება, რის გამოც მისი მხრიდან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება პირნათლად სრულდება, თუმცა თ-------------ემ უსახლკარო პიროვნება შეიკედლა, რომელიც აძალებს ხელშეკრულების გაუქმებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2011 წლის 25 მაისს, თ-------------ესა და მ----------ას შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება №---------, რომლის საფუძველზეც მ----------ამ იკისრა თ-------------ის რჩენის ვალდებულება, ხოლო სარჩენმა მარჩენალს გადასცა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორში, გ------------ ქ. №17/22-ში, საკადასტრო კოდით: 66.0--0--3---0--5--.

 

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე მ----------ამ აიღო ვალდებულება თ-------------ე ერჩინა მთელი სიცოცხლის განმავლობაში; უზრუნველეყო სასურსათო და არასასურსათო, საყოფაცხოვრებო პროდუქტების იმ ოდენობით, რაც საკმარისი იყო სარჩენის სრულფასოვანი კვებით, ტანსაცმლით, მკურნალობით (საჭიროების შემთხვევაში) და ჯანსაღი საცხოვრებელი პირობებით (გათბობა, ელექტროენერგია, კომუნალური მომსახურება და სხვა მსგავსი მომსახურება) უზრუნველსაყოფად. საჭიროების (მაგალითად, ავადმყოფობის) შემთხვევაში მარჩენალი ვალდებული იყო უზრუნველეყო სარჩენის ჯეროვანი მოვლა-პატრონობა. რჩენას ჰქონდა ნატურალური და უწყვეტი ხასიათი და იგი გრძელდებოდა სარჩენის სიცოცხლის მანძილზე.

 

ხელშეკრულების თანახმად, სარჩენს გარდაცვალებამდე უნდა ეცხოვრა ბინაში. იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე აქტით დადგენილი წესის დაცვით (სარჩენის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის საფუძველზე) ბინა გასხვისდებოდა (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და სხვა), მარჩენალი ვალდებული იყო სარჩენი უზრუნველეყო ტოლფასი საცხოვრებელი პირობებით.

 

ხელშეკრულების მიხედვით, სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს არ ჰქონდა უფლება, სარჩენის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობის გარეშე გაესხვისებინა, იპოთეკით დაეტვირთა, გაექირავებინა, ან სხვა ვალდებულებებით დაეტვირთა ბინა.

 

მარჩენალი ვალდებული იყო, სარჩენის გარდაცვალების შემდეგ უზრუნველეყო სარჩენისათვის იმ პატივის მიგება, რაც მიღებული იყო ტრადიციითა და სარჩენის რელიგიური მრწამსის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების თანახმად, სარჩენს უფლება ჰქონდა ნებისმიერ დროს მოეთხოვა მარჩენალისაგან ბინის იპოთეკით დატვირთვა, მარჩენალის მიმართ თავისი მოთხოვნის (რჩენის) უზრუნველსაყოფად. მარჩენალს უფლება არ ჰქონდა იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე უარი განეცხადებინა.

 

ხელშეკრულების მიხედვით, ვინაიდან მარჩენალს ჰქონდა ჯეროვანი საცხოვრებელი პირობები და სარჩენი ეწეოდა შემოქმედებით საქმიანობას, მარჩენალი (და მისი ოჯახის წევრები) შეიკავებდა თავს ბინაში ცხოვრებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბინაში მარჩენალის ცხოვრების აუცილებლობა ნაკარნახევი იქნებოდა თვით სარჩენის ინტერესებით, ან მარჩენალს წარმოეშობოდა ბინაში ცხოვრების უკიდურესი აუცილებლობა.

 

ხელშეკრულების თანახმად, წინამდებარე აქტის მოქმედების შეწყვეტის უფლება ჰქონდა როგორც სარჩენს, ისე მარჩენალს, იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე დაკისრებულ ვალდებულებებს დაარღვევდა, რის გამოც მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდებოდა, ან სხვა არსებითი მიზეზი უკიდურესად აძნელებდა, ან შეუძლებელს გახდიდა ხელშეკრულების მოქმედების გაგრძელებას. თუ წინამდებარე აქტის მოქმედების შეწყვეტისას ბინა მარჩენალის საკუთრებაში იქნებოდა, იგი სარჩენს უნდა დაბრუნებოდა, ხოლო მარჩენალს რჩენის ხარჯები აუნაზღაურდებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 25 მაისის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება;

- საჯარო რეესტრის ამონაწერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. სს „პროკრედიტ ბანკიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მ----------ამ ე.წ. ქოინსთარის გზავნილით თ-------------ეს 200 ევრო გადაურიცხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „პროკრედიტ ბანკის“ წერილი;

- სალაროს გასავლის ორდერი №328232544.

 

3.1.3. სალაროს შემოსავლის ორდერის №8019 მიხედვით, თ-------------ემ 2014 წლის 29 ივლისს თვალის კლინიკა მზერაში პროტეზისთვის გადაიხადა 150 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სალაროს შემოსავლის ორდერის №8019.

 

3.1.4. ექიმების, რ-----------------–---–--- და მ--------------- დანიშნულებაში მითითებულია ის მედიკამენტები, რომლის მიღებასაც თ-------------ე საჭიროებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ექიმების, რ-----------------–---–--- და მ--------------- დანიშნულება.

 

3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა თ---------------–---–მა განმარტა, რომ 2010 წლიდან ქირით ცხოვრობს მ----------ას ბინაში და ყოველთვიურად უხდის 130 ლარს. მოწმემ აღნიშნა, რომ მ----------ა სულ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი და ძირითადად სატელეფონო ურთიერთობა აქვს. თ---------------–---–ის განმარტებით ქირის თანხას პირველი ოთხი წლის განმავლობაში თ------–-–---–ს აძლევდა, რაც თ-------------ესთან მიჰქონდა. მოგვიანებით თ------–-–---–სა და თ-------------ეს ურთიერთობა დაეძაბათ და თანხას თითონ მოსარჩელე იღებდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ თ-------------ემ ქირის აღება ლ--–------–--–ს გადააბარა, რომელიც თავის მხრივ მოსარჩელეს აძლევდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ თ------–-–---–ისაგან იცის, მ----------ა საჭიროების შემთხვევაში თ-------------ეს სხვა დახმარებასაც უწევდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე თ---------------–---–ის ჩვენება.

 

3.2.2. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------–-–---–მა განმარტა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მ----------ას ბინის ქირას ღებულობდა, რომელსაც მოპასუხის დავალებით თ-------------ეს აძლევდა. მოწმემ მიუთითა, რომ მოსარჩელე მოპასუხის ბიძაა და აქედან გამომდინარე ეს უკანასკნელი ყურადღებას აქცევდა. გარდა ბინის ქირისა, მ----------ა თ-------------ეს სხვა ფულადი თანხითაც ეხმარებოდა. მოწმის მტკიცებით, მას არ ახსენდება ფაქტი, მოსარჩელეს რამე დაჭირვებოდა და მოპასუხე არ დახმარებოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე თ------–-–---–ის ჩვენება.

 

3.2.3. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–------–--–მა განმარტა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მ----------ას ბინის ქირას თ--------------–---–ისაგან ღებულობდა, რომელსაც მოპასუხის დავალებით თ-------------ეს აძლევდა. თანხის გადაცემის თაობაზე მასსა და მოსარჩელეს შორის დოკუმენტი არ დგებოდა, თუმცა რამდენიმე თვის მერე გადაწყვიტა, რომ თ-------------ისათვის ხელწერილი დაეწერებინა, ვინაიდან მოსარჩელეს აღარ ენდობოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ თ-------------ე ყოველ ათ დღეში ერთხელს 100 ლარს ითხოვდა, ვინაიდან ნ------------–---–თან ერთად ოჯახში სასმელს სვავდა და თანხა არ ყოფნიდა, ხოლო თუ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა მ----------ას მიმართ აგრესიას გამოხატავდა. მოწმის განმარტებით, გარდა ფულადი თანხისა, მოპასუხე თ-------------ეზე ყველანაირად ზრუნავდა, თუმცა მოსარჩელე მაინც უკმაყოფილო იყო, ვინაიდან მ----------ასგან რაც შეიძლება მეტი სარგებლის მიღება უნდოდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე ლ--–------–--–ის ჩვენება.

 

3.2.4. ა(ა)იპ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის №2/0068 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. გორში, გ------------ ქუჩა №17/22-ში მდებარე მ----------ას კუთვნილ საცხოვრებელ სახლში (საკადასტო კოდი 66.0--0--3---0--5--) შესრულებულმა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ სავარაუდოდ შეადგინა 5 888.74 (ხუთი ათას რვაას ოთხმოცდარვა ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი.

 

დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღწერილია, რომ სამუშაოები ორ ეტაპად შესრულდა. პირველ ეტაპზე, რომელსაც ზ--------–-–----- ხელმძღვანელობდა სამშენებლო მასალებზე და გასამრჯელოს სახით სავარაუდოდ 2 493.85 (ორი ათას ოთხას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარი დაიხარჯა. მეორე ეტაპზე ჩატარებული სამუშაოებისა და დახარჯული მასალების ღირებულებამ 3 394.89 (სამი ათას სამას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარი შეადგინა. მ----------ას განცხადებით, რომელსაც თ-------------ე ნაწილობრივ დაეთანხმა, სამშენებლო მასალებისა და გასამრჯელოს თანხა, ისევე როგორ პირველ ეტაპზე შესრულებული სამუშაოსათვის მ----------ამ გადაიხადა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ა(ა)იპ დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის №2/0068 ექსპერტიზის დასკვნა.

 

3.2.5. ლ--–------–--–ის მიერ შედგენილი ხელწერილის მიხედვით, მ----------ას ბიძას, თ-------------ეს რამდენჯერმე გადასცა ფულადი თანხა, რამაც მთლიანობაში 580 ლარი შეადგინა. აღნიშნული ფაქტი თ-------------ემ ხელმოწერით დაადასტურა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ--–------–--–ის მიერ შედგენილი ხელწერილი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მოსარჩელემ მოპასუხის მიერ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად სასამართლოს წარმოუდგინა თვალის კლინიკა მზერაში პროტეზისათვის გადახდილი 150 ლარის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე ექიმების, რ----------------–---–ისა და მ--------------- დანიშნულება გარკვეული სახის მედიკამენტების მიღების საჭიროების თაობაზე, ხოლო მის მიერ დასახელებული მოწმეთა დაკითხვა, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა საჭიროდ აღარ ჩათვალა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ დადგინდეს მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი. წარმოდგენილი მტკიცებულებით არ ირკვევა და არ დასტურდება, რომ სწორედ თ-------------ის მიერ, მისი სახსრებით, გარკვეული საჭიროებისათვის იყო გაწეული ხარჯები, რის ანაზღაურებაზეც მოპასუხემ უარი განაცხადა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების, კერძოდ, თანხის გზავნილის, ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმეთა ჩვენებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ----------ა მოსარჩელე თ-------------ეს უზრუნველყოფს საცხოვრებელი პირობებით, ზრუნავს მოსარჩელის ჯანმრთელობაზე, კვებაზე და ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით აქვს დაკისრებული.

 

სასამართლო ამასთან მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაში მ----------ას სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება რომ დაერღვია სარჩენს უფლება ჰქონდა, ნებისმიერ დროს მოეთხოვა მარჩენალისაგან ბინის იპოთეკით დატვირთვა, მარჩენალის მიმართ თავისი მოთხოვნის (რჩენის) უზრუნველსაყოფად. მარჩენალს კი უფლება არ ჰქონდა იპოთეკის ხელშეკრულების დადებაზე უარი განეცხადებინა, რითაც თ-------------ემ არ ისარგებლა (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი). აღნიშნული კი, იძლევა დასკვნის იმგვარად გამოტანის შესაძლებლობას, რომ მ----------ა პირნათლად ასრულებს რჩენის ვალდებულებას, თუმცა თ-------------ის ინტერესს წარმოადგენს მხოლოდ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე მ----------ას არ დაურღვევია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით დაკისრებული მოვალეობები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ-------------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე, 949-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

გარდა უფლების სასამართლო წესით დაცვისა, მხარე უფლებამისილია მიიღოს სასამართლოსაგან დასაბუთებული გადაწყვეტილება. დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება კონვენციით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისგან იცავს; ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Ruiz Torija v. Spain, §§29-30 განმარტა, რომ ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება განიხილება სამართალწარმოების „სამართლიანობის“ ჭრილში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Hirvisaari v. Finland, §§30-33), სტრუქტურულად, ის ასევე შეესაბამება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას, ვინაიდან ორივე მოითხოვს კონკრეტულ საქმეში აპლიკანტის მიერ წამოჭრილი შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების დადგენას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Chevrol v. France).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Fomin v. Moldova §§22-34 აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიზანია მხარეებისთვის იმის დემონსტრირება, რომ მათ რეალურად მოუსმინეს. უფრო მეტიც, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს მისი გასაჩივრებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვის შესაძლებლობას აძლევს. ამავე სასამართლომ საქმეში Suominen v. Finland §§25-38 განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ საზოგადოებრივი კრიტიკა შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში.

 

შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არამხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარეს ან უარყვეს შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არალევანტური, დაუსაბუთებელი, შეურაცხმყოფელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან კარგად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Fomin v Moldova §§ 22-34).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Seryavin and others v. Ukraine §§55-62 მიუთითა, რომ ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და მონაწილე მხარეებს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას გაიგონ თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ კონკრეტულ პოზიციას. ამასთან, სასამართლომ სხვა საქმეში აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Hirvisaari v. Finland, §32).

