გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2018
საქმის ნომერი
080210016001259031
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080210016001259031

№2/307-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 თებერვალი 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”რიკო ექსპრესი”;

წარმომადგენელი - ნ---- ბ--–---შვილი;

მოპასუხე - ნ---- დ---–-ძე;

წარმომადგენელი - ნ--- ზ-----ძე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე ნ---- დ---–-ძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”რიკო ექსპრესის” სასარგებლოდ დაეკისროს 1456,8 აშშ დოლარის გადახდა.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2014 წლის 9 მარტს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”რიკო ექსპრესს” და ნ---- დ---–-ძეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N7924-01. აღნიშნული გარიგების საფუძველზე მოპასუხემ ისესხა 12000 აშშ დოლარი 35 თვის ვადით, სარგებელი განისაზღვრა წლიური 24%-ით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ძირითადი თანხის 0.5% ყოველდღიურად. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---- დ---–-ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ირ. აბაშიძის გამზ. N31 ბ 28, ს.კ. 0------------------- მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და არ დაუბრუნებია არც სესხის ძირითადი თანხა და არც სარგებელი, ასევე არ გადაუხდია პირგასამტეხლოს თანხა, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიმართეს აღმასრულებელს ფულადი ვალდებულების 12448 აშშ დოლარის გადახდევინების მოთხოვნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით. აუქციონის შედეგად გასხვისდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რის შედეგადაც კრედიტორის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოსარჩელემ მიიღო 25515 ლარი, რაც 2015 წლის 6 მაისისათვის, ანუ თანხის გადარიცხვის დღეს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად შეადგენდა 10991,2 აშშ დოლარს, შესაბამისად, მას გადასახდელი დარჩა 1456,8 აშშ დოლარი.

2. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხემ არც შესაგებელით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო მისი მითითებით ვინაიდან იპოთეკის საგნის რეალიზაცია განხორციელდა, მოსარჩელეს აღარ აქვს დამატებით თანხის მოთხოვნის უფლება.

3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოება არ მოიპოვება.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2014 წლის 9 მარტს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”რიკო ექსპრესს” და ნ---- დ---–-ძეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N7924, იმავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №7924 და საკრედიტო ხელშეკრულება 7924-01 აღნიშნულ გარიგებათა საფუძველზე მოპასუხემ ისესხა 12000 აშშ დოლარი 35 თვის ვადით, სარგებელი განისაზღვრა წლიური 24%-ით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ძირითადი თანხის 0.5% ყოველდღიურად. აღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---- დ---–-ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ირ. აბაშიძის გამზ. N31 ბ 28, ს.კ. 0-------------------

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება (ს.ფ.15-19);

- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ.20-22);

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-26);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 27-28);

3.2.2. დადგენილია, რომ 2014 წლის 4 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც ნ---- დ---–-ძის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა ძირითადი დავალიანება - 12448,00 აშშ დოლარი, საარბიტრაჟო შენატანი - 419,02 ლარი. კერძო აღმასრულებლის მიერ ჩატარებული იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგად გასხვისდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, საიდანაც მოსარჩელეს 2015 წლის 6 მაისს გადაერიცხა 25515 ლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად შეადგინა 10991,2 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ თანხის გადარიცხვის შემდეგ შეადგენს 1456,8 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართვა (იხ. ს.ფ 32)

- განცხადების მიმართვის ბარათი (ს.ფ. 31);

- სააღსრულებო ფურცლის ასლი (ს.ფ. 29-30);

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 33);

- ცნობა სააღსრულებო წარმოების დასრულების შესახებ (ს.ფ 34)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თვისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამეტხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში 2014 წლის 9 მარტს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”რიკო ექსპრესს” და ნ---- დ---–-ძეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება N7924, იმავე დღეს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №7924 და საკრედიტო ხელშეკრულება 7924-01 აღნიშნულ გარიგებათა საფუძველზე მოპასუხემ ისესხა 12000 აშშ დოლარი 35 თვის ვადით, სარგებელი განისაზღვრა წლიური 24%-ით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ძირითადი თანხის 0.5% ყოველდღიურად. აღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---- დ---–-ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისი ირ. აბაშიძის გამზ. N31 ბ 28, ს.კ. 0-------------------

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ნ---- დ---–-ძემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოსარჩელის მოთხოვნით 2014 წლის 4 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი N2ბ/6601-14, რომლის საფუძველზეც ნ---- დ---–-ძის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა ძირითადი დავალიანება - 12448,00 აშშ დოლარი, საარბიტრაჟო შენატანი 419,02 ლარი. კერძო აღმასრულებლის მიერ ჩატარებული იძულებითი საჯარო აუქციონის შედეგად გასხვისდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, საიდანაც მოსარჩელეს 2015 წლის 6 მაისს გადაერიცხა 25515 ლარი, რამაც საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად შეადგინა 10991,2 აშშ დოლარი. მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ თანხის გადარიცხვის შემდეგ დარჩა 1456,8 აშშ დოლარი.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11-ე პუნქტით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მითითებული ნორმა არ განეკუთვნება იმპერატიულ ნორმათა რიგს და ადგენს იპოთეკის ზოგადი არსისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების შესაძლებლობას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენითაა მიღწეული“ (საქმე №ას-906-868-2014).

 

განსახილველ შემთხვევაში, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების 12.6 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ უზრუნველყოფის ხელშეკრულებების საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანად შესასრულებლად, მაშინ კლიენტს დაეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე გავრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც შეიძლება წარმოიშვას ამ ქონებების რეალიზაციის პროცესში.

 

ამდენად, ვინაიდან მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ იპოთეკის ზოგადი არსისაგან განსხვავებულ პირობაზე, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ დარჩენილი ვალის 1456,8 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 108,40 ლარი.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”რიკო ექსპრესის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე ნ---- დ---–-ძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”რიკო ექსპრესის” სასარგებლოდ დაეკისროს 1456,8 აშშ დოლარის გადახდა.

2. ნ---- დ---–-ძეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”რიკო ექსპრესის” სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის 108,40 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე