გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.02.2018
საქმის ნომერი
110210018002260435
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210018002260435

№ 2/4--2018 წელი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 თებერვალი 2018 წელი ქ. ზესტაფონი

შესავალი ნაწილი

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

მოსამართლე შოთა ნიკურაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბეღელაძე

მოსარჩელე _სს ,,----------------------’’;

წარმომადგენელი_ გ---------------;

მოპასუხეები _ ზ--------------, გ------------;

დავის საგანი_ თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა.

 

მოპასუხეებს სს ,,ს----------–----------'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4240.97 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 4103.66 ლარი, სარგებელი - 83.02 ლარი, პირგასამტეხლო - 54.29 ლარი.

 

მოპასუხეებს სს ,,ს----------–----------'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის 1.69 ლარის გადახდა . ((4103.66X15%:365=1.69).

 

მოპასუხეებს სს ,,ს----------–----------'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს 20.52 ლარის გადახდა ((4103.66X182.5%):365=20.52)

 

მოპასუხეებს სს ,,ს----------–----------'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 100 ლარისა და ბაჟის 130.23 ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2015 წლის 30 დეკემბერს სს ,,-----------–----------’’ და ზ--------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7100 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15 %-ით, კრედიტის ვადა - 35 თვე, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე, ვადაგადაცილებული თანხის 0.5%. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 30 დეკემბერს მოპასუხე გ------------სთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2018 წლის 14 იანვრის მდგომარეობით ზ--------------- დავალიანება სს ,,ს----------–----------’’ წინაშე შეადგენს 4240.97 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 4103.66 ლარი, სარგებელი -83.02 ლარი, პირგასამტეხლო -54.29 ლარი. საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები და ვალდებულების შესასრულებლად მიეცათ ორი კვირის ვადა. მიუხედავად აღნიშნულისა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა. 2017 წლის 19 ოქტომბერს სს ,,ს----------–----------’’ მიერ ზ---------------- და გ------------- მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილი იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, რის საპასუხოდ რესპოდენტებმა შეიტანეს პროტესტი, რაც წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს და შესაბამისად ბრძანება არ გაცემულა.

 

2. მოპასუხის პოზიცია.

 

მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, სრულად სცნეს პირველი სასარჩელო მოთხოვნის - 4240.97 ლარის (როგორც ძირი თანხის, ისე პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილშიც) ნაწილში, ასევე გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 100 ლარის ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2015 წლის 30 დეკემბერს სს ,,-----------–----------’’ და ზ--------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7100 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15 %-ით, კრედიტის ვადა- 35 თვე, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2015 წლის 30 დეკემბრის N------- ხელშეკრულებას.

 

3.2. სესხის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 30 დეკემბერს მოპასუხე გ------------სთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ 2015 წლის 30 დეკემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას.

 

3.3. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 14 იანვრის მდგომარეობით ზ--------------- დავალიანება სს ,,ს----------–----------’’ წინაშე შეადგენს 4240.97 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 4103.66 ლარი, სარგებელი- 83.02 ლარი, პირგასამტეხლო -54.29 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

ინფორმაცია სს ,,ს----------–----------’’ წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ, მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.4. საკრედიტო დავალიანების დაფარვის მოთხოვნით მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები და ვალდებულების შესასრულებლად მიეცათ ორი კვირის ვადა. მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა- განმარტებას.

- შეტყობინებებს.

 

3.5. 2017 წლის 19 ოქტომბერს სს ,,ს----------–----------’’ ზ---------------- და გ------------- მიმართ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიტანა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად და გადაიხადა საფასური - 100 ლარი, რის საპასუხოდ რესპოდენტებმა შეიტანეს პროტესტი, რაც წარმოადგენს ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის საფუძველს და შესაბამისად ბრძანება არ გაცემულა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

_ აღსრულების ეროვნული ბიუროს NS P---------/------ და N SP---------/3----- გადაწყვეტილებებს.

_საბანკო ქვითარს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,----------------------ს ’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით; სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-317-ე, 361-ე, 403-ე, 404-ე, 407-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 30 დეკემბერს სს ,,-----------–----------’’ და ზ--------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 7100 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15 %-ით, კრედიტის ვადა- 35 თვე, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებაზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.

 

ასევე დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 2018 წლის 14 იანვრის მდგომარეობით ზ--------------- დავალიანება სს ,,ს----------–----------’’ წინაშე შეადგენს 4240.97 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 4103.66 ლარი, სარგებელი- 83.02 ლარი, პირგასამტეხლო -54.29 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. თავის გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ის აფუძნებს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, სრულად სცნეს პირველი სასარჩელო მოთხოვნის - 4240.97 ლარის (როგორც ძირი თანხის, ისე პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილშიც) ნაწილში, ასევე გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 100 ლარის მოთხოვნა, შესაბამისად ამ ნაწილებში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

სამოქალაქო კოდექსის მუხლი 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

მოსარჩელე ზიანის - მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების სახით მოითხოვს:

 

ზ--------------სა და გ------------ს სს ,,ს----------–----------’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის 1.69 ლარის გადახდა ((4103.66X15%:365=1.69).

 

სესხის ხელშეკრულების სტანდარტული პირობების 3.2.4 მუხლის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო განაკვეთის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც. მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან სრულად, ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებითი, ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე იქედან რომ მოსარჩელე წარმოადგენს ბანკს და მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სფეროა სესხების გაცემა - მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა სარგებლის სახით, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამასთანავე, ბანკი შეძლებდა დაბრუნებული თანხის კრედიტის სახით გაცემას და შემოსავლის მიღებას.

 

ამდენად, დადგენილი გარემოებების და ზემოთ მითითებული ნორმების ანალიზის შედეგად მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით -ზიანის მოპასუხეებზე დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დავალიანების მომენტში (თანხის ოდენობა სხვადასხვა დრო შეიძლება იყოს სხვადასხვა) გადაუხდელი ძირი თანხის წლიური 15%-ის სარგებლის გადახდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

6.3. მოსარჩელის მესამე სასარჩელო მოთხოვნაა: მოპასუხეებს სს ,,----------------------ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის აღძვრიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, პირგასამტეხლოს 20.52 ლარის გადახდა ((4103.66X182.5%):365=20.52)

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა.

 

პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა.

 

მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდეობასთან.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება.

 

შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გაითვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

-2015 წლის 30 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების 3.12. პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ათვისებული კრედიტის თანხის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით (წლიური 180%), რაც შეუსაბამოდ მაღალია, უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 0.1%-ით, რაც ყოველდღიურად ნაცვლად 20 ლარისა და 52 თეთრისა, შეადგენს 4 ლარსა და 10 თეთრს.

 

6.4 მოსარჩელე თანხის დაკისრებას ზ--------------სთან ერთად სოლიდარულად ითხოვს გ-------------ათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ გ------------მ 2015 წლის 30 დეკემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით, იკისრა სოლიდარული თავდებობა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის.

 

დადგენილია ასევე, რომ მოვალემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება.

 

ამდენად, გ------------ს ზ--------------სთან ერთად სოლიდარულად ეკისრება პასუხისმგებლობა სს ,,ს----------–----------’’ მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, სრულად სცნეს პირველი სასარჩელო მოთხოვნის - 4240.97 ლარის (როგორც ძირი თანხის, ისე პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილშიც) ნაწილში, ასევე გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 100 ლარის ნაწილში, შესაბამისად ამ თანხის ბაჟი 130.30 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან.

 

სარეზოლუცო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,----------------------ს'' (ს/კ 2--------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს ზ--------------სა (პ/ნ------------ და გ------------ს (პ/ნ 1----------- სს ,,ს----------–----------'' (ს/კ2--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის დავალიანების თანხის 4240 (ოთხი ათას ორას ორმოცი) ლარისა და 97 (ოთხმოცდაჩვიდმეტი) თეთრის და გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს ზ--------------სა (პ/ნ 1----------- და გ------------ს (პ/ნ 1----------- სს ,,ს----------–----------'' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ გადაუხდელ ძირ თანხაზე, წლიური 15% -ის გადახდა სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 16 იანვრიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

4. მოპასუხეებს ზ--------------სა (პ/ნ 1----------- და გ------------ს (პ/ნ 1----------- სს ,,----------------------ს'' (ს/კ 2--------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ყოველდღიურად პირგასამტეხლოს 4 (ოთხი) ლარისა და 10 (ათი) თეთრის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 16 იანვრიდან, ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

5. სს ,,ს--------------------- '' (ს/კ 2--------- ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 130 (ას ოცდაათი) ლარისა და 23 (ოცდასამი) თეთრის ოდენობით (საგადახდო დავალება N5-, 15/01/2018წელი, კოდი 3--------.

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

8.პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: შოთა ნიკურაძე