 

მოცემულ საქმეში მოსარჩელემ მისი უფლებების დარღვევად იმ ფაქტზე მიუთითა, რომ მასსა და მ----------ას შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ ვალდებულება აიღო თ-------------ისათვის სამისდღეშიო სარჩო მთელი სიცოცხლის მანძილზე ეხადა. მოსარჩელის განმარტებით, მ----------ამ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც თ-------------ემ მისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მომართა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 941-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც კისრულობს სამისდღეშიო სარჩოს გადახდას (მარჩენალი), მოვალეა, გადაუხადოს იგი სარჩოს მიმღებს (სარჩენს) მთელი სიცოცხლის მანძილზე, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ერთ-ერთი თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ იგი არის სასყიდლიანი და მიზნად ისახავს მომავალში სარჩენის ქონების გადასვლას მარჩენალის საკუთრებაში განსაზღვრული შემხვედრი ანაზღაურების გადახდის გზით. სარჩოს ოდენობა, რომელსაც სარჩენი ღებულობს მარჩენალისაგან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით, შეიძლება შეადგენდეს მარჩენალისათვის გადასაცემი ქონების ღირებულების უმნიშვნელო ნაწილს, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი შეიძლება მნიშვნელოვნად გადააჭარბოს კიდევაც ქონების ღირებულებას, რაც აიხსნება იმით, რომ რჩენა განსაზღვრულია სარჩენის სიცოცხლის ვადით, თუმცა მხარეები შეიძლება განსაზღვრულ დროზეც შეთანხმდნენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2011 წლის 25 მაისს, თ-------------ესა და მ----------ას შორის დაიდო სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს წარმოეშვათ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე: მ----------ამ, როგორც მარჩენალმა, იკისრა თ-------------ის რჩენის ვალდებულება, ხოლო სარჩენმა მარჩენალს საკუთრებაში გადასცა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. გორში, გ------------ ქ. №17/22-ში, საკადასტრო კოდით: 66.0--0--3---0--5--.

 

ამავე ხელშეკრულების თანახმად, სარჩო უნდა ყოფილიყო ნატურალური სახის. მარჩენალმა ვალდებულება აიღო სარჩენი, თ-------------ე ერჩინა მთელი სიცოცხლის მანძილზე; უზრუნველეყო სასურსათო და არასასურსათო, საყოფაცხოვრებო პროდუქტების იმ ოდენობით, რაც საკმარისი იყო სარჩენის სრულფასოვანი კვებით, ტანსაცმლით, მკურნალობით (საჭიროების შემთხვევაში) და ჯანსაღი საცხოვრებელი პირობებით (გათბობა, ელექტროენერგია, კომუნალური მომსახურება და სხვა მსგავსი მომსახურება) უზრუნველსაყოფად. საჭიროების (მაგალითად, ავადმყოფობის) შემთხვევაში მარჩენალმა ვალდებულება იკისრა, სარჩენისათვის ჯეროვანი მოვლა-პატრონობა გაეწია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 949-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მარჩენალმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტისათვის კანონმდებელი აუცილებელ პირობად ითვალისწინებს მოვალეობათა ისეთ დარღვევას, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდეს, ანდა უნდა არსებობდეს სხვა არსებითი მიზეზი, რომელიც უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის ხელშეკრულების გაგრძელებას. აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს მხარეებს ანუ მარჩენალს და სარჩენს, დადგენილი საფუძვლების არსებობისას უარი განაცხადონ ცალმხრივად სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, არ დადგინდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა, პირიქით საქმის განხილვის დროს დაკითხულმა მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მარჩენალი თავის მოვალეობას სანიმუშოდ და დიდი გულისხმიერებით ასრულებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე თავს არ არიდებს სარჩენის უზრუნველყოფას მკურნალობით, მოვლით და ყველა საჭიროებით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვი ცხოვრებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იგი თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს მტკიცებულებების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობით მიღების შესაძლებლობას. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის ფაქტი, რის გამოც შეუძლებელია მათ შორის სადავო ხელშეკრულების გაგრძელება. მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მხარეთა შორის აუტანელი ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტება იმის თაობაზე, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, არ წარმოადგენს და ვერ გახდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის კანონით დადგენილი საფუძველი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე არღვევდა ხელშეკრულების პირობებს არ წარმოადგენდა კანონით დადგენილ საფუძველს იმისათვის, რომ სასამართლოს მხარეთა შორის გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება შეეწყვიტა. (იხ. სუსგ. №ას-652-618-2015, 16 ივლისი, 2015 წელი).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ დავაზე სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვლოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. თ-------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თ-------------ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი